საკასაციო საჩივარი

სისხლის სამართლის 24.03.2016
საქმის ნომერი
2კ-392აპ.-15
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.03.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#1155ap_10 10 Tebervali, 2011 weli

საქმე №392აპ-15 24 მარტი, 2016 წელი

გ-ი რ., 392აპ-15 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ. ჯ-ს, მსჯავრდებულ რ. გ-ს ადვოკატ გ. ტ-ს, მსჯავრდებულ რ. ო-ს ადვოკატების - ო. ს-სა და დ. ნ-ს, მსჯავრდებულ ს. დ-სა და მისი ადვოკატის - ლ. ბ-ს, მსჯავრდებულების -მ. შ-სა და ნ. ი-ს ადვოკატ ო. ს-ს, მსჯავრდებულ ჯ. ა-სა და მისი ადვოკატის - მ. უ-ს, მსჯავრდებულ გ. კ-ს ადვოკატების - მ. ფ-სა და ი. ჭ-ს, მსჯავრდებულ თ. გ-ს, მსჯავრდებულების - ნ. ო-ს, ა. გ-სა და თ. გ-ს ადვოკატ გ. ნ-ს, მსჯავრდებულ რ. მ-სა და მისი ადვოკატის - ო. გ-ს, მსჯავრდებულ ა. ხ-ს ადვოკატების - ნ. ც-სა და დ. მ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ივნისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 3 ივნისის განაჩენით:

§ რ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 260-ე მუხლის პირველი ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59–ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და რ. გ-ს საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

§ რ. ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 260-ე მუხლის პირველი ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59–ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და რ. ო-ს საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

§ ს. დ-ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 376-ე მუხლზე; ს. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით - ჯარიმა 20 000 ლარის ოდენობით, ხოლო 260-ე მუხლის პირველი ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ს. დ-ს საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

§ მ. შ-ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 376-ე მუხლზე; მ. შ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით და განესაზღვრა ჯარიმა - 20 000 ლარის ოდენობით. მასვე საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2013 წლის 6 სექტემბრიდან 2014 წლის 3 ივნისის ჩათვლით), შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა ჯარიმა - 12 000 ლარის ოდენობით;

§ კ. გ-ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 376-ე მუხლზე; კ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით და განესაზღვრა ჯარიმა - 20 000 ლარის ოდენობით. მასვე საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2013 წლის 6 სექტემბრიდან 2014 წლის 3 ივნისის ჩათვლით), შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა ჯარიმა - 12 000 ლარის ოდენობით;

§ ჯ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59–ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ჯ. ა-ს საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

§ ვ. ტ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;

§ თ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

§ ა. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

§ გ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

§ ნ. ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

§ ნ. ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წელი პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წელი პირობითი მსჯავრი და განაჩენთა ერთობლიობით ნ. ი-ს საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

§ რ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 16 აპრილის განაჩენით დანიშნული და ამავე სასამართლოს 2013 წლის 22 იანვრის განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წელი და 6 თვე პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 16 აპრილის განაჩენით დანიშნული და ამავე სასამართლოს 2013 წლის 22 იანვრის განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წელი, 6 თვე თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით რ. მ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

§ ა. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ივნისის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 3 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს: მსჯავრდებულ რ. გ-ს ადვოკატმა - გ. ტ-მა, მსჯავრდებულმა ჯ. ა-მა და მისმა ადვოკატმა - მ. უ-მა, მსჯავრდებულების - მ. შ-სა და ნ. ი-ს ადვოკატმა - ო. ს-მა, მსჯავრდებულ რ. ო-ს ადვოკატებმა - ო. ს-მა და დ. ნ-მა, მსჯავრდებულ გ. კ-ს ადვოკატებმა - მ. ფ-მ და ი. ჭ-მ, მსჯავრდებულ ა. ხ-ს ადვოკატებმა - ნ. ც-მ, დ. მ-მა, მსჯავრდებულმა ს. დ-მა და მისმა ადვოკატმა - ლ. ბ-მ, მსჯავრდებულმა რ. მ-მა და მისმა ადვოკატმა - ო. გ-მ, მსჯავრდებულმა თ. გ-მა, მსჯავრდებულების - ნ. ო-ს, ა. გ-სა და თ. გ-ს ადვოკატმა - გ. ნ-მა და მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულების მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა. ხოლო ადვოკატმა - გ. ნ-მა მოითხოვა მსჯავრდებულ ნ. ო-ს მიმართ ალტერნატივის სახით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილის გადაკვალიფიცირება ამავე კოდქსის 376-ე მუხლზე.

4. აღნიშნული განაჩენი ასევე გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა - გ. ჯ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და მსჯავრდებულების: მ. შ-ს, კ. გ-ს, ს. დ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლით და მათთვის შესაბამისი სასჯელების განსაზღვრა, ხოლო დანარჩენი მსჯავრდებულების მიმართ უფრო მკაცრი სასჯელების განსაზღვრა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 30 დეკემბრის განჩინებით აღნიშნული საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნა დასაშვებად.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2015 წლის 31 დეკემბრის განჩინებით კონსტიტუციური წარდგინებით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და შეაჩერა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების განხილვასთან დაკავშირებული საქმისწარმოება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წარდგინებაში აღნიშნული საკითხების გადაწყვეტამდე.

7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 26 თებერვლის განჩინებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნისთვის უკანონო შეძენა-შენახვის გამო.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 10 მარტის განჩინებით განახლდა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების განხილვასთან დაკავშირებული საქმისწარმოება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ რ. გ-ს დამცველის, ადვოკატ გ. ტ-ს, მსჯავრდებულ ჯ. ა-სა და მისი დამცველის, ადვოკატ მ. უ-ს, მსჯავრდებულების – ნ. ი-სა და მ. შ-ს დამცველის, ადვოკატ ო. ს-ს, მსჯავრდებულ რ. ო-სა და მისი დამცველი ადვოკატების - დ. ნ-სა და ო. ს-ს, მსჯავრდებულ გ. კ-ს დამცველი ადვოკატების - მ. ფ-სა და ი. ჭ-ს, მსჯავრდებულების – ნ. ო-ს, ა. გ-სა და თ. გ-ს დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ს, მსჯავრდებულ ა. ხ-ს დამცველი ადვოკატების - ნ. ც-სა და დ. მ-ს, მსჯავრდებულ ს. დ-სა და მისი დამცველის, ადვოკატ ლ. ბ-ს, მსჯავრდებულ რ. მ-სა და მისი დამცველის, ადვოკატ ო. გ-ს, აგრეთვე, მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ. ჯ-ს საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მსჯავრდებულების – ს. დ-ს, რ. გ-სა და რ. ო-ს მიმართ უნდა შევიდეს ცვლილებები შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა კასატორთა მოთხოვნას მსჯავრდებულების უდანაშაულოდ ცნობისა და მათი გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. ამასთან, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ მათ მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებში ჩამოყალიბებული დასკვნები ინკრიმინირებულ ქმედებებში მათი ბრალეულობის თაობაზე სავსებით აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა.

3. სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულთა ინტერესების წარმომადგენელი კასატორები თავიანთ საჩივრებში ერთხმად აღნიშნავენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების მონაწილეობა გამამტყუნებელი განაჩენით მათთვის შერაცხულ ისეთ ქმედებებში, როგორიცაა ქურდული სამყაროს წევრობა და დაზარალებულთაგან თანხების გამოძალვა, აგრეთვე დანაშაულის შეუტყობინებლობა, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე, 181-ე და 376-ე მუხლებით, საფუძვლიანი ეჭვის ქვეშ დგება, რადგან მათი აზრით, მსჯავრდებულთათვის შერაცხული ბრალი არ ემყარება კანონიერ და სარწმუნო მტკიცებულებებს. კასატორები აღნიშნავენ, რომ ხსენებულ ქმედებებში მსჯავრდებულთა ბრალეულობის დამადასტურებელი ძირითადი მტკიცებულებები – ფარული მიყურადების მეშვეობით მოპოვებული სატელეფონო საუბრების ჩანაწერები და მათ საფუძველზე შედგენილი ტექსტობრივი კრებსები არ უნდა იქნეს მიღებული და გაზიარებული შემდეგი გარემოებებიდან გამომდინარე: ისინი მოპოვებულია საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ნორმების მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, მათ მოპოვებასთან დაკავშირებით, ცალკეულ შემთხვევაში, არ არის შედგენილი და საქმეში წარმოდგენილი შესაბამისი ოქმი ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიების ჩატარების შესახებ, ხოლო ზოგიერთ ასეთ ოქმში არ არის შევსებული ცალკეული რეკვიზიტი; სასამართლოში არ ყოფილან მოწმეებად დაკითხული ოპერატიული სამსახურის ის თანამშრომლები, რომლებიც ახორციელებდნენ ფარულ მოსმენებს, აგრეთვე პირები, რომლებიც შემდეგ, ფარული ჩანაწერების საფუძველზე, ადგენდნენ ტექსტობრივ კრებსებს; ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით დისკებზე არსებული საუბრების ჩანაწერებით ვერ ხერხდება მოსაუბრე სუბიექტების ხმების იდენტიფიცირება ანუ იმის განსაზღვრა - ნამდვილად მსჯავრდებულთა საუბრებია თუ არა აღბეჭდილი აღნიშნულ დისკებზე. ასევე , დისკები, რომლებიც გაიხსნა სასამართლო სხდომაზე, არ იყო დალუქული და მათ არ ჰქონდათ ექსპერტიზის ბეჭედი.

4. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენში დაცვის მხარის ზემოაღნიშნულ პრეტენზიებზე დამაჯერებელი პასუხია გაცემული, კერძოდ, აღნიშნულია, რომ ხსენებული ფარული მოსმენები განხორციელებულია მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, ხოლო წინასასამართლო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით ისინი არ ყოფილა ცნობილი დაუშვებელ მტკიცებულებებად, მათი მოპოვებისას არსებითი საპროცესო დარღვევების არარსებობის გამო; ამასთან, საქმეზე წარმოდგენილი იყო და სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ სწორედ ის ოფიციალური პირები, რომლებსაც შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელობისგან დავალებული ჰქონდათ ფარული მოსმენების განხორციელება, რომლებმაც აღნიშნეს, როდის და რა ვითარებაში ხორციელდებოდა ეს მოსმენები. მოწმეების სახით დაკითხული არიან ასევე ის თარჯიმნები, რომლებმაც სხვა ენებიდან ქართულად თარგმნეს ფარული ჩანაწერები და რომელთა საფუძველზეც შემდგომში შედგა კრებსები; დისკებზე არსებული ფარული ჩანაწერების შინაარსსა და მათ საფუძველზე შედგენილ ტექსტობრივ კრებსებში მოცემული საუბრების შინაარსს შორის არავითარი შეუსაბამობა არ არსებობს, რაც გამორიცხავს იმის ვარაუდს, რომ შესაძლოა, დისკები შეცვლილი ყოფილიყო მტკიცებულების ფალსიფიკაციის მიზნით, ხოლო დალუქული დისკები გაიხსნა, რადგან ისინი უნდა გადასცემოდა დაცვის მხარეს.

5. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლო მართებულად აღნიშნავს: დაცვის მხარის წარმომადგენელ მომჩივანთა პოზიცია იმის თაობაზე, რომ არ არის იდენტიფიცირებული და უდავოდ დადგენილი ფარული მოსმენებით მოპოვებულ საუბრებში მონაწილე პირების ხმა და, აქედან გამომდინარე, მათი ვინაობა, არ უნდა იქნეს გაზიარებული, რადგან ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნაში, მართალია, აღნიშნულია, რომ ჩანაწერის არარეპრეზენტატიულობის გამო ვერ ხერხდება ხმებისა და პიროვნების ზუსტი იდენტიფიცირება, მაგრამ საქმეში არსებული სხვა მრავალი მასალისა და მონაცემების ერთობლიობით სრულიად სარწმუნოდ არის დადგენილი – ფარულ ჩანაწერებსა და კრებსებში აღბეჭდილ სატელეფონო საუბრებში მონაწილე სუბიექტები სწორედ იმ პირებს წარმოადგენენ, რომლებიც არიან იმ ტელეფონების, შესაბამისი ნომრებისა და იმეი კოდების რეალური მფლობელები, რომელთა გამოყენებითაც საუბრობდნენ ისინი. საქმე ისაა, რომ მათი ბინებიდან ამოღებული ხსენებული ტელეფონები, ნომრები და იმეი კოდები იდენტურია სატელეფონო საუბრების კრებსებსა და შესაბამისი მობილური კომპანიებიდან ამოღებულ ჩანაწერებში დაფიქსირებული იმეი კოდების, აგრეთვე იმავე კომპანიებიდან ამოღებული ამ სატელეფონო ნომრებზე შემავალი და გამავალი სატელეფონო ზარების ნუსხისა. ამავე დროს, დისკებსა და კრებსებში არსებული ინფორმაცია თანხვდენილია მოწმეთა ჩვენებებისა და წერილობითი მტკიცებულებების შინაარსთან. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნულ გარემოებათა გამო, ბრალეულ პირთა საუბრების კუთვნილება, რომელთა შინაარსი ვრცლად და ლოგიკური თანმიმდევრობით არის წარმოდგენილი გასაჩივრებულ განაჩენში და ასევე დანაშაულში მათი მონაწილეობა, ვერ დადგება საფუძვლიანი ეჭვის ქვეშ. რაც შეეხება საქმეში ზოგიერთი ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიების ოქმის არარსებობას და ცალკეული ასეთი ოქმის რეკვიზიტებში არსებულ ხარვეზს, ისინი ნამდვილად ვერ ჩაითვლება არსებით და მნიშვნელოვან დარღვევად, რის გამოც შეიძლება შესაბამისმა ჩანაწერებმა დაკარგონ მტკიცებულებითი ძალა.

6. კასატორთა მოთხოვნა ზოგიერთი მსჯავრდებულის გამართლების თაობაზე, გარდა ზემოაღნიშნულისა, გაზიარებული ვერ იქნება სხვა გარემოებების გამოც, კერძოდ, მსჯავრდებული ს. დ-ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. ბ-ა, მსჯავრდებული რ. მ-ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ო. გ-ე თავიანთ საკასაციო საჩივრებში მხოლოდ ზოგადი მითითებებით შემოიფარგლებიან, რომელთა მიხედვით, აღნიშნულ მსჯავრდებულთა მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას უხეშად დაირღვა საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები, საქმეში არ მოიპოვება საჭირო მტკიცებულებების ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, რომელიც ეყრდნობა მხოლოდ ვარაუდს, საქმეში არსებული მტკიცებულებები არ შეფასებულა სრულად, ობიექტურად და ყოველმხრივ, რაც საფუძვლად უნდა დასდებოდა კანონიერ სასამართლო გადაწყვეტილებას გამამართლებელი განაჩენის სახით.

7. საქმის მასალებისა და გასაჩივრებული განაჩენის ობიექტური შემოწმებით არ დგინდება, რომ მსჯავრდებულების - ს. დ-ს ან რ. მ-ს მიმართ არსებითად დაირღვა საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები წინასწარი გამოძიების სტადიაზე ან საქმის სასამართლო განხილვის რომელიმე ეტაპზე. რაიმე მსგავს კონკრეტულ დარღვევაზე თვითონ კასატორებიც ვერ უთითებენ თავიანთ საჩივრებში. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში წარმოდგენილია კანონიერი გზით მოპოვებული, საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა ს. დ-სა და რ. მ-სათვის შერაცხული ბრალის დასადასტურებლად, კერძოდ, მხედველობაშია ს. დ-სა და რ. მ-ს მიერ რ. გ-თან გამართული სატელეფონო საუბრების შინაარსი, რომელიც იმავე განაჩენით იმხილება საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის -ქურდული სამყაროს წევრობის ჩადენაში; გარდა ამისა, გასაჩივრებულ განაჩენში მოტანილია ამონარიდები მოწმეთა ჩვენებებიდან, რომლებითაც ს. დ-ი იმხილება საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ხოლო რ. მ-ი კი იმხილება ისეთი ქმედებების ჩადენაში, რომელიც მოიცავს საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემადგენლობის ნიშნებს (იხ. სააპელაციო სასამართლოს განაჩენის 32-ე, 35-ე, 37-ე, 38-ე, მე-40 და 62-ე გვერდები).

8. აღნიშნული განაჩენის ობიექტურობაზე აშკარად მიუთითებს ის გარემოება, რომ ამ განაჩენით ს. დ-ს ბრალად შეერაცხა მხოლოდ დანაშაულის შეუტყობინებლობა, ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით, და არ დაკმაყოფილდა პროკურორის სააპელაციო საჩივარი, რომლითაც იგი ითხოვდა მის მიმართ განაჩენის საუარესოდ შებრუნებას, კერძოდ, მისი ქმედების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველ ნაწილზე და, შესაბამისად, მისთვის ბევრად უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას.

9. სააპელაციო სასამართლოს ხსენებული განაჩენით ს. დ-თვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შერაცხულ ბრალს – წონით 18,96 გრამი ნარკოტიკული საშუალების – გამომშრალი „მარიხუანის“ მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვის თაობაზე, ამ ნაწილში მსჯავრდებულის ბრალეულობას დაცვის მხარეც არ ხდის სადავოდ, რომელიც ეფუძნება არა მხოლოდ ს. დ-ს მიერ ბრალის აღიარებას, არამედ, აგრეთვე, კანონიერი გზით მოპოვებულ სხვა სარწმუნო მტკიცებულებებსაც, სახელდობრ: მისი ბინის ჩხრეკის ოქმსა და ამ ჩხრეკით მოპოვებულ ნივთმტკიცებას, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნას, ექსპერტთა ჩვენებებს, მოწმეთა ჩვენებებსა და ამავე საქმეზე მსჯავრდებულ სხვა პირთან მისი სატელეფონო საუბრის ჩანაწერსა და კრებსებს (იხ. გასაჩივრებული განაჩენის 62-ე გვერდი). მოცემული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულების – ს. დ-ს, რ. მ-სა და მათი დამცველების - ადვოკატ ლ. ბ-სა და ადვოკატ ო. გ-ს საკასაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

10. მსჯავრდებულ მ. შ-ს დამცველი, ადვოკატი ო. ს-ი თავისი საკასაციო საჩივრით ითხოვს რა მის სრულ გამართლებას, საჩივარში წარმოდგენილი არგუმენტების აბსოლუტურად უდიდესი ნაწილის საფუძველზე, რატომღაც მთელი მონდომებით ცდილობს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის გამართლებას ისეთ ბრალდებაში, რომელიც მას ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოუხსნა და რაც სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა.

11. რაც შეეხება პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ მ. შ-სათვის შერაცხულ ბრალს საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების – დანაშაულის შეუტყობინებლობის ჩადენის თაობაზე, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ნაწილში ბრალი მის მიმართ დადასტურებულია მ. შ-ს მიერ მოცემულ საქმეზე მსჯავრდებულ იმ სხვა პირებთან გამართული სატელეფონო საუბრების ჩანაწერებითა და შესაბამისი კრებსებით, რომლებიც იმხილებიან ქურდული სამყაროს წევრობაში, აგრეთვე, მოწმე ფ. ყ-ს ჩვენებით(იხ. გასაჩივრებული განაჩენის მე-60, 61-ე გვერდები).

12. აღნიშნული მტკიცებულებები სრულიად საკმარისი და სარწმუნოა საიმისოდ, რომ სასამართლოს მ. შ-ი ბრალეულად ეცნო დანაშაულის შეუტყობინებლობაში, რადგან ამ მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სრულიად ცხადი და უეჭველია ის ფაქტი, რომ მისთვის ცნობილი იყო, როგორ მზადდებოდა და ხორციელდებოდა სხვა პირების მიერ ქურდული სამყაროს ხელშემწყობი სხვადასხვა ქმედება, აგრეთვე, ფსიქოლოგიური ზემოქმედების გზით დაზარალებულისგან თანხების გამოძალვა.

13. ასეთ პირობებში მსჯავრდებულ მ. შ-ს დამცველის მიერ საკასაციო საჩივარში წარმოდგენილი მხოლოდ ერთი წინადადება იმის თაობაზე, რომ პოლიციას მასზე უფრო ადრე ჰქონდა ინფორმაცია ხსენებული ქურდული სამყაროს წარმომადგენელთა საქმიანობაზე, ვერ გახდება ამ ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვისა და მ. შ-ს გამართლების საფუძველი, ვინაიდან, ჯერ ერთი, მ. შ-სათვის არაფერი იყო ცნობილი იმის თაობაზე, პოლიციამ რა იცოდა და რა არ იცოდა; გარდა ამისა, მოქალაქე არ გათავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის მხოლოდ იმის გამო, რომ ის იმედოვნებდა – პოლიცია შეიძლება მის დაუხმარებლადაც ყოფილიყო ინფორმირებული დანაშაულის შესახებ; მესამეც, ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის დამნაშავის ახლო ნათესავიც, ვალდებულია აცნობოს პოლიციას დანაშაულის თაობაზე იმ მომენტში, როდესაც მზადდება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენა ან როდესაც უკვე მიმდინარეობს მისი ჩადენა. განხილული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ მ. შ-ს დამცველის, ადვოკატ ო. ს-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

14. კასატორი - ადვოკატი გ. ტ-ი მსჯავრდებულ რ. გ-ს ინტერესების დასაცავად თავის საჩივარში აღნიშნავს, რომ მას სრულიად უსაფუძვლოდ შეერაცხა საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილითა და იმავე კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენა. კასატორის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მსჯავრდება ეფუძნება იმ გარემოებას, რომ თითქოს რ. გ-ი თავის სახლში ინახავდა ე.წ. „ობშიაკის“ (არალეგალური ქურდული სალაროს) სიას იმ პირებისა, რომლებისგანაც გროვდებოდა თანხები ამ სალაროში ქურდული სამყაროს დასახმარებლად, ეს მაშინ, როდესაც აღნიშნული სია არ გამოკვლეულა საქმის არსებითი განხილვის დროს, ხოლო კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ამ სიაში არსებული ჩანაწერები არ ეკუთვნის რ. გ-ს.

15. გარდა ზემოაღნიშნულისა, ადვოკატი გ. ტ-ი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე რ. გ-ს მსჯავრდებასთან დაკავშირებით საკასაციო საჩივარში აგრეთვე აღნიშნავს, რომ მას არასდროს არავითარი შეხება არ ჰქონია ნარკოტიკულ საშუალებასთან. ჩხრეკა, რომლის შედეგადაც 21,59 გრამი ნარკოტიკული საშუალება – გამომშრალი „მარიხუანა“ იქნა ამოღებული, ჩატარდა რ. გ-ს მამის – ი. გ-ს კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, ხოლო ნარკოტიკული საშუალება იპოვეს აღნიშნული საცხოვრებელი სახლის ლოჯიაში მდგარ მაგიდაზე, ტელევიზორის წინ – ყველას დასანახ ადგილზე. ამრიგად, ნარკოტიკული საშუალება არ ყოფილა ნაპოვნი რ. გ-ს საძინებელ ოთახში, ასევე – არც მის ტანსაცმელში. ამასთან, ი. გ-ი ჩხრეკის დროსაც და შემდეგაც, სასამართლოში საქმის განხილვისას, კატეგორიულად აცხადებდა, რომ მის სახლში ნაპოვნი ნარკოტიკული საშუალება არ ეკუთვნოდა არც მის შვილს – რ. გ-ს და არც თვითონ მას, არამედ ის იყო ჩხრეკისას პოლიციის მიერ „ჩადებული“. გარდა ამისა, კასატორის განმარტებით, ი. გ-ს საცხოვრებელ სახლთან პოლიციის თანამშრომლების გამოცხადებიდან, ვიდრე მათ კარს გაუღებდნენ და ჩხრეკა დაიწყებოდა, მთელი 25 წუთი ჰქონდა რ. გ-ს ნარკოტიკული საშუალების, როგორც სამხილის, თავიდან მოსაშორებლად, თუკი ის მას ნამდვილად ექნებოდა, მაგრამ სინამდვილეში არ ჰქონდა.

16. საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე რ. გ-ს მსჯავრდებასთან დაკავშირებით, მისი უარყოფის მიზნით, კასატორის მიერ საჩივარში წარმოდგენილ პოზიციას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო: თვით დაცვის მხარეც ვერ უარყოფს იმ უდავო ფაქტს, რომ ე.წ. „ობშიაკის“ სია რ. გ-თან იქნა აღმოჩენილი, რომელსაც ის შინ ინახავდა. სასამართლო სწორად მიუთითებს, რომ ეს ფაქტი მოწმობს მის დანაშაულებრივ კავშირურთიერთობაზე ქურდულ სამყაროსთან და ამ უკანასკნელის სასარგებლოდ მოქმედებაზე.

17. საკასაციო პალატა ეთანხმება რა სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს რ. გ-ს ბრალეულობაზე, მიაჩნია: მოცემულ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას, რომ ხსენებულ სიაში არსებული ჩანაწერების კალიგრაფიულად რ. გ-სადმი კუთვნილება არ დასტურდება, არამედ მნიშვნელოვანია შემდეგი – იგი „ობშიაკის“ სიის თავისთან შენახვით ქურდულ სამყაროს დახმარებას უწევდა მის შესავსებად თანხების შეგროვების ორგანიზებაში და მოქმედებდა მის სასარგებლოდ. მაგრამ საქმე ისაა, რომ რ. გ-ს მიერ აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობა ანუ ქურდული სამყაროს წევრობა მხოლოდ ხსენებული გარემოებით როდი დასტურდება, არამედ, ამასთან ერთად, საქმეში არსებობს კანონიერი გზით მოპოვებული სხვა მტკიცებულებებიც, კერძოდ, მისი იმ სატელეფონო საუბრების ჩანაწერები და შესაბამისი კრებსების შინაარსი, რომლებსაც ის აწარმოებდა იმავე საქმეზე ასევე ქურდული სამყაროს წევრობისათვის მსჯავრდებულ პირებთან თუ კანონიერ ქურდებთან, ასევე მოწმეთა ჩვენებებით, რაც სააპელაციო სასამართლოს განაჩენში დამაჯერებლად არის დადასტურებული შესაბამის საქმის მასალებზე მითითებით (იხ. გასაჩივრებული განაჩენის 29-ე - მე-40 გვერდები).

18. საკასაციო პალატა არ იზიარებს ასევე კასატორ გ. ტ-ს მოსაზრებებს რ. გ-ს უდანაშაულობაზე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მისთვის შერაცხული ბრალის ნაწილში, რადგან ასეთი პოზიცია აშკარად ეწინააღმდეგება საქმეში არსებული სარწმუნო მტკიცებულებების ერთობლიობას, რომლითაც, თანახმად სააპელაციო სასამართლოს მართებული დასკვნისა, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება რ. გ-ს მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა – ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.

19. როგორც გასაჩივრებულ განაჩენშია აღნიშნული, ნარკოტიკული საშუალება – „მარიხუანა“ ჩხრეკისას აღმოაჩინეს არა ტელევიზორის წინ, ყველას დასანახ ადგილზე, არამედ – ტელევიზორის ქვეშ და ის ამოღებულ იქნა იმის შედეგად, რომ ტელევიზორი აიღეს და გვერდზე გადადგეს. ასე რომ, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება არ ყოფილა დადებული ტელევიზორის წინ, ყველას დასანახ ადგილზე და ასეთ ადგილზე მას პოლიცია ვერ „ჩადებდა“ და ვერც ტელევიზორის ქვეშ მოათავსებდა მისი გადაადგილების გარეშე, რაც შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა.

20. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის იმ არგუმენტს, რომ რ. გ-ს მთელი 25 წუთი ჰქონდა საიმისოდ, რათა თავიდან მოეშორებინა სამხილი – ნარკოტიკული საშუალება, თუკი ასეთი რამ მას ნამდვილად ჰქონდა. საქმე ისაა, რომ ეს არის მხოლოდ დაცვის მხარის განცხადება, ხოლო საქმეში არ არსებობს იმის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, თუ რამდენი წუთი გავიდა პოლიციის თანამშრომლების გამოცხადებიდან მათ მიერ ჩხრეკის დაწყებამდე და საერთოდ, რა შესაძლებლობები არსებობდა სამხილის თავიდან მოსაშორებლად.

21. საკასაციო პალატა დაცვის მხარის ვერც იმ არგუმენტს გაიზიარებს, რომლის თანახმად, რ. გ-ს არასდროს ჰქონია შეხება ნარკოტიკულ საშუალებებთან, რადგან სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მოხმობილია კანონიერი გზით მოპოვებული მტკიცებულებები, კერძოდ, რ. გ-ს სატელეფონო საუბრების ჩანაწერები და შესაბამისი კრებსები, რომელთა შინაარსი ააშკარავებს, რომ მსჯავრდებულისათვის ნარკოტიკული საშუალებები უცხო არ იყო. აქ მხედველობაშია სხვა პირებთან, კერძოდ, ამავე საქმეზე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მსჯავრდებულ რ. ო-თან მისი სატელეფონო საუბრების შინაარსი, აგრეთვე რ. ო-ს მიერ მსჯავრდებულებთან - ს. დ-სა და გ. კ-თან განხორციელებული სატელეფონო საუბრების შინაარსი, რომლებშიც რ. გ-ი იხსენიება ნარკოტიკულ საშუალებებთან მიმართებით (იხ. გასაჩივრებული განაჩენის 68-69-ე გვერდები).

22. რ. გ-ს მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა გასაჩივრებულ განაჩენში დადასტურებულია აგრეთვე მოწმეთა თანმიმდევრული ჩვენებებითა და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, ამიტომ მისი დამცველის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება უსაფუძვლობის გამო.

23. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულების - ა. გ-სა და თ. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ნ-მა. პირველი, რასაც უწინარესად აღნიშნავს კასატორი თავის საჩივარში, ისაა, რომ სასამართლოების მიერ გამოტანილი განაჩენები ატარებს ზოგადი, კოლექტიური ბრალდების ხასიათს, რომლებიც დადასტურებულად მიიჩნევენ, რომ საქმე გვაქვს დანაშაულებრივ ჯგუფთან და არ ცდილობენ იმის გამოკვეთას, ამ ჯგუფში მათ მიერ მოაზრებულ თითოეულ წევრს კონკრეტულად რაში მიუძღვის ბრალი და რაში გამოიხატება ცალკე აღებული მისი დანაშაულებრივი ქმედება. კასატორის მიერ გასაჩივრებული განაჩენისათვის წაყენებული ეს პრეტენზია ვერ იქნება გაზიარებული, რადგან განაჩენში სააპელაციო სასამართლოს განცალკევებულად აქვს წარმოდგენილი თითოეული მათგანის ბრალი; ამასთან ერთად, გაანალიზებულია საქმეში არსებული მტკიცებულებები ცალ-ცალკე, როგორც ა. გ-ს, ისე თ. გ-ს მიმართ, სადაც არავითარ ჯგუფურ დანაშაულსა და კოლექტიურ ბრალზე არ არის საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული განაჩენით მსჯავრდებული ყველა პირი სხვადასხვა დროს ფაქტობრივად ერთმანეთთან იყვნენ დაკავშირებულნი დანაშაულის ჩადენისას, რაც ქურდულ სამყაროს თვისებრივად ახასიათებს და მის ბუნებრივ თავისებურებას წარმოადგენს.

24. როგორც ა. გ-ს, ისე თ. გ-ს კონკრეტულად ბრალი ედებათ იმაში, რომ მათ 2013 წლის აგვისტოში ქ. მარნეულში, ინდმეწარმე ა. შ-ს უკანონოდ გამოართვეს ფულადი თანხა - 1000 ლარის ოდენობით ქურდული სამყაროსათვის სარგებლის მიღების მიზნით, ამავე დროს, იმავე მიზნით, მას დაუწესეს ყოველთვიური გადასახდელი თანხა იმავე ოდენობით, რასაც თან სდევდა მათი მხრიდან საქმის ქურდული გარჩევა და ქურდული წესების შესაბამისად მოგვარება. გარდა ამისა, აღნიშნულ პერიოდში თ. გ-ი ერთვება ასევე ქურდული სამყაროს სხვა წევრების მიერ ბიზნესმენ ფ. ყ-ს მიმართ განხორციელებულ ანალოგიურ ქმედებებში, რომელსაც ის სთავაზობს საქმის მოგვარებას ქურდული ტრადიციების შესაბამისად, ხოლო ამ დახმარებისათვის მისგან გასამრჯელოც მიიღო 1400 ლარის ოდენობით.

25. ზემოაღნიშნულ ქმედებებში ა. გ-სა და თ. გ-ს მონაწილეობის დასადასტურებლად სააპელაციო სასამართლოს განაჩენში წარმოდგენილია მრავალი სარწმუნო მტკიცებულება, რომლებიც კანონიერი გზითაა მოპოვებული, მხედველობაშია მსჯავრდებულების – ა. გ-სა და თ. გ-ს მიერ ერთმანეთთან, ასევე ქურდული სამყაროს სხვა წევრებთან გამართული სატელეფონო საუბრები, რომელთა შინაარსი ნათლად ცხადყოფს, რომ ისინი არიან ქურდული სამყაროს აქტიური წევრები, მოქმედებენ ქურდული სამყაროს წესების შესაბამისად და ქურდული სამყაროს მიზნებისათვის სარგებლის მისაღებად. მათ ბრალეულობას ადასტურებს ასევე მოწმეების – ფ. ყ-სა და ა. შ-ს ჩვენებები, რომლებშიც მკაფიოდ იკვეთება ა. გ-სა და თ. გ-ს მხრივ მოქმედების ისეთი სტილი და ხერხები, რაც სწორედ ქურდული სამყაროსთვისაა დამახასიათებელი და გამომდინარეობს იმ წესებიდან, რაც ამ სამყაროში დომინირებს კრიმინალური ავტორიტეტების როგორც ერთმანეთთან, ისე სხვა პირებთან ურთიერთობებში (იხ. გასაჩივრებული განაჩენის 41-43-ე, 46-ე, 51-ე, 53-54-ე და მე-60 გვერდები).

26. განხილულ გარემოებათა გამო საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას იმის თაობაზე, რომ სასამართლოს მიერ დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაში ა. გ-სა და თ. გ-ს ქმედებები უნდა დაკვალიფიცირებულიყო არა ქურდული სამყაროს წევრობად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით, არამედ როგორც გამოძალვა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლით. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კასატორის ასეთი პოზიცია არასწორია, რადგან იმ შემთხვევაში, როდესაც პირისაგან თანხის ან რაიმე სხვა მატერიალური სიკეთის გამოძალვა ხორციელდება ქურდული სამყაროს წევრის მიერ ქურდულ სამყაროში მოქმედი წესების გამოყენებით (საქმის ქურდული გარჩევა და სხვ.), ამასთან, გამოძალვა ხორციელდება ქურდული სამყაროსათვის სარგებლის მისაღებად, ამგვარი ქმედება გამოძალვად (საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლი) ვერ დაკვალიფიცირდება, რადგან თავისი შინაარსითა და ნიშნებით ის სცდება გამოძალვის ფარგლებს და გადაიზრდება სხვა დანაშაულში, როგორიცაა ქურდული სამყაროს წევრობა. საქმე ისაა, რომ მხოლოდ გამოძალვა, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციით, არ მოიცავს ქურდული სამყაროს წევრობის ნიშნებს მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი მოიცავს გამოძალვის შემადგენლობის ნიშნებსაც.

27. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის, ადვოკატ გ. ნ-ს მოთხოვნა მსჯავრდებულების - ა. გ-სა და თ. გ-ს გამართლების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, როგორც დასაბუთებულ და კანონიერ საფუძველს მოკლებული.

28. სააპელაციო სასამართლოს ხსენებული განაჩენის თაობაზე კასატორმა, ადვოკატმა გ. ნ-მა საჩივრით მიმართა საკასაციო პალატას მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის - ნ. ო-ს მსჯავრდებასთან დაკავშირებით, რომლითაც ის ითხოვს მის გამართლებას. საჩივრის ავტორი საკასაციო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებს შემდეგ ძირითად არგუმენტებზე: საქმეში ფაქტობრივად არ არსებობს ნ. ო-ს ბრალეულობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება; ის გარემოება, რომ ნ. ო-ი სწორედ იმ დროს იმყოფებოდა თავისი ძმის – რ. ო-ს საცხოვრებელ სახლში, როდესაც იქ, სასამართლოს დასკვნით, ქურდული სამყაროს წევრები – გ. კ-ი, რ. გ-ი თუ სხვა პირები შეიკრიბნენ, არ ნიშნავს ნ. ო-ს ქურდული სამყაროს წევრობას, რადგან ის ხშირად იმყოფებოდა თავისი ძმის სახლში, რომელიც მისგან 100 მეტრში ცხოვრობს, ამგვარი დამთხვევა არ შეიძლება მისი დამნაშავედ ცნობის საფუძველი გახდეს; ტელეფონი, რომელიც ამოღებულ იქნა ნ. ო-ს სახლიდან და რომლის ნომრიდანაც ხორციელდებოდა საუბრები ქურდული სამყაროს წევრებთან, ეკუთვნის არა მას, არამედ მის ძმას – რ. ო-ს, რომელსაც მასთან ყოფნისას შემთხვევით დარჩა აღნიშნული ტელეფონი, ხოლო ის ნომერი, რომლიდანაც ამ ტელეფონით არის განხორციელებული საუბრები, არავის სახელზე არ არის რეგისტრირებული.

29. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებებსა და არგუმენტებს მსჯავრდებულ ნ. ო-ს უდანაშაულობის თაობაზე, რადგან საქმეში მოიპოვება მისი ბრალეულობის მამტკიცებელი ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებებიც. მის კავშირს ქურდულ სამყაროსთან აშკარას ხდის ქურდული სამყაროს წევრებთან მისივე სატელეფონო საუბრების შინაარსი, კერძოდ, მხედველობაშია მისი საუბრები მსჯავრდებულებთან – გ. კ-სა და რ. გ-თან, რომლებზეც მითითებულია სააპელაციო სასამართლოს განაჩენში (იხ. განაჩენის 31-ე, 36-ე, 41-ე და 45-ე გვერდები). უდავოდ დადგენილი ფაქტია ისიც, რომ ტელეფონი, რომლის ნომრიდან ნაწარმოებია საუბრები ქურდული სამყაროს წევრებს შორის, ნ. ო-სგანაა ამოღებული და ის ინახავდა, ხოლო ნომერი, რომლიდანაც ამ ტელეფონით ხორციელდებოდა ზარები, არ არის რეგისტრირებული რ. ო-ს სახელზე და არც სხვა მტკიცებულება არსებობს, რომ იგი რ. ო-ს ეკუთვნოდა. ამიტომ კასატორის აპელირება იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ტელეფონი ეკუთვნოდა არა ნ. ო-ს, არამედ მის ძმას - რ. ო-ს, ვერ იქნება მიჩნეული მისი ბრალის გამაბათილებელ საფუძვლიან არგუმენტად. რაც შეეხება დაცვის მხარის არგუმენტს, რომლის მიხედვით, ნ. ო-ი თავისი ძმის – რ. ო-ს სახლში შემთხვევით მოხვდა იმ დროს, როდესაც იქ ქურდული სამყაროს წევრობაში მსჯავრდებული პირები შეიკრიბნენ, მისი საფუძვლიანობა ნაკლებ სავარაუდოა იმ ურთიერთობებიდან გამომდინარე, რაც ნ. ო-ს გააჩნდა ქურდული სამყაროს სხვა, ზემოხსენებულ წევრებთან, აქ განხილული გარემოებების გათვალისწინებით, რაზეც ზემოთ უკვე იყო საუბარი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორ გ. ნ-ს საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულ ნ. ო-ს გამართლების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

30. მსჯავრდებული ჯ. ა-ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. უ-ი, ითხოვენ რა მის გამართლებას, ამის საფუძვლად თავიანთ საკასაციო საჩივრებში უთითებენ სხვადასხვა გარემოებაზე, კერძოდ, მათი აზრით, მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ბრალდების მხარესა და სასამართლოს გამოყენებული აქვთ მსჯავრდებულის ბრალის დასადასტურებლად, არ შეიძლება მივიჩნიოთ უტყუარ მტკიცებულებებად და შეიძლება პირის ბრალეულობაზე მხოლოდ ვარაუდის გამოსათქმელად იყოს გამოსადეგი, რადგან ისინი არ ადასტურებენ, რომ ჯ. ა-მა მათ საქმე გაურჩია ქურდულად ან რაიმე თანხა გამოსძალა, ანდა ის მოქმედებდა ქურდული სამყაროს დასახმარებლად, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი კი არ შეიძლება აგებული იყოს დაუსაბუთებელ ვარაუდებზე.

31. კასატორები თავიანთ საჩივრებში ასევე მიუთითებენ შემდეგზე: ჯეროვანი მტკიცებულებებით არ არის დადგენილი და დადასტურებული, რომ ჯ. ა-ი რაიმე ფორმით აღიარებდა ქურდულ სამყაროს, ანდა ქურდულმა სამყარომ ის მიიღო თავის წევრად და აღიარა. ასეთი დასკვნისათვის საფუძველი ვერ გახდება ჯ. ა-ს ნაცნობობა სასამართლოს მიერ კრიმინალურ ავტორიტეტად მიჩნეულ ვინმე „გ-სთან“. განაჩენში კი არის მითითებული, რომ ჯ. ა-ი არის ქურდული მენტალიტეტის მქონე და წარმოადგენს კრიმინალურ ავტორიტეტს, რომელიც გარჩევებით, დანაშაულისკენ წაქეზებით, დაშინებითა და დუმილის პირობებით მოქალაქისაგან იღებდა სარგებელს, რაც დადასტურებულია მტკიცებულებებითო, მაგრამ სინამდვილეში ასეთი მტკიცებულებები საქმეში არ არსებობს, არც ერთ მოწმეს არ მიუცია სასამართლოში ჯ. ა-ს საწინააღმდეგო ჩვენება.

32. საკასაციო პალატა არ ეთანხმება ხსენებული კასატორების მიერ მათ საჩივრებში წარმოდგენილ არგუმენტებს, რადგან საქმეში არსებული მასალები სრულიად საწინააღმდეგოზე მეტყველებს. მათი ანალიზის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გამოტანილი აქვს მართებული დასკვნები ჯ. ა-ს ბრალეულობაზე იმ სამართლებრივი კვალიფიკაციის შესაბამისად, რომლითაც მას საბოლოოდ მსჯავრი დაედო. პალატას მხედველობაში აქვს უწინარესად საქმეში მტკიცებულებების სახით წარმოდგენილი ჯ. ა-ს სატელეფონო საუბრები ქურდული სამყაროს სხვა წევრებთან, მაგალითად, მ. შ-თან და სხვებთან, ხოლო მთელი ამ საუბრების შინაარსი პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ის კრიმინალურ ავტორიტეტს წარმოადგენს, სარგებლობს გავლენით ქურდულ სამყაროში, მონაწილეობს საქმის გარჩევაში, არა მხოლოდ აღიარებს ქურდულ სამყაროს, არამედ ეწევა აქტიურ საქმიანობას მისი მიზნებისა და ინტერესების სასარგებლოდ (იხილეთ სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მოცემული ამონარიდები – განაჩენის 47-ე, 51-ე და 52-ე გვერდები).

33. აღნიშნული გარემოებები ცალსახად იკვეთება არა მარტო თვით ჯ. ა-ს საუბრებში, არამედ ქურდული სამყაროს სხვა წევრების მიერ ერთმანეთთან, ასევე სხვა პირებთან გამართულ სატელეფონო საუბრებში. მაგალითისათვის შეიძლება მითითებულ იქნეს ქურდული სამყაროს წევრის – თ. გ-ს საუბარი ტ. ო-სა და რ. ი-თან, აგრეთვე მისი საუბარი კ. გ-სა და ვ. ტ-თან. ამ საუბრების შინაარსიც გვარწმუნებს, რომ ჯ. ა-ს მჭიდრო კავშირურთიერობა გააჩნია ქურდულ სამყაროსთან, უფრო სწორად – მისი აქტიური წევრია (იხ. გასაჩივრებული განაჩენის 50-ე და 51-ე გვერდები).

34. გარდა აღნიშნულისა, ჯ. ა-ს კავშირი ქურდულ სამყაროსთან და მისი პირდაპირი თუ არაპირდაპირი მონაწილეობა ქურდული სამყაროს ინტერესების სასარგებლოდ მოქალაქეებისგან უკანონოდ თანხების მიღებაში დასტურდება საქმეზე მოწმის სახით დაკითხული მოქალაქეების – ფ. ყ-სა და რ. ი-ს ჩვენებებით. მაგალითად, ფ. ყ-ი თავის ჩვენებაში საუბრობს იმის თაობაზე, თუ როგორ მოითხოვდა მისგან სოლიდურ თანხას კრიმინალური ავტორიტეტი, ვინმე „რ.“ მისთვის კანონიერ ქურდად ცნობილი „გ-ს“ სახელით, რა დროსაც ხსენებულ პირს თან ახლდა ჯ. ა-ი, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ ჯ. ა-მა დაურეკა მას და უთხრა მასთან სახლში მისულიყო, სადაც მას დახვდა „რ.“, რომელსაც ჯ. ა-ს თანდასწრებით გადასცა 10 000 აშშ დოლარი. დაახლოებით ანალოგიურ ვითარებას აღწერს ჯ. ა-ს მონაწილეობით მოწმე რ. ი-ც, რომლისგანაც ასევე იგივე „რ.“ ცდილობდა უკანონოდ თანხების მიღებას (იხ. გასაჩივრებული განაჩენის 43–ე, 44–ე და 53–ე გვერდები).

35. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში წარმოდგენილი მტკიცებულებები ჯ. ა-ს ბრალეულობის თაობაზე ეჭვის ქვეშ ვერ იქნება დაყენებული მათი მოპოვების კანონიერების, საქმესთან შემხებლობის, ასევე ვერც მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს სრული და უდავო საფუძველი გააჩნდა ჯ. ა-ს დამნაშავედ ცნობისათვის წარდგენილი ბრალდების მიხედვით, რის გამოც მსჯავრდებულისა და მისი დამცველის, ადვოკატ მ. უ-ს საკასაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

36. სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე საქართველოს უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივრით მიმართა მსჯავრდებულ ნ. ი-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ო. ს-მა, რომელიც ითხოვს მის გამართლებას. კასატორი აპელირებს შემდეგ გარემოებებზე: ნ. ი-ი არ მონაწილეობდა ქურდულ შეკრებებში და არც რ. ო-ს სახლში არ ყოფილა მაშინ, როდესაც იქ შეიკრიბნენ სასამართლოს მიერ ქურდული სამყაროს წევრებად აღიარებული პირები, ასევე, მას არ მიუღია მონაწილეობა ქურდულ გარჩევებში, ე.წ. „ობშიაკში“ შესატანად თანხების შეგროვებაში და არც ბიზნესმენებისგან თანხების გამოძალვაში.

37. გარდა აღნიშნულისა, კასატორი ო. ს-ი თავის საჩივარში იმაზეც მიუთითებს, რომ ნ. ი-ს არავითარი ქმედება არ განუხორციელებია ქურდული სამყაროს ინტერესების სასარგებლოდ და არც რაიმე კავშირი ჰქონია იმ პირებთან, რომლებიც სასამართლოს მიერ მიჩნეული არიან ქურდული სამყაროს წევრებად (გ. კ-ი, ნ. ო-ი, რ. ო-ი) ან კანონიერ ქურდებად (ნ. ჯ-ი, ვინმე „პ.“), ხოლო ნ. ი-ს სატელეფონო საუბრები, რომლებიც სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენში მტკიცებულებებად აქვს მოხმობილი, სწორედ იმას ადასტურებს, რომ ნ. ი-ი არ არის ქურდული სამყაროს წევრი.

38. საკასაციო პალატა საფუძვლიანად არ მიიჩნევს კასატორის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებს მსჯავრდებულ ნ. ი-ს უდანაშაულობის თაობაზე. საქმე ისაა, რომ მას სასამართლო მსჯავრს არ სდებს იმაში, რომ ის მონაწილეობდა ქურდულ შეკრებებში, რ. ო-ს სახლში გამართულ შეხვედრაში, ანდა ქურდულ გარჩევებში ან ე.წ. „ობშიაკისათვის“ თანხების შეგროვებასა თუ ბიზნესმენებისგან თანხების გამოძალვაში, რის გამოც ამ მიმართებით კასატორის ძალისხმევა და მის მიერ მოძიებული არგუმენტები არარსებული ბრალდების გასაბათილებლად რამდენადმე გაუგებარია.

39. გასაჩივრებული განაჩენით ნ. ი-ს ბრალად შეერაცხა 2013 წლის აგვისტო-სექტემბრის თვეებში მის მიერ ჩადენილი მოქმედებები ქურდული სამყაროს ინტერესების სასარგებლოდ და მისი მიზნებისათვის, რასაც იგი ახორციელებდა ვინმე „რ. ო-ს“ უშუალო მონაწილოებით კანონიერ ქურდთან – ნ. ჯ-თან კავშირში (იხ. გასაჩივრებული განაჩენის მე-10 გვერდი), რაც დადასტურების შემთხვევაში, სრულიად საკმარისი საფუძველია პირის ქურდული სამყაროს წევრად მიჩნევისათვის. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილია კანონიერი გზით მოპოვებული მტკიცებულებები ქურდული სამყაროს სხვა წევრებთან ნ. ი-ს სატელეფონო საუბრების სახით, რომელთა შინაარსი აშკარას ხდის, რომ რეალურად საქმე გვაქვს არა ჩვეულებრივი ნაცნობობიდან გამომდინარე, ანდა უწყინარ მეგობრულ ან ნათესაურ ურიერთობებთან, არამედ ერთობლივი დანაშაულებრივი მიზნებითა და ინტერესებით განპირობებულ კავშირურთიერთობებთან, რომლებშიც აქტიურად მონაწილეობს ნ. ი-ი.

40. გასაჩივრებული განაჩენით ქურდული სამყაროს წევრობისათვის მსჯავრდებული ა. ხ-ი სატელეფონო საუბარში ნ. ი-თან განიხილავს მარნეულში მომხდარ კონფლიქტს და გამოთქვამს საყვედურსა და უკმაყოფილებას იმის გამო, რომ ეს კონფლიქტი ქურდული გარჩევის გზით მის გარეშე გადაწყვიტა რ. გ-მა (იმავე განაჩენით ის მიჩნეულია ქურდული სამყაროს წევრად), ვინაიდან, აღნიშნული საუბრის მიხედვით, ა. ხ-ი საკუთარ თავს მიიჩნევს მარნეულის რაიონში მთავარ ფიგურად და მსგავსი საკითხები მის დაუკითხავად არ უნდა წყდებოდეს. ნ. ი-ი ამ საუბარში ცდილობს, ა. ხ-ი გაარკვიოს შექმნილ ვითარებაში, ეუბნება „რ. ჩვენი ძმა არისო“, რაც პირდაპირი მინიშნებაა იმაზე, რომ რ. გ-ი ქურდული სამყაროს წევრი და სანდო თანამზრახველია, ხოლო მის ამგვარ მოსაზრებას ა. ხ-ც ეთანხმება (იხ. გასაჩივრებული განაჩენის 36–ე გვერდი). აქედან ნათლად იკვეთება, რომ ნ. ი-ი ქურდულ სამყაროსთან ფრიად დაახლოებულ და მის წევრთა შორის მიღებულ პირს წარმოადგენს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქურდული სამყაროს წევრის მხრიდან მასთან ასეთი გულახდილი საუბარი გამორიცხული იქნებოდა.

41. საქმეში არსებული მტკიცებულებებით იკვეთება ის გარემოება, რომ ნ. ი-ი ქურდული სამყაროს წარმომადგენლების მხოლოდ პასიური მხარდამჭერი კი არ არის, არამედ აქტიურადაც მოქმედებს მათი ხელშეწყობის მიზნით. მაგალითად, მან თავისი ტელეფონით დააკავშირა და თავისი ნომრიდან ასაუბრა ქურდული სამყაროს წევრი – რ. გ-ი თავის თანამზრახველ კრიმინალურ ავტორიტეტთან – ვინმე „პ-სთან“, რაზედაც აშკარად მეტყველებს აღნიშნული საუბრის მთელი შინაარსი (იხ. გასაჩივრებული განაჩენის 51-ე გვერდი).

42. იმ ვერსიას, რომ ნ. ი-ი ქურდული სამყაროს აქტიური წევრია, კიდევ უფრო განამტკიცებს სხვა მტკიცებულებაც, ეს არის მისი საუბარი იმავე „პ-სთან“. ამ საუბარში ნ. ი-ი გვევლინება როგორც მარნეულის რაიონში ქურდული სამყაროს საქმეებსა და მის საქმიანობაში ღრმად ჩახედული ადამიანი, როგორც აქტიური მონაწილე ამ საქმიანობისა, რომელიც ითხოვს სხვებისგან თანადგომასა და მხარდაჭერას ქურდულ საქმიანობაში (იხ. გასაჩივრებული განაჩენის 52-ე გვერდი).

43. საკასაციო პალატას, მიაჩნია, რომ აღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია გასაჩივრებული განაჩენით ნ. ი-სათვის შერაცხული ბრალი, რის გამოც მსჯავრდებულის დამცველის, კასატორ ო. ს-ს საჩივრის მოთხოვნა მისი გამართლების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

44. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა ასევე გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულ ა. ხ-ს დამცველების, ადვოკატების – ნ. ც-სა და დ. მ-ს საკასაციო საჩივარი, რომლითაც კასატორები ითხოვენ მის გამართლებას და აღნიშნავენ უწინარესად იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ემყარება არა პირდაპირ და უტყუარ მტკიცებულებებს, არამედ – მხოლოდ არაარსებით, ირიბ მტკიცებულებებს.

45. კასატორების განმარტებით, რაც შეეხება მტკიცებულებებად წარმოდგენილ, ა. ხ-ს მიერ განხორციელებულ სატელეფონო საუბრებსა და მათ შინაარსს, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ჩანაწერების იდენტურობა და აუთენტურობა არ არის დადგენილი ექსპერტიზის დასკვნით. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ ხსენებულ საუბრებში ა. ხ-ი არაფერს ამბობს ისეთს, რაც ქურდულ სამყაროსთან მის კავშირზე მიანიშნებს; სასამართლოებმა კონტექსტიდან ამოგლეჯილი ცალკეული ფრაზების გამოყენებით მის ნალაპარაკევს მისცეს თავისებური, დამახინჯებული ინტერპრეტაცია. გარდა აღნიშნულისა, კასატორები მიუთითებენ აგრეთვე, რომ ა. ხ-სათვის სასამართლოების მიერ ბრალად შერაცხულ ქმედებებში არ მოიპოვება ის ნიშნები, რასაც ითვალისწინებს ქურდული სამყაროს წევრის საკანონმდებლო ცნება და გასაჩივრებული განაჩენი ამ მხრივაც უკანონო და დაუსაბუთებელია.

46. ყოველივე აღნიშნულთან ერთად, კასატორები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზეც, რომ მათი აზრით, ა. ხ-ს სრულიად უსაფუძვლოდ აქვს შერაცხული ბრალად ე.წ. ქურდული „ობშიაკის“ ფლობა, ეს მაშინ, როდესაც მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას მისგან არ ყოფილა ამოღებული „ობშიაკის“ თანხა. არც იმის მტკიცებულება არსებობს, რომ ის „ობშიაკის“ თანხების შეგროვებაში ან განაწილებაში მონაწილეობდა, ანდა ის სჩადიოდა რაიმე სხვა ისეთ ქმედებებს, რასაც ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 2231 მუხლის პირველი ნაწილის შინაარსის განმსაზღვრელი ნორმა, რომელიც წარმოდგენილია ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლში.

47. საკასაციო პალატა არ ეთანხმება მსჯავრდებულ ა. ხ-ს ინტერესების დამცველი კასატორების მიერ მათ საჩივარში განხილულ არგუმენტებს მისი უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან ისინი არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალებით დადასტურებული რეალური ფაქტობრივი გარემოებებიდან და არც – შესაბამისი სისხლისსამართლებრივი ნორმების სწორი განმარტებიდან. ერთ–ერთ ძირითად არგუმენტს, რომლითაც კასატორები აპელირებენ, წარმოადგენს ის, რომ გასაჩივრებული განაჩენი ა. ხ-ს მსჯავრდების ნაწილში ეფუძნება მხოლოდ ირიბ მტკიცებულებებს და საქმეში ფაქტობრივად არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც მის ბრალს დაადასტურებდა, რასაც საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება. სინამდვილეში საქმეში წარმოდგენილია არაერთი პირდაპირი მტკიცებულება – ა. ხ-ს მიერ ქურდული სამყაროს სხვა წევრებთან განხორციელებული სატელეფონო საუბრების ჩანაწერებისა და მათი შესაბამისი კრებსების სახით (იხ. გასაჩივრებული განაჩენის 27-ე, 35-ე და 36-ე გვერდები). მართალია, ამ მტკიცებულებებს აღნიშნული კასატორები დაუშვებლად და არაჯეროვნად მიიჩნევენ, მაგრამ ასეთ პოზიციას, როგორც ზემოთ, დასაწყისშივე უკვე აღინიშნა, არ გააჩნია რეალური საფუძველი და ხსენებული მტკიცებულებები სრული იურიდიული ძალის მქონეა.

48. აღნიშნულ მტკიცებულებებში დაფიქსირებული იმ საუბრების შინაარსი, რომლებიც მსჯავრდებულ ა. ხ-ს ეკუთვნის, სწორედ რომ პირდაპირ მიუთითებს მის უშუალო კავშირზე ქურდული სამყაროს სხვა წევრებთან და მათთან აქტიურ თანამოქმედებაზეც ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად. ამიტომ საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ა. ხ-ს სატელეფონო საუბრებში ისეთი არაფერი იკვეთება, რაც ქურდულ სამყაროსთან მის კავშირს დაადასტურებდა ან მისი, როგორც ქურდული სამყაროს წევრის, საქმიანობასა და მოქმედებებზე მიუთითებდა. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში გაანალიზებულია ამ საუბრების შინაარსიდან გამომდინარე ფაქტობრივი გარემოებები და დასაბუთებულია მათი სრული შესაბამისობა ქურდული სამყაროს წევრობის, როგორც ქმედების, ნორმატიულ შინაარსთან. ამ შემთხვევაში სასამართლოს ნამდვილად არ მოუხდენია მხოლოდ ცალკეული ფრაზების დამახინჯებულად ინტერპრეტირება ა. ხ-ს საუბრების მთლიანი კონტექსტიდან მათი ამოგლეჯის გზით, არამედ განაჩენში გადმოცემულია საუბრების მთლიანი შინაარსი, ხოლო ამის შემდეგ მითითებულია მის ისეთ მომენტებზე, რომლებშიც მკაფიოდ, უდავოდ იკვეთება მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების რეალურად არსებობა და არა მხოლოდ ვარაუდები მათ შესაძლო არსებობაზე (იხ. გასაჩივრებული განაჩენის 27-28-ე და 35-36-ე გვერდები).

49. თავიანთი პოზიციის განსამტკიცებლად კასატორები ცდილობენ მოიშველიონ სისხლისსამართლებრივი ნორმის - ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შინაარსი, რომელიც შეიცავს ზოგადად ქურდული სამყაროს და არა - ქურდული სამყაროს წევრობის, როგორც ქმედების, განმსაზღვრელ კრიტერიუმებს. საქმე ისაა, რომ იმავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს პირის ქურდული სამყაროს წევრად ცნობისათვის საჭირო და, ამასთან, საკმარის კრიტერიუმებს; კერძოდ, ეს ნორმა განმარტავს, რომ ქურდული სამყაროს წევრი – ეს არის ნებისმიერი პირი, რომელიც აღიარებს ქურდულ სამყაროს და აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად. ამ ნორმის სწორი გაგების ანუ როგორც ტელეოლოგიური, ისე სისტემური განმარტების მიხედვით, პირის ქმედება ქურდული სამყაროს წევრობად რომ შეფასდეს, საამისოდ სრულიად საკმარისია სახეზე იყოს ხსენებული კანონის მე-3 მუხლის მეორე პუნქტში მითითებული ნიშნები და არ არის აუცილებელი იმ გარემოებების არსებობაც, რაც იმავე მუხლის პირველ პუნქტშია მოცემული. აღნიშნულის გამო, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორების იმ პოზიციას, რომლის მიხედვითაც ა. ხ-ს ის ქმედებები, რაც სააპელაციო სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, არ შეიცავს ქურდული სამყაროს წევრობის კანონით განსაზღვრულ შემადგენლობას, ხოლო მის ბრალეულობაზე სააპელაციო სასამართლოს დასკვნებში ეჭვის შესატანად არ არსებობს კანონიერი საფუძველი.

50. რაც შეეხება კასატორების მითითებას იმაზე, რომ არავითარი მტკიცებულებებით არ დასტურდება ა. ხ-სათვის შერაცხული ბრალი მის მიერ ე.წ. ქურდული „ობშიაკის“ ფლობის, ასევე „ობშიაკის“ თანხების შეგროვებასა და განაწილებაში, უნდა აღინიშნოს ასეთი მსჯელობის უსაფუძვლობა და არამიზნობრიობა, რადგან არც პირველი ინსტანციის სასამართლოს და არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენით ა. ხ-ს მსგავსი კონკრეტული ქმედებების ჩადენა არ შერაცხვია და ამისათვის არც მსჯავრი დასდებია. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ა. ხ-ს დამცველი ადვოკატების – ნ. ც-სა და დ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

51. რ. ო-ს მიმართ სააპელაციო სასამართლოს განაჩენით შერაცხული ბრალი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – დ. ნ-მა და ო. ს-მა, რომლებიც ითხოვენ მის გამართლებას შემდეგი მოტივებით: საქმეში არ არსებობს კანონიერი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა რ. ო-ს მსჯავრდება მისთვის წარდგენილი ბრალდების მიხედვით; გამამტყუნებელი განაჩენი ძირითადად ეფუძნება სატელეფონო საუბრების ჩანაწერებსა და მათ კრებსებს, ასევე მოწმე პოლიციელების ჩვენებებს, რომლებიც ვერ იქნება მიჩნეული კანონიერ და სანდო მტკიცებულებებად; სხვა მოწმეები, რომლებიც სასამართლოში მოცემულ საქმეზე დაიკითხნენ, უარყოფენ მათგან რაიმეს გამოძალვაში რ. ო-ს მონაწილეობას და აღნიშნავენ, რომ საერთოდ არ იცნობენ მას; რ. ო-ს ბინის ჩხრეკა ჩატარებულია უკანონოდ, რის გამოც ამ ჩხრეკით მოპოვებული მტკიცებულებები დაუშვებლად უნდა ყოფილიყო ცნობილი; საქმეში არ არსებობს სხვა სარწმუნო მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურდებოდა რ. ო-ს მიერ ისეთი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა, როგორიცაა: ქურდული გარჩევები, ე.წ. „ობშიაკისათვის“ თანხების შეგროვება, გამოძალვა, გავლენების გადანაწილება ქურდულ სამყაროში ან სხვაგვარი ქმედებებით ქურდული სამყაროს მიზნების განხორციელებისათვის ხელშეწყობა.

52. რ. ო-სა და მისი დამცველი ადვოკატების პოზიციას მსჯავრდებულის უდანაშაულობის თაობაზე საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან მას არ მოეპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი საქმეში არსებული მასალების სახით. პირველ რიგში, არ არის გასაზიარებელი კასატორების მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ რ. ო-ს მიერ ქურდული სამყაროს სხვა წევრებთან განხორციელებული სატელეფონო საუბრების ჩანაწერები და მათ საფუძველზე შედგენილი კრებსები, რომლებითაც ის აშკარად იმხილება მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენაში, თითქოს უკანონო და დაუშვებელ მტკიცებულებებს წარმოადგენს. ასეთი რამის მტკიცება რომ ყოვლად უსაფუძვლოა, ამის თაობაზე ზემოთ უკვე იყო დეტალური და მყარი არგუმენტებით გაჯერებული მსჯელობა, რის გამოც ეს საკითხი აქ განმეორებით აღარ იქნება განხილული (იხ. ამ განაჩენის სამოტივაციო ნაწილის დასაწყისში წარმოდგენილი ანალიზი).

53. საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია ასევე კასატორების მსჯელობა იმის თაობაზე, რომ საქმეში არ არსებობს კანონიერი და სარწმუნო მტკიცებულებები რ. ო-ს მიერ ქურდული სამყაროს წევრობის ან ქურდულ სამყაროსთან რაიმე კავშირის დასადასტურებლად. სინამდვილეში საქმეში წარმოდგენილია და გასაჩივრებულ განაჩენშიც სააპელაციო სასამართლოს მიერ გაანალიზებულია რ. ო-ს იმ ვრცელი სატელეფონო საუბრების ჩანაწერები და მათი შესაბამისი კრებსები, რომლებიც მას ჰქონდა ამავე განაჩენით ქურდული სამყაროს წევრებად ცნობილ პირებთან – ა. ხ-თან და რ. გ-თან, აგრეთვე ქურდულ სამყაროში კანონიერ ქურდად აღიარებულ ნ. ჯ-თან (მეტსახელი „შ.“). ამ საუბრების შინაარსი პირდაპირ მიუთითებს რ. ო-ს მჭიდრო კავშირზე და არა მხოლოდ კავშირზე, არამედ მის თანამოქმედებაზე ქურდული სამყაროს სხვა წევრებთან ერთად ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად.

54. იგივე შეიძლება ითქვას ნ. ჯ-თან მისი საუბრების თაობაზეც, რაც ადასტურებს რ. ო-ს სრულ დამოკიდებულებას ქურდულ სამყაროზე, ასევე მის გავლენიან წარმომადგენლებზე, იგი თვითონაც ცდილობს მოიპოვოს გავლენა ქურდული სამყაროს სხვა წევრებზე, გადაწყვიტოს მარნეულის რაიონში ქურდული სამყაროს საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები. მაგალითად, მსჯავრდებულ ა. ხ-თან მისი სატელეფონო საუბრის შინაარსით დგინდება რ. ო-ს აქტიური მონაწილეობა ქურდულ სამყაროში ახალი წევრის (გ. კ-ს) მიღების, მისთვის გზის გაკვალვისა და კანონიერ ქურდებთან მისი დაკავშირების საქმეში. ის მონაწილეობს ასევე არალეგალური ქურდული სალაროს, ე.წ. „ობშიაკისათვის“ თანხების შეგროვებასა და ამ თანხების განაწილებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში.

55. გარდა ამისა, რ. ო-ს კუთვნილი მობილური ტელეფონითა და ასევე მისი კუთვნილი ნომრიდან უკავშირდებიან კანონიერ ქურდ ნ. ჯ-ს ქურდული სამყაროს სხვა წევრებიც და არამარტო თვითონ რ. ო-ი. ამასთან, ეს უკანასკნელი ქურდულ სამყაროში აღიარებული ქცევისა და მოქმედების წესებზე, უსიტყვოდ მათი დაცვის აუცილებლობაზე მოძღვრავს ქურდული სამყაროს სხვა წევრებს – რ. გ-სა და გ. კ-ს. აღნიშნული მტკიცებულებებით დგინდება აგრეთვე ის გარემოება, რომ რ. ო-ს ბინა იყო ქურდული შეკრებების ადგილი მარნეულის რაიონში მოქმედი ქურდული სამყაროს წევრებისათვის მათ საქმეებთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობისა და ამ საკითხების გადაწყვეტისათვის, აგრეთვე, კანონიერ ქურდ ნ. ჯ-თან სატელეფონო საუბრების განსახორციელებლად და მასთან ურთიერთობისათვის (იხ. სააპელაციო სასამართლოს განაჩენის 27-35-ე გვერდებზე წარმოდგენილი მასალა). აღნიშნული გარემოებები ცალსახად და სრულიად უდავოდ ადასტურებს, რომ მსჯავრდებულ რ. ო-ს ნამდვილად აქვს ჩადენილი ქურდული სამყაროს წევრობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით.

56. საკასაციო პალატა აღნიშნავს: რაც შეეხება კასატორების მითითებას იმაზე, რომ არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურდებოდა რ. ო-ს უშუალო მონაწილეობა ქურდულ გარჩევებში, კონკრეტული პირებისგან თანხების გამოძალვაში, ე.წ. „ობშიაკისათვის“ უშუალოდ მის მიერ თანხების შეგროვებაში, ქურდულ სამყაროში გავლენების გადანაწილებაში და ა.შ., უნდა ითქვას შემდეგი: არც პირველი ინსტანციის სასამართლო და არც სააპელაციო სასამართლო არ ედავებიან რ. ო-ს მისი კასატორების მიერ საჩივარში მითითებული ამ კონკრეტული ქმედებების ჩადენას, არამედ მას მსჯავრი დაედო ე.წ. „ობშიაკთან“ დაკავშირებული საკითხების გარჩევისათვის ქურდული სამყაროს სხვა წევრებთან, რაც უდავოდ ემსახურებოდა ქურდული სამყაროს მიზნების განხორციელებას.

57. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს საფუძველი აგრეთვე მსჯავრდებულ რ. ო-სა და მისი დამცველების მიერ გამოთქმული პრეტენზიების გასაზიარებლად გასაჩივრებული განაჩენით მისთვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით შერახულ ბრალთან დაკავშირებით. თავიანთ საჩივრებში კასატორები მიუთითებენ, რომ აღნიშნული ბრალის დასადასტურებლად საქმეში არსებობს მხოლოდ კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება – რ. ო-ს ბინის ჩხრეკის ოქმი, რომელსაც ხელს არ აწერს მისი ოჯახის წევრი (მეუღლე); ჩხრეკის ოქმში არ არის აღნიშნული, კონკრეტულად რა ადგილზე იქნა ნაპოვნი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“, რაში იყო ის გახვეული; თარჯიმანი, რომელიც ესწრებოდა ჩხრეკას, სათანადოდ ვერ ფლობს აზერბაიჯანულ ენას; ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერება არ დალუქულა წესების დაცვით. მათი დასკვნით, აღნიშნული გარემოებების გამო, ჩხრეკის ოქმიც და ამოღებული ნივთმტკიცებაც დაუშვებელ მტკიცებულებებად უნდა ყოფილიყო ცნობილი. მათივე აზრით, დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა ეცნოთ მოწმე კ. ს-ს ჩვენება, რომელშიც ის მიუთითებს, რომ დაკითხვის დროს რ. ო-მა თავის ჩვენებაში აღიარა – ნარკოტიკული საშუალება, რომელიც მისი ბინიდან იქნა ამოღებული, თითქოს მას ეკუთვნოდა, მაშინ, როდესაც თვით რ. ო-ს ეს ჩვენება დაუშვებელ მტკიცებულებად არის ცნობილი.

58. კასატორების ხსენებული მტკიცების საპირისპიროდ საქმეში არსებობს კანონიერი და პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებითაც უტყუარად დასტურდება რ. ო-ს მიერ ნარკოტიკული საშუალების – 14,82 გრამი გამომშრალი „მარიხუანის“ მართლსაწინააღმდეგოდ ფლობა, რომელიც ჩხრეკის შედეგად მისი ბინიდან იქნა ამოღებული. თუ სად, როდის, რა ვითარებაში და ვისგან ამოიღეს ხსენებული ნარკოტიკული საშუალება, დადასტურებულია ჩხრეკაში მონაწილე, შემდგომში საქმეზე მოწმედ დაკითხული პირების ჩვენებებით. ამასთანავე, ჩხრეკის ოქმში ზუსტად არის მითითებული რ. ო-ს ბინაში რომელი კონკრეტული ადგილიდან ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება, რაში იყო ის შეხვეული, მოცემულია აგრეთვე ამ ნივთიერების აღწერილობა (ფერი და სუნი), რომელიც იქვე დიალუქა. საქმეშია ასევე ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადასტურებულია, რომ ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერება წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება - „მარიხუანას“, წონით 14,82 გრამს.

59. ის გარემოება, რომ ჩხრეკის ოქმს ხელი არ მოაწერა ჩხრეკის დამსწრე ე. ხ-მ (რ. ო-ს მეუღლემ), აღნიშნული მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის საფუძველი ვერ გახდება, რადგან საპროცესო კანონი ამას არ ითვალისწინებს. რაც შეეხება თარჯიმნის კვალიფიკაციის საკითხს, სასამართლომ გამოარკვია, რომ თარჯიმანი ნ. გ-ი მრავალი წელია პროფესიულ საქმიანობას ეწევა და მისი კვალიფიკაცია ეჭვქვეშ არ დამდგარა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩხრეკასა თუ სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე ან მათი მწარმოებელი ოფიციალური პირების შემდგომში საქმეზე მოწმედ დაკითხვა არ ეწინააღმდეგება მოქმედ საპროცესო კანონმდებლობას.

60. გარდა აღნიშნულისა, საქმეში მოიპოვება აგრეთვე მტკიცებულებები – რ. ო-ს სატელეფონო საუბრების ჩანაწერებისა და შესაბამისი კრებსების სახით, რომლებიც აშკარად მიუთითებენ იმაზე, რომ რ. ო-ს ნამდვილად ჰქონდა შეხება ნარკოტიკულ საშუალებებთან, როგორც მათ მომხმარებელს. მხედველობაშია რ. ო-ს 2013 წლის 5 სექტემბრის სატელეფონო საუბარი მსჯავრდებულ ს. დ-თან, რომელიც გასაჩივრებული განაჩენით ასევე მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, აგრეთვე მისივე სატელეფონო საუბრები გასაჩივრებული განაჩენით იმავე ქმედებისათვის მსჯავრდებულ რ. გ-თან (2013 წლის 21 აგვისტო) და მსჯავრდებულ გ. კ-თან. ამ საუბრების შინაარსიდან სრულიად აშკარაა რ. ო-ს აქტიური კავშირი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვასთან, ისიც, რომ ამ საქმეში ასევე აქტიურად იყო ჩართული მსჯავრდებული რ. გ-ც. განხილული გარემოებებიდან გამომდინარე, რ. ო-სა და მისი ადვოკატების მიერ გასაჩივრებული განაჩენის მიმართ წაყენებული პრეტენზიები საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მის მსჯავრდებასთან დაკავშირებით ვერ იქნება გაზიარებული, ხოლო მათი საკასაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

61. საკასაციო პალატამ განიხილა ასევე მოცემულ საქმეზე მსჯავრდებულ გ. კ-ს დამცველების, ადვოკატების – მ. ფ-სა და ი. ჭ-ს საკასაციო საჩივარი, რომლითაც კასატორები ითხოვენ მის გამართლებას შემდეგი ძირითადი მოსაზრებებითა და არგუმენტებით და რომლებსაც ისინი მიმართავენ თავიანთი პოზიციის დასაბუთებისათვის: გ. კ-ს არ შეუგროვებია თანხები ე.წ. „ობშიაკისათვის“ და არავისგან მოუთხოვია რაიმე სარგებლის მიღება თავისთვის ან სხვისთვის, საამისოდ მას არავინ დაუშანტაჟებია და არავინ დაუშინებია; ამასთან, სასამართლოში მოცემულ საქმეზე მოწმედ დაკითხულმა პოლიციელებმა განაცხადეს, რომ მათ არ იციან ადამიანი, რომლის მიმართაც შესაძლოა გ. კ-მა განახორციელა რომელიმე ზემოაღნიშნული ქმედება; უსაფუძვლო და არასწორია ბრალდების მხარის განცხადება იმის თაობაზე, რომ გ. კ-ი ფლობდა ე.წ. „ობშიაკს“, აფართოებდა მას, ქურდული სამყაროსათვის სარგებლის მისაღებად ესაუბრებოდა კანონიერ ქურდს – ნ. ჯ-ს და რომ მას დანაშაულებრივი კავშირი ჰქონდა სასამართლოს მიერ ქურდული სამყაროს წევრად მიჩნეულ ა. ხ-თან.

62. ამასთან ერთად, გ. კ-ს ადვოკატები საჩივარში იშველიებენ სხვა არგუმენტებსაც, კერძოდ, მათი აზრით, არ არსებობს იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ კ-მა ჩაიდინა „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თუნდაც ერთი რომელიმე ქმედება, ვერ დგინდება აგრეთვე გ. კ-ს სატელეფონო საუბრის ფაქტი სასამართლოს მიერ კანონიერ ქურდად ჩათვლილ პირთან – ნ. ჯ-თან, ხოლო ამ უკანასკნელის სახელი მტკიცებულებად მოტანილ საუბრის ჩანაწერში არ იხსენიება, ასევე ვერ დგინდება რა ნომრით სარგებლოდა ნ. ჯ-ი მასთან საუბრისას; ტელეფონის ნომერი, რომელიც ამოღებულ იქნა ა. კ-ს ბინიდან, მართალია, დაფიქსირებულია გ. კ-ს სახელზე (598–484859), მაგრამ არაფრით არ დასტურდება, რომ მხოლოდ ეს უკანასკნელი სარგებლობდა ამ ნომრით და არა სხვა პირებიც, ხოლო სასამართლოს მიერ ქურდული სამყაროს წევრებად მიჩნეულ ა. ხ-სა და რ. ო-ს შორის ე.წ. „ობშიაკის“ შესახებ გამართულ საუბარში მოხსენიებული „გ.“ რომ მაინც და მაინც გ. კ-ია და არა სხვა ვინმე, არაფრით არ დასტურდება.

63. გ. კ-ს ადვოკატები, გარდა ზემოაღნიშნულისა, მიუთითებენ ასევე საქმეში არსებული ძირითადი მტკიცებულებების – მსჯავრდებულებს შორის, აგრეთვე მათსა და სხვა პირებს შორის გამართული სატელეფონო საუბრების ჩანაწერებისა და მათი შესაბამისი კრებსების მოპოვებასა და საპროცესო დამაგრებასთან დაკავშირებულ იმავე კანონდარღვევებზე, რომლებზეც ზემოთ უკვე იყო მითითებული სხვა მსჯავრდებულთა დამცველების საკასაციო საჩივრებში და რომელთა გამოც ისინი აღნიშნულ მტკიცებულებებს დაუშვებლად მიიჩნევენ.

64. საკასაციო პალატა არ ეთანხმება მსჯავრდებულ გ. კ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების მიერ მისი გამართლების მიზნით წარმოდგენილ არგუმენტებსა და მოსაზრებებს შემდეგ გარემოებათა გამო: არც სააპელაციო სასამართლო და არც პირველი ინსტანციის სასამართლო არ მიიჩნევენ და არც განაჩენებში დაუდგენიათ, რომ გ. კ-ი ფლობდა ე.წ. „ობშიაკს“ და თანხებს აგროვებდა მის შესავსებად, ანდა რომ ის ვინმესგან მოითხოვდა თანხებს და ეწეოდა გამოძალვას, ადამიანთა დაშანტაჟებას, დაშინებას და ა.შ., რის გამოც ამ მიმართებით კასატორების მტკიცებულებები და მსჯელობები მიზნობრიობას მოკლებულია, რადგან სასამართლოს გ. კ-სათვის მსჯავრი არ დაუდვია მსგავსი ქმედებებისათვის.

65. ის გარემოება, რომ გ. კ-ს ნამდვილად აქვს ჩადენილი საქართველოს სსკ-ის 2231 მუხლის პირველი ნაწილითა და „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება – ქურდული სამყაროს წევრობა, დადასტურებულია საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულებებით. მხედველობაშია ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებების შედეგად მოპოვებული ჩანაწერები და მათ საფუძველზე შედგენილი კრებსები იმ სატელეფონო საუბრებისა, რომლებსაც გ. კ-ი ახორციელებდა გასაჩივრებული განაჩენით ამავე საქმეზე მსჯავრდებულ ქურდული სამყაროს სხვა წევრებთან, კერძოდ, რ. და ნ. ო-ებთან, აგრეთვე კანონიერ ქურდთან – ნ. ჯ-თან და სხვა პირებთან. ამ საუბრებიდან აშკარად და უდავოდ გამომდინარეობს, რომ გ. კ-ი ქურდული სამყაროს აქტიური წევრია და ცდილობს გახდეს ქურდული ტრადიციების მიმდევართა ოჯახის სრულფასოვანი და სრულუფლებიანი წარმომადგენელი, გამოხატავს უპირობო მხარდაჭერასა და თანადგომისათვის მზადყოფნას ქურდული სამყაროს წევრთა საქმიანობისადმი, ინტერესდება ე.წ. „ობშიაკში“ თანხების შეგროვების საკითხით და ცდილობს აქტიურად იმოქმედოს ამ მიმართებით, ქურდული სამყაროს სხვა წევრებისგან იღებს მითითებებს, ითავისებს იმ წესებს, რომლითაც მოქმედებს ქურდული სამყარო (იხ. გასაჩივრებული განაჩენის 29-ე-31-ე გვერდები). ყოველივე აღნიშნული სარწმუნოდ ადასტურებს, რომ გ. კ-ი ძალზე აქტიურად მოქმედებდა ქურდული სამყაროს მიზნების განსახორიელებლად, მიუხედავად იმისა, რომ იგი ჯერ კიდევ ახალბედად ითვლებოდა ქურდული სამყაროს სხვა, მასზე ბევრად უფრო გამოცდილ წევრთა შორის.

66. გ. კ-ს ქურდული სამყაროს წევრობა და აქტიური მოქმედება ამ სამყაროს მიზნებისათვის დასტურდება აგრეთვე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებითაც, კერძოდ, გასაჩივრებული განაჩენით ქურდული სამყაროს წევრობისათვის მსჯავრდებულ პირთა შორის გამართული სატელეფონო საუბრების ჩანაწერებითა და კრებსებით, მხედველობაშია ა. ხ-სა და რ. ო-ს, რ. ო-სა და რ. გ-ს, ს. დ-სა და რ. გ-ს, რ. ო-სა და ნ. ჯ-ს შორის გამართული ვრცელი სატელეფონო საუბრები, რა დროსაც მიმდინარეობს მსჯელობა გ. კ-სა და მის მომავალ საქმიანობაზე ქურდული სამყაროს მხარდასაჭერად და მის სასარგებლოდ (იხ. გასაჩივრებული განაჩენის 27-ე-29-ე და 32-ე გვერდები). გარდა ამისა, განაჩენით დადგენილია და შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურებული გ. კ-ს მონაწილეობა ქურდული სამყაროს წევრთა შეკრებაში, რომელიც გაიმართა რ. ო-ს სახლში, სადაც განიხილეს ე.წ. „ობშიაკის“ საკითხი და ასევე შედგა მათი სატელეფონო საუბრები ნ. ჯ-თან.

67. გ. კ-ს ადვოკატები იმეორებენ იმ არგუმენტებსა და მოსაზრებებს, რასაც გამოთქვამდნენ ქურდული სამყაროს წევრობისათვის ამ განაჩენით მსჯავრდებულ სხვა პირთა დამცველებიც და რომელთა საფუძველზეც ისინი ამტკიცებენ თავიანთ საჩივრებში ზემოაღნიშნული სატელეფონო საუბრების ჩანაწერებისა და კრებსების უკანონობას, რის გამოც მათ მიიჩნევენ დაუშვებელ მტკიცებულებებად. ასეთი პრეტენზიების თაობაზე ზემოთ უკვე არაერთხელ იყო აღნიშნული და შესაბამისი პასუხიცაა გაცემული, რის გამოც ისინი აქ ხელახლა აღარ იქნება განხილული.

68. განხილული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი მსჯავრდებულ გ. კ-ს დამცველთა საჩივრის დაკმაყოფილებისათვის, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი მისი მსჯავრდების ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

69. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორი გ. ჯ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის მსჯავრდებულებისათვის საუარესოდ შებრუნებას, კერძოდ, მ. შ-ს, კ. გ-სა და ს. დ-ს მსჯავრდებას საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ქურდული სამყაროს წევრობისათვის, ნაცვლად მათთვის საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის საფუძველზე შერაცხული ისეთი დანაშაულისა, როგორიცაა დანაშაულის შეუტყობინებლობა. კასატორი ხსენებული მსჯავრდებულების მიმართ თავისი მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებს შემდეგზე:

70. პროკურორი მ. შ-თან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ იგი აქტიურად ჩაერთო მსჯავრდებულ კ. გ-ს მიერ ორგანიზებულ იმ შეხვედრაში, სადაც, ერთი მხრივ, მიწვეულნი იყვნენ ქურდული სამყაროს წევრი ჯ. ა-ი და კრიმინალური ავტორიტეტი „რ.“, ხოლო, მეორე მხრივ, ბიზნესმენი ფ. ყ-ი. მათ ფ. ყ-ს გამოსძალეს ფულადი თანხა, ამასთან, მ. შ-მა, ქურდული გარჩევის გზით, ფ. ყ-ს 10 000 აშშ დოლარი მოსთხოვა. გარდა ამისა, კასატორის აზრით, მ. შ-სა და ვ. ტ-ს, თ. გ-ს, ა. გ-სა და ქურდული სამყაროს სხვა წევრებს შორის განხორციელებული სატელეფონო საუბრების შინაარსი უდავოდ ადასტურებს მ. შ-ს მიერ ისეთი მოქმედებების ჩადენას, რაც იძლევა საქართველოს სსკ-ის 2231 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების – ქურდული სამყაროს წევრობის შემადგენლობას.

71. პროკურორი თავის საჩივარში მსჯელობს ასევე მსჯავრდებულ ს. დ-ს მიერ ჩადენილ ქმედებათა შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება ს. დ-ს აქტიური მონაწილეობის ფაქტები ე.წ. „ობშიაკის“ თანხების შეგროვებაში, აგრეთვე მარნეულის რაიონში ქურდული ტრადიციების დამკვიდრებაში, კერძოდ, კასატორი უთითებს ქურდული სამყაროს წევრებთან ს. დ-ს სატელეფონო საუბრების ჩანაწერებსა და კრებსებზე.

72. რაც შეეხება კ. გ-ს მსჯავრდებას, პროკურორი არც ამ ნაწილში ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენს, ვინაიდან მას მიაჩნია, რომ კ. გ-ს ნამდვილად აქვს ჩადენილი ქურდული სამყაროს წევრობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2231 მუხლის პირველი ნაწილით. კასატორი საამისოდ მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე: სწორედ კ. გ-მა უზრუნველყო ფ. ყ-ს შეხვედრა ქურდული სამყაროს წარმომადგენლებთან – „რ-სა“ და ჯ. ა-თან, სადაც მას თანხა გამოსძალეს, ამასთან, კ. გ-ი ესწრებოდა ა. შ-სა და რ. ი-ს საქმის ქურდულ გარჩევას; მისი აზრით, საყურადღებოა ასევე ქურდული სამყაროს წევრებთან კ. გ-ს სატელეფონო საუბრების შინაარსიც, რითაც დასტურდება მისი ბრალეულობა.

73. გარდა ზემოაღნიშნულისა, პროკურორი საკასაციო საჩივრით ითხოვს აგრეთვე მსჯავრდებულების – ჯ. ა-ს, ვ. ტ-ს, თ. გ-ს, ა. გ-ს, რ. გ-ს, გ. კ-ს, რ. ო-ს, ნ. ო-ს, ნ. ი-ს, რ. მ-სა და ა. ხ-ს მიმართ სააპელაციო სასამართლოს განაჩენის საუარესოდ შებრუნებასა და სასამართლოს მიერ მათთვის განსაზღვრული სასჯელების გამკაცრებას, რასაც კასატორი ასაბუთებს იმით, რომ საქმის მასალებით დასტურდება ისეთი გარემოებების არსებობა, რაც მიუთითებს აღნიშნული მსჯავრდებულების პიროვნებისა და მათ მიერ ჩადენილი ქმედებების მომეტებულ საშიშროებაზე და რის გამოც ისინი ბევრად უფრო მკაცრ სასჯელს იმსახურებენ.

74. საკასაციო პალატა არ იზიარებს პროკურორ გ. ჯ-ს საჩივრის მოტივებს, რომლებიც მას ჯერ კიდევ ამავე საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით თავის სააპელაციო საჩივარში ჰქონდა გამოთქმული, რადგან მიაჩნია, რომ აღნიშნულ მოტივებსა და მოსაზრებებზე სააპელაციო სასამართლომ დამაჯერებელი, ამასთან, დასაბუთებული პასუხი გასცა საქმიდან მოხმობილ როგორც კონკრეტულ მტკიცებულებებზე, ისე ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებითა და მათი ლოგიკური ანალიზის გზით (იხ. გასაჩივრებული განაჩენის 59-ე-64-ე გვერდები). აღნიშნულის გამო, არ არსებობს იმის აუცილებლობა და საჭიროება, რომ ამჯერად, კიდევ ერთხელ, ვრცლად და დეტალურად იქნეს განხილული კასატორის მოთხოვნისა და იმ მოტივების საფუძვლიანობისა, თუ დასაბუთებულობის საკითხი, რომლებიც მან თავის საჩივარში წამოჭრა და რომელთა გათვალისწინებით ის ითხოვს ზემოთ დასახელებულ მსჯავრდებულთა მიმართ სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შეცვლასა და მათთვის საუარესოდ შებრუნებას მათ მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის ნაწილში.

75. შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ კიდევ უფრო უსაფუძვლო და საერთოდ დაუსაბუთებელია კასატორის მოთხოვნა მსჯავრდებულებისათვის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელების გამკაცრების თაობაზე, რადგან პროკურორი არავითარ არგუმენტზე არ უთითებს, თუ რატომ მიაჩნია აღნიშნული სასჯელები უსამართლოდ, იგი ზოგადად მიუთითებს მხოლოდ იმ ქმედებებზე, რომლებიც მსჯავრდებულებს აქვთ ჩადენილი, თუმცა, არც ერთი არგუმენტი არ აქვს მოხმობილი იმის დასასაბუთებლად – დანიშნული სასჯელები რატომ უნდა იქნეს მიჩნეული შეუსაბამოდ აღნიშნული ქმედებების ხასიათსა და მათი ჩამდენი სუბიექტების პიროვნულ მახასიათებლებთან (იხ. ტ. 22, ს.ფ. 407-ე, მეორე აბზაცი).

76. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის დასკვნით პროკურორ გ. ჯ-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

77. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ივნისის განაჩენზე მხარეების მიერ შეტანილი საკასაციო საჩივრების განხილვის შემდეგ საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 26 თებერვლის №3/1/708, 709, 710 განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ შეტანილი წარდგინების საფუძველზე იმსჯელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობაზე, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება – გამომშრალი „მარიხუანის“ (იხ. „ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანრათი №2-ის 92-ე ჰორიზონტალური გრაფა) პირადი მოხმარების მიზნით უკანონო შეძენა-შენახვის გამო.

78. აღნიშნული განჩინებით საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ზემოხსენებული ნორმატიული შინაარსი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე–2 პუნქტთან მიმართებით, რაც იმას ნიშნავს, რომ პირის მიმართ სასჯელის სახით არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს თავისუფლების აღკვეთა მის მიერ ჩადენილი ისეთი ქმედების გამო, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალების –გამომშრალი „მარიხუანის“ უკანონო შეძენა ან შენახვა, როდესაც არ არის დადგენილი გასაღების მიზნის არსებობა ასეთი ქმედების ჩადენისას. განხილულ საქმეშიც მსჯავრდებულები – ს. დ-ი, რ. გ-ი და რ. ო-ი გასაჩივრებული განაჩენით დამნაშავედ იქნენ ცნობილი მხოლოდ იმაში, რომ მათ უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს ნარკოტიკული საშუალება – გამომშრალი „მარიხუანა“, კერძოდ: დ-მა – წონით 18,96 გრამი; გ-მა – წონით 21,59 გრამი, რ. ო-მა – წონით 14,82 გრამი, ამასთან, განაჩენით არ არის დადგენილი, რომ აღნიშნულმა მსჯავრდებულებმა ხსენებული ნარკოტიკული საშუალება შეიძინეს და მას ინახავდნენ გასაღების მიზნით.

79. ამავე დროს, საკასაციო პალატის აზრით, მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულთა მიმართ გამოყენებული ვერ იქნება სასჯელის სხვა რომელიმე სახე, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლით, რადგან საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქცია სასჯელის სახედ და ზომად ადგენს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას და არც ერთ სხვა ალტერნატიულ სასჯელს არ ითვალისწინებს. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო დამნაშავეს სასჯელს უნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში.

80. ამრიგად, აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა საბოლოოდ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ს. დ-ი, რ. გ-ი და რ. ო-ი სასჯელის დაუნიშნავად უნდა იქნენ ცნობილი დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალება – გამომშრალი „მარიხუანის“ უკანონო შეძენისა და შენახვისათვის, რადგან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით მოხდა მათ მიერ ჩადენილი ქმედების არა დეკრიმინალიზაცია, არამედ – დეპენალიზაცია, რის გამოც შესაბამისი ცვლილებები უნდა შევიდეს გასაჩივრებულ განაჩენში, ხოლო სხვა ნაწილში ის უნდა დარჩეს უცვლელად ყველა მსჯავრდებულის მიმართ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ. ჯ-ს, მსჯავრდებულ რ. გ-ს ადვოკატ გ. ტ-ს, მსჯავრდებულ რ. ო-ს ადვოკატების - ო. ს-სა და დ. ნ-ს, მსჯავრდებულ ს. დ-სა და მისი ადვოკატის - ლ. ბ-ს, მსჯავრდებულების - მ. შ-სა და ნ. ი-ს ადვოკატ ო. ს-ს, მსჯავრდებულ ჯ. ა-სა და მისი ადვოკატის - მ. უ-ს, მსჯავრდებულ გ. კ-ს ადვოკატების - მ. ფ-სა და ი. ჭ-ს, მსჯავრდებულ თ. გ-ს, მსჯავრდებულების - ნ. ო-ს, ა. გ-სა და თ. გ-ს ადვოკატ გ. ნ-ს, მსჯავრდებულ რ. მ-სა და მისი ადვოკატის - ო. გ-ს, მსჯავრდებულ ა. ხ-ს ადვოკატების - ნ. ც-სა და დ. მ-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ივნისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

3. ს. დ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის დაუნიშნავად; საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით მსჯავრდებულ ს. დ-ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 20 000 ლარი.

4. მსჯავრდებულ ს. დ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

5. მსჯავრდებული ს. დ-ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმობიდან.

6. რ. გ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის დაუნიშნავად; საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებულ რ. გ-ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა აეთვალოს 2013 წლის 6 სექტემბრიდან.

7. მსჯავრდებულ რ. გ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

8. რ. ო-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის დაუნიშნავად; საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებულ რ. ო-ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა აეთვალოს 2013 წლის 6 სექტემბრიდან.

9. მსჯავრდებულ რ. ო-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ივნისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

11. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე

მოსამართლე ნინო გვენეტაძის

განსხვავებული აზრი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის 2016 წლის 24 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულების –

ს. დ-ს, რ. გ-სა და რ. ო-ს მიმართ

1. უწინარესად ვადასტურებ ჩემს პატივისცემას საკასაციო პალატის აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც პალატის წევრებმა გამოიტანეს ხმათა უმრავლესობით. ამასთან, ვეთანხმები გადაწყვეტილებას წარდგენილი ბრალის მიხედვით მსჯავრდებულების დამნაშავედ ცნობის ნაწილში, აგრეთვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილისა და 376–ე მუხლის სანქციებით განსაზღვრულ ფარგლებში მათთვის შეფარდებულ სასჯელებს – სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთის სახით. მიმაჩნია, რომ მოცემულ ნაწილში განაჩენი არის დასაბუთებული, ვინაიდან იგი ეფუძნება კანონიერი გზით მოპოვებულ პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობას, რომლითაც მსჯავრდებულები იმხილებიან მათთვის შერაცხული ქმედებების ჩადენაში, ხოლო ეს მტკიცებულებები არის უტყუარი და სრულიად საკმარისი მსჯავრდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

2. ამავე დროს ვთვლი, რომ მსჯავრდებულებისათვის შეფარდებული სასჯელის ზომები არის სამართლიანი, ვინაიდან მათი განსაზღვრისას სასამართლომ გაითვალისწინა როგორც მსჯავრდებულთა პიროვნება, ასევე მათ მიერ ჩადენილი ქმედებების ხასიათი, სიმძიმე და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები, რაც სისხლის სამართლის კანონშია მითითებული.

3. მიუხედავად აღნიშნულისა, როგორც საქმის განხილვაში მონაწილე მოსამართლეს, მაქვს ჩემი კოლეგებისგან განსხვავებული აზრი, რომელიც ეხება მათ მიერ მსჯავრდებულების – ს. დ-ს, რ. გ-სა და რ. ო-ს, საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სასჯელის დაუნიშნავად დამნაშავედ ცნობის საკითხს. ეს საკითხი კი მდგომარეობს შემდეგში: როგორც ცნობილია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 26 თებერვლის №3/1/708, 710 განჩინებით, საქართველოს კონსტიტუციის მე–17 მუხლის მეორე პუნქტთან მიმართებით, რომელიც კრძალავს არაჰუმანური და სასტიკი სასჯელის გამოყენებას, არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალების – „გამომშრალი მარიხუანის“ (იხ. „ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი #2–ის 92–ე ჰორიზონტალური გრაფა) პირადი მოხმარების მიზნით უკანონო შეძენა–შენახვის გამო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ (აღნიშნულით) იმ პირის მიმართ, რომელმაც ჩაიდინა ისეთი ქმედება, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალების – „გამომშრალი მარიხუანის“ უკანონო შეძენა ან შენახვა, თუ არ არის დადგენილი ამ ქმედების ჩადენისას გასაღების მიზნის არსებობა, სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს თავისუფლების აღკვეთა.

4. განხილულ სისხლის სამართლის საქმეშიც მსჯავრდებულები – ს. დ-ი, რ. გ-ი და რ. ო-ი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ივნისის განაჩენით დამნაშავედ იქნენ ცნობილი მხოლოდ იმაში, რომ მათ უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს ნარკოტიკული საშუალება – „გამომშრალი მარიხუანა“, მაგრამ აღნიშნული განაჩენით არ არის დადგენილი, რომ ეს ქმედება ჩადენილი იყო ხსენებული ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნით.

5. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საქმის განხილვაში მონაწილე საკასაციო პალატის წევრების უმრავლესობამ ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ზემოხსენებული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, რომლითაც ნარკოტიკული საშუალების – „გამომშრალი მარიხუანის“ უკანონო შეძენისა და შენახვისათვის კანონით გათვალისწინებული ერთადერთი სასჯელი– თავისუფლების აღკვეთა გაუქმებულია, ამ ქმედების ჩამდენი მსჯავრდებულების მიმართ გამოყენებული ვერ იქნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე–40 მუხლით გათვალისწინებული სასჯელის სხვა რომელიმე სახე, რადგან სსკ–ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილის სანქცია არ ითვალისწინებს სხვა ალტერნატიულ სასჯელს, გარდა თავისუფლების აღკვეთისა. ამასთან, საქართველოს სსკ–ის 53–ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო დამნაშავეს სასჯელს უნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში.

6. აღსანიშნავი და საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ პალატის წევრები მივიდნენ დასკვნამდე, რომლის მიხედვით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილებით მოხდა ხსენებული მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი ქმედების არა დეკრიმინალიზაცია, არამედ დეპენალიზაცია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ მაინც მიიჩნიეს, რომ მსჯავრდებულები – ს. დ-ი, რ. გ-ი და რ. ო-ი, საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, დამნაშავედ ცნობილი უნდა იქნენ სასჯელის დაუნიშნავად (იხ. საკასაციო პალატის განაჩენის სამოტივაციო ნაწილის 79–ე და მე–80 პუნქტები). შესაბამისად, მათმა პოზიციამ ასახვა ჰპოვა საკასაციო პალატის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში.

7. საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 26 თებერვლის #3/1/708, 709, 710 განჩინებაში უზენაესი სასამართლოს წარდგინებებთან დაკავშირებით იმსჯელა და დაადასტურა, რომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია პირადი მოხმარების მიზნით 70 გრამამდე „გამომშრალი მარიხუანის“ შეძენა–შენახვისათვის თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ თავისი განჩინებით არ დაუდასტურებია სსკ–ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი სასჯელისაგან გათავისუფლება, როგორც დეპენალიზაცია, არამედ მხოლოდ იმსჯელა ამ მუხლის სანქციით გათვალისწინებული უალტერნატივო სასჯელის სახით – ვადიანი თავისუფლების აღკვეთის არაკონსტიტუციურობაზე. უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატის ამ განაჩენში დეპენალიზაციაზე მითითება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფართო ინტერპრეტაციაა, რამდენადაც დეპენალიზაცია ეფუძნება სისხლისსამართლებრივი სასჯელისაგან გათავისუფლებას, განსხვავებით დეკრიმინალიზაციისაგან, რომელიც ქმედებას, რაც მანამდე მთლიანად დანაშაულად ითვლებოდა, აცხადებს კანონიერად. ამდენად, დეპენალიზაციის სამართლებრივი ბუნება არასისხლისსამართლებრივ (მაგ. ადმინისტრაციული) წესით რეაგირებას ექვემდებარება. დეპენალიზაცია სისხლის სამართლის სამართლის ჩარჩოებიდან გასაკიცხი დანაშაულებრივი ქმედების გატანას გულისხმობს, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს არ განუხორციელებია.

8. საქმის განხილვაში მონაწილე საკასაციო პალატის წევრების უმრავლესობის გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები სისხლის სამართლის როგორც მატერიალურ–სამართლებრივი, ისე საპროცესო–სამართლებრივი პოზიციებიდან გამომდინარე, შესაბამისი გარემოებების გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, როგორც მატერიალური კანონი, სრულად ეფუძნება ორ ძირითად სისხლისსამართლებრივ კატეგორიას – ეს არის დანაშაული და სასჯელი, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არ არსებობენ ანუ სისხლის სამართლის კოდექსში არსებულ დანაშაულს თან ახლავს მისი ჩამდენის მიმართ კანონით განსაზღვრული სისხლისსამართლებრივი სასჯელის გამოყენების მუქარა. ამიტომ, თუ სისხლისსამართლებრივი სასჯელი არ არსებობს ქმედებისათვის, ასეთი ქმედების დანაშაულად მიჩნევა ყოველგვარ სამართლებრივ ლოგიკას არის მოკლებული. საპირისპიროდ ამისა, თუ მიგვაჩნია და, ამასთან, ვადგენთ კიდეც, რომ პირს ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილით გათვალისწინებული კონკრეტული დანაშაული, რის გამოც (ამავდროულად) ვახდენთ აღნიშნული პირის მსჯავრდებას და მას სისხლისსამართლებრივი იძულების (ზემოქმედების) სახით კანონით განსაზღვრულ სოციალური დაცვის ღონისძიებას ვუნიშნავთ, მაშინ დასკვნის გამოტანა, რომ (საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად) ამ დანაშაულისათვის არ არსებობს სისხლისსამართლებრივი სასჯელი და ამიტომ პირი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი, მის მიმართ სასჯელის გამოყენების გარეშე, ჩემი აზრით, არასწორია.

9. მართალია, სისხლის სამართლის კოდექსი იცნობს ცალკეულ შემთხვევაში დანაშაულის ჩამდენი პირის სასჯელისაგან გათავისუფლების შესაძლებლობას, მაგრამ ყველა ასეთ შემთხვევაში პირის სასჯელისგან გათავისუფლება ხდება ინდივიდუალურად, თუკი საამისოდ არსებობს იმავე კანონით გათვალისწინებული სპეციალური პირობები. მაგრამ, ცხადია, ეს უკანასკნელი სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ იმავე დანაშაულის ჩადენისათვის სხვა პირები არ დაისჯებიან. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ ვითარებას, რომლის დროსაც შეიძლება არსებობდეს დანაშაული სათანადო სასჯელის გარეშე, საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილებაც არ ქმნის. საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაადგინა არა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის პირველი ნაწილის მოქმედი რედაქციის, არამედ მხოლოდ მისი ისეთი ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურობა, რომლითაც შესაძლებელი იყო ნარკოტიკული საშუალების – „გამომშრალი მარიხუანის“ უკანონო შეძენისა და შენახვისათვის სასჯელად თავისუფლების აღკვეთის გამოყენება. მაშასადამე, საკონსტიტუციო სასამართლომ მოახდინა არა ქმედების დეკრიმინალიზაცია, არამედ მისი გადაწყვეტილებით მოხდა (ხსენებული ქმედების) სისხლის სამართლის კერძო ნაწილის ნორმის მხოლოდ დისპოზიციის შენარჩუნება სანქციის გარეშე, რაც საკანონმდებლო ორგანოსგან დამოუკიდებლად ფაქტობრივ დეპენალიზაციად შეაფასეს განაჩენში საკასაციო პალატის წევრებმა.

10. მაგრამ აღნიშნული გარემოება არ შეიძლება ისე იქნეს გაგებული, რომ ნარკოტიკული საშუალების – „გამომშრალი მარიხუანის“ უკანონო შეძენა და შენახვა, როგორც დანაშაული, დარჩა სისხლისსამართლებრივი სასჯელის გარეშე. ეს არ გამომდინარეობს თვით სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის ნორმების სისტემური განმარტებიდან. მხედველობაში მაქვს ის გარემოება, რომ საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალების (მათ შორის „გამომშრალი მარიხუანის“) უკანონო პირადი მოხმარების მიზნით მცირე ოდენობით შეძენა ან შენახვაც კი ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, რომ აღარაფერი ვთქვათ იმავე სანქციაში მითითებულ ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთაზე. ამის შემდეგ კიდევ უფრო ალოგიკური ხდება იმის აღიარება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბევრად უფრო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების – „გამომშრალი მარიხუანის“ პირადი უკანონო მოხმარების მიზნით (გასაღების მიზნის გარეშე) შეძენა ან შენახვა საერთოდ დაუსჯელი ქმედება გახდა, თუმცა ის მაინც რჩება დანაშაულად.

11. აქვე უნდა შევეხო მოცემულ საკითხთან დაკავშირებულ კიდევ ერთ სისხლისსამართლებრივ ასპექტს, კერძოდ, თუკი ჩავთვლით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად ნარკოტიკული საშუალების – „გამომშრალი მარიხუანის“ გასაღების მიზნის გარეშე უკანონო შეძენა ან შენახვა უსასჯელო დანაშაული გახდა, მაშინ როგორ უნდა გადაწყდეს ამ დანაშაულისათვის ნასამართლობის პრობლემა? ამ შემთხვევისათვის თუკი მოვიშველიებთ საქართველოს სსკ–ის 79–ე მუხლის მე–2 ნაწილს, რომლის მიხედვით, სასჯელისაგან გათავისუფლებული პირი ნასამართლობის არმქონედ ითვლება, ასეთი მიდგომა არ იქნება მართებული, რადგან აღნიშნული სისხლისსამართლებრივი ნორმაც კონკრეტული პირის სასჯელისაგან ინდივიდუალურ გათავისუფლებას გულისხმობს საამისოდ კანონით გათვალისწინებული სპეციალური პირობების არსებობისას და არა იმ შემთხვევას, როდესაც დანაშაულის ჩამდენი უკლებლივ ყველა პირისათვის ერთ–ერთი სახის სასჯელის დანიშვნა შეუძლებელი ხდება მისი არაკონსტიტუციურად ცნობისა და გაუქმების გამო. თუკი მიგვაჩნია, რომ გასაღების მიზნის გარეშე „გამომშრალი მარიხუანის“ უკანონო შეძენა ან შენახვა მაინც დანაშაულად რჩება, თანახმად საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილისა, და მის ჩამდენ მსჯავრდებულს შესაბამისი სისხლისსამართლებრივი იძულების ღონისძიებაც უნდა შეეფარდოს, რაზედაც პირდაპირ მეტყველებს საკასაციო პალატის წევრების მიერ ხმათა უმრავლესობით გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი, მაშინ პრობლემა ხდება შემდეგი საკითხი: საიდან უნდა დაიწყოს ამ დანაშაულისათვის ნასამართლობის გაქარწყლების ვადის დინება და მისი გამოთვლა, რადგან მოცემულ შემთხვევაში ნამდვილად არ ხდება მსჯავრდებული პირის სასჯელისგან გათავისუფლება იმ აზრითა და სამართლებრივი მნიშვნელობით, რასაც საქართველოს სსკ–ის 79–ე მუხლის მე–2 ნაწილი გულისხმობს. ყველა სხვა შემთხვევაში, როდესაც არ ხდება პირის ინდივიდუალურად გათავისუფლება სასჯელისაგან კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საფუძველზე, დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებას სს კოდექსით ყოველთვის მოსდევს ნასამართლობა.

12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავის გადაწყვეტილებაში არ უგულისხმია, რომ, გასაღების მიზნის გარეშე, ნარკოტიკული საშუალების – „გამომშრალი მარიხუანის“ უკანონო შეძენის ან შენახვის ჩამდენი პირის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების არაკონსტიტუციურად ცნობით, აღნიშნული დანაშაული განარიდა ყოველგვარ სისხლისსამართლებრივ სასჯელს, რაც ტოლფასი იქნებოდა ფაქტობრივი დეკრიმინალიზაციისა. ასეთი დასკვნის გამოტანის უფლებას გვაძლევს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინების არა მარტო სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი, არამედ მის სამოტივაციო ნაწილში განვითარებული მსჯელობაც, რაც სრულიად ლოგიკურია, რადგან ამ გადაწყვეტილების განხილვა საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლთან ერთიან კონტექსტში, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ სამართლებრივი ლოგიკის შეუვალობას, რომლის მიხედვით, თუ დასჯადია უფრო მსუბუქი ქმედება, მაშინ მით უფრო შეუძლებელია დაუსჯელი დარჩეს იმავე შინაარსის, მაგრამ ხარისხობრივად უფრო მძიმე ქმედება.

13. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ საკასაციო პალატის მიერ გამოტანილი განაჩენი ს. დ-ს, რ. გ-სა და რ. ო-ს სასჯელის დაუნიშნავად საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მსჯავრდების ნაწილში თანხვდენილი არ არის საქართველოს მოქმედ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობასთან, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (2009 წლის 9 ოქტომბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) 269–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და იმავე მუხლის მე–6 ნაწილის თანახმად, სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს სასჯელის დაუნიშნავად ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის ბრალდებული გარდაიცვალა. მართალია, ეს ნორმა ეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ იგივე უნდა გააკეთოს საკასაციო სასამართლომაც, თუ მის მიერ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის მსჯავრდებული გარდაიცვალა. საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით წარმოშობილი ვითარება კი, ჩემი აზრით, არ შეესაბამება მითითებული საპროცესო ნორმით გათვალისწინებულ შემთხვევას და არც – საპროცესო კანონით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის სხვა შემთხვევებს (იხ. საქართველოს სსკ–ის 269–ე მუხლის მე–3 და მე–5 ნაწილები).

14. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310–ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ახლად გამოვლენილი გარემოება, რომელიც უთითებს სისხლისსამართლის საქეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონის არაკონსტიტუციურად ცნობაზე, ვერ იქნება სსკ–ის 260–ე მუხლის, როგორც მთლიანად ნორმის (დისპოზიციის ჩათვლით), დეკრიმინალიზაციის მყარი სამართლებრივი არგუმენტი.

15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის ერთადერთი სახის – თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობა მხოლოდ ერთი სახის ნარკოტიკული საშუალების – „გამომშრალი მარიხუანის“ უკანონო შეძენის ან შენახვისათვის, საკასაციო პალატას, აღნიშნული სისხლისსამართლებრივი ნორმის საფუძველზე, მსჯავრდებულების – ს. დ-ს, რ. გ-სა და რ. ო-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა დაედგინა საქართველოს სსკ–ის მე–40 მუხლით გათვალისწინებული სხვა, რომელიმე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნით, რომლის ზომა უნდა განსაზღვრულიყო ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, მისი სიმძიმისა და მსჯავრდებულთა პიროვნების გათვალისწინებით, ან თუნდაც ყველაზე უფრო მსუბუქი სახის სასჯელის – ჯარიმის მინიმალური ოდენობის დანიშვნით, რაც იქნებოდა მსჯავრდებულებისათვის ყველაზე სასარგებლო და, ამასთან, ჩემი აზრით, სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილება. შეიძლება წარმოიშვას კითხვა: საკასაციო პალატის ასეთი გადაწყვეტილება ხომ არ შეფასდებოდა როგორც მსჯავრდებულის ინტერესების საზიანოდ სისხლის სამართლის კანონის ანალოგიით გამოყენება? ვფიქრობ, რომ არა, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნე, განხილულ შემთხვევაში, არსებული პირობების გათვალისწინებით, საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით მათი დამნაშავედ ცნობის მიუხედავად, მსჯავრდებულების დაუსჯელად დატოვება არ არის მართებული, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა უფლებამოსილი იყო, მიეღო გადაწყვეტილება თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად სხვა, უფრო მსუბუქი ალტერნატიული სასჯელის გამოყენების თაობაზე, რაზეც მიანიშნებს კიდეც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო საკითხთან დაკავშირებით შეტანილი საკონსტიტუციო წარდგინების ავტორებს თავისი განჩინების სამოტივაციო ნაწილში, კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს: „კონკრეტული ქმედებისათვის გათვალისწინებული სასჯელის ერთადერთი ზომის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობა იძლევა თუ არა უფრო მსუბუქი სასჯელის გამოყენების შესაძლებლობას, ამ საკითხის გარკვევა, კანონმდებლობის რელევანტური ნორმების ანალიზის გზით, საერთო სასამართლოს პრეროგატივაა“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომის 2016 წლის 26 თებერვლის №3/708, 709, 710 განჩინების სამოტივაციო ნაწილის 28–ე პუნქტი).

16. სავსებით ვიზიარებ რა საკონსტიტუციო სასამართლოს ამ მოსაზრებას, მიმაჩნია, რომ განხილულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა უფლებამოსილი იყო, ემსჯელა თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად ხსენებული მსჯავრდებულების მიმართ სხვა, უფრო მსუბუქი სასჯელის გამოყენებაზე, რაც სამართლებრივად უფრო სწორი იქნებოდა, ვიდრე კანონმდებლის ფუნქციის საკუთარ თავზე აღება და სასჯელის გამოუყენებლობის გზით ფაქტობრივი დეკრიმინალიზაციის განხორციელება, რისი უფლებამოსილებაც საერთო სასამართლოებს არ გააჩნიათ. ფაქტობრივი დეკრიმინალიზაციის განხორციელება შეუძლია მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს, სისხლის სამართლის კანონმდებლობის ან სხვა ბლანკეტური ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის გზით.

17. სწორედ ყველა ზემოაღნიშნული მოტივიდან გამომდინარე, ვერ დავუჭირე მხარი მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვაში მონაწილე საკასაციო პალატის წევრების უმრავლესობის მიერ გამოტანილ განაჩენს და საჭიროდ ვცანი ამ განაჩენზე ჩემი განსხვავებული აზრის წარდგენა.

24.03.2016