გაუქმდა გამამტყუნებელი განაჩანი და გამოტანილი ინქნა გამამართლებელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#33აპ-17 ქ. თბილისი
ქ-ა ე., 33აპ-17 22 ივნისი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის
პროკურორ - ზაზა ქარქუსაშვილის
მსჯავრდებულ - ე. ქ-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ე. ქ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ნოემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 მარტის განაჩენით ე. ქ-ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (1961 წლის რედაქცია) და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
2. საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ე. ქ-ა გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის - 6 თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან.
3. განაჩენით მსჯავრდებულ ე. ქ-ს მსჯავრი დაედო დაუდევრობაში, ე.ი. სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობაში მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სახელმწიფოსა და ცალკეულ მოქალაქეთა კანონიერ ინტერესებს, კერძოდ:
4. ე. ქ-მ, რომელიც 1997 წლის .....დან 1999 წლის .....დე მუშაობდა ქ.თბილისის ….. პროკურატურის გამომძიებლის თანამდებობაზე და იყო თანამდებობის პირი, აღნიშნული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და პროკურატურის სხვა ორგანოში გადასვლის დროს, მიუხედავად იმისა, რომ ვალდებული იყო, გადაებარებინა მის წარმოებაში არსებული, ქ. თბილისის ….. რაიონულ პროკურატურაზე რიცხული სისხლის სამართლის საქმეები და წინასაგამოძიებო შემოწმების მასალები, არ შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო და რაიონული პროკურატურის კანცელარიას არ ჩააბარა და დაკარგა მის წარმოებაში არსებული შემოწმების 11 მასალა: 1. მ. შ-ს სიკვდილის ფაქტზე; 2. კ. ბ-ს სიკვდილის ფაქტზე; 3. გ. ხ-ს სიკვდილის ფაქტზე; 4. ჯ. ხ-ს სიკვდილის ფაქტზე; 5. გ. ლ-ს სიკვდილის ფაქტზე; 6. ტ. გ-ს სიკვდილის ფაქტზე; 7. ვ. კ-ს სიკვდილის ფაქტზე; 8. ვ. გ-ს თვითმკვლელობის ფაქტზე; 9. ჩ. ჩ-ს სიკვდილის ფაქტზე; 10. ა. ბ-ს სიკვდილის ფაქტზე; 11. ვ. შ-ს სიკვდილის ფაქტზე და სისხლის სამართლის 2 საქმე: 1. სისხლის სამართლის №….. საქმე ზ. ე-ს ძე ბ-ს მიმართ, სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან თავის არიდების ფაქტზე; 2. სისხლის სამართლის №….. საქმე 1997 წლის 24 დეკემბერს გამოძიებით დაუდგენელი პირის მიერ გ. გ-სა და ვ. ძ-თან ერთად ვ. მ-ს მკვლელობის ფაქტზე.
5. ე. ქ-ს მიერ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სახელმწიფოს კანონიერ ინტერესებს.
6. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
7. მსჯავრდებული ე. ქ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ნოემბრის განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას შემდეგი საფუძვლებით: განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო, სასამართლომ სწორად არ შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მნიშვნელოვანი ფაქტები უგულებელყო. ამასთან, დამახინჯებული და არასწორად ინტერპრეტირებულია მისი და მოწმე მ. შ-ს ჩვენებები. ბრალდების მხარემ სასამართლოზე არ წარმოადგინა მთავარი მოწმე ვ. ა-ა. მასალების გადაბარება მან მყისიერად ვერ შეძლო ობიექტური მიზეზების გამო, ….. პროკურატურაში არყოფნის გამო, ხოლო სასამართლომ და პროკურატურამ არ დაადგინეს: რა დრო გავიდა მისი სხვა თანამდებობაზე გადასვლის მომენტიდან; რამ განაპირობა მისი სამსახურში არყოფნა; იყო თუ არა ეს გარემოება ობიექტური.
8. საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ე. ქ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები და მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას.
9. პროკურორმა ზაზა ქარქუსაშვილმა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ნოემბრის განაჩენის ძალაში დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და დაასკვნა, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს გენერალური პროკურორის - ჯ. ბ-ს 1997 წლის ..... №….. ბრძანებით ე. ქ-ა გათავისუფლდა ….. რაიონის პროკურატურის გამომძიებლის თანამდებობიდან და დაინიშნა ქ. თბილისის ….. რაიონის პროკურატურის გამომძიებლად.
3. საქართველოს გენერალური პროკურორის - ჯ. ბ-ს 1999 წლის ..... №….. ბრძანებით ე. ქ-ა გათავისუფლდა ქ.თბილისის …..რაიონის პროკურატურის გამომძიებლის თანამდებობიდან და დაინიშნა საქართველოს გენერალური პროკურატურის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი სამმართველოს სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი განყოფილების პროკურორად.
4. 2005 წლის 22 ივნისის წერილის თანახმად, ქ.თბილისის ….. რაიონულმა პროკურორმა დ. გ-მ საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის უფროსს აცნობა, რომ ჩ. ვ-ს ძე ჩ-ს ცეცხლსასროლი ჭრილობის შედეგად გარდაცვალების ფაქტზე შემოწმება ჩაატარა რაიონული პროკურატურის ყოფილმა თანამშრომელმა ე. ქ-მ და მანვე გამოიტანა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო შემოწმების მასალები ….. რაიონულ პროკურატურაში ვერ მოიძიეს.
5. 2005 წლის 5 ივლისის წერილის თანახმად, ქ.თბილისის ….. რაიონულმა პროკურორმა დ. გ-მ საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის უფროსს აცნობა, რომ სისხლის სამართლის №….. საქმე ზ. ე-ს ძე ბ-ს მიმართ, სამხედრო-სავალდებულო სამსახურიდან თავის არიდების ფაქტსა და სისხლის სამართლის №….. საქმე ვ. მ-ს მკვლელობის ფაქტზე რეგისტრირებულია ….. პროკურატურის კანცელარიის 1998 წლის ჟურნალში, თუმცა საქმეთა შემდგომი ,,მოძრაობა“ ჟურნალში არ ფიქსირდება და არც რაიონული პროკურატურის არქივში ინახება. ამასთან, 1999 წლის შემოწმების მასალები მ. შ-ს, კ. ბ-ს, გ. ხ-ს, ჯ. ხ-ს, გ. ლ-ს, ტ. გ-ს, ვ. კ-ს, ვ. გ-ს, ა. ბ-სა და ვ. შ-ს გარდაცვალების ფაქტებზე რეგისტრირებულია 1999 წლის მასალების აღრიცხვის ჟურნალში, რომელშიც საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისა და არქივში ჩაბარების შესახებ ჩანაწერი არ არსებობს, ხსენებული შემოწმების მასალები თბილისის ….. რაიონული პროკურატურის არქივში არ ინახება. საკანცელარიო ჟურნალების შესაბამისი ჩანაწერების თანახმად, ზემოაღნიშნულ საქმეებზე გამოძიებას, ხოლო გარდაცვალების ფაქტებზე - შემოწმებას ატარებდა ყოფილი თანამშრომელი, ….. რაიონის პროკურატურის გამომძიებელი ე. ქ-ა.
6. საქართველოს გენერალური პროკურატურის აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის - რ. გ-ს 2005 წლის 8 ივლისის წერილის თანახმად, სისხლის სამართლის №….. და №….. საქმეები, აგრეთვე შემოწმების მასალები მ. შ-ს, კ. ბ-ს, გ. ხ-ს, ჯ. ხ-ს, გ. ლ-ს, ტ. გ-ს, ვ. კ-ს, ვ. გ-ს, ა. ბ-ს, ვ. შ-სა და ჩ.ჩ-ს გარდაცვალების ფაქტებზე გენერალური პროკურატურის არქივში არ ინახება.
7. ქ. თბილისის ….. რაიონული პროკურორის დ. გ-ს 2005 წლის 20 ივლისის წერილის თანახმად, თბილისის ….. რაიონულ პროკურატურაში არ მოიპოვება: მონაცემები (ცნობები, აქტები) 1999 წლიდან 2005 წლის 20 ივლისამდე ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო შემოწმების მასალების (რომლებზეც მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ) თბილისის ან რაიონის არქივში გადაგზავნის შესახებ; ….. რაიონის პროკურატურის გამომძიებელ ე. ქ-ს პროკურატურიდან გადასვლის გამო მისი მოხსენებითი ბარათი წარმოებაში არსებული მასალებისა და სისხლის სამართლის საქმეების გადაბარების მოთხოვნით; ე. ქ-ს მიერ მის წარმოებაში არსებული სს საქმეებისა და მასალების გადაბარების ამსახველი აქტი ან რაიმე სხვა სახის დოკუმენტი.
8. ….. რაიონული პროკურატურის 1998 წელს შეწყვეტილი და დამთავრებული საქმეების სიის თანახმად, სისხლის სამართლის №….. საქმეზე ზ. ბ-ს მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული სსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით, გამოძიებას აწარმოებდა ე. ქ-ა. გამოძიება შეწყდა 20.12.1998 წელს, საქართველოს სსსკ-ის მე-6 მუხლის თანახმად. 1978-1998 წლების ჩათვლით შეწყვეტილ სისხლის სამართლის საქმეებში სიაში, რომლებიც დამუშავდა საარქივო წესით და ინახებოდა ქ.თბილისის ….. რაიონულ პროკურატურაში, არ ფიქსირდება ე. ქ-ზე რიცხული სისხლის სამართლის №…..საქმე.
9. დოკუმენტის დათვალიერების შესახებ ოქმის თანახმად, 2005 წლის 8 სექტემბერს პროკურორ რ. ქ-ს მიერ დამსწრეების - ს. ჯ-სა და დ. ჩ-ს მონაწილეობით დათვალიერდა ქ.თბილისის ….. რაიონულ პროკურატურაში რიცხული 1998 და 1999 წლების სისხლის სამართლის საქმეების აღრიცხვის ჟურნალები და 1999-2000 წლების შემოწმების მასალების ჟურნალი.
10. დათვალიერების შედეგად დადგინდა შემდეგი:
….. რაიონის პროკურატურის 1998 წლის სისხლის სამართლის საქმეების აღრიცხვის ჟურნალის №….. ჩანაწერის გასწვრივ დაფიქსირებულია სისხლის სამართლის საქმის ნომერი….., რომელიც 22.10.1998 წლიდან წარმოებაში ჰქონდა მ-ს. „ბ-ი ზ. ე-ს ძე თავს არიდებს ჯარში გაწვევას. …... ქ-ა“; სხვა სარეგისტრაციო ჩანაწერი შესრულებული არ არის. ….. რაიონის პროკურატურის 1999 წლის სისხლის სამართლის საქმეების აღრიცხვის ჟურნალის №….. ჩანაწერის გასწვრივ დაფიქსირებულია სისხლის სამართლის საქმის ნომერი ….., რომელიც 14.01.99 წლიდან წარმოებაში ჰქონდა ე.ქ-ს. „1997 წ. 24 დეკემბერს გამოძიებით დაუდგენელმა პირმა გ.გ.გ-თან და ვ.ვ.ძ-თან ერთად ჩაიდინა მოქ. ვ. ლ-ს ძე მ-ს მკვლელობა. …... ქ-ა. ქ-ს სახელით შესრულებულია ხელმოწერა. საქმე ქ-ს არ ჩაუბარებია. ხელმოწერილია მ. შ-ს სახელით“; სხვა სარეგისტრაციო ჩანაწერი შესრულებული არ არის. ….. რაიონის პროკურატურის 1999-2000 წლების შემოწმების მასალების აღრიცხვის ჟურნალის მიხედვით: ….. ჩანაწერის გასწვრივ მიწერილია: ,,…... შსს ….. განყ. ….. მ. ვ-ს ასული შ-ს გარდაცვალების ფაქტზე; …... ქ-ა. ქ-ს სახელით ხელმოწერილია“. სხვა სარეგისტრაციო ჩანაწერი შესრულებული არ არის; ….. ჩანაწერის გასწვრივ მიწერილია: ,,…... შსს….. განყ. ….. კ. პ-ს ასული ბ-ს სიკვდილის ფაქტზე;…..ქ-ა. ქ-ს სახელით ხელმოწერილია“. სხვა სარეგისტრაციო ჩანაწერი შესრულებული არ არის; ….. ჩანაწერის გასწვრივ მიწერილია: ,,…... შსს…..განყ. ….. გ. ბ-ს ძე ხ-ს სიკვდილის ფაქტზე; …... ქ-ა. ქ-ს სახელით ხელმოწერილია“. სხვა სარეგისტრაციო ჩანაწერი შესრულებული არ არის; ….. ჩანაწერის გასწვრივ მიწერილია: ,,…... შსს ….. განყ…… ჯ. რ-ს ძე ხ-ს გარდაცვალების ფაქტზე; ….. ქ-ა. ქ-ს სახელით ხელმოწერილია“. სხვა სარეგისტრაციო ჩანაწერი შესრულებული არ არის; ….. ჩანაწერის გასწვრივ მიწერილია: ,,…... შსს სამმართველოდან …..გ. ლ-ს სიკვდილის ფაქტზე; ….. ქ-ა. ქ-ს სახელით ხელმოწერილია“. სხვა სარეგისტრაციო ჩანაწერი შესრულებული არ არის; ….. ჩანაწერის გასწვრივ მიწერილია: ,,…... შსს ….. განყ. ….. გ-ო ტ. ნ-ს ასულის სიკვდილის ფაქტზე; ….. ქ-ა. ქ-ს სახელით ხელმოწერილია“. სხვა სარეგისტრაციო ჩანაწერი შესრულებული არ არის; ….. ჩანაწერის გასწვრივ მიწერილია: ,,…... შსს. ….. ვ. ი-ს ძე კ-ს სიკვდილის ფაქტზე; …... ქ-ა. ქ-ს სახელით ხელმოწერილი ა. ქ-ს №….. და №….. მასალები არ ჩაუბარებია. მ. შ-ს სახელით ხელმოწერილია“. სხვა სარეგისტრაციო ჩანაწერი შესრულებული არ არის; ….. ჩანაწერის გასწვრივ მიწერილია: ,,…... შსს. ….. ვ. თ-ს ძე გ-მ თავი მოიკლა …... ქ-ა. ქ-ს სახელით ხელმოწერილია. ქ-ს №….. და №….. მასალები არ ჩაუბარებია. მ. შ-ს სახელით ხელმოწერილია“. სხვა სარეგისტრაციო ჩანაწერი შესრულებული არ არის; ….. ჩანაწერის გასწვრივ მიწერილია: ,,….. იყო გ-ი ….. ჩ. ვ-ს ძე ჩ-ს თვითმკვლელობის ფაქტზე; ….. გ-ი. გ-ს სახელით ხელმოწერილია. …... ქ-ა. ქ-ს სახელით ხელმოწერილია. ქ-ს №….. მასალა არ ჩაუბარებია. მ. შ-ს სახელით ხელმოწერილია“. სხვა სარეგისტრაციო ჩანაწერი შესრულებული არ არის; ….. ჩანაწერის გასწვრივ მიწერილია: ,,…... შსს …..განყ. ….. ა.მ-ს ძე ბ-ს სიკვდილის ფაქტზე; …... ქ-ა. ქ-ს სახელით ხელმოწერილია. ქ-ს №….. მასალა არ ჩაუბარებია. მ.შ-ს სახელით ხელმოწერილია“. სხვა სარეგისტრაციო ჩანაწერი შესრულებული არ არის; ….. ჩანაწერის გასწვრივ მიწერილია: ,,…... შსს…..განყ. ….. ვ. მ-ს ძე შ-ს სიკვდილის ფაქტზე; ….. ქ-ა. ქ-ს სახელით ხელმოწერილია. ქ-ს №….. მასალა არ ჩაუბარებია. მ. შ-ს სახელით ხელმოწერილია“. სხვა სარეგისტრაციო ჩანაწერი შესრულებული არ არის. 11. დათვალიერების ოქმი შეესაბამება ოქმზე დართულ სარეგისტრაციო ჩანაწერების ქსეროასლებს. ჟურნალებში არსებული ჩანაწერების მიხედვით, ზემოაღნიშნული სისხლის სამართლის საქმეები და შემოწმების მასალები კანცელარიას არ ჩაჰბარდა და უცნობია მათზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ.
12. ქ. თბილისის პროკურატურის 2005 წლის 12 სექტემბრის წერილის თანახმად, საქმეთა რეგისტრაციის ჟურნალების მიხედვით, 1998 წლიდან დღემდე სისხლის სამართლის №….. და №….. საქმეები, აგრეთვე შემოწმების მასალები მ. შ-ს, კ. ბ-ს, გ. ხ-ს, ჯ. ხ-ს, გ. ლ-ს, ტ. გ-ს, ვ. კ-ს, ვ. გ-ს, ა. ბ-ს, ვ. შ-სა და ჩ. ჩ-ს გარდაცვალების ფაქტებზე ქ. თბილისის პროკურატურაში არ შემოსულა.
13. 2005 წლის 30 ნოემბრის დადგენილებით შეწყდა წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის N…..საქმეზე ე. ქ-ს მიერ 1999 წლის ..... დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და პროკურატურის სხვა ორგანოში გადასვლის დროს მასზე რიცხული სისხლის სამართლის ორი საქმისა და თერთმეტი წინასაგამოძიებო შემოწმების მასალის დაკარგვის გამო, 1961 წლის რედაქციის სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის - დაუდევრობის ჩადენის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ხანდაზმულობის ვადის გასვლის შედეგად.
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2006 წლის 21 ივნისის დადგენილების საფუძველზე დაკმაყოფილდა ე. ქ-ს საჩივარი, გაუქმდა 2005 წლის 30 ნოემბრის დადგენილება და საქმე დაუბრუნდა …..რაიონულ პროკურატურას.
15. 2006 წლის 18 აგვისტოს საქმე, საბრალდებო დასკვნით, განსახილველად წარიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
16. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაკითხვისას მოწმე მ. შ-მ განმარტა, რომ 1977-2004 წლებში მუშაობდა ….. რაიონის პროკურატურაში კანცელარიის უფროსად (გამგედ). გარკვეული პერიოდი, 1998-1999 წლამდე, გამომძიებლის თანამდებობაზე მუშაობდა ე. ქ-ა, ხოლო იმ პერიოდში რაიონის პროკურორი იყო ვ. ა-ა. მის კომპეტენციაში შედიოდა ფოსტის, სისხლის სამართლის საქმეებისა და შემოწმების მასალების რეგისტრაცია ჟურნალში. 1999 წელს ე. ქ-ა გადავიდა სხვა სამსახურში ისე, რომ კანცელარიას არ ჩააბარა შემოწმების 11 მასალა და სისხლის სამართლის 2 საქმე. დადგენილი პროცედურის შესაბამისად, სამსახურიდან წასვლისას თითოეულ საქმეზე ან მასალაზე უნდა დაწერილიყო მოხსენებითი ბარათი რაიონის პროკურორის სახელზე საქმეების სხვა თანამშრომლისათვის გადაცემის თხოვნით. პროკურორი დაადებდა რეზოლუციას, შემდეგ თვითონ გაატარებდა შესაბამის ჟურნალში და გადასცემდა სხვა თანამშრომელს, რასაც დაუდასტურებდნენ ხელმოწერით. მოწმემ კატეგორიულად დაადასტურა, რომ ე. ქ-ს არ შეუდგენია მოხსენებითი ბარათები 11 შემოწმების მასალასა და 2 სისხლის სამართლის საქმეზე, შესაბამისად, არც მას ჩაუბარებია. ე. ქ-ს მიერ საქმეებისა და მასალების ჩაუბარებლობის თაობაზე საქმის კურსში ჩააყენა გ. ჯ-ა და ვ. ა-ა. მასალების ჩაბარებას სიტყვიერად მოითხოვდა უშუალოდ ე. ქ-განაც, 2-ჯერ მეზობელთან დაურეკა და ერთხელ სახლშიც მიაკითხა. ე. ქ-ა დაჰპირდა მასალების მიტანას. მანვე განმარტა, რომ ერთხელ ჩავიდა შენობის პირველ სართულზე მდებარე ე. ქ-ს ოთახში, რათა ენახა, ხომ არ იყო იქ ე. ქ-ა. ამ დროს ნახა, რომ მისი გვერდითა ოთახის კარი ღია იყო, რომელიც ეკუთვნოდა სამოქალაქო თავდაცვას. იქ ინახებოდა ფხვნილები და ქიმიური ნივთიერებები. ოთახის შუშები იყო დამტვრეული, ხოლო იატაკზე ეყარა ფხვნილები, ნარეცხი ქაღალდები და ტაბელები. მანვე მიუთითა: „იატაკზე მე შევნიშნე ერთი მომართვა, ა-ს ხელით ეწერა - „ქ-ს“ და პოლიციის შტამპი. ეს იყო მასალები, რომ რაღაცა დაეწერა, მაგრამ რომელი, არ იკითხებოდა, ეს იყო დახეული და ძალიან ბინძურ მდგომარეობაში ... პოლიციის შტამპი ვნახე“. შემდეგ იგი ავიდა მეორე სართულზე, სადაც დ. ჯ-საც უთხრა ამის შესახებ და ასევე მოახსენა რაიონის პროკურორ ვ. ა-ს, რაც ასევე გაიგო პროკურორის თანაშემწე თ. ა-მ, როდესაც იგი გამოდიოდა პროკურორის კაბინეტიდან. თ. ა-ე სიცილით წავიდა ა-სთან ოთახში და უთხრა: „წარმოგიდგენია, რას აკეთებს ქ-ა, მასალებს ხევსო“. თვითონ პროკურორის ოთახში არ შესულა, ერთი წამით შეიხედა და უთხრა, რომ ძირს ეყარა რაღაც მასალები. მოხსენებითი ბარათი წერილობითი ფორმით აღნიშნულთან დაკავშირებით მას არ დაუწერია, ვინაიდან ზეპირი განცხადება მიიჩნია საკმარისად, რადგან რა მასალა იყო, არ იცოდა. იქ იკითხებოდა მხოლოდ შტამპი, აგრეთვე სიტყვები - „….. რაიონის შინაგან“ და „ქ-ს“. მ. შ-მ დამატებით განმარტა, რომ საქმის ჩაბარების შემთხვევაში, ჩამბარებელ პირთან ერთად, მაშინვე შეჰქონდა ჟურნალში მონაცემები. 2004-2005 წლებში პროკურორმა მოსთხოვა ჩ. ჩ-ს გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებული შემოწმების მასალები, რაზეც უპასუხა, რომ ხსენებული მასალები, სხვა მასალების მსგავსად, ეწერა ე. ქ-ს და არ ჰქონდა ჩაბარებული. მისთვის უცნობია, კონკრეტულად ვინ დაინტერესდა ჩ. ჩ-თან დაკავშირებული მასალებით, მაგრამ ვინაიდან ვ. ა-ა მისგან ითხოვდა მასალებს, სავარაუდოდ, მოითხოვეს გენერალურ ან ქალაქის პროკურატურაში. მოწმის ჩვენებით, შეწყვეტილ და შეჩერებულ სისხლის სამართლის საქმეებს ინახავდნენ გამომძიებლები, თუმცა ჟურნალში, შესაბამისი დადგენილების წარდგენის საფუძველზე, მას აკეთებინებდნენ ჩანაწერს ამის თაობაზე.
17. მოწმე ნ. გ-ს ჩვენებით, 1994-2005 წლებში მუშაობდა ….. რაიონის პროკურატურაში პროკურორის თანაშემწედ. მისი განმარტებით, ჩ. ჩ-ს გარდაცვალების ფაქტზე დაათვალიერა შემთხვევის ადგილი და დანიშნა სამედიცინო ექსპერტიზა, ხოლო შემდეგ, პროკურორის რეზოლუციით, შემოწმების მასალები შესასრულებლად გადაეცა ე. ქ-ს. ხსენებულ მასალასთან დაკავშირებით გამომძიებელს უნდა მიეღო სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ან აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება. მისთვის უცნობია, რა სახის გადაწყვეტილება მიიღო ე. ქ-მ. მოწმემ უარყო ის გარემოება, რომ თითქოსდა მასალის ე. ქ-თვის გადაცემა ატარებდა ფორმალურ ხასიათს. მოწმის ჩვენებით, ოპერატიულ თათბირებზე, რომლებსაც ესწრებოდა ყველა ოპერატიული თანამშრომელი, პროკურორი ვ. ა-ა კანცელარიის უფროსის - მ. შ-სგან ისმენდა ინფორმაციას გამომძიებელთა მიერ მასალებისა და საქმეების ჩაბარებისა და ჩაუბარებლობის მიზეზების თაობაზე. მოწმის ჩვენებით, მ.შ-ა ყველა ოპერატიულ თანამშრომელს ჯერ სიტყვიერად აფრთხილებდა, შემდგომ კი ჟურნალის წარდგენით ახსენებდა მასალების ჩაბარებისა და ვადების თაობაზე. მ.შ-ა შესაბამისი დადგენილების წარდგენის გარეშე არ აკეთებდა ჟურნალში სისხლის სამართლის საქმეებისა და შემოწმების მასალების თაობაზე ჩანაწერს, თუ პირადად არ იხილავდა შესაბამის დადგენილებას (შეჩერების, შეწყვეტის, არაღძვრის და ა.შ.). მოწმის განმარტებით, შეჩერებული საქმეები ინახებოდა საქმის მწარმოებელ გამომძიებელთან, ხოლო შეწყვეტილი საქმეები ჰბარდებოდა კანცელარიას და შემდეგ გადაეცემოდა არქივს.
18. დ. ჯ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 1999 წელს იგი მუშაობდა ….. რაიონულ პროკურატურაში მდივან-მემანქანის თანამდებობაზე. მუშაობის პერიოდში იმავე პროკურატურის კანცელარიის უფროსი - მ. შ-ა სისტემატურად ახსენებდა თანამშრომლებს მათზე რიცხული მასალების ჩაბარების თაობაზე. მ. შ-გან გადმოცემით იცის, რომ გამომძიებელი ე. ქ-ა არ აბარებდა საქმეებსა და მასალებს, რის გამოც კანცელარიის უფროსმა არაერთხელ მიმართა ..... რაიონის პროკურორ ვ. ა-ს. როდესაც ე-ი უკვე დანიშნული იყო სხვა თანამდებობაზე, მ. შ-მ უთხრა, რომ ჩაჰყოლოდა პროკურატურის შენობის პირველ სართულზე, ე-ს სამუშაო ოთახში. ის და მ. ჩავიდნენ. თვითონ ოთახში ბოლომდე არ შესულა, კარიდან შეიხედა და მერე უკან გამობრუნდა. ოთახში იყო სიბინძურე, ეყარა ქაღალდები. ქაღალდები ეყარა როგორც ე-ს სამუშაო ოთახში, ისე მის გვერდითა ოთახშიც. ისინი იყო დახეული. იმ მომენტში, როცა ჩავიდა შენობის პირველ სართულზე, ე-ს ოთახის კარი ღია დახვდა, თუმცა კარი გატეხილი იყო თუ არა, არ იცის. გვერდით ოთახს კარი არ ჰქონდა. ადვოკატის შეკითხვაზე დ. ჯ-ი დაეთანხმა მის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას, სადაც იგი უთითებდა, რომ ქაღალდების ნაწილი, რომელიც მან დაინახა ე. ქ-ს ყოფილ სამუშაო და ასევე მის გვერდით მდებარე ოთახში, დაბეჭდილი იყო მექანიკურ საბეჭდ მანქანაზე, ნაწილი ხელნაწერი, ნაწილი კი - ბლანკიანი, რომლებზეც დაბეჭდილი იყო რაღაც ტექსტები. ვინაიდან იქ ეყარა უამრავი, მტვრიანი და დაბინძურებული ქაღალდი, მას შეექმნა შთაბეჭდილება, რომ აღნიშნული საბუთები და მიმოწერა იყო განადგურებული. ქაღალდები არ იყო დაკუჭული, უმეტესობა იყო შუაზე გადახეული. მოწმის განმარტებით, მ. შ-საგან იცის, რომ მან ამის შესახებ შეატყობინა ….. რაიონის პროკურორს, მაგრამ რა რეაგირება მოჰყვა აღნიშნულს, მისთვის უცნობია.
19. მოწმე გ. ჯ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 1999 წელს მუშაობდა ….. რაიონის პროკურორის მოადგილედ. პროკურატურის კანცელარიის უფროსი მ. შ-ა მუდმივად გამოთქვამდა უკმაყოფილებას, რომ გამომძიებელი ე. ქ-ა დროულად არ აბარებდა მასალებს, რის თაობაზეც ინფორმაციას აწვდიდა რაიონის პროკურორ ვ. ა-ს. ჩააბარა თუ არა მასალები და რა რეაგირება მოახდინა აღნიშნულზე ვ. ა-მ, მისთვის უცნობია. მას არ ახსოვს, შეატყობინა თუ არა მ. შ-მ პროკურატურის შენობის პირველ სართულზე, ოთახებში აღმოჩენილი არეულობის შესახებ, თუმცა დანამდვილებით იცის, რომ იგი პირველ სართულზე არ ჩასულა და თვითონ არაფერი უნახავს.
20. მოწმე თ. ა-ს ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობდა ….. რაიონული პროკურორის თანაშემწედ. მუშაობის პერიოდში კანცელარიის უფროსი მ. შ-ა ყველა ოპერატიულ თანამშრომელს, მათ შორის ე. ქ-ს, სისტემატურად ახსენებდა მათზე რიცხული შემოწმების მასალებისა და საქმეების ჩაბარების თაობაზე. მანვე განმარტა, რომ არ ახსოვს დოკუმენტების განადგურების ან დახევის ფაქტი და შეატყობინა თუ არა აღნიშნულის შესახებ მ. შ-მ.
21. მსჯავრდებულ ე. ქ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 1997-1999 წლებში მუშაობდა თბილისის ….. რაიონულ პროკურატურაში გამომძიებლის თანამდებობაზე. 1999 წლის ..... იგი დაინიშნა საქართველოს გენერალური პროკურატურის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი სამმართველოს პროკურორის თანამდებობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით იგი ვალდებული იყო, მის წარმოებაში არსებული შემოწმების მასალები და სისხლის სამართლის საქმეები ჩაებარებინა, სხვა გამომძიებლისათვის გადაცემის მიზნით, მაგრამ ეს დროულად ვერ შეძლო ობიექტური მიზეზების გამო, რადგან მისი სხვა სამსახურში გადასვლა მოხდა მყისიერად და ამავდროულად იმ მომენტში ფიზიკურად არ იმყოფებოდა ….. პროკურატურაში. როდესაც მ. შ-მ დაურეკა და შეთანხმდნენ, რომ უნდა მისულიყო და საქმეები გადაებარებინა, მისვლამდე ….. რაიონის პროკურორმა ვ. ა-მ დაურეკა და უთხრა, რომ მასთან იმყოფებოდა მ. შ-ა, რომლისგანაც შეიტყო, რომ დაბლა, პირველ სართულზე, მის სამუშაო ოთახსა და ასევე, მის გვერდით მდებარე ოთახში, მთელი მასალები იყო განადგურებული და სთხოვა მისვლა. როგორც შეიტყო, მისი კაბინეტი იყო გატეხილი, მასალები - მიყრილ-მოყრილი, ბევრი მათგანი იყო დამწვარი და დანაკუწებული, ხოლო მისი სამუშაო ოთახის გვერდით ოთახში ცეცხლი ყოფილა დანთებული. ამის შემდეგ ე. ქ-ა შეხვდა ვ. ა-ს, რომელმაც უთხრა, რომ კანონიერი ზომები უნდა მიეღო აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. ე. დაეთანხმა და უთხრა, რომ მზად იყო ჩვენების მისაცემად. რაიონის პროკურორი ვალდებული იყო, აღეძრა სისხლის სამართლის საქმე, თუმცა, რატომ არ მიიღო ზომები და არ მოახდინა რეაგირება, მისთვის უცნობია. მოგვიანებით, 2004 წელს, ერთ-ერთმა პირმა დაიბარა გენერალურ პროკურატურაში რაღაც მასალასთან დაკავშირებით. იმავე წელს დაიბარა ვ. ა-მ და უთხრა, რომ ერთ მასალასთან დაკავშირებით არსებობდა პრობლემა, რომელსაც თვითონ მიხედავდა. ე-მ უსაყვედურა, თუ რატომ არ მიიღო თავის დროზე შესაბამისი ზომები მასალების განადგურების ფაქტთან დაკავშირებით, რაზეც ვ. ა-მ კვლავ გაუმეორა, რომ არ ენერვიულა, მოქცეულიყო ისე, როგორც ეტყოდა და იგი მიხედავდა ყველაფერს. ე. დაეთანხმა, ოღონდ იმ პირობით, რომ ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო კანონის ფარგლებში. ვ. ა-სავე რჩევით, წინასწარ გამოძიებაში ე-მ მისცა ჩვენება, რომ მან ეს 11 მასალა და 2 სისხლის სამართლის საქმე ჩააბარა კანცელარიის უფროსს.
22. ე. ქ-ს განმარტებით, მას მასალების განადგურების, დაკარგვისა და მათი ჩაუბარებლობის არანაირი ინტერესი არ ჰქონდა და არც საქმის მასალებიდან იკვეთება მსგავსი რამ. მისი კაბინეტი იყო გატეხილი, მასალები - მიმოფანტული და განადგურებული, რაც დასტურდება თავად ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებით. სამუშაო ოთახის გასაღები ჰქონდა მხოლოდ მას, ოთახი არ იყო სათანადოდ დაცული, არ ჰქონდა რკინის კარი და სეიფი. როგორც მასალები, ისე სისხლის სამართლის საქმეები ინახებოდა მის ოთახში, მაგიდაზე თუ უჯრაში - არ ახსოვს. რომ არა მისი ოთახის გატეხვისა და მასალების განადგურების ფაქტი, იგი სრულად ჩააბარებდა ყველა მასალას და სწორედ ამ მიზეზის გამო ვერ მოახერხა მათი ჩაბარება. ამასთან, იგი არ იყო უფლებამოსილი, მიეღო რაიმე ზომები მითითებულ ფაქტთან დაკავშირებით. რაიონის პროკურორს ესაუბრა, რომელსაც უნდა აღეძრა სისხლის სამართლის საქმე, რაც მან არ გააკეთა, მისთვის გაურკვეველი მიზეზის გამო. შესაბამისად, გამოძიება არ იყო ობიექტური, რადგან არ დადგენილა პირი, რომელმაც გაანადგურა მასალები. მან სრულად გადააბარა ის მასალები, რაც გადაურჩა განადგურებას.
23. გარდა ამისა, ე. ქ-მ განმარტა, რომ მასალების დაკარგვას არ გამოუწვევია არანაირი ზიანი, ვინაიდან შემოწმების 11 მასალაზე ხანდაზმულობის ვადები გასული იყო. რაც შეეხება ორ სისხლის სამართლის საქმეს, ერთი მათგანი შეწყვეტილი იყო, ხოლო მეორე წარმოადგენდა სხვა საქმიდან გამოყოფილი საქმის ასლებს და მასზე გამოძიება იყო შეჩერებული. შესაბამისად, მითითებული მასალებისა და სისხლის სამართლის საქმეების დაკარგვის შედეგად არ არსებობს რაიმე სახის ზიანი. ამასთან, გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმის აღდგენა პრობლემას არ წარმოადგენდა და მიუხედავად აღნიშნულისა, ეს არ მოხდა, ხოლო 11 მასალაზე მიღებული იყო სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის გადაწყვეტილებები.
24. საქმის მასალებით დადგენილია და სადავო არ არის, რომ ე. ქ-ა 1997 წლის .....დან 1999 წლის .....მდე მუშაობდა ქ. თბილისის….. რაიონის პროკურატურაში გამომძიებლის თანამდებობაზე და ვალდებული იყო, სპეციალური მითითების გარეშე შეესრულებინა მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა. 1999 წლის .....დან იგი დაინიშნა საქართველოს გენერალური პროკურატურის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი სამმართველოს სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი განყოფილების პროკურორის თანამდებობაზე. ე. ქ-ს ამ თანამდებობაზე გადასვლის დროს კანცელარიისთვის არ ჩაუბარებია მასზე რიცხული შემოწმების 11 მასალა, კერძოდ: 1. მ. შ-ს სიკვდილის ფაქტზე; 2. კ. ბ-ს სიკვდილის ფაქტზე; 3. გ. ხ-ს სიკვდილის ფაქტზე; 4. ჯ. ხ-ს სიკვდილის ფაქტზე; 5. გ. ლ-ს სიკვდილის ფაქტზე; 6. ტ. გ-ს სიკვდილის ფაქტზე; 7. ვ. კ-ს სიკვდილის ფაქტზე; 8. ვ. გ-ს თვითმკვლელობის ფაქტზე; 9. ჩ. ჩ-ს სიკვდილის ფაქტზე; 10. ა. ბ-ს სიკვდილის ფაქტზე; 11. ვ. შ-ს სიკვდილის ფაქტზე და 2 სისხლის სამართლის საქმე, კერძოდ: 1. სისხლის სამართლის №….. საქმე ზ. ე-ს ძე ბ-ს მიმართ, სამხედრო-სავალდებულო სამსახურიდან თავის არიდების ფაქტზე; 2. სისხლის სამართლის №….. საქმე 1997 წლის 24 დეკემბერს გამოძიებით დაუდგენელი პირის მიერ გ. გ-სა და ვ. ძ-თან ერთად ვ. მ-ს მკვლელობის ფაქტზე. სადავო არ არის ასევე ის გარემოება, რომ მასალებისა და სისხლის სამართლის საქმეების ჩაუბარებლობით სახელმწიფოსა და ცალკეულ მოქალაქეთა კანონიერ ინტერესებს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
ამდენად, საკასაციო პალატამ უნდა შეაფასოს: ე. ქ-მ რა მიზეზით ვერ შეძლო მასალებისა და საქმეების ჩაბარება, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისადმი დაუდევარი დამოკიდებულების, თუ - მათი გადაბარების შეუძლებლობის გამო.
25. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო პალატის მსჯელობაზე, რომ ბრალდების მხარე არ ედავება ე. ქ-ს მასალების განადგურებას, და ასეც რომ იყოს, ეს ფაქტი არ ათავისუფლებს მას მანამდე შეუსრულებელი ქმედებით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან. სააპელაციო პალატა ასევე უთითებს, რომ განადგურდა თუ არა ე. ქ-ს წარმოებაში არსებული მასალები და ორი სისხლის სამართლის საქმე, არ არის დადასტურებული, რადგან მ. შ-მ მიუთითა, რომ მან ნახა მხოლოდ ფურცლის ერთი ნაგლეჯი, რომელზეც იყო პროკურორის რეზოლუცია - „ქ-ს“ და პოლიციის შტამპი.
26. საკასაციო პალატა არ იზიარებს მითითებულ მსჯელობას და აღნიშნავს: სადავო არ არის, რომ ე. ქ-ს ბრალდების მხარე არ ედავება მასალებისა და საქმეების განადგურებას, არამედ პირიქით, თვითონ მსჯავრდებული უთითებს, რომ ვინაიდან მისი სამუშაო ოთახი გატეხეს და მასალები გაანადგურეს, სწორედ ამ მიზეზით ვეღარ შეძლო მათი დადგენილი წესით ჩაბარება. სამუშაო ოთახის გასაღები ჰქონდა მხოლოდ მას, მასალები და სისხლის სამართლის საქმეები ინახებოდა ამ ოთახში და ისინი არ დაიკარგებოდა, რომ არა მისი ოთახის გატეხვისა და მასალების განადგურების ფაქტი; ანალოგიურად, სადავო არაა, რომ სწორედ ის მასალები განადგურდა თუ არა, რომლის დაკარგვასაც ე. ქ-ს ბრალდების მხარე ედავება, დადასტურებული არ არის, მაგრამ არც უარყოფილი და გამორიცხულია. ამასთან, მოწმე მ. შ-ა ჩვენებაში არ უთითებს, რომ მან აღმოაჩინა ქაღალდის მხოლოდ ერთი „ნაგლეჯი“, მის ჩვენებაში საუბარია დაბინძურებულ, განადგურებულ მასალებზე, რომელთაგან მან შეძლო მხოლოდ პროკურორ ა-ს რეზოლუციის, წარწერით - „ქ-ს“ და პოლიციის შტამპის ამოკითხვა. იგი უთითებს, რომ ეს იყო მასალები, რომ ე. ქ-ს რაღაცა დაეწერა, მაგრამ, სახელდობრ, რა დაეწერა არ იკითხებოდა; გარდა ამისა, სააპელაციო პალატა საერთოდ გვერდს უვლის მოწმე დ. ჯ-ს ჩვენებას, რომელიც ასევე დეტალურად აღწერს როგორც ე. ქ-ს სამუშაო, ისე - მის გვერდით ოთახში ნანახ მდგომარეობას და უთითებს შემდეგს: ქაღალდები ეყარა როგორც ე-ს სამუშაო ოთახში, ისე მის გვერდით მდებარე ოთახშიც. ისინი იყო დახეული. ე-ს ოთახის კარი ღია დახვდა, თუმცა იგი გატეხილი იყო თუ არა, არ იცის. ქაღალდების ნაწილი, რომელიც მან დაინახა ე. ქ-ს ყოფილ სამუშაო და ასევე, მის გვერდით მდებარე ოთახში, დაბეჭდილი იყო მექანიკურ საბეჭდ მანქანაზე, ნაწილი ხელნაწერი, ნაწილი კი - ბლანკიანი, რომლებზეც იყო რაღაც ტექსტები. ვინაიდან იქ ეყარა უამრავი, მტვრიანი და დაბინძურებული ქაღალდი, მას შეექმნა შთაბეჭდილება, რომ აღნიშნული საბუთები და მიმოწერა იყო განადგურებული. ქაღალდები არ იყო დაჭმუჭნილი, უმეტესობა იყო შუაზე გადახეული.
27. გარდა ამისა, სააპელაციო პალატა განაჩენში თავადვე უთითებს, რომ გაურკვეველი დოკუმენტაციის სავარაუდო განადგურების ფაქტზე გამოძიების არ ჩატარება შესაძლოა, იყოს სხვა პირთა პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველი, მაგრამ აღნიშნავს, რომ ეს არ გამორიცხავს ე. ქ-ს პასუხისმგებლობას, რასაც საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:
28. საკასაციო პალატისათვის გაუგებარია, თუ რატომ არ მიიღო კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები ….. რაიონული პროკურატურის კანცელარიის უფროსმა (გამგემ) მ. შ-მ მას შემდეგ, რაც მან აღმოაჩინა დახეული და განადგურებული ქაღალდები. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მან ამის შესახებ მხოლოდ სიტყვიერად აცნობა რაიონის პროკურორს, ხოლო რაიმე ოფიციალური სახის წერილობითი დოკუმენტი მას არ შეუდგენია.
29. ანალოგიურად, აღნიშნული ფაქტი ოფიციალური რეაგირების გარეშე დატოვა ….. რაიონულმა პროკურორმა ვ. ა-მ. იგი არ დაინტერესდა არც დოკუმენტების სავარაუდო განადგურების და არც მათი დაკარგვის ფაქტით, არ მიიღო არანაირი ზომები, არ ჩაატარა შიდა მოკვლევა, რომ აღარაფერი ვთქვათ გამოძიების დაწყებაზე. მასალების სავარაუდო განადგურებას სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია - არც მათი დაკარგვის პერიოდში და არც განსახილველ საქმეზე გამოძიება ამით არ დაინტერესებულა.
30. სწორედ ის გარემოებები, რომ პასუხისმგებელმა პირებმა არანაირი ზომები არ მიიღეს, არ დაინტერესდნენ და არ დაადგინეს კონკრეტულად რომელი მასალები, რა ვითარებაში, ან ვის მიერ განადგურდა, იყო თუ არა ისინი ე. ქ-ს წარმოებაში არსებული მასალები, საეჭვოს ხდის სასამართლოს დასკვნებს მსჯავრდებულის ბრალეულობისა და პასუხისმგებლობის თაობაზე, ხოლო ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
31. ამდენად, სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ ე. ქ-ს მაინც ეკისრება პასუხისმგებლობა, მიუხედავად იმისა, რომ არ ჩატარდა გამოძიება და არ დადგინდა მოცემული საქმისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე გარემოებები, არის ცალმხრივი ხასიათის და არ გამომდინარეობს საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნებიდან, რომლის თანახმად, გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე და სასამართლო ვალდებულნი არიან, უტყუარად დაადგინონ, მოხდა თუ არა დანაშაული, ვინ ჩაიდინა იგი და გაარკვიონ მტკიცების საგნის ყველა სხვა გარემოება სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. საქმის გარემოებათა გამოკვლევა უნდა იყოს ყოველმხრივი, ობიექტური და სრული. ერთნაირი გულმოდგინებით უნდა გაირკვეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი გარემოებები.
32. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალდების მხარეს და ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ[1].
33. საქართველოს სსსკ-ის 496-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეს მტკიცებულებები საკმარისია სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად. იმავე კოდექსის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე, ხოლო სსსკ-ის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სასარგებლოდ.
34. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ე. ქ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და შეწყდეს საქმე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. ქ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ნოემბრის განაჩენი.
3. ე. ქ-ს მიმართ შეწყდეს საქმე.
4. ე. ქ-ს განემარტოს, რომ საქართველოს სსსკ-ის 219-228-ე მუხლებით დადგენილი წესით უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი
მოსამართლე გიორგი შავლიაშვილის განსხვავებული აზრი
ე. ქ-ს სისხლის სამართლის საქმეზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 188–ე მუხლის პირველი ნაწილით (1961 წლის რედაქცია).
1. ე. ქ-ს სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, არ ვეთანხმები ჩემი კოლეგა მოსამართლეების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რის გამოც თავს ვალდებულად მივიჩნევ, დავრჩე განსხვავებულ აზრზე და წერილობით ჩამოვაყალიბო ჩემი სამართლებრივი პოზიცია, კერძოდ:
2. გასაჩივრებული განაჩენით უტყუარადაა დადგენილი (რასაც ჩემი კოლეგებიც არ ხდიან სადავოდ), რომ ე. ქ-ა 1997 წლის .....დან 1999 წლის .....მდე მუშაობდა ქ. თბილისის ….. რაიონის პროკურატურაში გამომძიებლის თანამდებობაზე და ვალდებული იყო, სპეციალური მითითების გარეშე შეესრულებინა მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა. 1999 წლის .....დან იგი დაინიშნა საქართველოს გენერალური პროკურატურის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი სამმართველოს სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი განყოფილების პროკურორის თანამდებობაზე. ე. ქ-ს ამ თანამდებობაზე გადასვლის დროს კანცელარიისთვის არ ჩაუბარებია მასზე რიცხული შემოწმების 11 მასალა, კერძოდ: 1. მ. შ-ს სიკვდილის ფაქტზე; 2. კ. ბ-ს სიკვდილის ფაქტზე; 3. გ. ხ-ს სიკვდილის ფაქტზე; 4. ჯ. ხ-ს სიკვდილის ფაქტზე; 5. გ. ლ-ს სიკვდილის ფაქტზე; 6. ტ. გ-ს სიკვდილის ფაქტზე; 7. ვ. კ-ს სიკვდილის ფაქტზე; 8. ვ. გ-ს თვითმკვლელობის ფაქტზე; 9. ჩ. ჩ-ს სიკვდილის ფაქტზე; 10. ა. ბ-ს სიკვდილის ფაქტზე; 11. ვ. შ-ს სიკვდილის ფაქტზე და 2 სისხლის სამართლის საქმე, კერძოდ: 1. სისხლის სამართლის №….. საქმე ზ. ე-ს ძე ბ-ს მიმართ, სამხედრო-სავალდებულო სამსახურიდან თავის არიდების ფაქტზე; 2. სისხლის სამართლის №….. საქმე 1997 წლის 24 დეკემბერს გამოძიებით დაუდგენელი პირის მიერ გ. გ-სა და ვ. ძ-თან ერთად ვ. მ-ს მკვლელობის ფაქტზე. სადავო არ არის ასევე ის გარემოება, რომ მასალებისა და სისხლის სამართლის საქმეების ჩაუბარებლობით სახელმწიფოსა და ცალკეულ მოქალაქეთა კანონიერ ინტერესებს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
3. ამასთან, ჩემმა კოლეგებმა მიიჩნიეს, რომ მასალებისა და საქმეების ჩაუბარებლობა განაპირობა არა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისადმი დაუდევარმა დამოკიდებულებამ, არამედ მათი გადაბარების შეუძლებლობამ. ჩემი კოლეგები ე. ქ-ს სასარგებლოდ ასევე მიუთითებენ იმ გარემოებაზე, თუ რატომ არ მიიღო კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები ….. რაიონული პროკურატურის კანცელარიის უფროსმა (გამგემ) მ. შ-მ მას შემდეგ, რაც მან აღმოაჩინა დახეული და განადგურებული ქაღალდები ე. ქ-ს ოთახში და ასევე, რატომ დატოვა ეს ფაქტი ოფიციალური რეაგირების გარეშე ….. რაიონულმა პროკურორმა ვ. ა-მ, რატომ არ ჩატარდა შიდა მოკვლევა და არ დაიწყო გამოძიება.
4. ვადასტურებ პატივისცემას ჩემი კოლეგა მოსამართლეების მოსაზრებებისადმი, თუმცა არ ვიზიარებ აღნიშნულ მსჯელობას შემდეგ გარემობათა გამო:
5. საქართველოს სსკ–ის 188–ე მუხლის პირველი ნაწილის (საქართველოს სსკ–ის 1961 წლის რედაქცია) თანახმად, დასჯად ქმედებას წარმოადგენს დაუდევრობა ანუ მოხელის ქმედება ან უმოქმედობა, რომელიც მისი სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარეობს და დაკავებული თანამდებობის საფუძველზე მის უფლება-მოვალეობათა განხორციელებასთან არის დაკავშირებული. მოხელის ქმედება ან უმოქმედობა შეიძლება გამოიხატოს სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობაში მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო.
6. მოცემულ შემთხვევაში ე. ქ-ს დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობაში მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, კერძოდ: ე. ქ-ს, როგორც პროკურატურის გამომძიებელს, ევალებოდა კეთილსინდისიერად შეესრულებინა მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა – სხვა სამსახურში გადასვლამდე მის წარმოებაში არსებული სს საქმეები და შემოწმების მასალები, დადგენილი წესის შესაბამისად, მოხსენებითი ბარათების საფუძველზე გადაეცა კანცელარიისათვის, რათა რაიონის პროკურორის რეზოლუციით ისინი გადაეწერათ სხვა თანამშრომლისათვის, რაც მან დაუდევარი დამოკიდებულების გამო, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ შეასრულა არათუ გენერალურ პროკურატურაში გადასვლამდე, არც მის შემდგომ პერიოდში.
7. აღსანიშნავია, რომ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საბრალდებო დასკვნაში მითითებული სისხლის სამართლის 2 საქმე და შემოწმების 11 მასალა, რომლებიც წარმოებაში ჰქონდა პროკურატურის გამომძიებელ ე. ქ-ს და ..... რაიონის პროკურატურიდან სამუშაოდ გენერალურ პროკურატურაში გადასვლის შემდგომ სხვა გამომძიებლისათვის გადაცემის მიზნით კანცელარიისათვის არ ჩაუბარებია, სადავოდ არ გაუხდია თავად განსასჯელ ე. ქ-ს, რომელმაც სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა, რომ სადავო სისხლის სამართლის საქმეები და შემოწმების მასალები ნამდვილად არ ჩაუბარებია.
8. უდავოდ დადასტურებულია ის გარემობაც, რომ ე. ქ-ს ევალებოდა, რომ სხვა სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით მის წარმოებაში არსებული შემოწმების მასალები და სისხლის სამართლის საქმეები ჩაებარებინა სხვა გამომძიებლისათვის გადაცემის მიზნით, რაც ასევე დაადასტურა განსასჯელმა სასამართლო სხდომაზე.
9. არ ვიზიარებ ე. ქ-ს განმარტებას ზემოაღნიშნული მოვალეობის შეუსრულებლობის შესახებ დოკუმენტების განადგურების გამო (რამაც, განსასჯელის მტკიცებით, ობიექტურად შეუძლებელი გახადა მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულება), ვინაიდან მოწმე მ. შ-მ სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ ე. ქ-ს კაბინეტის გვერდით მდებარე ოთახში იატაკზე შენიშნა 1 მომართვა შტამპით და ვ. ა-ს რეზოლუციით ქ-ს სახელზე. ამავეს ადასტურებს მოწმე დ. ჯ-ი. ამასთან, ორივე მათგანი აცხადებს, რომ ეს ფაქტი მოხდა ე. ქ-ს გენერალურ პროკურატურაში გადასვლის შემდეგ. მ. შ-მ განმარტა, რომ გადასვლის შემდეგ, როდესაც ე. ქ-ა არ აბარებდა მას მასალებს, დაახლოებით ორჯერ დაურეკა მეზობლის ტელეფონზე შესახსენებლად, ერთხელ კი მიაკითხა სახლში. ე. ქ-ა დაჰპირდა, რომ მიაწვდიდა მასალებს, თუმცა არ ჩაუბარებია.თავად განსასჯელიც ადასტურებს, რომ სხვა სამსახურში გადასვლის შემდგომ პერიოდში დაურეკა მ. შ-მ და შეთანხმდნენ მასალების გადაბარებაზე. ამის შემდეგ (ზუსტი დრო არ ახსოვს) მ. შ-საგან შეიტყო, რომ მისი ოთახის გვერდით გარკვეული დოკუმენტები იყო განადგურებული, რის თაობაზეც ასევე ცნობილი გახდა რაიონის პროკურორ ვ. ა-თვის.
10. ამდენად, უტყუარად დადასტურებულია, რომ დოკუმენტების შესაძლო განადგურება, მოხდა ე. ქ-ს სხვა სამსახურში გადასვლის შემდეგ, ანუ ე. ქ-ა ისე გადავიდა ახალ სამსახურში, რომ მოუწესრიგებლი დატოვა საქმეები, რაც სწორედ მის დაუდევარ დამოკიდებულებაზე მიუთითებს.
11. რაც შეეხება ქ-ს განმარტებას მისი ოთახის დაუცველობის შესახებ, აღსანიშნავია, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეები არ მიუთითებენ განსასჯელის სამუშაო კაბინეტის განსაკუთრებულ დაუცველობაზე. მათი განმარტებით, ოთახს ჰქონდა კარი, რომელიც იკეტებოდა გასაღებით, რკინის გისოსები და ასევე სეიფი. ამასთან, მიმაჩნია, რომ ქ-ს აღნიშნული განმარტების გაზიარების შემთხვევაშიც დასტურდება მისი დაუდევარი დამოკიდებულება სამსახურებრივი საქმიანობისადმი, ვინაიდან სამუშაო ოთახის ასეთი „დაუცველობის“ პირობებში, იგი ვალდებული იყო, გაეთვალისწინებინა მასალების დაკარგვისა და დაზიანების საფრთხე, რაც მას ევალებოდა და შეეძლო კიდეც.
12. მასალების შესაძლო განადგურებასთან დაკავშირებით, ჯერ ერთი აღსანიშნავია, რომ უტყუარად არ არის დადგენილი მ. შ-ს მიერ ნანახი, განადგურებული დოკუმენტი იყო თუ არა ე. ქ-ს წარმოებაში არსებული შემოწმების მასალების ან სისხლის სამართლის საქმეების შემადგენელი ნაწილი (რომლის ჩაუბარებლობასაც ედავება ბრალდების მხარე). თუმცა, ასეც რომ იყოს და მასალები მართლაც რომ განადგურებულიყო, აღნიშნული არავითარ გავლენას არ ახდენს ე. ქ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაციაზე, ვინაიდან ე. ქ-ს მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა გამოიხატა მასალების სხვა სამსახურში გადასვლამდე დადგენილი წესის შესაბამისად ჩაუბარებლობაში და ბრალდება მას არ ედავება მასალების განადგურებაში.
13. რაც შეეხება იმ ფაქტს, თუ რატომ არ მოჰყვა ოფიციალური რეაგირება გაურკვეველი დოკუმენტაციის განადგურებას და რატომ არ დაიწყო გამოძიება, მიმაჩნია, რომ აღნიშნული შესაძლოა იყოს სხვა უფლებამოსილი პირების პასუხისმგებლობის საფუძველი და ეს ფაქტი არც ამსუბუქებს და, მით უმეტეს, არც გამორიცხავს ე. ქ-ს პასუხისმგებლობას, რომელიც სხვა სამსახურში გადასვლის შემდეგ, დაუდევრად მოეკიდა ყოფილ სამსახურში მოვალეობის შესრულებას.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დადასტურებულად მიმაჩნია, რომ ე. ქ-მ ჩაიდინა დაუდევრობა, ე.ი. სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სახელმწიფოს კანონიერ ინტერესებს, რაც საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით (1961 წლის რედაქცია) დასჯად ქმედებას წარმოადგენს, რის გამოც მსჯავრდებულ ე. ქ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ნოემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
მოსამართლე: გიორგი შავლიაშვილი
22.06.2017წ.
[1] იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - „ბარბერა, მესაგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ“ (Barbera, Messegue a. Jabardo v ESP, No. 10590/83, § 77).