დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №49აგ-15 9 ნოემბერი, 2015 წელი
ს-ე დ-, 49აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ზაზა მეიშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, მაია ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ს-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. რ-ის საკასაციო საჩივრები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 15 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 7 ნოემბრის განაჩენით დ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით – 7 წლით, 363-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით – 1 წლით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით – 6 წლით, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 7 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელთა ნაწილობრივი შეკრებით დ. ს-ეს განესაზღვრა 15 წლით, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით – 15 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2005 წლის 26 თებერვლიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით შეიცვალა: დ. ს-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (2006 წლის 31 მაისის შემდეგ მოქმედი რედაქცია); განაჩენი მის მიმართ დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 28 დეკემბრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე დ. ს-ეს გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დანიშნული 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; დანაშაულთა ერთობლიობით მას განესაზღვრა 14 წლითა და 7 თვით, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით – 15 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი დ. ს-ის მიმართ დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის განაჩენით დ. ს-ეს საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 8 წელი, 11 თვე, 7 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით, 11 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 18 აპრილიდან.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ დ. ს-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და ამ მუხლით განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; ასევე ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 28 დეკემბრის განჩინებით დანიშნული თითოეული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით, 8 თვითა და 12 დღით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენთა ერთობლიობით დ. ს-ეს მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის, 2 თვისა და 12 დღის ვადით. დ. ს-ეს სასჯელის ვადა აეთვალა 2011 წლის 18 აპრილიდან.
6. აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 3 აპრილის განჩინებით შეიცვალა: „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ დ. ს-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა 1996 წლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 152-ე და 240-ე მუხლებით დანიშნული სასჯელი - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა მოხდილად. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ დ. ს-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 179-ე, 143-ე, 363-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით, 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებითა და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გათვალისწინებით, განესაზღვრა 10 წლით, 11 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის 2011 წლის 18 აპრილისთვის მოუხდელი ნაწილი – 4 წელი, 10 თვე, 5 დღე - დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის განაჩენით დანიშნულ და ამნისტიით შემცირებულ სასჯელს - 1 წელსა და 6 თვეს და საბოლოოდ მსჯავრდებულ დ. ს-ეს სასჯელის სახით განესაზღვრა 6 წლით, 4 თვითა და 5 დღით თავისუფლების აღკვეთა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ დ. ს-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულ და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა წინა განაჩენითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 3 აპრილის განჩინებით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 3 წელი, 10 თვე და საბოლოოდ დ. ს-ეს განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა 5 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 18 აპრილიდან.
8. აღნიშნული განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 19 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
9. მსჯავრდებულ დ. ს-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. რ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შემდეგი სამართლებრივი საფუძვლებით: განაჩენის გამოტანის დროს დაირღვა საპროცესო კანონმდებლობის იმპერატიული მოთხოვნები, რის გამოც განაჩენი არის არაობიექტური და უკანონო; სისხლის სამართლის საპროცესო კანონში შეტანილი ცვლილებები იწვევს წინათ გამოტანილი საპროცესო აქტის გაუქმებას ან შეცვლას, თუ ამით უმჯობესდება ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სამართლებრივი მდგომარეობა, კერძოდ: იმ დროს მოქმედი სსსკ-ის 424-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს უნდა ემსჯელა, წინასწარი გამოძიებისას ხომ არ იყო დარღვეული საპროცესო კოდექსის მოთხოვნები და შეკრებილი იყო თუ არა საჭირო მტკიცებულებები სასამართლო სხდომაზე საქმის განსახილველად; ასევე სისხლის სამართლის საქმის სამართალწარმოების დროს იგნორირებული იყო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მთელი რიგი ნორმების მოთხოვნები; დ. ს-ე სსკ-ის 260-ე მუხლით უდანაშაულოდ უნდა ყოფილიყო ცნობილი, რადგან ბრალდების მხარეს მტკიცებულებები მოპოვებული ჰქონდა საპროცესო კოდექსის არსებითი დარღვევით და არ არსებობდა საკმარისი/უტყუარი მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; 2006 წლის 7 ნოემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში არ არის მითითებული სასჯელთა ნაწილობრივი შეკრებისას რომელი დანაშაულისათვის რა მოცულობის სასჯელი უნდა მოეხადა; სსკ-ის 59-ე მუხლის ახალი რედაქციის შესაბამისად, დ. ს-ეს საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით და გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 15 მაისის განჩინებით დ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. რ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.
11. მსჯავრდებულმა დ. ს-ემ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. რ-მა საკასაციო საჩივრებით ითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და მსჯავრდებულის სასჯელისაგან გათავისუფლება იმავე სამართლებრივი საფუძვლებით, რაზეც მითითებული იყო შუამდგომლობაში. ამასთან, დ. ს-ე დამატებით აღნიშნავს, რომ თუ საქმე განიხილება მისი მონაწილეობით, იგი დაადასტურებს თავის უდანაშაულობას, ასევე მიიჩნევს, რომ ამნისტიის შედეგად შემცირებული სასჯელი არ არის ადეკვატური.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:
განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
3. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა, ხოლო კასატორთა მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებებს, რომლებიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. რ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ დ. ს-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. რ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2.თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 15 მაისის განჩინება მსჯავრდებულ დ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. რ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. მეიშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
მ. ოშხარელი