შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი დამძიმებისაკენ

სისხლის სამართლის 03.06.2014
საქმის ნომერი
2კ-207აპ.-13
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.06.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#207აპ.-13 ქ. თბილისი

წ-ი ლ.-207ap.-13 3 ივნისი, 2014 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, მაია ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. წ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. კ-ის, ასევე – თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ვ. ა-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 30 ოქტომბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განაჩენით ლ. წ-ი, –ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა (4 ეპიზოდი) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით იმაში, რომ ჩაიდინა ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის (4 ეპიზოდი); ასევე – ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის (2 ეპიზოდი).

ლ. წ-ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 4 სექტემბრის განაჩენით ლ. წ-ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით.

2012 წლის 17 თებერვალს წარსულში ნასამართლევმა ლ. წ-მა შეარჩია ხელსაყრელი მომენტი და თბილისში, ალმასიანის ქ. №----ში მდებარე ბინის სადარბაზოში ლ. წ-ს აშკარად გასტაცა ხელჩანთა მასში მოთავსებულ ნივთებთან ერთად.

ლ. წ-ის ქმედებით ლ. წ-ს მიადგა 1000 ლარის ქონებრივი ზიანი.

2012 წლის 29 აპრილს წარსულში ნასამართლევმა ლ. წ-მა თბილისში, საბურთალოს ქ. №----ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში მყოფ ე. ც-ს აშკარად გასტაცა ხელჩანთა მასში მოთავსებულ ნივთებთან ერთად, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ლ. წ-ის ქმედებით ე. ც-ს მიადგა 800 ლარის ქონებრივი ზიანი.

2012 წლის 21 მაისს წარსულში ნასამართლევმა ლ. წ-მა თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზირის №----ს მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას შეარჩია ხელსაყრელი მომენტი და ამავე მისამართზე, სადარბაზოში, ლიფტთან მდგარ დ. ს-ს აშკარად გასტაცა ხელჩანთა მასში მოთავსებულ ნივთებთან ერთად, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ლ. წ-ის ქმედებით დ. ს-ს მიადგა 840 ლარის ქონებრივი ზიანი.

2012 წლის 25 მაისს ლ. წ-მა თბილისში, შმიტის ქ. №----ის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას შეარჩია ხელსაყრელი მომენტი, შეჰყვა საკუთარი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში შესულ მ. კ-ეს და აშკარად გასტაცა ხელჩანთა მასში არსებული ნივთებით, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ლ. წ-ის ქმედებით მ. კ-ეს მიადგა 3120 ლარის ქონებრივი ზიანი.

2012 წლის 28 მაისს წარსულში ნასამართლევი ლ. წ-ი გამოძიებით დაუდგენელ თანამზრახველთან ერთად თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზირის №----ის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას ყაჩაღურად თავს დაესხა ამავე ქუჩაზე ქვეითად მიმავალ რ. ბ-ეს, რომელსაც გასტაცა „HP“ ფირმის ლეპტოპი, ფულადი თანხა – 170 ლარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ლ. წ-ისა და მისი თანამზრახველის ქმედებით რ. ბ-ეს მიადგა 1140 ლარის ქონებრივი ზიანი.

2012 წლის 30 მაისს წარსულში ნასამართლევი ლ. წ-ი გამოძიებით დაუდგენელ თანამზრახველთან ერთად შეიჭრა თბილისში, ალ. ყაზბეგის მე-2 ჩიხის, ----ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სასურსათო მაღაზიაში და იქ მყოფ ზ. ტ-ს პისტოლეტისმაგვარი საგნის მუქარით მოსთხოვა ფული, თუმცა ვინაიდან ზ. ტ-მა მას წინააღმდეგობა გაუწია, მოახერხა მხოლოდ 20 ლარის გატაცება და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ლ. წ-ისა და მისი თანამზრახველის ქმედებით ზ. ტ-ს მიადგა 20 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი.

აღნიშნული ქმედებისათვის ლ. წ-ს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (4 ეპიზოდი) მიესაჯა 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) – 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა; „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ლ. წ-ს დანიშნული სასჯელები შეუმცირდა ერთი მეოთხედით და სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (4 ეპიზოდი) მიესაჯა 4-4 წლითა და 6-6 თვით, ხოლო 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) – 6-6 წლითა და 9-9 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის შესაბამისად, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (რ. ბ-ის ეპიზოდი) დანიშნულ სასჯელს – 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ზ. ტ-ის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის ნაწილი – 3 წელი, 4 თვე, 15 დღე, ხოლო სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (4 ეპიზოდი) დანიშნული სასჯელებიდან – 2-2 წელი და 3-3 თვე და ლ. წ-ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 19 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 4 სექტემბრის განაჩენით დანიშნული და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წელი, 9 თვე და საბოლოოდ მიესაჯა 22 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2012 წლის 3 ივნისიდან; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2007 წლის 20 მარტიდან იმავე წლის 21 მარტის ჩათვლით.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ლ. წ-მა და მისმა ადვოკატმა ზ. ს-ამ. მათ ითხოვეს განაჩენიდან საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტების (2 ეპიზოდი) ამორიცხვა და ამ ნაწილში ლ. წ-ის გამართლება.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვ. ა-მა შესაგებლით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი შეიცვალა: მსჯავრდებული ლ. წ-ი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში; მასვე სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (4 ეპიზოდი) „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენებით თითოეული ეპიზოდისათვის მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (მ. კ-ის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის ნაწილს – 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (დ. ს-ის, ე. ც-ისა და ლ. წ-ის ეპიზოდები) დანიშნული სასჯელებიდან – 2-2 წელი, 3-3 თვე და დანაშაულთა ერთობლიობით ლ. წ-ს განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 4 სექტემბრის განაჩენით დანიშნული და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 2 წელი და საბოლოოდ მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2012 წლის 3 ივნისიდან; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2007 წლის 20 მარტიდან იმავე წლის 21 მარტის ჩათვლით.

კასატორები – მსჯავრდებული ლ. წ-ი და ადვოკატი ნ. კ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვენ მსჯავრდებულ ლ. წ-ისათვის საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (4 ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას იმ მოტივით, რომ არის 28 წლის; ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, რომელიც ხშირად ავადმყოფობს; აქვს მძიმე ოჯახური მდგომარეობა.

კასატორი – თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორი ვ. ა-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ლ. წ-ის მონაწილეობა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში დადასტურებულია, რის გამოც ითხოვს აღნიშნული მუხლით ორივე ეპიზოდისათვის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ლ. წ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. კ-ის, ასევე – თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ვ. ა-ის საკასაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს ლ. წ-ის უდანაშაულობის შესახებ და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით ეჭვის გამომრიცხავად და უტყუარად არის დადგენილი ლ. წ-ის მიერ რ. ბ-ესა და ზ. ტ-ზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი, კერძოდ:

დაზარალებულმა რ. ბ-ემ აჩვენა, რომ 2012 წლის 28 მაისს, დაახლოებით 23:30 საათზე, ფეხით მოძრაობდა ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის №----ის მიმდებარე ტერიტორიაზე თავისი სახლის მიმართულებით. როდესაც შეუხვია მიცკევიჩის ქუჩაზე, უკნიდან შემოესმა სწრაფი ნაბიჯების ხმა, რა დროსაც მოულოდნელად უცნობმა მამაკაცმა შებოჭა, ხოლო მეორე პირმა, რომელსაც ჰქონდა მოგრძო სახე და იყო ქერა, მიაბჯინა იარაღი და უბრძანა, რომ მოეხსნა სამსახურის კუთვნილი, „HP-ის“ ფირმის რუხი ფერის ლეპტოპი, რომლის ფასი იყო დაახლოებით 1000 ლარი. იგი მოთავსებული იყო შავი ფერის ნაჭრის ჩანთაში. მათივე მოთხოვნისამებრ გადასცა დაახლოებით 160 ლარი და მობილური ტელეფონი, საიდანაც ამოიღეს ელემენტი და მობილური უკან დაუბრუნეს, რის შემდეგაც მუქარით უბრძანეს, რომ ევლო მათგან ზურგშექცევით ეზოს სიღრმისკენ. ვინაიდან რეალურად აღიქვა მუქარა საფრთხის შემცველად სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, დაემორჩილა მათ ბრძანებას. ეზოში მდებარე ე.წ ,,ამწეზე“ დამაგრებული განათების შუქზე დაინახა თავდამსხმელის სახე, რომელიც იყო მომრგვალო და შავგვრემანი, სწორი ნაკვთებით, ოდნავ მოშვებული, მეჩხერი, მუქი ფერის წვერით. რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ გადმოუგდეს მობილურის ელემენტი. ამ ფაქტიდან რამდენიმე წამის შემდეგ გაიგო ავტომანქანის სწრაფი დაძვრის ხმა. რ. ბ-ემ ასევე აღნიშნა, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელის სახე გარკვევით დაინახა; ამოცნობაზე წარდგენილი სამი პირიდან ამოიცნო ბრალდებული ლ. წ-ი, რომელიც 2012 წლის 28 მაისს მასზე ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობდა. მანვე აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, სწორედ ლ. წ-ი მონაწილეობდა მასზე ყაჩაღურ თავდასხმაში.

დაზარალებულმა ზ. ტ-მა აჩვენა, რომ იგი არის ინდმეწარმე და აქვს ნაქირავები ფართი ქ თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზირის მე-2 ჩიხის ----ე კორპუსში, სადაც გახსნილი აქვს მინიმარკეტი. 2012 წლის 30 მაისს, დაახლოებით 23:25 საათზე, იმყოფებოდა მინიმარკეტში, იდგა დახლს უკან და ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებდა, რა დროსაც მინიმარკეტში შევიდა ორი პირი, რომელთაგან პირველს ნიღაბი ჰქონდა ჩამოფარებული, ხელში ეჭირა ,,ბრაუნინგის“ სისტემის პისტოლეტი და მიშვერილი ჰქონდა მისკენ, ხოლო მეორემ ნიღბის ჩამოფარება ვერ მოასწრო და იდგა იარაღიანის უკან. თავიდან ხუმრობა ეგონა, მაგრამ როდესაც იარაღიანმა უთხრა, ჩქარა ფულიო და შეაგინა, გამოვარდა დახლიდან და ხელი მოუქნია. თავდამსხმელმა უკან დაიხია და ვინაიდან იატაკი სველი იყო, უკან მდგომ პირს ფეხი აუცურდა და წაიქცა. იარაღიანიც მასზე დაეცა. თვითონაც ინერციით წაიქცა, ხოლო ბოროტმოქმედები გაიქცნენ, რის შემდეგაც გაიგონა ავტომანქანის სწრაფი დაძვრის ხმა. აღნიშნულ დროს მას ჯიბეში ჰქონდა ხურდა ფული, რომელიც დაეკარგა წინააღმდეგობის გაწევის დროს. მათი თავდასხმისას სხვა რაიმე ზარალი არ განუცდია; ზ. ტ-მა ასევე აღნიშნა, რომ პოლიციის განყოფილებაში საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას წარდგენილი სამი პირიდან ამოიცნო ბრალდებული ლ. წ-ი. მანვე აღნიშნა, რომ ასი პროცენტით დარწმუნებულია, რომ სწორედ ბრალდებულის სკამზე მყოფი ლ. წ-ი მონაწილეობდა მასზე ყაჩაღურ თავდასხმაში.

მოწმეების – დ. ხ-ასა და თ. ჯ-ის ჩვენებებით დგინდება, რომ მათ ჩატარებული აქვთ მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები ბრალდებულ ლ. წ-ის სისხლის სამართლის საქმეზე. მათ დაადასტურეს რომ დაზარალებულებისგან მიიღეს ისეთივე ჩვენებები, როგორიც მათ სასამართლოში მისცეს. მათი მონაწილეობით ჩატარდა ასევე ამოცნობები, რა დროსაც როგორც რ. ბ-ემ, ისე ზ. ტ-მა უყოყმანოდ ამოიცნეს ბრალდებული ლ. წ-ი.

2012 წლის 3 ივნისის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ დაზარალებულმა ზ. ტ-მა ამოიცნო ლ. წ-ი, რომელიც 2012 წლის 30 მაისს მეორე პირთან ერთად, ყაზბეგის მე-2 ჩიხის №----ში მდებარე მარკეტში მას ყაჩაღურად თავს დაესხა.

2012 წლის 3 ივნისის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ დაზარალებულმა რ. ბ-ემ ამოიცნო ლ. წ-ი, რომელიც 2012 წლის 28 მაისს, ღამის საათებში, ყაჩაღურად დაესხა თავს თავის საცხოვრებელ კორპუსთან.

საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულთა ჩვენებები არის თანმიმდევრული და დამაჯერებელი, ისინი თანხვედრილია როგორც ერთმანეთთან, ისე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, კერძოდ: ზ. ტ-ისა და რ. ბ-ის ჩვენებებით დასტურდება, რომ თავდასხმის შემდეგ უმალვე ესმოდათ ავტომანქანის სწრაფი დაძვრის ხმა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დასტურდება ასევე დაზარალებულ დ. ს-ის ჩვენებითაც, რომელიც მხარეებმა წინასასამართლო სხდომაზე უდავო მტკიცებულებად მიიჩნიეს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ დაზარალებულები - ზ. ტ-ი და რ. ბ-ე არ იცნობენ ერთმანეთს და მათ მიერ ნაჩვენები თავდამსხმელის აღწერილობა და თავდასხმის შემდგომი ქცევა მნიშვნელოვნად ემთხვევა ერთმანეთს.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას, რომ თითქოს ყაჩაღური თავდასხმების განხორციელებისას ლ. წ-ი იმყოფებოდა არა დანაშაულის ადგილას, არამედ მეგობრებსა და ნათესავებთან ერთად, ვინაიდან დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, უტყუარ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ლ. წ-ის მიერ რ. ბ-ესა და ზ. ტ-ზე ყაჩაღურად თავდასხმის ფაქტი, ჩადენილი ჯგუფურად და არაერთგზის (2 ეპიზოდი), კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით ნასამართლევი ლ. წ-ი გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად 2012 წლის 28 მაისს ალ. ყაზბეგის N----ის მიმდებარე ტერიტორიაზე თავს დაესხა რ. ბ-ეს, რომელსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით გასტაცა „HP-ის“ ფირმის ლეპტოპი და დაახლოებით 160 ლარი; იგი 2012 წლის 30 მაისს ალ. ყაზბეგის გამზირის მე-2 ჩიხის ----ე კორპუსში მდებარე მინიმარკეტში გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად ყაჩაღურად თავს დაესხა ზ. ტ-ს, რა დროსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით მოსთხოვეს ფულის გადაცემა, თუმცა ზ. ტ-ის მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო, ვერ მოახერხეს მისგან ფულის გატაცება.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა, რომ ლ. წ-მა ზ. ტ-ს გასტაცა 20 ლარი, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას ზ. ტ-მა აღნიშნა, რომ შესაძლოა, ფული წინააღმდეგობის გაწევისას დაკარგა, რადგან მოგვიანებით თანხის ნაწილი იპოვა. თუმცა აღნიშნული გარემოება გავლენას არ ახდენს ლ. წ-ის ქმედების კვალიფიკაციაზე, ვინაიდან ობიექტური მხრივ ყაჩაღობა გამოიხატება თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობა ანდა ასეთი ძალადობის მუქარა, ხოლო ის ფაქტი, დაეუფლა თუ არა დამნაშავე სასურველ ქონებას, დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის მიღმაა.

ამრიგად, საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ლ. წ-ის ქმედებაში სახეზეა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არის გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანის სამართლებრივი საფუძველი.

რაც შეეხება ლ. წ-ისთვის საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (4 ეპიზოდი) ბრალად შერაცხულ ქმედებებს, საკასაციო პალატა, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, მხედველობაში იღებს ლ. წ-ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ: ლ. წ-ის პირად მდგომარეობას - ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, რომელიც ხშირად ავადმყოფობს; აქვს მძიმე ოჯახური მდგომარეობა და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა ასევე უნდა დაკმაყოფილდეს და მსჯავრდებულ ლ. წ-ისთვის საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (4 ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი უნდა შემსუბუქდეს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენებით. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქას წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 4 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 301–ე მუხლით, 307–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 308–ე მუხლის მე–2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ლ. წ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ვ. ა-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 30 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

ლ. წ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (4 ეპიზოდი) და სასჯელის სახით განესაზღვროს 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და საბოლოოდ სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (4 ეპიზოდი) განესაზღვროს 4-4 წლითა და 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ლ. წ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) და სასჯელის სახით განესაზღვროს 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და საბოლოოდ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) განესაზღვროს 6-6 წლითა და 9-9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ლ. წ-ისთვის საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ტ-ის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის ნაწილს - 3 წლით თავისუფლების აღკვეთას - დაემატოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ბ-ის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის ნაწილი - 3 წელი, სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (კ-ის, ს-ის, ც-ისა და წ-ის ეპიზოდები) დანიშნული სასჯელებიდან – 1-1 წელი და 6-6 თვე და დანაშაულთა ერთობლიობით ლ. წ-ს განესაზღვროს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, შთანთქას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 4 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ლ. წ-ს მიესაჯოს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოს 2012 წლის 3 ივნისიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ზ. მეიშვილი

მ. ოშხარელი