დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№220აგ-16 11 მაისი, 2017 წელი
ი. შ-დ, 220აგ-16 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ შ. ი-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით შ. ი. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - 4 ეპიზოდში და თითოეული ეპიზოდისათვის მიესაჯა - 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, ამავე კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - თითოეული ეპიზოდისათვის - 3500-3500 ლარი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ მას განესაზღვრა 28 წლით თავისუფლების აღკვეთა. შ. ი-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავებიდან ან სათანადო ორგანოში გამოცხადებიდან. ასევე, შეიკრიბა დამატებითი სასჯელებიც და საბოლოოდ მას განესაზღვრა ჯარიმა - 14000 ლარი.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 15 იანვრის განაჩენით გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ შ. ი-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 ივნისის განაჩენით შ. ი. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 3500 ლარი, ხოლო ამავე კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის შესაბამისად, გაუნახევრდა და განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ მას განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე, ჯარიმა - 3500 ლარი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 სექტემბრის განაჩენით შ. ი. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 აპრილის განაჩენით შ. ი. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 3500 ლარი.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 4 მაისის განჩინებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის თანახმად, შ. ი-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 16 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ივნისის განაჩენით გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ შ. ი-ის მიმართ დარჩა უცვლელად. ამასთან, შ. ი-ს სასჯელის ათვლა დაეწყო 2011 წლის 24 ნოემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის დრო - 2011 წლის 12 სექტემბრიდან - იმავე წლის 24 ნოემბრამდე.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი შ. ი-ის ადვოკატის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ივნისის განაჩენზე.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 აპრილის განჩინებებით (სამი განჩინება), „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის შესაბამისად, შ. ი-ი:
· თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 ივნისის განაჩენითა და 2012 წლის 4 მაისის განჩინებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;
· თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა;
· თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 აპრილის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ივნისის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 აპრილის განჩინება დარჩა უცვლელად.
11. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მაისის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე მსჯავრდებული შ. ი. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - 4 ეპიზოდისათვის დადგენილი სასჯელიდან 3 ეპიზოდში გათავისუფლდა, ხოლო ერთი ეპიზოდისათვის დადგენილი სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2011 წლის 24 ნოემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის დრო - 2011 წლის 12 სექტემბრიდან - იმავე წლის 24 ნოემბრამდე.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ივნისის განჩინებით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მაისის განჩინება შეიცვალა და მსჯავრდებული შ. ი. გათავისუფლდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 29 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ შ. ი-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში შესული ცვლილების გათვალისწინებით, დაკმაყოფილდა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, შ. ი-ს განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2011 წლის 24 ნოემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის დრო - 2011 წლის 12 სექტემბრიდან - იმავე წლის 24 ნოემბრამდე.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 20 დეკემბრის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 29 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
15. 2015 წლის 31 აგვისტოს მსჯავრდებულმა შ. ი-მა და მისმა ადვოკატმა თ. გ-ემ შუამდგომლობით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და მოითხოვეს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მსჯავრდებულ შ. ი-ის სისხლისსამართლებრივი სასჯელისაგან გათავისუფლება.
16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 11 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ შ. ი-სა და მისი ადვოკატის - თ. გ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 16 მარტის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 11 სექტემბრის განჩინება მსჯავრდებულ შ. ი-სა და მისი ადვოკატის - თ. გ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩა უცვლელად.
18. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ შ. ი-ის მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2015 წლის 24 დეკემბრის კანონი.
19. 2016 წლის 3 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს მსჯავრდებულმა შ. ი-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. გ-ემ, რომლებმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 12 ივნისის, გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 28 ოქტომბრის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 16 ივნისისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 სექტებმრის განაჩენების გადასინჯვა საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე იმ მოტივით, რომ შ. ი-ის მიმართ გამოტანილი განაჩენი აგებულია ვარაუდებსა და ირიბ მტკიცებულებებზე, რასაც შედეგად მოჰყვა უსამართლო გადაწყვეტილების გამოტანა. ისინი განაჩენის გადასინჯვის საფუძვლად ასევე უთითებენ საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლში განხორციელებულ ცვლილებებს, რადგან მსჯავრდებულის მიმართ სასამართლომ გამოიყენა შეკრებითობის პრინციპი.
20. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ შ. ი-სა და მისი ადვოკატის - თ. გ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.
21. კასატორი - მსჯავრდებულ შ. ი-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. გ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 17 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას შუამდგომლობაში მითითებული მოტივებით. დამატებით კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა უკანონო შემადგენლობით, კერძოდ, მოსამართლეები - მ. ლ. და მ. ხ. ადრე მონაწილეობდნენ შ. ი-ის საქმის განხილვაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს.
3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი განაჩენის გადასინჯვის საფუძვლად მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ ნორმების ნორმატიული შინაარსი, რომლებიც ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას იძლეოდა.
4. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით მკაფიოდაა განსაზღვრული, რომ განაჩენის გადასინჯვის საფუძველს წარმოადგენს იმ კანონის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ შ. ი-ის მიმართ დადგენილ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად არ უდევს საქართველოს 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, პალატა კანონისმიერადაა მოკლებული შესაძლებლობას, გადალახოს საპროცესო კოდექსით დადგენილი დასაშვებობის კრიტერიუმი.
5. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მოსამართლეებს - მ. ლ-სა და მ. ხ-ს არ ჰქონდათ უფლება, განეხილათ მისი შუამდგომლობა და მიუთითებს: საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ საქმის არსებით განხილვაში მონაწილეობა მოსამართლეს არ უზღუდავს უფლებას, მონაწილეობდეს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის განხილვაში (№17აგ-16,, №416აგ-15, №28აგ-15). პალატა განმარტავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო წარმოდგენილი შუამდგომლობის განხილვაში მოსამართლის აცილების საფუძველს არ წარმოადგენს ასევე მისი მონაწილეობა კონკრეტული მსჯავრდებულის მიერ სხვადასხვა დროს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო წარდგენილი სხვადასხვა შუამდგომლობის განხილვაში.
6. რაც შეეხება კასატორის პოზიციას საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლში შესული ცვლილების საფუძველზე განაჩენის გადასინჯვის შესახებ, სააპელაციო პალატამ სწორად მიუთითა, რომ ამ საკითხზე მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება (№787აგ-13, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის განაჩენი), ხოლო მასზე ხელახლა მსჯელობის სამართლებრივი საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია.
7. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ შ. ი-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ შ. ი-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ოქტომბრის განჩინება მსჯავრდებულ შ. ი-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე