დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 11.12.2013
საქმის ნომერი
508აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
11.12.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №508აგ-13 11 დეკემბერი, 2013 წელი

ს-ი გ., 508აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ს-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 14 მაისის განაჩენით გ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლით (1960 წლის მოქმედი რედაქცია) – 8 წლითა და 6 თვით, 184-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 6 წლით, ხოლო 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით გ. ს-ს საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1999 წლის 27 აგვისტოდან.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 იანვრის დადგენილებით გ. ს-ი გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან პირობით, 2 წლითა და 1 თვით ადრე.

ახმეტის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 13 დეკემბრის გ. ს-ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, რომლის მოხდა დაეწყო 2006 წლის 17 ივლისიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 7 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 1 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გ. ს-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2006 წლის 17 ივლისიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

2013 წლის 17 მაისს მსჯავრდებულმა გ. ს-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 5 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ს-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 7 მარტის განაჩენი და თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განჩინება დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული გ. ს-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 5 ივლისის განაჩენის გაუქმებას და სასჯელის განსაზღვრას საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად ემატება წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. ამდენად, სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო, უცვლელად დაეტოვებინა გადასასინჯი გადაწყვეტილება.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ დანაშაულის რეციდივის მიუხედავად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მარტის განაჩენით მსჯავრდებულს სასჯელი ნაწილობრივი შეკრებით განესაზღვრა.

მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არის მიზანშეწონილი მსჯავრდებულ გ. ს-ისთვის მოსახდელად განსაზღვრული სასჯელის კიდევ უფრო შემსუბუქება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 5 ივლისის განაჩენი გ. ს-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე