საკასაციო საჩივარი

სისხლის სამართლის 10.09.2014
საქმის ნომერი
2კ-287აპ.-14
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.09.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№287აპ-14 10 სექტემბერი, 2014 წელი

ქ-ე პ. -287აპ-14 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ – ლ. მ-ას

ადვოკატ – ი. ხ-ის

მსჯავრდებულ – პ. ქ-ის

მონაწილეობით, ზეპირი მოსმენით განიხილა მსჯავრდებულ პ. ქ-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ი. ხ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 24 აპრილის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით ა. ა-ეს ძე კ-ე (თბილისის სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე დაზუსტდა მსჯავრდებულის ვინაობა და საქმის განხილვა გაგრძელდა პ. ვ-ის ძე ქ-ის მიმართ, პირადი N 11001005169) დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 100 000 (ასი ათასი) ლარი.

საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, პ. ქ-ეს სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ უნდა ჩამოერთვას დანაშაულის საგანი - შპს „გ-ს“ ტერიტორიაზე მდებარე საბაჟო ტერმინალ N...-ის საწყობში მოთავსებული სხვადასხვა დასახელების - 25 126 კგ. საქონელი.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პ. ქ-ემ დოკუმენტის მოტყუებით გამოყენებითა და სასაქონლო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით ჩაიდინა საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2010 წლის 9 ნოემბერს, შპს „G...“-ს (ს/ნ ...) წარმომადგენელმა პ. ქ-ემ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის საბაჟო დამუშავების ოპერაციებისა და კონტროლის სამმართველოს „აეროპორტის“ სერვის-ცენტრში წარადგინა №... სასაქონლო დეკლარაცია და მისი თანმხლები 2010 წლის 3 აგვისტოს N ... ყალბი ინვოისი, რომლითაც თითქოს 495 980 ლარის სატარიფო ღირებულების სხვადასხვა დასახელების - 21 470 კგ. საქონელი გააფორმა შპს „G...“-ს სახელზე, რეალურად კი პ. ქ-ემ შეიძინა 640 050 ლარის სატარიფო ღირებულების სხვადასხვა დასახელების - 25 126 კგ. საქონელი, რაც 144 069 ლარით აღემატება დეკლარირებული საქონლის სატარიფო ღირებულებას.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა პ. ქ-ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 24 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 12 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

2014 წლის 30 ივლისს ძებნილი მსჯავრდებული პ. ქ-ე ნებაყოფლობით ჩაჰბარდა სამართალდამცავ ორგანოებს.

მსჯავრდებულმა პ. ქ-ემ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ი. ხ-მა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის ზემოხსენებული განაჩენი იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

2013 წლის 27 აგვისტოს საქართველოს უზენაესი სასამართლის სისხლის სამართლის საქმეთა პალატას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსმა პროკურორმა ლ. მ-ამ და მოითხოვა მსჯავრდებულ პ. ქ-ესთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება.

შუამდგომლობის თანახმად, მსჯავრდებულმა პ. ქ-ემ განცხადებით მიმართა პროკურატურას და ითხოვა საპროცესო შეთანხმების გაფორმება. იმის გათვალისწინებით, რომ იგი არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ბრალდების მხარემ მიზანშეწონილად მიიჩნია მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება.

დაცვისა და ბრალდების მხარეები შეთანხმდნენ, იშუამდგომლონ სასამართლოს წინაშე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების მოთხოვნით, რის შესახებაც 2014 წლის 25 აგვისტოს მხარეებს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმების დადების ოქმი შემდეგი პირობებით:

პ. ქ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 214–ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდეს და განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით; მასვე საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად დაეკისროს ჯარიმა – 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; მასვე საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვას დანაშაულის საგანი - შპს „გ-ს“ ტერიტორიაზე მდებარე საბაჟო ტერმინალ N...-ის საწყობში მოთავსებული სხვადასხვა დასახელების - 25 126 კგ. საქონელი.

2014 წლის 10 სექტემბერს სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ლ. მ-ამ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მასა და მსჯავრდებულ პ. ქ-ეს შორის 2014 წლის 25 აგვისტოს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 24 აპრილის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ ლ. მ-ასა და მსჯავრდებულ პ. ქ-ეს შორის.

საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა ლ. მ-ამ მხარი დაუჭირა თავის შუამდგომლობას და ითხოვა, რომ მსჯავრდებული პ. ქ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 214–ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდეს და განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ასევე, საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

პ. ქ-ეს საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად დაეკისროს ჯარიმა – 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; მასვე საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვას დანაშაულის საგანი - შპს „გ-ს“ ტერიტორიაზე მდებარე საბაჟო ტერმინალ N...-ის საწყობში მოთავსებული სხვადასხვა დასახელების - 25 126 კგ. საქონელი.

სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე მსჯავრდებულმა პ. ქ-ემ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ი. ხ-მა.

სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე საპროცესო კანონის მოთხოვნათა დაცვით განიხილა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მოწმეების: ქ. მ-ისა და ვ. ბ-ის ჩვენებებით, ექსპერტ ნ. ხ-ის ჩვენებით, №... სასაქონლო დეკლარაციით, კამერალური შემოწმების აქტით, ექსპერტიზის №... დასკვნითა და საქმის სხვა მასალებით პ. ქ-ის მიმართ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია.

საკასაციო პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას მსჯავრდებულ პ. ქ-ის მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა; ამასთან, მას არ შეზღუდვია უფლება, მიეღო იურიდიული დახმარება.

პალატის სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას. მსჯავრდებულისათვის ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი კონსტიტუციური უფლებები; ასევე ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმება მას არ ათავისუფლებს სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორმა საპროცესო შეთანხმების დამტკიცების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები სწორად შეაფასა. სასამართლო ასევე იზიარებს პროკურორის არგუმენტებს იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულს გააჩნია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები: იგი არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ნებაყოფლობით მიმართა პროკურატურას განცხადებით და თანხმობა განაცხადა საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ.

ამდენად, საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროს პროკურორ ლ. მ-ას შუამდგომლობა მსჯავრდებულ პ. ქ-ის მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 301–ე მუხლით, 307–ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 209–216–ე მუხლებით, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 24 აპრილის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

დამტკიცდეს საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროს პროკურორ ლ. მ-ასა და მსჯავრდებულ პ. ქ-ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, შემდეგი პირობებით:

პ. ქ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 214–ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდეს და განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ასევე, საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

პ. ქ-ეს საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად დაეკისროს ჯარიმა – 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; მასვე საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვას დანაშაულის საგანი - შპს „გ-ს“ ტერიტორიაზე მდებარე საბაჟო ტერმინალ N...-ის საწყობში მოთავსებული სხვადასხვა დასახელების - 25 126 კგ. საქონელი.

მსჯავრდებულ პ. ქ-ეს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 30 ივლისიდან დღემდე - ჩაეთვალოს სასჯელის მოხდის ვადაში და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა დახმარების სამინისტროს პრობაციის ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულ პ. ქ-ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

ნ. სხირტლაძე

უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ

№287აპ-14 12 სექტემბერი, 2014 წელი

ქ-ე პ.- 287აპ-14 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, ნუგზარ სხირტლაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2014 წლის 10 სექტემბერს მსჯავრდებულ პ. ქ-ის მიმართ გამოტანილ განაჩენში დაშვებული უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე.

საკასაციო პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის ბოლოდან მე-2 აბზაცში აღნიშნულია:

,,პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა დახმარების სამინისტროს პრობაციის ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულ პ. ქ-ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით“.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2014 წლის 10 სექტემბერს მსჯავრდებულ პ. ქ-ის მიმართ გამოიტანა განაჩენი, რომელშიც დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ:

განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის ბოლოდან მე-2 აბზაცში დაშვებულია შეცდომა პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე უფლებამოსილი სამინისტროს სახელწოდებასთან მიმართებით.

აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 287-ე მუხლით გათვალისწინებულ უზუსტობას, რაც უნდა აღმოიფხვრას მითითებულ განაჩენში.

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 287-ე მუხლის ,,ვ” პუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 10 სექტემბერს მსჯავრდებულ პ. ქ-ის მიმართ გამოტანილ განაჩენში გამოვლენილი უზუსტობა, კერძოდ:

განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის ბოლოდან მე-2 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულ პ. ქ-ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით“.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 10 სექტემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

აღნიშნული განჩინება წარმოადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 10 სექტემბრის განაჩენის განუყოფელ ნაწილს.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

ნ. სხირტლაძე