დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 09.12.2013
საქმის ნომერი
224აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
09.12.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№224აგ-13 9 დეკემბერი, 2013 წელი

მ-ე ა.- 224აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 24 მარტის განაჩენით ა. მ-ე, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი და მე-2 პუნქტებით (1960 წლის რედაქცია) - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით (1960 წლის რედაქცია) – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 212-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

ა. მ-ეს სასჯელთა შთანთქმის პრინციპით სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო - 1997 წლის 12 ოქტომბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 9 ნოემბრის განაჩენით ა. მ-ე, - ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ა. მ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ს მე-60 მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ა. მ-ეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა - 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც დაეწყო - 2006 წლის 12 აპრილიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 22 მარტის განაჩენით ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 9 ნოემბრის განაჩენში, კერძოდ:

ა. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ახალი რედაქცია) და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ძველი რედაქცია) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ძველი რედაქცია), ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (ახალი რედაქცია) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ა. მ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის მე-60 მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ა. მ-ეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც დაეწყო - 2006 წლის 12 აპრილიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 6 თებერვლის განჩინებით ა. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ა. მ-ეს თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 24 მარტის განაჩენით სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი და მე-2 პუნქტებით (1960 წლის რედაქცია), თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 22 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ახალი რედაქცია), ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა (ძველი რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ძველი რედაქცია), ასევე ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (ახალი რედაქცია) დანიშნული სასჯელები შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 7 წლის, 10 თვისა და 15 დღის ვადით. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის განაჩენით არ დაკმაყოფილდა ა. მ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 22 მარტის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის განაჩენის თაობაზე ა. მ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა საბოლოო სასჯელის დანიშვნა შთანთქმის ან ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“.

იმის გათვალისწინებით, რომ ა. მ-ე 1998 წელს გასამართლებულია განზრახი დანაშაულების ჩადენისათვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 22 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ახალი რედაქცია), ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა (ძველი რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ძველი რედაქცია), ასევე ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (ახალი რედაქცია) გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებით (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 22 მარტის განაჩენი) სახეზე გვაქვს დანაშაულის რეციდივი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის წარსულ ცხოვრებას, ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, რაოდენობასა და საზოგადოებრივ საშიშროებას, ასევე იმ გარემოებას, რომ 1998 წლისა და 2007 წლის განაჩენებით მას მსჯავრი დაედო ძალადობრივი დანაშაულების (ყაჩაღობის) ჩადენაში, ხოლო ბოლო - 2007 წლის განაჩენით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის დროს იყო საპატიმრო სასჯელისაგან პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებული და დანიშნული ჰქონდა გამოსაცდელი ვადა, რაც ამყარებს მოსაზრებას სასჯელის მიზნების მიუღწევლობის თაობაზე, რის შედეგადაც პალატა მიიჩნევს, რომ ა. მ-ისათვის სასჯელის უფრო მეტად შემცირება ნაწილობრივი შეკრების, მით უფრო - სრულად შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, აშკარად ლმობიერი იქნება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის განაჩენი ა. მ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ზ. მეიშვილი

გ. შავლიაშვილი