დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 13.12.2013
საქმის ნომერი
273აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
13.12.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№273აგ-13 13 დეკემბერი, 2013 წელი

პ-ა რ.- 273აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. პ-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 3 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით რ. პ-ა, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელად ჯარიმა - 2000 ლარი;

სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელად ჯარიმა - 3000 ლარი;

სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით რ. პ-ას სასჯელად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით.

რ. პ-ას სასჯელის ათვლა დაეწყო 2008 წლის 19 ივნისიდან.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 26 იანვრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 11 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ რ. პ-ას საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე რ. პ-ას ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებითა და სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელები და მოსახდელად განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2008 წლის 19 ივნისიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 18 მარტის განჩინებით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 3 ივლისის განაჩენით დაკმაყოფილდა რ. პ-ას შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძველზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ, კერძოდ:

რ. პ-ასათვის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 26 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნულ და ამნისტიით შემცირებულ სასჯელს - 3 წლით თავისუფლების აღკვეთას, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ნაწილობრივ დაემატა სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან ნაწილი - 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან ნაწილი - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან ნაწილი - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და მას საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 5 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო - 2008 წლის 19 ივნისიდან.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 26 იანვრის განაჩენი და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინება რ. პ-ას მიმართ დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული რ. პ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის დანიშვნას შთანთქმის პრინციპის საფუძველზე და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“.

იმის გათვალისწინებით, რომ რ. პ-ა ნასამართლევია განზრახი დანაშაულების (სსკ-ის 78, 252-ე მუხლებით - 1960 წლის რედაქცია) ჩადენისათვის, საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებითა და სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებით (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 26 იანვრის განაჩენი) სახეზე გვაქვს დანაშაულის რეციდივი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.

მოცემულ შემთხვევაში, რ. პ-ას მიმართ დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.

საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის წარსულ ცხოვრებას, ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, რაოდენობასა და საზოგადოებრივ საშიშროებას (სხვა დანაშაულებთან ერთად, ჩადენილი აქვს ძალადობრივი დანაშაულები), რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ რ. პ-ასათვის სასჯელის უფრო მეტად შემცირება მით უფრო - სრულად შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, აშკარად ლმობიერი იქნება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ რ. პ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 3 ივლისის განაჩენი რ. პ-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ზ. მეიშვილი

გ. შავლიაშვილი