საზედამხედველო
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №513აგ-15 1 ივნისი, 2016 წელი
ხ-ი ნ., 513აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ხ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 25 ნოემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 10 მაისის განაჩენით ნ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 11 დეკემბრიდან.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 30 აგვისტოს განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 15 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ნ. ხ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
2015 წლის 11 ნოემბერს მსჯავრდებულმა ნ. ხ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვის შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 25 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
მსჯავრდებული ნ. ხ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ საქმეში მოწმეებად დაკითხული პირები ადასტურებენ მხოლოდ იმ ფაქტს, რომ მას მ. ც-სთან ჰქონდა დაძაბული, კონფლიქტური ურთიერთობა და რომ მ. ც-ე იყო დაჭრილი, რასაც თავად მსჯავრდებულიც არ უარყოფს; ვერც ერთი მოწმე ვერ ადასტურებს ნ. ხ-ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს; ექსპერტის განმარტებიდან ჩანს, რომ თავად მ. ც-საც შეეძლო აღნიშნული ჭრილობის მიყენება; საქმეში არ შეიძლება იყოს დანიდან აღებული მსჯავრდებულის თითის ანაბეჭდები, რადგან მას დანა არ სჭერია და არც დაზიანება მიუყენებია გარდაცვლილისათვის, რომელიც ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელებს, თვითდაზიანებებსაც იყენებდა და ნ. ხ-საც აყენებდა შეურაცხყოფას, რისთვისაც პოლიციამ რამდენჯერმე გააფრთხილა. შემთხვევის დღესაც იყო ძლიერ ნასვამი, მსჯავრდებულს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც ნ. ხ-ი გავიდა სახლიდან და დაურეკა პოლიციის თანამშრომელს; მას მეუღლის მოკვლის განზრახვა რომ ჰქონოდა, არც პოლიციას დაურეკავდა, არც წაქცეული მ. ც-ს დასახმარებლად დაუძახებდა მეზობლებს და არც საავადმყოფოში გაჰყვებოდა, პირიქით, ეცდებოდა, გარიდებოდა შემთხვევის ადგილს.
კასატორის აზრით, მის მიმართ განაჩენი დადგინდა საეჭვო და ირიბ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, საქმეში კი არ მოიპოვება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა; საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით ირიბ მტკიცებულებებზე დაყდნობით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობა გამოირიცხა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ნ. ხ-ი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 25 ნოემბრის განჩინების გაუქმებას და მისი შუამდგომლობის განხილვას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებული ნ. ხ-ი მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვის საფუძვლად, სხვა საფუძვლებთან ერთად, მიუთითებს ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კასატორის მიერ აღნიშნული საფუძველი წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით (არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი) გათვალისწინებულ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ნ. ხ-ს შუამდგომლობის დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აგვისტოს განაჩენი კანონიერი და დასაბუთებულია და არ ეფუძნება ირიბ ჩვენებებს.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლო შუამდგომლობის დასაშვებობის ეტაპზე არ იყო უფლებამოსილი, შეეფასებინა მტკიცებულებები, რომლებსაც ეფუძნება გადასასინჯი განაჩენი. გადაწყვეტილება იმის თაობაზე, ეფუძნება თუ არა ირიბ ჩვენებებს გადასასინჯი გადაწყვეტილება, სააპელაციო პალატამ უნდა მიიღოს მხოლოდ შუამდგომლობის დაშვებისა და კანონით დადგენილი წესით განხილვის შედეგად.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ნ. ხ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვის შესახებ იყო დასაბუთებული, რის გამოც უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 25 ნოემბრის განჩინება მსჯავრდებულის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე და წარმოება უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობის განსახილველად დაშვების მიზნით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 25 ნოემბრის განჩინება მსჯავრდებულ ნ. ხ-ს მიმართ.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე