დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 09.01.2017
საქმის ნომერი
151აგ.-2016
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
09.01.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №151აგ-16 9 იანვარი, 2017 წელი

კ-ე პ, 151აგ-16 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ პ. კ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ივნისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 7 აგვისტოს განაჩენით პ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (1960 წლის რედაქცია) 104–ე მუხლის პირველი, მეოთხე, მეექვსე, მეშვიდე და მეცხრე პუნქტებით, 240–ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 238–ე მუხლის პირველი, მეორე და მეოთხე ნაწილებით, 152–ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით, 243–ე მუხლის მესამე ნაწილით და მიესაჯა: 104–ე მუხლის პირველი, მეოთხე, მეექვსე, მეშვიდე და მეცხრე პუნქტებით - უვადო თავისუფლების აღკვეთა, 240–ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 240–ე მუხლის მეორე ნაწილით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 238–ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 238-ე მუხლის მეორე ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 238–ე მუხლის მეოთხე ნაწილით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 152–ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, 243–ე მუხლის მესამე ნაწილით - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის მე–40 მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ მიესაჯა უვადო თავისუფლების აღკვეთა სასჯელის გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით. პ. კ-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 1997 წლის 24 ივნისიდან.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ პ. კ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია სისხლის სამართლის კოდექსის 152–ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (ძვ. რედაქცია) შესაბამისობაში მოვიდა მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტთან და სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238–ე მუხლის მეოთხე ნაწილი (ძველი რედაქცია) შესაბამისობაში მოვიდა მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236–ე მუხლის პირველ, მეორე ნაწილებთან და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104–ე მუხლის მეექვსე, მეშვიდე პუნქტები (ძველი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109–ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებზე. მსჯავრდებულ პ. კ-ეს სისხლის სამართლის კოდექსის 104–ე მუხლის (ძველი რედაქცია) პირველი, მეოთხე, მეცხრე პუნქტებით, 238–ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით, 243–ე მუხლის მესამე ნაწილით, 240–ე მუხლის მეორე ნაწილითა და 2007 წლის 30 ივლისისთვის მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 109–ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით, 179–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 236–ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით სასჯელის საბოლოო ზომად დარჩა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებული პ. კ-ძე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე გათავისუფლდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 7 აგვისტოს განაჩენითა და 2007 წლის 30 ივლისის განჩინებით საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დანიშნული სასჯელისაგან, ხოლო ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 238–ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით (ძველი რედაქცია) დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი და განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 28 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ პ. კ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

5. 2016 წლის 16 ივნისს მსჯავრდებულმა პ. კ-ემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე, კერძოდ: მსჯავრდებული უთითებს, რომ „პატიმრობის შესახებ“ კანონის ამოქმედების შედეგად უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირის სასჯელის მოხდის ადგილად განისაზღვრა საპყრობილე, მაშინ, როდესაც განაჩენით მას სასჯელის მოხდა განსაზღვრული ჰქონდა გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში. აღნიშნულით გაუარესდა მისი მდგომარეობა, დაირღვა კონსტიტუციის 42–ე მუხლის მე–5 ნაწილითა და სისხლის სამართლის კოდექსის მე–2 და მე–3 მუხლებით გარანტირებული კანონის დროში მოქმედების საერთაშორისოდ აღიარებული იურიდიული პრინციპი. შესაბამისად, ადეკვატური და სამართლიანი იქნება მის მიმართ დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთის შეცვლა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ პ. კ-ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

7. კასატორი - მსჯავრდებული პ. კ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას შუამდგომლობაში მითითებული მოტივებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

3. პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებად მიჩნევის თაობაზე, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლომ მითითებულ გადაწყვეტილებაში განმარტა კანონის რეტროაქტიულობის აკრძალვის პრინციპი, კერძოდ: „საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტი არ უტოვებს კანონმდებელს თავისუფლებას იმის გადაწყვეტისას, თუ როდის აქვს ან არ აქვს სამართალდარღვევებისა და მათ გამო პასუხისმგებლობის დამდგენ კანონებს უკუძალა. მე-5 პუნქტის პირველი წინადადება ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ ათვლის წერტილი გამოსაყენებელი კანონის დასადგენად არის ქმედების განხორციელების დრო. შესაბამისად, იმის გადაწყვეტისას, პირის მიერ განხორციელებული ქმედება არის თუ არა სამართალდარღვევა და დადებითი პასუხის შემთხვევაში რა პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს პირს მისთვის, კანონმდებელს გააჩნია სრულიად გარკვეული კონსტიტუციური დირექტივა, რომ გამოსაყენებელ კანონად უნდა ჩაითვალოს ქმედების ჩადენის დროს მოქმედი კანონი. რომელიმე სხვა უფრო გვიან მიღებული (გამოცემული) კანონის გამოყენება სამართალდარღვევებისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრისთვის ჩაითვლება უკუძალის მინიჭებად და კონსტიტუციის დარღვევადაც, თუ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ ან გამაუქმებელ კანონთან არ გვაქვს საქმე“. ამავე გადაწყვეტილებაში აღნიშნულ პრინციპთან მიმართებით საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა ორ კონკრეტულ საკითხზე, კერძოდ: ხანდაზმულობის ვადებისა და პირობითი მსჯავრის მომწესრიგებელი კანონების რეტროაქტიულად გამოყენების საკითხებზე; წარმოდგენილ შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში კი კასატორი აპელირებს სხვა ისეთ საკითხზე, რაც არ ყოფილა საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი.

4. სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია ასევე კასატორის მოთხოვნა მის მიმართ დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთის ვადიანი თავისუფლების აღკვეთით შეცვლის შესახებ მისთვის სასჯელის მოხდის რეჟიმის შეცვლის გამო, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებს აღნიშნული მოტივით უვადო თავისუფლების აღკვეთის ვადიანი თავისუფლების აღკვეთით შეცვლის შესაძლებლობას.

5. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ პ. კ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ პ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ივნისის განჩინება მსჯავრდებულ პ. კ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე