საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
საქმე №322აპ-17 ქ. თბილისი
ჩ-ე თ, 322აპ-17 2 ნოემბერი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კობა სირაძისა და მსჯავრდებულ თ. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 9 მარტის განაჩენზე.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით თ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 19,109-ე მუხლის ,,ა’’, ,,გ’’, ,,ზ’’, ,,ლ’’ ქვეპუნქტებით - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ი’’ ქვეპუნქტით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ თ. ჩ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც უნდა დაეწყოს დაკავების დღიდან.
2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით: ,,ამნისტიის შესახებ’’ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, თ. ჩ-ე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელის - 2 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან;
,,ამნისტიის შესახებ’’ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, თ. ჩ-ს გაუნახევრდა სსკ-ის 19,109-ე მუხლის ,,ა’’, ,,გ’’, ,,ზ’’, ,,ლ’’ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
,,ამნისტიის შესახებ’’ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, თ. ჩ-ს ¼-ით შეუმცირდა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ¼-ით შეუმცირდა სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ი’’ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საბოლოოდ თ. ჩ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.
თ. ჩ-ე დააკავეს 2015 წლის 24 ოქტომბერს.
3. განაჩენით მსჯავრდებულ თ. ჩ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2004 წლის 26 დეკემბერს, 01:30 საათზე, თ. ჩ-მ გამოძიებით დაუდგენელ პირთა ჯგუფთან ერთად თ-ს რაიონის სოფელ ჭ-ი მდებარე შპს ,,ე-ს’’ დამამუშავებელი საამქროს ტერიტორიიდან ჩამოჭრა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 100 მეტრი სიგრძის 1200 ლარად ღირებულ, სპილენძისაგან დამზადებულ ოთხწვერიან ელექტროსადენს, რომელიც გადამალეს თ-ს რაიონის სოფელ ჭ-ი, ე.წ. ,,ქ-ს’’ ტერიტორიაზე, ბუჩქებში. ამ ქმედებით მათ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს შპს ,,ე-ს’’ საამქროს დირექტორ ს. ა-ს.
აღნიშნული დანაშაულის შესახებ შპს ,,ე-ს’’ საამქროს დირექტორმა ს. ა-მ განცხადებით მიმართა საქართველოს შს თ-ს რაიონულ განყოფილებას, სადაც 2004 წლის 26 დეკემბერს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და დანაშაულის გახსნის მიზნით დაიწყო საგამოძიებო და ოპერატიული სამძებრო მოქმედებები, რომლის პროცესში იმავე დღეს თ-ს რაიონული განყოფილების მუშაკებმა თ-ს რაიონის სოფელ ჭ-ი, ე.წ. ,,ქ-ს’’ ტერიტორიაზე, აღმოაჩინეს თ. ჩ-ა და მისი თანამონაწილეების მიერ შპს ,,ე-ს’’ საამქროდან ფარულად გატაცებული და დროებით გადამალული ზემოაღნიშნული სადენი.
ბოროტმოქმედთა მხილების მიზნით, დაიგეგმა ოპერატიული ღონისძიება, რომლის შესასრულებლად თ-ს რაიონული განყოფილებისა და ,,ნ-ს’’ ქვეგანყოფილების მუშაკების ერთი ჯგუფი კ. გ-ს ხელმძღვანელობითა და რ. დ-ს, ჯ. კ-ა და გ. ს-ს შემადგენლობით, ხოლო მეორე ჯგუფი თ. ი-ს ხელმძღვანელობითა და ბ. ს-ს, ვ. კ-ს, გ. მ-ა და გ. ზ-ს შემადგენლობით თ-ს რაიონის სოფელ ჭ-ი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ფარგლებში ჩაუსაფრდნენ მათ.
ღონისძიების დროს, დაახლოებით 19:30 საათზე, თ. ჩ-ე, რომელსაც თან ჰქონდა გამოძიებით დაუდგენელ გარემოებებში მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ორი ხელყუმბარა, რასაც იგი ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად მიუახლოვდა პოლიციის მუშაკთა კ. გ-ს ჯგუფის ჩასაფრებისა და ფარულად გატაცებული ელსადენების შენახვის ადგილს. პოლიციის მუშაკმა მათ დაუძახა, შეაჩერა, რა დროსაც თ. ჩ-ს თანმხლები დაუდგენელი პირები გაიქცნენ, მათ დაედევნა კ. გ-ე, ხოლო რ. დ-ი, კ. კ-ე და გ. ს-ე შეეცადნენ თ. ჩ-ს დაკავებას, მაგრამ მან უკვე ჩადენილი დანაშაულის, ქურდობის დამალვის, დაკავებისა და პასუხისმგებლობისაგან თავის დაღწევის მიზნით, განიზრახა სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების მომენტში მყოფი პოლიციის მუშაკთა - რ. დ-ს, ჯ. კ-ა და გ. ს-ს განზრახ მკვლელობა. ამ მიზნით მან ერთი ხელყუმბარა მოიყვანა საბრძოლო მზადყოფნაში და ისროლა მათი მიმართულებით, რასაც მოჰყვა აფეთქება. აფეთქების შედეგად სახის არეში დაიჭრა პოლიციის მუშაკი ჯ. კ-ე, რომელმაც მარჯვენამხრივი ტრავმული ნეიროსენსორული სმენაჩლუნგობის, სმენის სამოცი პროცენტით დაქვეითების, ორმხრივი ქრონიკული ევსტაქიდისა და ჭრილობის სახით მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რასაც შედეგად ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა არ მოჰყოლია. რ. დ-ი და გ. ს-ე მიწაზე დაწვნენ და გადარჩნენ, ხოლო პოლიციის მუშაკთა მეორე ჯგუფის წევრების - თ. ი-ს, ბ. ს-ს, ვ. კ-ს, გ. მ-ა და გ. ზ-ს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას შეექმნა რეალური საფრთხე.
იმავდროულად, თ. ჩ-მ მძევლად აიყვანა გ. ს-ე და ხელთ არსებული მეორე ხელყუმბარის აფეთქებისა და მძევლის სიცოცხლის მოსპობის მუქარით აიძულა პოლიციის მუშაკები - კ. გ-ე, რ. დ-ი, ჯ. კ-ე, თ. ი-ე, ბ. ს-ე, ვ. კ-ე, გ. მ-ე და გ. ზ-ი, რომ არ დაეკავებიათ იგი და მიეცათ შემთხვევის ადგილის დაუბრკოლებლად დატოვების საშუალება. ხელყუმბარით შეიარაღებული თ. ჩ-ე, მძევალ გ. ს-ნ ერთად, დაახლოებით ორი კილომეტრით დაშორდა პოლიციის მუშაკებს, რის შემდეგაც მძევალი მიატოვა და მიიმალა.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. აპელანტებმა ითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა; ასევე ითხოვეს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ მხედველობაში მიიღოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლში განხორცილებული ცვლილებები, კერძოდ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ პირი ნასამართლობის არმქონეა, გამოიყენება სასჯელთა შთანთქმის პრინციპი.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 9 მარტის განაჩენით თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
თ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 19,109-ე მუხლის „ა“, ,,გ“, ,,ზ’’, ,,ლ’’ ქვეპუნქტებით - 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ი’’ ქვეპუნქტით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼ -ით და განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისაგან გათავისუფლდა ,,ამნისტიის შესახებ’’ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისაგან გათავისუფლდა ,,ამნისტიის შესახებ’’ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თ. ჩ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 24 ოქტომბრიდან.
6. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია თ. ჩ-ს წარდგენილ ბრალდებებში უდანაშაულოდ ცნობისა და მისი გამართლების თაობაზე, რადგან საქმის განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე დადასტურდა საპირისპირო.
ტ.1. ს.ფ. 49-ზე წარმოდგენილი განცხადებით დადგენილია, რომ თ-ს შს რაიგანყოფილებას მიმართა სს ,,ე-ს’’ დირექტორმა ს. ა-მ, რომელიც უთითებდა, რომ მისთვის ცნობილი გახდა მის საწარმოში 100 მეტრი 200-250კგ სპილენძის სადენების მოპარვის თაობაზე და აღნიშნულის შესახებ ითხოვა რეაგირება.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2004 წლის 26 დეკემბრის ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი, სადაც მოხდა სხვისი ქონების ფარულად დაუფლება, მდებარეობს თ-ს რაიონის სოფელ ჭ-ი და წარმოადგენს სს ,,ე-ს’’ კუთვნილ ტერიტორიას. საწარმოს ოთხი ბოძიდან 100 მეტრის გადათვლით ჩამოჭრილია კაბელები, რომლებიც, დაზარალებულის განმარტებით, იყო ოთხწვერიანი (ტ.1. ს.ფ.51);
საქმეში წარმოდგენილი 2005 წლის 31 იანვრის ხელწერილით ირკვევა, რომ ს. ა-მ (სს ,,ე-ს’’ დირექტორმა) ხელწერილით სრულყოფილად ჩაიბარა მისი საწარმოდან მოპარული სპილენძის ელსადენები, სიგრძით დაახლოებით 100მ, ხოლო წონით - 250 კგ (ტ.1. ს.ფ. 59);
დაზარალებულ ს. ა-ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2004 წლის 26 დეკემბერს მის საწარმოში მოხდა ქურდობა. მოპარული იყო სპილენძის ელსადენები. პოლიციის თანამშრომლებმა მოპარული სადენები იპოვეს ტყეში, სადაც ჩატარდა სპეცოპერაცია.
სასამართლომ ყურადღება მიაპყრო რ. დ-ა და ჯ. კ-ს ჩვენებებს, რომლებმაც დეტალურად აღწერეს, თუ როგორ დაიგეგმა და განვითარდა მოვლენები 2004 წლის 26 დეკემბერს, კერძოდ, მათთვის ცნობილი გახდა, რომ მოპარული ელ სადენები დამალული იყო ე.წ. ,,ქ-ს’’ ტერიტორიაზე, ბუჩქნარში, რომ შექმნილი იყო ორი ოპერატიული ჯგუფი, ისინი ჩაუსაფრდნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე. პოლიციელები დეტალურად აღწერენ, თუ როგორ შეხვდნენ ბოროტმოქმედებს, შემოესმათ ხმა ,,მე მგონი მანდ კია არაა, გვეშლება შესასვლელიო’’. დაუძახეს მათ, რომ პოლიცია იყო და მოუწოდეს შეჩერებულიყვნენ, თან ჰაერში ისროლეს, მათ სამი პირიდან იცნეს თ. ჩ-ე და ბ. ბ-ი. თ. ჩ-ს იცნობდნენ სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა დაზარალებულ გ. ს-ს ჩვენებაზე, რომელიც ასევე დეტალურად აღწერს, თუ როგორ განვითარდა მოვლენები, კერძოდ, 2004 წლის 26 დეკემბერს იყო ჩასაფრებული ,,ქ-ს“ ტერიტორიაზე. მან დაინახა სამი პირი, იგი აღწერს, თუ როგორ მოხდა აფეთქება, როგორ წაიქცა და ფეხზე ადგომის შემდეგ დაინახა თ. ჩ-ე, რომელსაც ხელში კვლავ ეჭირა ხელყუმბარა და იძახდა, რომ გაეშვათ. დაზარალებულმა აღწერა, თ. ჩ-მ როგორ მოხვია მას მარჯვენა ხელი მარცხენა მკლავში და რომ მას მარცხენა ხელში ეჭირა ხელყუმბარა, იმუქრებოდა, პოლიციის თანამშრომლებს ეძახდა, რომ ააფეთქებდა მეორე ხელყუმბარასაც, მოიკლავდა თავს და მოკლავდა გ. ს-ც. ანალოგიურად აღწერეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციის სხვა თანამშრომლებმა.
ასევე, საყურადღებოა თვით მსჯავრდებულ თ. ჩ-ს ჩვენებაც, რომელიც არ უარყოფს გ. ს-ს მძევლად აყვანას, თუმცა ხელყუმბარის თანქონას არ ადასტურებს.
სააპელაციო პალატამ დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებები სარწმუნოდ მიიჩნია, ვინაიდან ისინი თანმიმდევრულია და სრულად არის თანხვდენილი საქმეში წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებთან. პალატამ აღნიშნა, რომ დაკითხულ პირთა ჩვენებები ერთმანეთს ავსებს და მათი ობიექტურობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ არსებობს, ამასთან, აღნიშნული ჩვენებების ობიექტურობაზე მეტყველებს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ექსპერტიზის დასკვნები.
საქართველოს სსსკ-ის მე-19 მუხლის თანახმად, არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა და სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს შინაგანი რწმენით.
სააპელაციო პალატამ მიუთითა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-3 მუხლზე, რომლითაც აღიარებულია ადამიანის უფლება სიცოცხლეზე, ეს დებულება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე–15 მუხლით, რომლის თანახმად ,,სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი.
რაც შეეხება მსჯავრდებულ თ. ჩ-ს სასჯელს, სააპელაციო პალატამ მიზანშეწონლად მიიჩნია მისთვის საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ა“, ,,გ“, ,,ზ’’, ,,ლ’’ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის შემცირება ამ მუხლის სანქციის ფარგლებში; ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ მის მიმართ უნდა გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ’’ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს სსკ-ის 59-ე მუხლის ამჟამად მოქმედი რედაქციის შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 9 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კობა სირაძემ და მსჯავრდებულ თ. ჩ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. დ-ა.
პროკურორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, ვინაიდან მსჯავრდებულ თ. ჩ-ს შეფარდებული სასჯელის ზომა არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებასა და ხასიათს; პროკურორი ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და საქმის ახალი სასამართლო განხილვისათვის დაბრუნებას.
მსჯავრდებულ თ. ჩ-ს ინტერესების დამცველი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ თ. ჩ-ე საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 19,109-ე მუხლის „ა“, ,,გ“, ,,ზ’’, ,,ლ’’ ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებითა და 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით უნდა გამართლდეს, ვინაიდან, კასატორის მოსაზრებით, მსჯავრდებულს არ ჩაუდენია ინკრიმინირებული ქმედება; ხოლო სსკ-ის (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ი’’ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი უნდა შეუმცირდეს მინიმუმამდე.
8. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:
ა) საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
9. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ თ. ჩ-ს ადვოკატის არგუმენტებს, რომ მას არ ჩაუდენია ბრალად შერაცხული დანაშაულები (საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 19,109-ე მუხლის „ა“, ,,გ“, ,,ზ’’, ,,ლ’’ ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით) და მიაჩნია, რომ მისი პოზიცია მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს და მოგონილია თ. ჩ-ს პასუხისმგებლობის არიდების მიზნით.
10. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას თ. ჩ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 19,109-ე მუხლის „ა“, ,,გ“, ,,ზ’’, ,,ლ’’ ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებითა და 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის თაობაზე და მიუთითებს, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით - დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ექსპერტიზების დასკვნებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით დასტურდება თ. ჩ-ს ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა.
11. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ თ. ჩ-ს სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი სრულად პასუხობს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ სასჯელის სამართლიანობის მოთხოვნებს.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
13. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კობა სირაძისა და მსჯავრდებულ თ. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 9 მარტის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი