საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №281აპ-14 ქ. თბილისი
შ-ი ვ 281აპ-14 6 თებერვალი, 2015 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 16 ივლისის განაჩენზე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ გ. ქ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 23 იანვრის განაჩენით:
ვ. შ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 220–ე მუხლით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მას დანიშნული სასჯელი გაუნახევრდა და სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სსკ–ის 42–ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 100000 ლარი. ვ. შ-ს სასჯელის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების დროიდან.
დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულებს - ვ. რ-ა და დ. ხ-ს შორის 2012 წლის 23 იანვარს დადებული საპროცესო შეთანხმება.
ვ. რ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 25,208–ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის თანახმად, გაუნახევრდა და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 42–ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარი, 362–ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის თანახმად, გაუნახევრდა და სასჯელად დაენიშნა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მიხედვით, დანიშნული სასჯელი გაუნახევრდა და სასჯელად დაენიშნა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობით. სსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ვ. რ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლიდანაც სასჯელის ნაწილი - 1 წელი და 6 თვე - უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 9 თვე ჩაეთვალა პირობით და სსკ–ის 64–ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი და 9 თვე. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარი.
დ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 362–ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის თანახმად, გაუნახევრდა და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისულფების აღკვეთა, რაც ასევე „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის თანახმად, გაუნახევრდა და განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სსკ–ის 42–ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი. დ. ხ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2011 წლის 30 აპრილიდან იმავე წლის 28 ოქტომბრამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 16 ივლისის განაჩენით გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 23 იანვრის გამამტყუნებელი განაჩენი ვ. შ-ს მიმართ.
ვ. შ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ–ის 220–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა. ვ. შ-ს უფლება აქვს, საქართველოს სსსკ-ის 92–ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე -წარმატების პერსპექტივა.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ გ. ქ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი