დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №55აგ-17 30 ნოემბერი, 2017 წელი
ხ– ა., 55აგ-17 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ხ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ბ–ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 25 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 24 ივლისის განაჩენით ა. ხ–ის მიმართ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ–ის 186–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე განაჩენით ა. ხ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 120–ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და დანაშაულთა ერთობლიობით ა. ხ–ს განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 მარტის განაჩენით ა. ხ–თვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. ხ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა აეთვალა 2014 წლის 21 დეკემბრიდან.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 1 დეკემბრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და მსჯავრდებულ ა. ხ–ს შორის. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 24 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება:
ა. ხ–ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (საქართველოს სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სსკ–ის 353–ე მუხლის პირველი ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ–ის 120–ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 6 თვე ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და დანაშაულთა ერთობლიობით ა. ხ–ს განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 5 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. ხ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 5 წელი ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. ა. ხ–ს დანიშნული სასჯელის მოხდა აეთვალა დაკავების მომენტიდან - 2014 წლის 21 დეკემბრიდან.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 9 ივნისის განაჩენით დამტკიცდა პროკურორ სოსო სალთხუციშვილსა და ბრალდებულ ა. ხ–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
ა. ხ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 3782–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით ძირითადი საჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის საფძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 1 დეკემბრის განაჩენით ა. ხ–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წელი, 6 თვე და 12 დღე და 5 წელი პირობითი მსჯავრი და საბოლოოდ ა. ხ–ს განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა 10 წლით, 3 თვითა და 12 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, 5 წელი, 3 თვე და 12 დღე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 5 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულ ა. ხ–ს სასჯელის მოხდა აეთვალა 2016 წლის 9 ივნისიდან.
4. 2017 წლის 16 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ ა. ხ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ბ–მ, რომელმაც საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 1 დეკემბრის განაჩენის გადასინჯვა. შუამდგომლობის ავტორი ახლად გამოვლენილ გარემოებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ სააპელაციო სასამართლომ ერთმანეთთან შეუთანხმებელი და არასანდო მტკიცებულებების საფუძველზე დაამტკიცა მხარეებს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება; ამასთან, მსჯავრდებულმა აღიარებითი ჩვენება მისცა ბრალდების მხრიდან უკანონო დაპირებების საფუძველზე. გარდა ამისა, შუამდგომლობას თან ერთვის დაზარალებულების: ტ. პ–ისა და ა. ო–ის ნოტარიული წესით დამოწმებული ჩვენებები იმის თაობაზე, რომ, მათი აზრით, ა. ხ–ს დანაშაული არ ჩაუდენია, ასევე წარმოდგენილია მოწმე ა. ხ–ის ნოტარიული წესით დამოწმებული განცხადება იმის თაობაზე, რომ თავის დროზე მან ჩვენება მისცა ზემოქმედების ქვეშ და მიაჩნია, რომ ა. ხ. უდანაშაულოა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 25 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ა. ხ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ბ–ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
6. კასატორი - მსჯავრდებულ ა. ხ–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. ბ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 25 მაისის განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას მასში მითითებული მოტივებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს.
3. პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 1 დეკემბრის განაჩენით სასამართლომ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, რაც დაიდო ბრალდებისა და დაცვის მხარეთა ნებაყოფლობითი შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს სსსკ–ის XXI თავით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად, რა დროსაც ა. ხ–მ აღიარა ჩადენილი დანაშაული და სრულად ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ საპროცესო შეთანხმება დაიდო კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რაც შესაძლოა, მისი გადასინჯვის საფუძველი გამხდარიყო, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია.
4. რაც შეეხება კასატორის მიერ წარმოდგენილ დაზარალებულების - ტ. პ–ისა და ა. ო–ის განცხადებას, რომ, მათი აზრით, ა. ხ–ს დანაშაული არ ჩაუდენია და საქმეზე პროკურორმა მტკიცებულებები გააყალბა, ასევე, მოწმე ა. ხ–ის განცხადებას, რომ თავის დროზე მან ჩვენება მისცა ზემოქმედების ქვეშ და თვლის, რომ ა. ხ–ი უდანაშაულოა, პალატა მიუთითებს, რომ დაზარალებულების - ტ. პ–ისა და ა. ო–ის და ასევე, მოწმე ა. ხ–ის ჩვენებები საფუძვლად უდევს სააპელაციო სასამართლოს განაჩენს, რის გამოც ვერ მიიჩნევა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ახალ მტკიცებულებად, რომლის შესახებაც ცნობილი არ იყო მხარეებისა და სასამართლოსთვის.
5. რაც შეეხება მითითებას იმის თაობაზე, რომ საქმეზე მტკიცებულებები ფალსიფიცირებულია და პროკურორი/გამომძიებელი მოწმეებზე ახდენდა ზეწოლას, პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს; ამავე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილი იქნებოდა, ამ მოტივით გადაესინჯა განაჩენი, თუ წარმოდგენილი იქნებოდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომლითაც დადგინდებოდა მტკიცებულების სიყალბე ან/და გამომძიებლის/პროკურორის მიერ ა. ხ–ის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
6. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ა. ხ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ბ–ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ა. ხ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ბ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 25 მაისის განჩინება მსჯავრდებულ ა. ხ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ბ–ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე