დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 26.02.2014
საქმის ნომერი
764აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
26.02.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№764აგ-13 26 თებერვალი, 2014 წელი

კ-ე მ.- 764აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 30 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 15 ივნისის განაჩენით მ. კ-ე, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ–ის 237–ე მუხლის 1–ლი ნაწილით – 4 წლით;

სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით –8 წლით;

სსკ–ის 109–ე მუხლის „დ“, „ვ“, „თ“, „ი“, „ლ“ პუნქტებით – 15 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის საფუძველზე, ნაწილობრივი შეკრების წესით, მ. კ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა;

მ. კ-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2004 წლის 28 ნოემბრიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 25 სექტემბრის განჩინებით აღნიშნული განაჩენი დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 თებერვლის განჩინებით თბილისის საოლქო სასამართლოს 2006 წლის 15 ივნისის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ მ. კ-ეს გაუნახევრდა საქართველოს სსკ–ის 237–ე მუხლის 1–ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი – 4 წელი და განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

მასვე იმავე კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა: საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – 8 წელი და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ–ის 109–ე მუხლის „დ“, „ვ“, „თ“, „ი“, „ლ“ პუნქტებით დანიშნული სასჯელი – 15 წელი და განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის საფუძველზე, ნაწილობრივ შეკრების წესით, პროპორციული წილების გათვალისწინებით, მ. კ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა – 12 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ მ. კ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2004 წლის 28 ნოემბრიდან.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 9 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ მ. კ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 თებერვლის განჩინება შეიცვალა, კერძოდ:

მ. კ-ეს პროპორციული წილების სწორი დაანგარიშებით ნაწილობრივი შეკრების წესით დანიშნულ საბოლოო სასჯელში - 17 წელში განესაზღვრა შემდეგი პროპორციული წილები:

საქართველოს სსკ–ის 237–ე მუხლის 1-ლი ნაწილისთვის – 3 წელი და 4 თვე, რომელიც განახევრდა;

სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილისთვის – 5 წელი და 2 თვე, რომელიც შემცირდა ¼-ით;

სსკ–ის 109–ე მუხლისთვის - 8 წელი და 6 თვე, რომელიც ასევე შემცირდა ¼-ით;

მ. კ-ეს საბოლოოდ პროპორციული წილების შემცირებული ჯამით სასჯელად განესაზღვრა 11 წლითა და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მ. კ-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2004 წლის 28 ნოემბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 30 ივლისის განაჩენით მ. კ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 9 აპრილის განჩინება შეიცვალა:

მსჯავრდებულ მ. კ-ის მიმართ საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის „დ“, „ვ“, „თ“, „ი“, „ლ“ პუნქტებით დანიშნულმა და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა - 11 წელმა და 3 თვემ - შთანთქა სსკ-ის 237–ე მუხლის 1–ლი ნაწილით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელი - 2 წელი და სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელი - 6 წელი. საბოლოოდ მ. კ-ეს სასჯელად განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მ. კ-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2004 წლის 28 ნოემბრიდან.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მ. კ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორმა ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე პატიმრობიდან გათავისუფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას – ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულს საბოლოო სასჯელი სამართლიანად განესაზღვრა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე, 314-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ მ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 30 ივლისის განაჩენი მ. კ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი