საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №141აპ-17 ქ. თბილისი
კ-ე დ, 141აპ-17 7 ივლისი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 იანვრის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ მარიამ ტალიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ. კ-ს ბრალი დაედო ყაჩაღობაში, ესე იგი თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად; გაუპატიურების მცდელობაში, ესე იგი სქესობრივი კავშირის დამყარების მცდელობაში ძალადობით, ძალადობის მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის 6 ივლისს, დაახლოებით 14 საათსა და 30 წუთზე, სახრახნისით შეიარაღებული დ. კ-ე და ბ. თ-ი ქ. თ-ი, თ. მ-ს ქ.#-ში მდებარე მეორადი მაღაზიიდან, თანხისა და სხვადასხვა ნივთის ყაჩაღურად გატაცების მიზნით, თავს დაესხნენ მაღაზიაში მომუშავე ნ. ბ-ს, რომელსაც დ. კ-მ გადაუგრიხა ხელები, ყელის არეში მიაბჯინა სახრახნისი, მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვა მაღაზიაში არსებული თანხის გადაცემა. ამავე დროს ბ. თ-ი მაღაზიაში ეძებდა თანხას, გაჩხრიკა ნ. ბ-ს ხელჩანთა, რის შედეგადაც მათ მაღაზიიდან გაიტაცეს ხელჩანთაში არსებული საფულე, მასში მოთავსებული თანხა, პირადობის მოწმობა, მობილური ტელეფონი, ასევე - გასაყიდად დაწყობილი ტანსაცმელი და ბოტასები, რის შემდეგაც მიიმალნენ, რითაც დაზარალებულს მიაყენეს 307 ლარის ქონებრივი ზიანი.
2015 წლის 6 ივლისს, დაახლოებით 14 საათსა და 30 წუთზე, სახრახნისით შეიარაღებული დ. კ-ე და ბ. თ-ი ქ. თ-ი, თ. მ-ს ქ.#-ში მდებარე მეორადი მაღაზიიდან, თანხისა და სხვადასხვა ნივთის ყაჩაღურად გატაცების მიზნით, თავს დაესხნენ მაღაზიაში მომუშავე ნ. ბ-ს. დ. კ-მ გადაუგრიხა მას ხელები, ყელის არეში მიაბჯინა სახრახნისი, შეიყვანა მაღაზიაში არსებულ ტანსაცმლის გასასინჯ ოთახში, სადაც აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. ძალის გამოყენებით გახადა კომბინეზონი, ბიუსტჰალტერი, დაუწყო კოცნა ყელისა და მკერდის არეში და სიცოცხლის მოსპობის მუქარით აიძულებდა მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას, თუმცა ვერ მოახერხა განზრახვის სისრულეში მოყვანა ნ. ბ-ნ გაწეული წინააღმდეგობის, ყვირილისა და ხმაურზე დანაშაულზე სხვა პირის წასწრების შიშით. მათ გაიტაცეს დაზარალებულის კუთვნილი სხვადასხვა სახის ნივთი და სწრაფად მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.
ბ. თ-ს ბრალი დაედო ყაჩაღობაში, ესე იგი თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის 6 ივლისს, დაახლოებით 14 საათსა და 30 წუთზე, სახრახნისით შეიარაღებული დ. კ-ე და ბ. თ-ი ქ. თ-ი, თ. მ-ს ქ.#-ში მდებარე მეორადი მაღაზიიდან, თანხისა და სხვადასხვა ნივთის ყაჩაღურად გატაცების მიზნით, თავს დაესხნენ მაღაზიაში მომუშავე ნ. ბ-ს, რომელსაც დ. კ-მ გადაუგრიხა ხელები, ყელის არეში მიაბჯინა სახრახნისი, აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას და სიცოცხლის მოსპობის მუქარით სთხოვდა მაღაზიაში არსებული თანხის გადაცემას. ამავე დროს ბ. თ-ი მაღაზიაში ეძებდა ფულს. მან გაჩხრიკა ნ. ბ-ს ხელჩანთა, რის შედეგადაც მათ მაღაზიიდან გაიტაცეს ხელჩანთაში არსებული საფულე, მასში მოთავსებული თანხა, პირადობის მოწმობა, მობილური ტელეფონი, ასევე - გასაყიდად დაწყობილი ტანსაცმელი და ბოტასები, რის შემდეგაც მიიმალნენ, რითაც დაზარალებულს მიაყენეს 307 ლარის ქონებრივი ზიანი.
გ. გ-ს ბრალად დაედო დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია მძიმე დანაშაული. ასევე - წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონებით სარგებლობა, შეძენა, ფლობა და გასაღება, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის 6 ივლისს, დაახლოებით 14 საათსა და 30 წუთზე, სახრახნისით შეიარაღებული დ. კ-ე და ბ. თ-ი ქ. თ-ი, თ. მ-ს ქ.#-ში მდებარე მეორადი მაღაზიიდან, თანხისა და სხვადასხვა ნივთის ყაჩაღურად გატაცების მიზნით, თავს დაესხნენ მაღაზიაში მომუშავე ნ. ბ-ს, რომელსაც სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენებითა და ასეთის მუქარით გასტაცეს საფულე, მასში მოთავსებული თანხა, პირადობის მოწმობა, მობილური ტელეფონი, მაღაზიიდან გაიტაცეს გასაყიდად დაწყობილი ტანსაცმელი - შორტები, მაისური და ერთი წყვილი ბოტასი, რის შემდეგაც დ. კ-ე და ბ. თ-ი მივიდნენ ნაცნობ გ. გ-ნ სახლში, უამბეს მათ მიერ ჩადენილი ყაჩაღობის შესახებ, აჩუქეს მაღაზიიდან ყაჩაღური გზით გატაცებული შორტი და ერთი წყვილი ბოტასი, რის შემდეგაც გ. გ-ი მათ დაჰპირდა, რომ დაეხმარებოდა ყაჩაღურად გატაცებული მობილური ტელეფონის ლომბარდში ჩადებაში, რაც შეუსრულა. იმავე დღეს მობილური ტელეფონი, მისი პირადი ნომრისა და ხელშეკრულების საფუძველზე, 50 ლარის სანაცვლოდ ჩადო ქ.თ-ი, პ-ს გამზირის #-ში მდებარე ლომბარდში. მიუხედავად იმისა, რომ გ. გ-ს ცნობილი გახდა, დ. კ-ა და ბ. თ-ს მიერ მძიმე დანაშაულის - ყაჩაღობის ჩადენის ფაქტი, მან არ შეატყობინა ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს.
2015 წლის 6 ივლისს, დაახლოებით 14 საათსა და 30 წუთზე, სახრახნისით შეიარაღებული დ. კ-ე და ბ. თ-ი ქ. თ-ი, თ. მ-ს ქ.#-ში მდებარე მეორადი მაღაზიიდან, თანხისა და სხვადასხვა ნივთის ყაჩაღურად გატაცების მიზნით, თავს დაესხნენ მაღაზიაში მომუშავე ნ. ბ-ს, რომელსაც სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენებითა და ასეთის მუქარით გასტაცეს საფულე, მასში მოთავსებული თანხა, პირადობის მოწმობა, მობილური ტელეფონი, მაღაზიიდან გაიტაცეს გასაყიდად დაწყობილი ტანსაცმელი - შორტები, მაისური და ერთი წყვილი ბოტასი, რის შემდეგაც დ. კ-ე და ბ. თ-ი მივიდნენ წარსულში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით ნასამართლევ, ნაცნობ გ. გ-ნ, უამბეს მათ მიერ ჩადენილი ყაჩაღობის შესახებ, აჩუქეს მაღაზიიდან ყაჩაღური გზით გატაცებული შორტი და ერთი წყვილი ბოტასი, რის შემდეგაც გ. გ-ი მათ დაჰპირდა, რომ დაეხმარებოდა ყაჩაღურად გატაცებული მობილური ტელეფონის ლომბარდში ჩაბარებაში, რაც შეუსრულა იმავე დღეს. კერძოდ, ნ. ბ-ს კუთვნილი მობილური ტელეფონი გ. გ-ა, მისი პირადი ნომრისა და ხელშეკრულების საფუძველზე, 50 ლარის სანაცვლოდ ჩადო ქ. თ-ი, პ-ს გამზირის #-ში მდებარე ლომბარდში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 მარტის განაჩენით:
გ. გ-ი საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლითა და 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა. მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ბ. თ-ი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა. მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
დ. კ-ე საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 19,137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა. მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
გამართლებულებს - დ. კ-ს, გ. გ-ა და ბ. თ-ს განემარტათ, რომ აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
3. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ინგა გოგიამ, რომელიც ითხოვდა დ. კ-ს, ბ. თ-ა და გ. გ-ს მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას; დ. კ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და 19,137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და შესაბამისი სასჯელების დანიშვნას; ბ. თ-ს დამნაშავედ ცნობას სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და შესაბამისი სასჯელის დანიშვნას; გ. გ-ს დამნაშავედ ცნობას სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და 376-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და შესაბამისი სასჯელების დანიშვნას.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა 1-ლი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი და გამოკვლეული ბრალდებისა და დაცვის მხარეთა მტკიცებულებები, კერძოდ, მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ ნ. ბ-ს, მოწმის სახით დაკითხულ გ. გ-ს, მოწმეების -გ. ქ-ს, ვ. ო-ს, დ. ქ-ს, ნ. ჭ-ს, ა. ხ-ს, გ. დ-ს, კ. რ-ს, გ. უ-ს, მ. ჯ-ა და სხვათა ჩვენებები, ასევე - სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოცნობის ოქმები, ექსპერტიზის დასკვნები, რის საფუძველზეც მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დ. კ-ს, ბ. თ-ა და გ. გ-ს მიერ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტი.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პროკურორის არგუმენტაცია იმის თაობაზე, რომ სახრახნისი ამოიღეს მაღაზიიდან 10-15 მეტრის მოშორებით მდებარე ავტოსადგომიდან, რაც მისი მოსაზრებით, უნდა ჩაითვალოს შემთხვევის ადგილად. აღნიშნულ კონტექსტში პროკურორი თავის პოზიციას ამყარებს დაზარალებულის ჩვენებით და აღნიშნავს, რომ ნ. ბ-ს განმარტებით, თავდამსხმელები გაიქცნენ ჩქარი ნაბიჯით, იგი გაეკიდა მათ, სწორედ ამ დროს მისკენ მიბრუნდა მოძალადე დ. კ-ე და თავის არეში ორჯერ დაარტყა სახრახნისი. მან აღნიშნა, რომ დაზარალებულ ნ. ბ-ს ჩვენების მიცემის დროს მსგავსი გარემოების შესახებ არ მიუთითებია. დაზარალებულმა ნამდვილად მიუთითა მასზე ყაჩაღური თავდასხმისას სახრახნისის გამოყენების შესახებ, თუმცა არ აღუნიშნავს, რომ ეს მოხდა მაღაზიის გარეთ, მით უფრო - რამდენიმე მეტრის მოშორებით. გარდა ამისა, პალატამ ყურადღება მიაპყრო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში არსებულ ჩანაწერზე, სადაც სხვა გარემოებებთან ერთად მითითებულია შემდეგი: ,,შემთხვევის ადგილიდან ხელმარჯვნივ არსებულ ავტოსადგომზე, კერძოდ, მაღაზიიდან დაახლოებით 10-15 მეტრის მოშორებით ... ამოღებულ იქნა სახრახნისი“ . აღნიშნული ჩანაწერიც მეტყველებს, რომ სახრახნისი შემთხვევის ადგილიდან არ ყოფილა ამოღებული. ამდენად, უტყუარად არ დასტურდება, რომ ზემოხსენებული სახრახნისი სწორედ ის სახრახნისია, რომლითაც, დაზარალებულის ჩვენებით, მას ემუქრებოდა დ. კ-ე.
სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლომ სავსებით სამართლიანად მიუთითა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დაწყებისა და დასრულების დროსთან დაკავშირებული ხარვეზებისა და ამ ხარვეზებიდან გამომდინარე, მტკიცებულების საეჭვოობის შესახებ. პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ შესაძლოა, კონკრეტულმა მტკიცებულებამ წარმატებით გადალახოს დასაშვებობის ეტაპი, მაგრამ აღნიშნული სრულიადაც არ გულისხმობს კონკრეტული მტკიცებულების შეფასების გარეშე გაზიარებას.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა პროკურორის არგუმენტი მოწმე გ. ქ-ს ჩვენებაზე და აღნიშნა, რომ მისი ჩვენება არათუ თანხვდენილია დაზარალებულ ნ. ბ-ს ჩვენებასთან, არამედ არსებითად ეწინააღმდეგება მას და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, კერძოდ: მოწმე გ. ქ-მ დაკითხვისას აჩვენა, რომ დაზარალებულ ნ. ბ-ს შემთხვევის დღეს ეცვა ვიწრო შარვალი და ზევით რაღაც თხელი. დაზარალებულის განმარტებით კი, მოძალადემ მისი კომბინეზონი ,,გადაგლიჯა“. ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ნ. ბ-ს ტანსაცმელზე აღმოჩნდა დაზიანებები, რომლებიც მიყენებულია მექანიკური ზემოქმედებით. მოწმე გ. ქ-მ კი აღნიშნა, რომ მან შემთხვევის შემდეგ პირველმა ნახა ნ. ბ-ი, რომელიც იყო ჩაცმული და ტანსაცმელი წესრიგში ჰქონდა. საქმეზე ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ნ. ბ-ს აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები, მაშინ, როდესაც გ. ქ-მ, რომელმაც შემთხვევის შემდეგ პირველმა ნახა დაზარალებული, განმარტა, რომ ნ-ს მხოლოდ ხელზე აღენიშნებოდა დაზიანება ,,ნაკაწრივით“. ხსენებული არგუმენტების მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში სავსებით მართებულად აღნიშნა მოწმე გ. ქ-ს ჩვენების სხვა მტკიცებულებებთან წინააღმდეგობის შესახებ. პალატა ასევე დაეთანხმა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას დაზარალებულ ნ. ბ-ა და მოწმე კ. რ-ს ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობის შესახებ და აღნიშნა, რომ დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობები უკავშირდება უშუალოდ შემთხვევის გარემოებებს, შესაბამისად, ეს წინააღმდეგობები არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს უმნიშვნელოდ. დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებს შორის არის არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც მათ ჩვენებებს უკარგავს სანდოობასა და დამაჯერებლობას.
1-ლი ინსტანციის სასამართლომ განაჩენის დასაბუთებისას ყურადღება გაამახვილა სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას წარმოდგენილ ნივთიერ მტკიცებულებებზე და აღნიშნა: ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევისას გამოვლინდა, რომ შავი პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო ყაჩაღობის ბრალდებასთან დაკავშირებული ძირითადი მტკიცებულებები, იყო სიგრძეში 6 სმ-ით გახეული და მასში არ აღმოჩნდა შორტისა და ბოტასის თავდაპირველი დალუქული პარკი და თავდაპირველი ლუქი. შესაბამისად, ვინაიდან ნივთმტკიცება არ შენახულა ისეთ პირობებში, რომლებიც გამორიცხავდა მათ დაკარგვასა და თვისებების შეცვლას, სასამართლომ არ გაიზიარა ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი. აღნიშნულ მსჯელობას სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა და მიუთითა, რომ საქართველოს სსსკ-ის 77-ე მუხლის თანახმად, ნივთიერი მტკიცებულება უნდა დათვალიერდეს და დაილუქოს. დათვალიერებისას უნდა გამოვლინდეს და აღიწეროს ობიექტის ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშნები. ამავე კოდექსის 79-ე მუხლის თანახმად, ნივთიერი მტკიცებულება ინახება ისეთ პირობებში, რომლებიც გამორიცხავს მის დაკარგვას და მისი თვისებების შეცვლას.
სააპელაციო პალატამ ასევე სრულად გაიზიარა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის შეფასება გ. გ-ს მიერ ლომბარდში ჩაბარებულ მობილურ ტელეფონსა და სალომბარდე ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. აღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გ. გ-ა ლომბარდში ჩააბარა მობილური ტელეფონი, რომლის იმე კოდი სრულიად განსხვავდება დაზარალებულ ნ. ბ-ს მიერ წარმოდგენილი მობილური ტელეფონის საგარანტიო ბარათზე მითითებული იმეი კოდისგან. ამ საკითხის გასარკვევად 1-ლი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ლომბარდის თანამშრომელმა თ. თ-მ განმარტა, რომ სალომბარდე ხელშეკრულებაში ტელეფონის იმეი კოდი დაფიქსირდა შეცდომით, კერძოდ, მიეთითა იმ ტელეფონის იმეი კოდი, რომელიც მანამდე ჩააბარა მათ ლომბარდში გ. გ-ა. 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ საკითხზე მოწმე თ. თ-ს ჩვენების უტყუარობის გადასამოწმებლად ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია სხვა, რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ გარემოებას, მართლაც ჩააბარა თუ არა გ. გ-ა ხსენებულ ლომბარდში სხვა მობილური ტელეფონი, რომლის იმეი კოდიც სალომბარდე ხელშეკრულებაში მითითებული იმეი კოდის იდენტური იქნებოდა. აღნიშნულ კონტექსტში სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ ნივთიერ მტკიცებულებასთან (მობილური ტელეფონი) დაკავშირებით არსებობს გონივრული ეჭვი, ხოლო საეჭვო მტკიცებულება ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ასევე ვერ დაედება საფუძვლად საქმეში არსებული ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ჩატარდა დ. კ-ნ აღებულ სისხლის ნიმუშზე. როგორც ირკვევა, 2015 წლის 14 ივლისს #8 პენიტენციური დაწესებულების ექთანმა დ. კ-ნ აიღო სისხლის ნიმუში, რომელიც ერთჯერადი მოხმარების შპრიცში დალუქული სახით გადაიგზავნა საექსპერტო დაწესებულებაში ბიოლოგიური ექსპერტიზის ჩასატარებლად. აღნიშნული სისხლის ნიმუში შეადარეს დაზარალებულ ნ. ბ-ნ აღებულ ნიმუშებს და გაიცა ზემოხსენებული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. 1-ლი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას, ნივთიერი მტკიცებულების გამოკვლევის დროს, გამოვლინდა, რომ საექსპერტო დაწესებულებიდან გადმოგზავნილ გამჭვირვალე პოლიეთილენის ე.წ. ფაილში, რომელიც სასამართლოზე წარმოადგინეს გაუხსნელი, დალუქული სახით, აღმოჩნდა თეთრი ქაღალდი წარწერით „დ. კ-ს სისხლის ნიმუში“ და ასევე -შპრიცისათვის განკუთვნილი პოლიეთილენის მცირე ზომის გახსნილი პარკი, ხოლო თავად შპრიცი მითითებულ ფაილში არ აღმოჩნდა. საქართველოს სსსკ-ის 146-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად: „ექსპერტის დასკვნას თან უნდა დაერთოს გამოკვლევის ჩატარების შემდეგ დარჩენილი ნივთები, ნიმუშები, ფოტოსურათები, სქემები და სხვა მასალები, რომლებიც ადასტურებს ექსპერტის დასკვნას“. აღნიშნული მტკიცებულების შეფასებასთან დაკავშირებით, ისევე როგორც 1-ლი ინსტანციის სასამართლომ, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობს გონივრული ეჭვი ექსპერტიზის წინაშე წარდგენილი დ. კ-ს სისხლის ნიმუშის ავთენტურობასთან მიმართებით, რაც, თავის მხრივ, საფუძვლად უდევს ზემოხსენებული ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნას.
6. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 იანვრის განაჩენი გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა მარიამ ტალიაშვილმა.
7. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
პროკურორი მარიამ ტალიაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის, როგორც უკანონოს და დაუსაბუთებლის, გაუქმებას და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას, კერძოდ: დ. კ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და 19,137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და შესაბამისი სასჯელის დანიშვნას; ბ. თ-ს დამნაშავედ ცნობას სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და შესაბამისი სასჯელის დანიშვნას; გ. გ-ს დამნაშავედ ცნობას სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და 376-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და შესაბამისი სასჯელის დანიშვნას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
10. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, სასამართლომ განაჩენის გამოტანისას დაარღვია საპროცესო კანონის მოთხოვნები, გამართლებულების ქმედებები არასწორად შეაფასა და მისი დასკვნები არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ნათლად არის დასაბუთებული ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 მარტის განაჩენი უცვლელად დატოვა.
11. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის მოტივაციას დ. კ-ს, ბ. თ-ა და გ. გ-ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობდა გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა გ. გ-ს ბრალეულობაში - საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლითა და 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ბ. თ-ს ბრალეულობაში - სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და დ. კ-ს ბრალეულობაში -სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 19,137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დებულებით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №462აპ-16, №404აპ-16, №560აპ-16).
12. რაც შეეხება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, საქმის მასალათა შესწავლის შედეგად ზემომითითებული გარემოებები არ გამოკვეთილა. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული საფუძვლები არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ არც ერთ წინა პირობას.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ მარიამ ტალიაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი