დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№1223აგ-13 28 მარტი, 2014 წელი
ა-ა ი.- 1223აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ა-ას საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 15 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 1 სექტემბრის განაჩენით ი. ა-ა, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 24 იანვრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 1 სექტემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება და ი. ა-ას სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2005 წლის 26 აპრილიდან იმავე წლის 1 სექტემბრამდე, სულ - 4 თვე და 4 დღე. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 ივნისის განაჩენით ი. ა-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 1 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წელი, 7 თვე, 25 დღე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვრა 10 წლით, 7 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 2.000 ლარი.
ი. ა-ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2006 წლის 30 დეკემბრიდან.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 23 აგვისტოს განაჩენით ი. ა-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 3.500 ლარი.
ი. ა-ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2007 წლის 30 მაისიდან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 ნოემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 23 აგვისტოს განაჩენში შევიდა ცვლილება:
ი. ა-ას დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (1999 წლის რედაქცია), გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (იმჟამად მოქმედი რედაქცია) და ი. ა-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 3.500 ლარი. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 29 აპრილის დადგენილებით (განაჩენების მიხედვით სასჯელის განსაზღვრა) ი. ა-ას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 ივნისისა და იმავე სასამართლოს 2007 წლის 23 აგვისტოს განაჩენებით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 16 წლით, 7 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 2006 წლის 30 დეკემბრიდან.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით ი. ა-ას „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის საფუძველზე გაუნახევრდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 1 სექტემბრის განაჩენით სსკ–ის 19,177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის (პირობითი მსჯავრის) მოუხდელი ნაწილი – 3 წელი, 7 თვე და 25 დღე და განესაზღვრა 1 წლით, 9 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა.
მასვე იმავე კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 ივნისის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 7 წელი და განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 ნოემბრის განაჩენით სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“, მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – 6 წელი და განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ი. ა-ას განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 11 წლით, 6 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა.
ი. ა-ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2006 წლის 30 დეკემბრიდან.
განაჩენები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
2013 წლის 23 მაისს ი. ა-ამ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს. მსჯავრდებულმა ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინების გადასინჯვა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების საფუძველზე მისი კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 15 ივლისის განაჩენით ი. ა-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებაში შევიდა შემდეგი ცვლილება:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ი. ა-ს მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 23 აგვისტოს განაჩენით (რომელიც შეიცვალა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 ნოემბრის განაჩენით) სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“, მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ და ამნისტიით შემცირებულ სასჯელს – 4 წელსა და 6 თვეს - დაემატა:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 ივნისის განაჩენით სსკ–ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან – 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი – 2 წელი და 6 თვე; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 1 სექტემბრის განაჩენით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 1 წლით, 9 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი – 1 წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი. ა-ას სასჯელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ი. ა-ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2006 წლის 30 დეკემბრიდან.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე ი. ა-ამ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა სასჯელის შემსუბუქება საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენების საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა ცვლილება უნდა შევიდეს გასაჩივრებული განაჩენის სამოტივაციო ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილებით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა, ხოლო იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.
საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“.
იმის გათვალისწინებით, რომ ი. ა-ა წინათ ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 ივნისისა და იმავე სასამართლოს 2007 წლის 23 აგვისტოს განაჩენებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებით სახეზე გვაქვს დანაშაულის რეციდივი.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მსჯავრდებულმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 23 აგვისტოს განაჩენით (რომელიც შეიცვალა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 ნოემბრის განაჩენით) გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 ივნისის განაჩენის გამოტანამდე.
ამდენად, მის მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 15 ივლისის განაჩენით დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნა შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4, მე-3, ასევე მე-5 ნაწილებს.
საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის წარსულ ცხოვრებას, ჩადენილი ქმედებების სიმძიმესა და საზოგადოებრივ საშიშროებას, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ ი. ა-ასათვის დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის კიდევ უფრო შემცირება ნაწილობრივი შეკრების, მით უფრო - შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, აშკარად ლმობიერი იქნება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად,ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე, 314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ი. ა-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 15 ივლისის განაჩენი ი. ა-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი