დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 17.03.2017
საქმის ნომერი
2კ-558აპ.-16
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.03.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№558აპ-16 17 მარტი, 2017 წელი

ა. გ-ი, 558აპ-16 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ა-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ტ. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 4 აგვისტოს განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 27 დეკემბრის განაჩენით არასრულწლოვანი გ. ა., – ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა გაძლიერებული რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში მოხდით. გამოყენებული აღკვეთის სახის ღონისძიება - პირადი თავდებობა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე დარჩა უცვლელად.

2. თბილისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 22 მაისის განაჩენით თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 27 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ, განაჩენიდან ამოირიცხა სიტყვები - „სასჯელის გაძლიერებული რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში მოხდით“ და საბოლოოდ, გ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. გამოყენებული აღკვეთის სახის ღონისძიება - პირადი თავდებობა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატის 2001 წლის 27 სექტემბრის განჩინებით თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 22 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 20 ნოემბრის განკარგულების თანახმად, მსჯავრდებულ გ. ა-ის მიმართ განაჩენი ძალაში შევიდა 2001 წლის 27 სექტემბერს და იგი აღსასრულებლად გადაეგზავნა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ შინაგან საქმეთა სამმართველოს.

5. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 27 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი გ. ა-ს დღემდე არ მოუხდია.

6. 2016 წლის 29 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას მიმართა გ. ა-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ტ. კ-მა და ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის ხანდაზმულობის გასვლის გამო, არასრულწლოვანი მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება.

7. ტ. კ-მა მოთხოვნას საფუძვლად დაუდო „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 36-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, არასრულწლოვანი მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მსჯავრდებიდან 7 წელში არ აღსრულებულა. ამასთან, აღნიშნული კოდექსი არ შეიცავს ხანდაზმულობის ვადის შეჩერების დამდგენ ნორმებს, რაც შეიძლება მიუთითებდეს ან კანონმდებლის კვალიფიციურ დუმილზე, ან საკანონმდებლო ხარვეზზე. ამასთან, ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენება „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 36-ე მუხლთან მიმართებით დაუშვებელია, ვინაიდან იგი ზოგადად აწესრიგებს სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებას გამამტყუნებელი განაჩენის ხანდაზმულობის გამო, იგი არ შეესაბამება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესს და ამასთან, არ აწესებს რაიმე სახის შეღავათს ბავშვის მიმართ.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 ივლისის განჩინებით გ. ა-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის -ტ. კ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ დასახელებული საკითხი სცილდება სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს. ვინაიდან, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 36-ე მუხლით არ არის გათვალისწინებული სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებაზე გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტი, ამდენად, ანალოგიის პრინციპის გამოყენებით, მოცემულ შემთხვევაზე უნდა გავრცელდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლით დადგენილი წესი, რომლითაც განსაზღვრულია სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების პროცედურები და დადგენილია გადაწყვეტილების მიმღები ორგანო.

9. განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ადვოკატმა ტ. კ-მა. მან ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 ივლისის განჩინების გაუქმება და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 27 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, არასრულწლოვანი გ. ა-ის სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 4 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ გ. ა-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ანალოგიის გათვალისწინებით საკითხის გადაწყვეტისას, რაზედაც უთითებდა პირველი ინსტანციის სასამართლო, დასაშვებია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე და 284-ე მუხლებით დადგენილი პრინციპებით მსჯელობა. „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 35-ე და 36-ე მუხლებით, საქართველოს სსკ-ის 71-ე და 76-ე მუხლებისგან განსხვავებით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, გათვალისწინებულია არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლების შემცირებული ვადები და არ არის მითითებული ხანდაზმულობის ვადის შეჩერება, რაც, თავის მხრივ, არ გულისხმობს არასრულწლოვნის მიმართ საქართველოს სსკ-ის 71-ე მუხლის მე-3 და 76-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი რეგულაციების გამოყენების დაუშვებლობას. „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით“ ცალკე მოწესრიგებული არ არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ისეთი საკითხები, რომლებიც აუცილებელია სწორი მართლმსაჯულების განხორციელებისათვის, კერძოდ, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ არ ითვალისწინებს პირობითი მსჯავრის შემთხვევაში საგამოცდო ვადის გამოყენების წესს, რაც მოწესრიგებულია საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლით. თუმცა, აღნიშნული ფაქტი არ ნიშნავს იმას, რომ არასრულწლოვანი პირობითი მსჯავრდებულის მიმართ ვერ იქნება გამოყენებული საგამოცდო ვადა, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირობითი მსჯავრი კარგავს თავის სამართლებრივ მნიშვნელობას. ამდენად, საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენება „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 36-ე მუხლთან მიმართებით არ არღვევს კანონიერების პრინციპს.

11. კასატორი – ადვოკატი ტ. კ. ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 4 აგვისტოს განჩინების გაუქმებასა და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 27 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, არასრულწლოვანი გ. ა-ის სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით არასრულწლოვანი მსჯავრდებულის - გ. ა-ის სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვს შემდეგი მოტივებიდან გამომდინარე:

· კასატორის პოზიციით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან იგი უფრო მეტად წარმოადგენს მოსამართლეთა ნებას - თუ პრაქტიკაში როგორ უნდა დარეგულირდეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების 36-ე მუხლი, მაშინ, როდესაც კანონმდებელს ხანდაზმულობის შეჩერების პროცედურა დასახელებული მუხლით არ გაუთვალისწინებია. ამიტომ კასატორი ეწინააღმდეგება არასრულწლოვანი მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებას.

· თბილისის სააპელაციო სასამართლო დარწმუნებული არ არის თავისი გადაწყვეტილების მართებულობაში, რასაც ადასტურებს ფაქტი, რომ მიუხედავად აღნიშნული გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათისა, მან განჩინების გასაჩივრების ვადად 1 თვე მიუთითა. ამასთან, სააპელაციო პალატა დაეთანხმა დაცვის პოზიციას, რომ მოცემული საკითხის განხილვისას უნდა გამოყენებულიყო საქართველოს სსსკ-ის 283-ე და 284-ე მუხლების ანალოგია.

· კანონმდებლობაში ხარვეზის არსებობის დროს ანალოგია მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც იგი არ ზღუდავს ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს; ამასთანავე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება უპირველესად, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესსა და კანონით გათვალისწინებული ყველაზე მსუბუქი საშუალების გამოყენების უპირატესობას ითვალისწინებს. ბავშვის დასჯა არ შეიძლება იქცეს პრიორიტეტად, რის გამოც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 36-ე მუხლი მიჩნეულ უნდა იქნეს შეღავათად და კანონმდებლის „კვალიფიციური დუმილის“ შემთხვევად.

· გარდა ამისა, კასატორის აზრით, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლი და „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“-ს 36-ე მუხლი ერთსა და იმავე წესს აწესრიგებს (სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება გამამტყუნებელი განაჩენის ხანდაზმულობის გამო), შესაბამისად, უპირატესობა სპეციალურ, უფრო გვიან მიღებულ ნორმას, ე.ი „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 36-ე მუხლს უნდა მიენიჭოს.

· კასატორის მითითებით, საქართველოს კონსტიტუციითა და ევროპული კონვენციით იკრძალება რა ადამიანისათვის უკანონო სასჯელის გამოყენება ან/და დასჯა, იგი წამების ტოლფასად მიიჩნევა. ამდენად, გ. ა-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებაზე უარი, ნებისმიერი მიზეზის მიუხედავად, შესაძლებელია, წამების ტოლფასად იქნეს მიჩნეული.

3. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას არასრულწლოვნის მიერ სასჯელის მოხდისაგან თავის არიდების შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენების დაუშვებლობის თაობაზე. პალატა განმარტავს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი არ შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყოველი ქცევის წესის მომწესრიგებელ ნორმებს, რის გამოც გამორიცხული არ არის კოდექსის ნორმათა სხვა ნორმატიულ აქტებთან მიმართებით სისტემური წაკითხვის შესაძლებლობა. კერძოდ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში გამოიყენება საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების დებულებებიც (განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის მე-2 ნაწილი), თუ ისინი არ ეწინააღმდეგება ამ კოდექსს ან/და არასრულწლოვნისთვის შეღავათს ითვალისწინებს. მოცემული დანაწესის მიზანია, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში არ დარჩეს მოუწესრიგებელი სამართლებრივი სფეროები. აღსანიშნავია, რომ განსახილველი შემთხვევის ფაქტობრივი გარემოებები შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს. კერძოდ, ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერება არ წარმოადგენს კოდექსის მიზნების და პრინციპების საწინააღმდეგო დებულებას, ვინაიდან, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 36-ე მუხლით დადგენილია მხოლოდ სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების სპეციფიკური ვადები, ხოლო ვადის დინების განსხვავებული წესი ან ვადის დინების შეჩერების აკრძალვა ამავე კოდექსით მოწესრიგებული არ არის, ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსი არათუ ეწინააღმდეგება, არამედ ავსებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 36-ე მუხლს.

4. საკასაციო პალატა ეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება უპირველესად, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესსა და კანონით გათვალისწინებული ყველაზე მსუბუქი საშუალების გამოყენების უპირატესობას ითვალისწინებს, თუმცა, ამასთანავე განმარტავს, რომ ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესს გააჩნია საკუთარი შეფასების საზღვრები, კერძოდ, სასამართლო გადაწყვეტილების მიღების დროს, მოწოდებულია, შეარჩიოს ისეთი სახის ღონისძიება, რომლის მეშვეობითაც ბავშვის საზოგადოებაში ინტეგრაცია წარმატებით განხორციელდება და ამასთან, იგი კანონისა თუ ადამიანის უფლებების დაცვის სურვილითა და პატივისცემით განიმსჭვალება.

5. ნიშანდობლივია, რომ სასამართლოს დისკრეციული უფლებამოსილება საუკეთესო ინტერესის შეფასების ეტაპზე, შეზღუდულია საერთაშორისო სამართლითა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით დადგენილი ზოგადი პრინციპებით, კერძოდ, ბავშვთა უფლებათა კონვენციის მე-3, 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად, კანონდამრღვევი ბავშვის მიმართ შესაბამისი გადაწყვეტილების ორგანო ვალდებულია, პირველ რიგში, ყურადღება დაუთმოს ბავშვის ინტერესების დაცვას, რომლის ფარგლებშიც ბავშვისადმი მოპყრობა ხელს უნდა უწყობდეს მისი ღირსებისა და საკუთარი მნიშვნელოვნების გრძნობის განვითარებას, განუმტკიცებდეს მას ადამიანის უფლებებისადმი და სხვათა ძირითადი თავისუფლებებისადმი პატივისცემას, ითვალისწინებდეს ბავშვის ასაკს და მისი რეინტეგრაციის, საზოგადოებაში მის მიერ სასარგებლო როლის შესრულებისათვის ხელშეწყობის სასურველობას. მართლმსაჯულების სისტემაში ბავშვის უფლებების შესახებ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარი N10-ის მე-10 პუნქტის თანახმად, ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების დაცვა, გულისმობს, სისხლის სამართლის ტრადიციული ამოცანების (რეპრესია/დასჯა) რეაბილიტაციითა და აღდგენითი მართლმსაჯულებით ჩანაცვლებას, რაც საზოგადოების უსაფრთხოების საკითხის გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს. ბავშვის უფლებების შესახებ გაეროს ზოგადი კომენტარი N14-ის 1-ლი პარაგრაფის ა-6 ნაწილის თანახმად, ბავშვის საუკეთესო ინტერესის მცნება სამგანზომილებიანია, კერძოდ, აუცილებელია: (ა) ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს ბავშვის ინტერესის გათვალისწინება, (ბ) თუ სამართლებრივი ნორმა იძლევა ერთზე მეტი განმარტების შესაძლებლობას, გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი განმარტება, რომელიც ყველაზე ეფექტიანად ემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, (გ) გადაწყვეტილების მიღების პროცესი უნდა მოიცავდეს ბავშვზე შესაძლო ზეგავლენის (დადებითი თუ უარყოფითი ფაქტორების) შეფასებას. ამასთან, გადაწყვეტილების დასაბუთებაში უნდა აისახოს მოცემული უფლების მხედველობაში მიღება.

6. ბავშვის საუკეთესო ინტერესის მნიშვნელობა აგრეთვე გათვალისწინებულია: გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ („პეკინური წესები“) მე-17 მუხლით, გაერო-ს სახელმძღვანელო პრინციპები არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით („რიადის სახელმძღვანელო პრინციპები“) მე-5 მუხლით და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სახელმძღვანელო დირექტივებით ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულების თაობაზე (მიღებულია მინისტრთა კომიტეტის მიერ 2010 წლის 17 ნოემბერს, მინისტრთა მოადგილეების 1098-ე შეხვედრაზე) „ბ“ პარაგრაფით, რომელთა შინაარსი ვინაიდან შეესაბამება ზემომითითებულ განმარტებებს, სასამართლო მათ მხედველობაში იღებს, თუმცა ცალკე აღარ განმარტავს. აგრეთვე, მართალია, ევროპული კონვენციით ბავშვთა უფლებებს დამოუკიდებელი მუხლი არ ეთმობა, მაგრამ ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ბავშვის საუკეთესო ინტერესით ხელმძღვანელობა ამოსავალ დებულებად არის მიჩნეული.[1]

7. აღსანიშნავია, რომ სასჯელის მოხდისაგან თავის არიდების შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერება წარმოადგენს სახელმწიფოს პროპორციულ რეაქციას მსჯავრდებულის მიმართ. დაკისრებული სასჯელის აღსრულების გადავადება თუ მისგან გათავისუფლება საქართველოს სსსკ-ის 283-ე და 284-ე მუხლებით არის გათვალისწინებული და სხვა რაიმე სახის გამონაკლისი სასჯელის აღსრულების სავალდებულოობასთან მიმართებით, კანონმდებლობით დადგენილი არ არის. ამდენად, ზემომითითებული ნორმებისა და მოტივების ურთიერთანალიზის შედეგად, ბავშვის საუკეთესო ინტერესს წარმოადგენს მისი კანონისადმი პატივისცემით განმსჭვალვა, განაჩენის აღსრულება და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლით გათვალისწინებული - სასჯელის მიზნების მიღწევა.

8. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ბავშვის მიმართ საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლის მე-2 ნაწილის გაუთვალისწინებლობის პირობებში, ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე არასრულწლოვანში შესაძლოა, გაიზარდოს სასჯელის მოხდისაგან თავის არიდების ცდუნების რისკი. როგორც განიმარტა, ბავშვთა უფლებათა კონვენციის თანახმად, გამოყენებული ღონისძიება ბავშვს უნდა განუმტკიცებდეს ადამიანის უფლებებისადმი და სხვათა ძირითადი თავისუფლებებისადმი პატივისცემას, რაც სასჯელის მოხდისაგან თავის არიდების შემთხვევაში არ არის მიღწევადი. ვინაიდან, სასჯელის მოხდისაგან თავის არიდების დროს პირი არათუ არ ცდილობს, გააანალიზოს დარღვეული სამართლებრივი სიკეთის მნიშვნელობა და მისი ქმედებით გამოწვეული მართლსაწინააღმდეგო შედეგი, არამედ უპირისპირდება სახელმწიფოს რეაქციას (გამოხატულს გამამტყუნებელ განაჩენში) მის მიერ ჩადენილ ქმედებაზე. შესაბამისად, მოცემულ ვითარებაში, არასრულწლოვანი სრულიად უგულებელყოფს ან მნიშვნელოვნად ამცირებს სასჯელის მიზნების შესრულების შესაძლებლობას.

9. ამდენად, სასჯელისგან თავის არიდების შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის დინების შეუჩერებლობა არ წარმოადგენს ბავშვის საზოგადოებაში წარმატებით დაბრუნების წინაპირობას და, შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიმართ „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენება ეფექტურად ემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტერესს.

10. ამასთანავე, პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის არგუმენტს, რომ ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლი და „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 36-ე მუხლი ერთსა და იმავე წესს აწესრიგებს, შესაბამისად, უპირატესობა სპეციალურ, უფრო გვიან მიღებულ ნორმას, ე.ი „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 36-ე მუხლს უნდა მიენიჭოს. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობისას უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ აქტს. განსახილველ შემთხვევაში თანაბარი იურიდიული ძალის მქონე აქტებს შორის შინაარსობრივი წინააღმდეგობა არ არსებობს, არამედ, როგორც განიმარტა, ვინაიდან ისინი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენების შესაძლებლობას იძლევიან, სისტემურად ავსებენ ერთმანეთს.

11. საკასაციო პალატა აგრეთვე ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას, რომ არასრულწლოვნის მიერ სასჯელის მოხდისაგან თავის არიდების შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერება საქართველოს კონსტიტუციითა და ევროპული კონვენციით წარმოადგენს უკანონო სასჯელს, რომელიც წამების ტოლფასია. პალატა განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით დადგენილი სასჯელი გ. ა-ს არ მოუხდია, მან თავი აარიდა სასჯელის მოხდას, რის გამოც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდა. ამდენად, არსებული მდგომარეობით, გ. ა-ის მიმართ „არასრულწოლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 36-ე მუხლით გათვალისწინებული ვადის დინება შეჩერებულია, რის გამოც მას ეკისრება ვალდებულება, ჩადენილი ქმედებისათვის კანონით დადგენილი წესით მოიხადოს სასჯელი. მეტიც, ევროპული სასამართლოს პრაქტიკიდან არ გამომდინარეობს სასჯელის მოხდისაგან თავის არიდების შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის შეჩერების ფაქტის წამებასთან გაიგივება. ზოგადად, ევროპული სასამართლო სასჯელთან დაკავშირებულ საკითხთა მოწესრიგებას (სასჯელის გადახედვა, სასჯელის გადავადება, სასჯელისგან გათავისუფლება...) სახელმწიფოს არჩევანის ფარგლებში ტოვებს, გამონაკლისს, მაგალითად, წარმოადგენს უვადო თავისუფლების აღკვეთა, გათავისუფლების პირობის არსებობის გარეშე.[2]

12. ამდენად, პალატას საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლის მე-2 ნაწილის ხანდაზმულობის ვადის შეჩერების არასრულწლოვანზე გავრცელება არ მიაჩნია უკანონო, წამების ტოლფას სასჯელად.

13. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ გ. ა-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ტ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 4 აგვისტოს განჩინება უნდა დარჩეს უცვლელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ გ. ა-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ტ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 4 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე

[1] იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება Popov v. France, N39472/07, 39474/07, 19/01/2012, §141

[2] იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები: Harakchiev & Tolumov v. Bulgaria, N15018/11, N6119/12, 08/07/2014, §243; Vinter and Others v. the United Kingdom, N66069/09, 130/10, 3896/10, 09/07/2013, §104, 107; Aleksanyan v. Russia, N46468/06, 22/12/2008, §138; Kafkaris v. Cyprus, N21906/04, 12/02/2008, §99