დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 30.07.2014
საქმის ნომერი
13აგ.-2014
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
30.07.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №13აგ-14 30 ივლისი, 2014 წელი

ყ-ი ა.- 13აგ-14 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ყ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 17 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 მარტის განაჩენით ა. ყ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი - ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 10 000 ლარის ოდენობით და 3 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება. ა. ყ-ს სასჯელის ვადა აეთვალა 2010 წლის 27 იანვრიდან.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებით ა. ყ-ს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, დანიშნული სასჯელი გაუნახევრდა და განესაზღვრა: 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით და 1 წლითა და 6 თვით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

3. მსჯავრდებულმა ა. ყ-მა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მიუთითა, რომ უკანონოდ დაედო მსჯავრი; მისი ქმედება არ წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს; არასწორად დადგინდა საქართველოში შემოტანილი კონიაკის რაოდენობა; ექსპერტიზა ფაქტობრივად არ ჩატარებულა (არასწორი შეკითხვები დაისვა ექსპერტის წინაშე), ხოლო არსებული დასკვნა არ გააცნეს; არ დადგინდა კონიაკის რეალური ღირებულება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 17 იანვრის განჩინებით ა. ყ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

5. მსჯავრდებული ა. ყ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 17 იანვრის განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის დაშვებას არსებითად განსახილველად იმავე საფუძვლებით, რაზეც მითითებული ჰქონდა შუამდგომლობაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

6. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:

განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

8. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულია ის სამართლებრივი საფუძვლები, თუ რატომ არ წარმოადგენს მსჯავრდებულის მიერ მითითებული გარემოებები სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას.

9. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, ხოლო კასატორის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებებს, რომლებიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ა. ყ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ა. ყ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 17 იანვრის განჩინება მსჯავრდებულ ა. ყ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ზ. მეიშვილი

გ. შავლიაშვილი