ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 01.07.2014
საქმის ნომერი
2კ-27-I-14
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
01.07.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№271-14 1 ივლისი, 2014 წელი

ჩ-ი ს., 271-14 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ჯ. უ-ის

მსჯავრდებულ _ ს. ჩ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ს. ჩ-ის საჩივარი ცაგერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლენტეხის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 23 სექტემბრის განაჩენით ს. ჩ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით – 7 წლით, 109-ე მუხლის „გ“, „ზ“ პუნქტებით – 13 წლით, მე-19,109-ე მუხლის „გ“ პუნქტით – 8 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით – 4 წლით, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით, ხოლო 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლისა და 59-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების საფუძველზე ს. ჩ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 21 თებერვლიდან.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 7 აპრილის განაჩენით შეიცვალა: ს. ჩ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „გ“ პუნქტითა და მე-19,109-ე მუხლის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) – 20 წლით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით – 7 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლით, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდა და ამ მუხლით განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; ამნისტიის აქტის საფუძველზე ს. ჩ-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან; მასვე დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ მიესაჯა 25 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 21 თებერვლიდან.

2013 წლის 14 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №2 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ცაგერის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ს. ჩ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

ცაგერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ს. ჩ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ს. ჩ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 19 წლით, 1 თვითა და 15 დღით, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 21 თებერვლიდან.

ცაგერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ს. ჩ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებული ითხოვს განჩინების შეცვლას და მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის სწორად გავრცელებას.

ცაგერის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 18 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ ს. ჩ-ს აღუდგა ცაგერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინების გასაჩივრების ვადა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს: საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მსჯავრდებულ ს. ჩ-ს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 7 აპრილის განაჩენით ბრალად შერაცხული ქმედებები - საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, 109-ე მუხლის „გ“, „ზ“ პუნქტებით, მე-19,109-ე მუხლის „გ“ პუნქტით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულები ჩადენილი აქვს წალენჯიხის რაიონული სასამართლოს მიერ მის მიმართ 2003 წლის 22 ივლისის განაჩენის დადგენამდე, რა დროსაც იგი იყო ნასამართლობის არმქონე. შესაბამისად, ამ ნაწილში მასზე „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მოთხოვნები უნდა გავრცელდეს როგორც ნასამართლობის არმქონე პირზე. ამასთანავე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ის გარემოებაც, რომ გასაჩივრებული განჩინებით ს. ჩ-ს შეუმცირდა საბოლოოდ მოსახდელად განსაზღვრული და არა დანიშნული სასჯელები. მართალია, აღნიშნულს პალატა არ ეთანხმება, მაგრამ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი გააუარესოს მსჯავრდებულის სამართლებრივი მდგომარეობა, ამნისტია უნდა გავრცელდეს საბოლოოდ მოსახდელად განსაზღვრულ სასჯელში თითოეული მუხლისთვის დანიშნული სასჯელის პროპორციულ წილზე, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული ს. ჩ-ი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელებისგან; ამავე კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ს. ჩ-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „გ“ პუნქტითა და მე-19,109-ე მუხლის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის პროპორციული წილი და უნდა განესაზღვროს 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის პროპორციული წილი და უნდა განესაზღვროს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ს. ჩ-ისთვის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 7 აპრილის განაჩენით ბრალად შერაცხულ, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს, პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული დანაშაული მსჯავრდებულმა ჩაიდინა 2008 წლის თებერვალში, რა დროსაც იგი ნასამართლევი იყო წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 22 ივლისის განაჩენით. აქედან გამომდინარე, ამ ნაწილში მასზე „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მოთხოვნები უნდა გავრცელდეს როგორც ნასამართლობის მქონე პირზე, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ს. ჩ-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და უნდა განესაზღვროს 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

ამასთან, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 21 მარტის განაჩენით მსჯავრდებულ ს. ჩ-ს სასჯელი განესაზღვრა შთანთქმისა და მთლიანი შეკრების პრინციპების გამოყენებით და მიაჩნია, რომ საბოლოოდ ს. ჩ-ს სასჯელი უნდა განესაზღვროს აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, კერძოდ: ს. ჩ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „გ“ პუნქტითა და მე-19,109-ე მუხლის „ა“, „გ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის საბოლოოდ განსაზღვრულმა სასჯელმა - 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთამ - უნდა შთანთქას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და მას საბოლოო სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც უნდა დაემატოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელი - 4 თვე, 15 დღე და საბოლოოდ ს. ჩ-ს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს 11 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ს. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ცაგერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული ს. ჩ-ი გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელებისგან.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ს. ჩ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „გ“ პუნქტითა და მე-19,109-ე მუხლის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის პროპორციული წილი და განესაზღვროს 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ს. ჩ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის პროპორციული წილი და განესაზღვროს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ს. ჩ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვროს 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ს. ჩ-ს საბოლოოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 21 მარტის განაჩენის გათვალისწინებით, სასჯელის სახით განესაზღვროს 11 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ს. ჩ-ს სასჯელის ათვლა დაეწყოს 2008 წლის 21 თებერვლიდან.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. ქათამაძე