დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 14.07.2016
საქმის ნომერი
48აგ.-2016
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
14.07.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№48აგ-16 14 ივლისი, 2016 წელი

ლ-ე ა., 48აგ-16 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი, (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ლ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 4 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 მაისის განაჩენით დაკმაყოფილდა თბილისის გლდანი–ნაძალადევის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ–პროკურორის შუამდგომლობა. დამტკიცდა სტაჟიორ–პროკურორსა და ბრალდებულ ა. ლ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

ა. ლ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 წელი საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; სსკ–ის 179–ე მუხლის პირველი ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. ლ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილ - 3 წელი საქართველოს სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით - 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2015 წლის 23 იანვრიდან.

2016 წლის 27 იანვარს მსჯავრდებულმა ა. ლ-მ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა, ვინაიდან დანაშაულის ჩადენის დროს იგი იყო 20 წლის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 4 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ა. ლ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

მსჯავრდებული ა. ლ-ე საკასაციო საჩივრით არ ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 4 თებერვლის განჩინებას და ითხოვს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე–3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მიზნებისათვის არასრულწლოვნად ითვლება პირი, რომელსაც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის შეუსრულდა 14 წელი, მაგრამ არ შესრულებია 18 წელი.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ მსჯავრდებული ა. ლ-ე დაბადებულია 1994 წლის 25 იანვარს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 მაისის განაჩენის მიხედვით, დანაშაულის ორივე ეპიზოდი ჩადენილი აქვს 2015 წლის 22 იანვარსა და 2015 წლის 23 იანვარს, როდესაც ის იყო სრულწლოვანი – 20 წლის.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, მართალია, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე–2 მუხლის მიხედვით, ეს კოდექსი გამოიყენება აგრეთვე 18-დან 21 წლამდე ასაკის ბრალდებული პირის მიმართ ამ კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხოლო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე–15 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე არასრულწლოვანი ბრალდებული, მსჯავრდებული, გამართლებული და დაზარალებული სარგებლობენ უფასო იურიდიული დახმარების უფლებით.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული არ ეხება მსჯავრდებულ ა. ლ-ს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას; ამასთან, საჩივრის ავტორის მოთხოვნა არ ემყარება რაიმე სამართლებრივ საფუძველს და არც გასაჩივრებული განჩინების მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეცვლის კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა არსებობს.

ამდენად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას შუამდგომლობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, ხოლო კასატორის მიერ თავის საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ა. ლ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ა. ლ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 4 თებერვლის განჩინება მსჯავრდებულ ა. ლ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე