დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№182აგ-13 9 დეკემბერი, 2013 წელი
ხ-ა თ.- 182აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. ხ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 21 მაისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 სექტემბრის განაჩენით თ. ხ-ა, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და თ. ხ-ას სასჯელად განესაზღვრა - 18 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 2009 წლის 22 ივნისიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 13 იანვრის განაჩენით ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 სექტემბრის განაჩენში, კერძოდ: თ. ხ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და თ. ხ-ას სასჯელად განესაზღვრა - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 2009 წლის 22 ივნისიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით თ. ხ-ას „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 13 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელები, რის შედეგადაც მას დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2009 წლის 22 ივნისიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 21 მაისის განაჩენით არ დაკმაყოფილდა თ. ხ-ას შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 13 იანვრის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 21 მაისის განაჩენის თაობაზე თ. ხ-ამ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა სასჯელის განსაზღვრა შთანთქმის ან ნაწილობრივი შეკრების პრინციპის საფუძველზე და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“.
იმის გათვალისწინებით, რომ თ. ხ-ა 2008 წელს გასამართლებულია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებით (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 13 იანვრის განაჩენი) სახეზე გვაქვს დანაშაულის რეციდივი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის წარსულ ცხოვრებას, ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, ხასიათსა და რაოდენობას, ასევე იმ გარემოებას, რომ თ. ხ-ამ ჩაიდინა ახალი დანაშაულები, მათ შორის - ქურდობა, რისთვისაც წარსულში ორჯერ იყო ნასამართლევი, ეს კი ამყარებს მოსაზრებას სასჯელის მიზნების მიუღწევლობის თაობაზე, რის შედეგადაც პალატა მიიჩნევს, რომ მისთვის სასჯელის შემცირება ნაწილობრივი შეკრების წესით, მით უფრო - სრულად შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, აშკარად ლმობიერი იქნება. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას თ. ხ-ას მიმართ დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სრულად შეკრების წესით დანიშვნის თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ თ. ხ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 21 მაისის განაჩენი თ. ხ-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ზ. მეიშვილი
გ. შავლიაშვილი