შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 08.04.2015
საქმის ნომერი
2კ-46აპ.-15
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.04.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №46აპ-15. ქ. თბილისი

მ-ე ზ.- 46აპ-15 8 აპრილი, 2015 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ რ. ხ-ას

ადვოკატ – დ. ი-ის

მსჯავრდებულ _ ზ. მ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ზ. მ-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ. ი-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ოქტომბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 14 აგვისტოს განაჩენით ზ. მ-ე, ნასამართლევი, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარდგენილ ბრალდებაში.

ზ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა).

2. ზ. მ-ის დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2014 წლის 27 მარტს, დაახლოებით 17.00 საათზე, ზ. მ-ე მივიდა დ-ში, ს-ის უბანში მცხოვრებ ნ. ნ-ესთან სახლში და მასთან სტუმრად მყოფ თავის მეგობარ ზ. ვ-ეს, რომელსაც საკუთრებაში ჰყავს ავტომანქანა „მერსედეს ბენცი“, სახელმწიფო ნომრით ,,...“, პირადი საქმისთვის ცოტა ხნით სთხოვა ავტომანქანა. ზ. ვ-ემ მისცა მას მანქანის გასაღები, ხოლო თვითონ შევიდა ნ. ნ-სთან სახლში.

მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 მარტის განაჩენით ზ. მ-ეს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, რისთვისაც სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 1.500 ლარი, ხოლო ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული უფლებები (მათ შორის - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება) ჩამოერთვა 3 წლით და არ ჰქონდა აღებული მართვის მოწმობა, იგი მაინც დაჯდა საჭესთან.

როდესაც უკან, მანქანის მისაყვანად ბრუნდებოდა, გზად შეხვდა თანასოფლელი მ. მ-ე, რომელიც ჩაუჯდა მანქანაში. დაახლოებით 18.00 საათზე ზ. მ-ე მოძრაობდა რა გადაჭარბებული სიჩქარით სამტრედიის რაიონის სოფელ დ-ში გამავალ საავტომობილო გზაზე, ს-ის უბნის ერთ-ერთ მოსახვევში ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა ვ. კ-ის სახლის ეზოს ღობეს, ხოლო შემდეგ კი - ვ. კ-ეს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ზ. მ-ე კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

3. აღნიშნული ქმედებებისთვის:

ზ. მ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

ზ. მ-ეს მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით -1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო დაკავების დღიდან - 2014 წლის 7 აპრილიდან.

4. გადაწყდა საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულების ბედი:

ავტომანქანა „მერსედეს ბენცი“, სახელმწიფო ნომრით ,,...“, რომელიც ჩაბარებული აქვს ზ. ვ-ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დარჩეს მის საკუთრებაში.

5. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 14 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა პ. ხ-ამ, რომელმაც ითხოვა ზ. მ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

6. მსჯავრდებული ზ. მ-ე და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ქ-ა შესაგებლით არ დაეთანხმნენ პროკურორის სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 14 აგვისტოს განაჩენში შევიდა მსჯავრდებულის საუარესო ცვლილება:

გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 14 აგვისტოს გამამართლებელი განაჩენი ზ. მ-ის საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით წარდგენილი ბრალდების ნაწილში.

ზ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 1 წლითა და 6 თვით ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ზ. მ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო დაკავების დღიდან - 2014 წლის 7 აპრილიდან. მასვე 1 წლითა და 6 თვით ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

ნივთმტკიცება - ავტომანქანა „მერსედეს ბენცი“, სახელმწიფო ნომრით ,,...“, რომელიც ჩაბარებული აქვს ზ. ვ-ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დარჩეს მის საკუთრებაში.

8. სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ზ. მ-ემ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ი-მა საკასაციო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორებმა აღნიშნეს, რომ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; სააპელაციო სასამართლომ განაჩენს საფუძვლად დაუდო ვარაუდი, რითაც დაარღვია სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა. ამდენად, კასატორებმა ითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 28 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულის გამართლება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

9. 2015 წლის 27 მარტს სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რ. ხ-ამ, საქართველოს სსკ-ის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილითა და სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეადგინა წერილობითი შეთანხმებები მასა და მსჯავრდებულ ზ. მ-ს შორის.

10. შუამდგომლობებისა და საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე ოქმების თანახმად, პროკურატურამ, მხედველობაში მიიღო რა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ასევე ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა ზ. მ-ემ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, ნებაყოფლობით მიმართა პროკურატურას განცხადებით და თანხმობა განაცხადა ბრალის აღიარებით, სასჯელზე შეთანხმებით, საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ, სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით, 2015 წლის 27 მარტს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, მსჯავრდებულ ზ. მ-ესა და სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ. ხ-ას შორის წერილობით გააფორმა ოქმები საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.

11. 2015 წლის 8 აპრილს სასამართლო სხდომაზე პროკურორმა რ. ხ-ამ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მასა და მსჯავრდებულ ზ. მ-ეს შორის 2015 წლის 27 მარტს დადებული საპროცესო შეთანხმებების დამტკიცების შესახებ და ითხოვა:

ზ. მ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:

საქართველოს სსკ–ის 276–ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით - 2 წელი განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი - 3 წელი სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე 1 წლითა და 6 თვით ჩამოერთვას ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის თანახმად, ზ. მ-ეს დამატებით სასჯელად დაეკისროს ჯარიმა – 4000 ლარი;

სსკ–ის 381–ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ზ. მ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითად სასჯელად დაენიშნოს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე - 2 წელი განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი - 3 წელი სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე 1 წლითა და 6 თვით ჩამოერთვას ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის თანახმად, ზ. მ-ეს დამატებით სასჯელად დაეკისროს ჯარიმა – 4000 ლარი;

ნივთმტკიცება - ავტომანქანა „მერსედეს ბენცი“, სახელმწიფო ნომრით ,,...“, რომელიც ჩაბარებული აქვს ზ. ვ-ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დარჩეს მის საკუთრებაში.

12. იმავე სხდომაზე პროკურორმა რ. ხ-ამ დააზუსტა შუამდგომლობა და ითხოვა:

ზ. მ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:

საქართველოს სსკ–ის 276–ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით - 2 წელი განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი - 2 წელი სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე 1 წლითა და 6 თვით ჩამოერთვას ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის თანახმად, ზ. მ-ეს დამატებით სასჯელად დაეკისროს ჯარიმა – 4000 ლარი;

სსკ–ის 381–ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ზ. მ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითად სასჯელად დაენიშნოს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე - 2 წელი განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი - 2 წელი სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე 1 წლითა და 6 თვით ჩამოერთვას ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის თანახმად, ზ. მ-ეს დამატებით სასჯელად დაეკისროს ჯარიმა – 4000 ლარი;

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება:

ავტომანქანა „მერსედეს ბენცი“, სახელმწიფო ნომრით ,,...“, რომელიც ჩაბარებული აქვს ზ. ვ-ეს, დარჩეს მის საკუთრებაში.

13. სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას შეცვლილი პირობით მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე მსჯავრდებულმა ზ. მ-ემ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ი-მა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ოქტომბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ რ. ხ-ასა და მსჯავრდებულ ზ. მ-ეს შორის შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა რ. ხ-ამ მხარი დაუჭირა თავის შუამდგომლობას და ითხოვა მსჯავრდებულ ზ. მ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ–ის 276–ე მუხლის მე-5 და 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.

3. სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე მსჯავრდებულმა ზ. მ-ემ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ი-მა.

4. სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე კანონის მოთხოვნათა დაცვით განიხილა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით - შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, მოწმეების - ზ. ვ-ის, მ. მ-ის, თ. ც-ის, ქ. ლ-ას, ნ. ნ-ის, თ. ნ-ის ჩვენებებით, დაზარალებულ ნ. მ-ას ჩვენებით, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, საექსპერტო კრიმინალური, ავტოტექნიკური და სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 მარტის განაჩენითა და საქმის სხვა მასალებით ზ. მ-ის მიმართ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა დადასტურებულია.

5. საკასაციო პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას მსჯავრდებულ ზ. მ-ის მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა ან რაიმე უკანონო დაპირება; ამასთან, მას არ შეზღუდვია უფლება, მიეღო იურიდიული დახმარება. პალატის სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, აღიარებს ბრალს და ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე. მსჯავრდებული ზ. მ-ე ასევე აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.

6. მსჯავრდებულისათვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები; მისთვის ასევე ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმება მას არ ათავისუფლებს სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.

7. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც არსებობს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, შუამდგომლობების დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

8. ამდენად, სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ. ხ-ას შუამდგომლობა მსჯავრდებულ ზ. მ-ის მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. დამტკიცდეს პროკურორ რ. ხ-ასა და მსჯავრდებულ ზ. მ-ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება შეცვლილი პირობებით.

4. ზ. მ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:

საქართველოს სსკ–ის 276–ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით - 2 წელი განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი - 2 წელი სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე 1 წლითა და 6 თვით ჩამოერთვას ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის თანახმად, ზ. მ-ეს დამატებით სასჯელად დაეკისროს ჯარიმა – 4000 ლარი;

სსკ–ის 381–ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ზ. მ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითად სასჯელად დაენიშნოს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე - 2 წელი განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი - 2 წელი სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე 1 წლითა და 6 თვით ჩამოერთვას ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის თანახმად, ზ. მ-ეს დამატებით სასჯელად დაეკისროს ჯარიმა – 4000 ლარი;

5. მსჯავრდებულ ზ. მ-ეს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო მის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

6. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება:

ავტომანქანა „მერსედეს ბენცი“, სახელმწიფო ნომრით ,,...“, რომელიც ჩაბარებული აქვს ზ. ვ-ეს, დარჩეს მის საკუთრებაში.

7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი

უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ

№46აპ-15 8 აპრილი, 2015 წელი

მ-ე ზ.- 46აპ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2015 წლის 8 აპრილს მსჯავრდებულ ზ. მ-ის მიმართ გამოტანილ განაჩენში დაშვებული უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე.

საკასაციო პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 8 აპრილს მსჯავრდებულ ზ. მ-ის მიმართ გამოტანილ განაჩენში დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ:

განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში გამორჩენილია მსჯავრდებულის მიერ სასჯელის ვადის ათვლის თარიღი.

აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 287-ე მუხლით გათვალისწინებულ უზუსტობას, რაც უნდა აღმოიფხვრას მითითებულ განაჩენში.

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 287-ე მუხლის ,,ვ” პუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 8 აპრილს მსჯავრდებულ ზ. მ-ის მიმართ გამოტანილ განაჩენში გამოვლენილი უზუსტობა, კერძოდ:

განაჩენის სარეზოლუციო ნაწილს დაემატოს მე-5 პუნქტი, რომელიც ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ზ. მ-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2014 წლის 7 აპრილიდან. შესაბამისად, შეიცვალოს სარეზოლუციო ნაწილის პუნქტების ნუმერაცია და მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები გადაკეთდეს მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტებად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 8 აპრილის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

აღნიშნული განჩინება წარმოადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 8 აპრილის განაჩენის განუყოფელ ნაწილს.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი