დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1250აგ-13 14 მარტი, 2014 წელი
ზ-ი მ., 1250აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ზ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 იანვრის განაჩენით მ. ზ-ი, –ნასამართლევი (საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 1997 წლის 5 მაისის განაჩენით სსკ-ის 110-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წლის რედ.) მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა), – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 7 წლით, მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 4 წლით, 108-ე მუხლით – 10 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლითა და 6 თვით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; დანაშაულთა ერთობლიობით მას საბოლოოდ განესაზღვრა 27 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 6 ივნისიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 16 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მ. ზ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 20 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
2013 წლის 16 მაისს მსჯავრდებულმა მ. ზ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 1 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულ და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს – 3 წლით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა: სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული და ასევე ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელის ნაწილი – 1 წელი, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელიდან – 3 წელი, ხოლო 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 108-ე მუხლით დანიშნული სასჯელებიდან – 5-5 წელი და მ. ზ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 16 ივნისის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული მ. ზ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 1 ივლისის განაჩენის გაუქმებას და საქართველოს სსკ-ის 179-ე და მე-19,177-ე მუხლების მოხსნას დანიშნულ სასჯელებთან ერთად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ან სასჯელები იკრიბება ნაწილობრივ ან მთლიანად.
მოცემულ შემთხვევაში, მ. ზ-ის მიმართ დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ. ზ-ის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი არ არის მეტისმეტად მკაცრი და არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ივლისის განაჩენი მ. ზ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე