საზედამხედველო
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №129აგ-15 11 მარტი, 2016 წელი
გ-ი გ 129აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 27 აგვისტოს განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 20 აპრილის განაჩენით გ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით – 9 წლითა და 6 თვით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით – 8 წლით, ხოლო 273-ე მუხლით (2 ეპიზოდი) – 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით მას განესაზღვრა 19 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 1 აპრილის განაჩენით სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წელი და საბოლოოდ მიესაჯა 21 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 12 სექტემბრიდან; მასვე 3 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 13 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა ცნობილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებული გ. გ-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2 ეპიზოდი) დანიშნული სასჯელების მოხდისაგან; მასვე აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები. მსჯავრდებულ გ. გ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა სხვა მუხლებით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 14 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებულმა გ. გ-ა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ გ. გ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 13 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელის ნაწილს – 6 წლით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა: სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ასევე ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელის ნაწილი – 4 წელი; სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელიდან – 6 თვე და მსჯავრდებულ გ. გ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 12 სექტემბრიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 13 ივლისის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებულმა გ. გ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 ივლისის განაჩენის გაუქმება და სასჯელის განსაზღვრა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 19 მარტის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებულმა გ. გ-ა 2015 წლის 14 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, რომლითაც მოითხოვა საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლში განხორციელებული ცვლილების თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 27 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 ივლისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
მსჯავრდებული გ. გ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 27 აგვისტოს განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას იმავე საფუძვლებით, რაზეც მითითებული ჰქონდა შუამდგომლობაში. ამასთან, ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.
საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 1 აპრილის განაჩენის მიხედვით, გ. გ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გამოიხატა შემდეგში: გ. გ-ა ჩაიდინა განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის უკანონოდ ტარება, კერძოდ: განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი გ. გ-ი 2010 წლის 13 სექტემბერს თ-ი, თ. მ-ს გამზირის №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველი თბილისის სამმართველოს მე-5 განყოფილების თანამშრომლებმა დააკავეს ადმინისტრაციული წესით, ნარკოტიკული ნივთიერების უკანონოდ მოხმარების ფაქტზე, მაგრამ შემოწმების შედეგად, №3412860 დასკვნის საფუძველზე, არ დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი. მისი პირადი ჩხრეკის დროს ამოიღეს ვერცხლისფერი გასაშლელი დანა, რომელიც შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს #631/ცი დასკვნის თანახმად, დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი, ფიქსირებული მოწყობილობით და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
2013 წლის 11 დეკემბრის კანონით, რომელიც ძალაში შევიდა 2014 წლის 8 იანვარს, შეიცვალა საქართველოს სსკ-ის 2381–ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დისპოზიციის ნაწილი იმ მიმართებით, რომ ამ დანაშულის შემადგენლობას იძლევა ცივი იარაღის ტარებისათვის განმეორებით ადმინისტრაციულსახდელდადებული ან ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, რა დროსაც მნიშვნელობა არა აქვს არც წარსულში ნასამართლობას და არც ასაკს, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შემადგენლობა მოგვცა პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენამ არაერთგზის, ან განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
ამდენად, აღნიშნული კანონის თანახმად, ვინაიდან მსჯავრდებული გ. გ-ი არ არის განმეორებით ადმინისტრაციულსახდელდადებული პირი ცივი იარაღის ტარებისათვის და არც ადმინისტრაციულსახდელდადებული - ნარკოტიკების მოხმარებისათვის, ესე იგი მის ქმედებაში არ არის სსკ-ის 2381–ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, შესაბამისად, წარსულში მისი ნასამართლობა განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ამ ეტაპზე არ გვაძლევს საქართველოს სსკ-ის 2381–ე მუხლის მე–2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა განაჩენის გადასინჯვის გზით ახალ კანონთან მსჯავრდებულის ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაციის შესაბამისობასა და შესაბამისად, სასჯელის შემსუბუქებაზე, რაზეც საერთოდ არ აქვს ნამსჯელი სააპელაციო სასამართლოს.
ამდენად, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებულს შუამდგომლობაში არა აქვს მითითებული რაიმე ახლად გამოვლენილ გარემოებაზე, რაც შეიძლება გამხდარიყო განაჩენის გადასინჯვის საფუძველი და რომ პირადი საქმის მასალების მიხედვით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 ივლისის განაჩენით მას მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელები, რადგან ხსენებული მუხლის ჩათვლით მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ.
ყოველივე აღნიშნულის გამო, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. გ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის თაობაზე იყო კანონის მოთხოვნათა შესაბამისად დაყენებული და დასაბუთებული, რის გამოც მისი დაუშვებლად ცნობის არანაირი საფუძველი არ არსებობდა.
აქედან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 27 აგვისტოს განჩინება მსჯავრდებულ გ. გ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე და შუამდგომლობა დაშვებულ უნდა იქნეს განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 27 აგვისტოს განჩინება მსჯავრდებულ გ. გ-ს მიმართ და შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაშვებულ იქნეს განსახილველად.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი