დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№758აგ-13 11 მარტი, 2014 წელი
ბ-ე ჯ.- 758აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
გიორგი შავლიაშვილი, მაია ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ჯ. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 4 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 11 სექტემბრის განაჩენით ჯ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით - 9 წლით; 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, ჯ. ბ-ეს სასჯელად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელს იხდის 2006 წლის 22 დეკემბრიდან.
(ჯ. ბ-ე ადრე ნასამართლევია: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 23 მარტის განაჩენით, რომლითაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 269-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით, 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 238-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილებით და მე-40 მუხლით, შთანთქმის პრინციპით, სასჯელად განესაზღვრა 7 წლით, 3 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2000 წლის 19 ივლისის განჩინებით ჯ. ბ-ეს განაჩენიდან ამოერიცხა სსკ-ის 269-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით, 240-ე მუხლის მე-2 და 238-ე მუხლის მე-2 ნაწილებით შერაცხული მსჯავრი. სსკ-ის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილი გადაკვალიფიცირდა იმჟამად მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც გამოაკლდა წინა განაჩენით მოხდილი სასჯელი - 2 წელი, 3 თვე, 11 დღე. მას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 1999 წლის 28 მაისიდან)
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 17 დეკემბრის განაჩენით ჯ. ბ-ის მიმართ გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 11 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ივლისის განჩინებით ჯ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის განჩინებით ჯ. ბ-ეს ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად ¼-ით შეუმცირდა: გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 11 სექტემბრის განაჩენით სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი- 2 წელი და მოსახდელად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 9 წელი და მოსახდელად განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ ჯ. ბ-ეს სასჯელად განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2006 წლის 22 დეკემბრიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 4 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ ჯ. ბ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის განჩინება შეიცვალა, კერძოდ:
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელიდან ნაწილს - 6 წელსა და 3 თვეს - დაემატა სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელი - 1 წელი და საბოლოოდ ჯ. ბ-ეს მოსახდელად განესაზღვრა 7 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 2006 წლის 22 დეკემბრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 ივლისის განაჩენის თაობაზე ჯ. ბ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორმა ითხოვა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის შემსუბუქება და სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებასთან დაკავშირებით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას – ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.
საქმის მასალების მიხედვით, ჯ. ბ-ეს მსჯავრი დაედო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 23 მარტის განაჩენით, რომელიც შეიცვალა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2000 წლის 19 ივლისის განჩინებით და ჯ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რისთვისაც საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 2 წლით, 8 თვითა და 19 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 1999 წლის 28 მაისიდან.
საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის დადგენისას მხედველობაში არ მიიღება ნასამართლობა, რომელიც მოხსნილი ან გაქარწყლებულია ამ კოდექსის 79-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
ამდენად, რადგან ჯ. ბ-ეს გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 11 სექტემბრის განაჩენით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დროისათვის ნასამართლობა გაქარწყლებული ჰქონდა, მისი დანაშაულებრივი ქმედება არ წარმოადგენს რეციდივს და მას ბოლო განაჩენით დადგენილი დანაშაულისათვის სასჯელი უნდა განესაზღვროს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, კერძოდ:
მსჯავრდებულ ჯ. ბ-ის მიმართ გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 11 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა – 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთამ – უნდა შთანთქას იმავე განაჩენით სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელი – 1 წელი და 6 თვე, რის გამოც ჯ. ბ-ეს საბოლოო სასჯელად უნდა განესაზღვროს 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ჯ. ბ-ეს სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს 2006 წლის 22 დეკემბრიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე, 314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ჯ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 ივლისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულ ჯ. ბ-ის მიმართ გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 11 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა – 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთამ –შთანთქას იმავე განაჩენით სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელი – 1 წელი და 6 თვე, რის გამოც ჯ. ბ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ჯ. ბ-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2006 წლის 22 დეკემბრიდან.
ჯ. ბ-ე ჩაითვალოს სასჯელმოხდილად და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი