განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 25.01.2016
საქმის ნომერი
80აგ.-2015
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
25.01.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №80აგ-15 25 იანვარი, 2016 წელი

ა-ი ი.- 80აგ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, ზაზა მეიშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ა-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 ივნისის განაჩენით ი. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 1443–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ა. ა-ის ეპიზოდი) და მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, მასვე 2 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ ი. ა-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა და საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 1 წლითა და 6 თვით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 29 სექტემბრიდან.

იმავე განაჩენით გ. ლ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებითა (3 ეპიზოდი) და 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებით (3 ეპიზოდი) და სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 2 წლითა და 3 თვით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 15 მაისის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ ი. ა-ის მიმართ დარჩა უცვლელად, ხოლო მსჯავრდებულ გ. ლ-ის მიმართ შეიცვალა შემდეგი მიმართებით: გ. ლ-ის ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებით (3 ეპიზოდი), გადაკვალიფიცირდა 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებზე (3 ეპიზოდი).

გ. ლ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 1443–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებით (6 ეპიზოდი) და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება 2 წლითა და 3 თვით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 28 სექტემბრიდან.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 18 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ი. ა-ისა და მსჯავრდებულ გ. ლ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ვ-ის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა ცნობილი.

4. 2015 წლის 25 ივნისს მსჯავრდებულების - ი. ა-ისა და გ. ლ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ვ-მა შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ შემდეგი სამართლებრივი საფუძვლით: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას, რაც წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებას და შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველს, რადგან სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულების ჩვენებების გარდა არ მოიპოვება არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მსჯავრდებულების მიერ დანაშაულის ჩადენას.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 9 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულების - ი. ა-ისა და გ. ლ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. ვ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.

6. მსჯავრდებული ი. ა-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 9 ივლისის განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის დასაშვებად ცნობას იმავე სამართლებრივი საფუძვლებით, რაზეც მითითებული ჰქონდა შუამდგომლობაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებული ი. ა-ი მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვის საფუძვლად მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. კასატორის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული გარემოება წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით (არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი) გათვალისწინებულ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველს.

3. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ი. ა-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. ვ-ის შუამდგომლობის დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ გადასასინჯი განაჩენი კანონიერი და დასაბუთებულია.

4. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლო შუამდგომლობის დასაშვებობის ეტაპზე არ იყო უფლებამოსილი, შეეფასებინა მტკიცებულებები, რომლებსაც ეფუძნება გადასასინჯი განაჩენი. გადაწყვეტილება იმის თაობაზე, ირიბი ჩვენებების გაუზიარებლობის შემთხვევაში საკმარისია თუ არა საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, სააპელაციო პალატამ უნდა მიიღოს მხოლოდ შუამდგომლობის დაშვებისა და კანონით დადგენილი წესით განხილვის შედეგად.

5. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ი. ა-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. ვ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ იყო დასაბუთებული, რის გამოც უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 9 ივლისის განჩინება მსჯავრდებულ ი. ა-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. ვ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ და შუამდგომლობა დაშვებულ უნდა იქნეს განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 9 ივლისის განჩინება მსჯავრდებულ ი. ა-ის მიმართ.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

ზ. მეიშვილი