გაუქმდა გამამტყუნებელი განაჩანი და გამოტანილი ინქნა გამამართლებელი

სისხლის სამართლის 03.04.2015
საქმის ნომერი
2კ-448აპ.-14
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.04.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№448აპ-14 3 აპრილი, 2015 წელი

მ-ი ფ.- 448აპ-14 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ – კ. ს-ის

ადვოკატ – თ. გ-ის

მსჯავრდებულ – ფ. მ-ის

თარჯიმან - ი. ნ-ის

მონაწილეობით, ზეპირი მოსმენით განიხილა მსჯავრდებულ ფ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 15 ოქტომბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 2 მაისის განაჩენით ფ. მ-ი, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - ქურდობისათვის, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

2. ფ. მ-ისათვის ბრალად წარდგენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

2012 წლის სექტემბრის ბოლოს საგარეჯოს რაიონის სოფელ ი-ოს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიიდან ფ. მ-ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ბ. ვ-ის კუთვნილ, 2000 ლარად ღირებულ ოთხ სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს.

3. აღნიშნული ქმედებისათვის:

ფ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 25 აგვისტოს განაჩენით დანიშნული და იმავე სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის განჩინებით შემცირებული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული და განჩინებით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წელი, 6 თვე და ფ. მ-ს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2013 წლის 12 აგვისტოდან.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ფ. მ-მა და ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 2 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო საჩივრის არსი:

სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 15 ოქტომბრის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ფ. მ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორმა აღნიშნა, რომ საქმეზე არ იყო დაკითხული მთავარი მოწმე - ზ. მ-ი, რის გამოც დადგა უკანონო განაჩენი. ამდენად, მსჯავრდებულმა ითხოვა მის მიმართ გამოტანილი უკანონო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამართლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის დასაბუთება:

საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. მოწმეების - ბ. ვ-ისა (დაზარალებული) და მ. ვ-ის ჩვენებებით დადგენილია, რომ 2012 წლის სექტემბრის ბოლოს კუთვნილი პირუტყვი ჩამოიყვანეს წალკის რაიონიდან. ვიდრე საქონელს დააბინავებდნენ, შეჩერდნენ საგარეჯოს რაიონის სოფელ ი-ოს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც პირუტყვიდან გამოარჩიეს მათი ახლობლის - ო-ის კუთვნილი პირუტყვი. ბ. ვ-ი და მ. ვ-ი დაეხმარნენ ო-ს პირუტყვის გადევნაში, საკუთარი კი დატოვეს მეთვალყურეობის გარეშე. რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ, ვინაიდან უკვე ბნელდებოდა, მიბრუნდნენ უკან, სადაც საქონელი ჰყავდათ დატოვებული. მათ გადათვალეს საქონელი და აღმოაჩინეს, რომ ბ. ვ-ის კუთვნილი, 4 სული მსხვილფეხა მოზარდი რქოსანი პირუტყვი აკლდა. დაზარალებულის ჩვენებით, დაკარგული საქონლის ფასი 2012 წლის სექტემბრისთვის შეადგენდა 2000 ლარს.

3. მოწმის - ბრალდებულის მეუღლის ნ. მ-ას ჩვენებით დადგენილია, რომ 2012 წლის სექტემბრის ბოლოს, გვიან ღამით, მისმა მეუღლემ ფ. მ-მა სახლში მიიყვანა ოთხი სული მოზარდი საქონელი, საიდანაც ორი სული მალევე მოკვდა, ხოლო ორი სული საქონელი ვალის სანაცვლოდ ფ. მ-მა მისცა ნ. მ-ას მამას, ა. მ-ს. მოწმემ განმარტა, რომ ეს საქონელი, ფ. მ-ის განცხადებით, ნაყიდი იყო.

4. მოწმის - ა. მ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2012 წლის ოქტომბერში სიძის - ფ. მ-საგან ვალის სანაცვლოდ წამოიყვანა ორი სული მოზარდი პირუტყვი. მოწმემ განმარტა, რომ ეს საქონელი, როგორც მას მისმა შვილმა - ნ. მ-ამ უთხრა, ფ. მ-ის მიერ იყო ნაყიდი.

5. 2013 წლის 12 აგვისტოს დაზარალებულმა ბ. ვ-მა ამოიცნო ა. მ-ის სახლიდან ამოღებული, თავისი ორი სული საქონელი, რომელიც მან დაკარგა 2012 წლის სექტემბრის ბოლოს.

6. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით დგინდება მხოლოდ ბ. ვ-ის ოთხი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქურდობასთან დაკავშირებული ზოგადი ინფორმაცია, თუმცა მოწმეთა ჩვენებებით, თუ ვის შეეძლო მოეპარა აღნიშნული რქოსანი პირუტყვი, არ არის განმარტებული. აღნიშნულ ინფორმაციას არ შეიცავს ასევე სხვა წერილობითი მტკიცებულებები.

7. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება პირდაპირი მოწმის ჩვენება, რომელიც ქურდობის ფაქტის უშუალო შემსწრე იქნებოდა, მაგრამ დადგენილად მიაჩნია და სადავო არ არის, რომ ბ. ვ-ის ოთხი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვიდან ორი ამოღებულ იქნა ბრალდებულ ფ. მ-ის სიმამრის - ა. მ-ის სახლიდან, თუმცა სადავოა ფ. მ-ის მიერ ხსენებული რქოსანი პირუტყვის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტი.

8. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“. ამდენად, საკასაციო პლატა მიუთითებს, რომ

9. ფ. მ-ის მიერ ბ. ვ-ის ოთხი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოპარვა არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. მხოლოდ ის ფაქტი, რომ აღნიშნული პირუტყვიდან ორი მათგანი ამოღებულ იქნა ბრალდებულ ფ. მ-ის სიმამრის - ა. მ-ის სახლიდან, არ ადასტურებს მის მიერ ნივთის ფარულად დაუფლების ფაქტს, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი პირდაპირი მტკიცებულებით არ დგინდება, რა გარემოებებში და ვინ დაეუფლა საქონელს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც სსკ-ის 177-ე მუხლის შემადგენლობის სავალდებულო ნიშანია. ამდენად, პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არსებული მტკიცებულებებით შეუძლებელია იმის დადგენა, ფ. მ-ი ნამდვილად დაეუფლა თუ არა ფარულად ბ. ვ-ის ოთხ სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, ან მართლაც კანონიერად ან უკანონოდ (წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა) ხომ არ შეიძინა მან მოპარული ნივთი. წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ფ. მ-ის მიერ ზემოაღნიშნული საქონლის ფარულად დაუფლების ფაქტის დასადგენად და, შესაბამისად, მისი დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ფ. მ-ი, მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, უნდა გამართლდეს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ფ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 15 ოქტომბრის განაჩენი ფ. მ-ის მიმართ.

ფ. მ-ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

3. ფ. მ-ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

4. ფ. მ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

5. გამართლებულ ფ. მ-ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი