განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №129აგ-16 14 ნოემბერი, 2016 წელი
ც-ე მ. 129აგ-16 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ც-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 5 მარტის განაჩენით მ.ც-ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. გაუქმდა მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ. მ. ც-ს სასჯელის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოცხადების მომენტიდან - 2014 წლის 5 მარტიდან და მოთავსებულ იქნა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შესაბამის დაწესებულებაში. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავების დრო - 2014 წლის 9 იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით. მ. ც-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 25 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 12 ივნისის განაჩენით მ. ც-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 5 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ მსჯავრდებულ მ. ც-ს მოსახდელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მ. ც-ს სასჯელის ათვლა დაეწყო 2014 წლის 12 ივნისიდან და სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 28 თებერვლიდან იმავე წლის 5 მარტის ჩათვლით.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ც-ს საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
5. 2016 წლის 17 მარტს მსჯავრდებულმა მ. ც-მ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 5 მარტის განაჩენის გადასინჯვა.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 31 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ც-ს შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინებით საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ მოხმარებისთვის.
8. მსჯავრდებულმა მ. ც-მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 5 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარდგინების საფუძველზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინებით საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით ძალადაკარგულად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ მოხმარებისთვის.
3. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 5 მარტის განაჩენით მსჯავრდებული მ. ც-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით - ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ („მარიხუანის“) უკანონო მოხმარებისათვის, რისთვისაც განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით (არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი) გათვალისწინებულ, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველს, რის გამოც უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 31 მარტის განჩინება მსჯავრდებულ მ. ც-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ და წარმოება უნდა დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობის განსახილველად დაშვების მიზნით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 31 მარტის განჩინება მსჯავრდებულ მ. ც-ს მიმართ.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი