დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№491აპ-17 ქ. თბილისი
ი. ა-რ, 491აპ-17 23 იანვარი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ - ლუკა გამყრელიძის
ადვოკატ - ი. ჯ-ას
მსჯავრდებულ - ა. ი-ის
კანონიერი წარმომადგენლის - ე. ი-ას
თარჯიმან - ი. ნ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ა. ი-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ჯ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4 მაისის განაჩენით ა. ი., - - ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19.177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა - 6 წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა - 4 წლითა და 6 თვით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 ივნისის განაჩენით დანიშნული და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს 2016 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 4 წელი, 1 თვე და 17 დღე.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ა. ი-ს განაჩენთა ერთობლიობით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა - 6 წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა - 4 წლითა და 6 თვით.
ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მიხედვით, საქმეზე განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები: ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად არასრულწლოვანს ჩაუტარდა ფსიქიატრიული გამოკვლევა; ასევე, მას ჩაუტარდა ინდივიდუალური სარეაბილიტაციო მუშაობა ემოციებისა და იმპულსური ქცევის მართვის მიმართულებით; ოჯახის მხარდაჭერა სათანადო აღმზრდელობითი მიდგომის განსაზღვრის, განათლების მიღების შესაძლებლობისა და ოჯახური კონფლიქტური ურთიერთობების დარეგულირების კუთხით.
ა. ი-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 5 თებერვლიდან.
2. ა. ი-ს ბრალად დაედო ქურდობის მცდელობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევი პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 19 იანვარს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 თებერვლისა და 2016 წლის 22 ივნისის განაჩენებით საქართველოს სსკ-ის 177-ე და 178-ე მუხლებით ნასამართლევმა ა. ი-მა უკანონოდ შეაღწია რ-ში, თ-ას - ჩიხის, - კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ზ. გ-ის კუთვნილ თონეში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სცადა, ფარულად დაუფლებოდა თანხასა და სხვადასხვა დასახელების ნივთებს, რითაც დაზარალებულ ზ. გ-ეს შესაძლოა, მისდგომოდა 17.70 ლარის ქონებრივი ზიანი.
3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა. ი-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ჯ-ამ. აპელანტებმა ითხოვეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4 მაისის განაჩენის გაუქმება და ა. ი-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ივლისის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორი – მსჯავრდებული ა. ი. და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. ჯ. ითხოვენ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4 მაისის განაჩენის გაუქმებასა და ა. ი-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას შემდეგი მოტივებით: მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნები ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. გამომძიებელ გ. ზ-ს ა. ი-თვის რომ წარედგინა დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის თაობაზე, აღნიშნულს დაიმახსოვრებდნენ და სასამართლოს მოახსენებდნენ. ა. ი-ვის ჩხრეკის დაწყების წინ უფლებები და დადგენილება არ განუმარტვიათ. ამასთან, ჩხრეკას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, უნდა დასწრებოდა მისი კანონიერი წარმომადგენელი. ა. ი-ს სურს, ჰქონდეს საკუთარი შემოსავალი და ოჯახს უკეთესი სოციალური მდგომარეობა შეუქმნას. ინდივიდუალური შეფასების ანაგარიშის თანახმად, მისი საცხოვრებელი პირობები არაკეთილსაიმედოა. მას აღენიშნება გონებრივი განვითარების შეფერხება და მისი აზროვნება არ შეესაბამება ასაკობრივ ნორმას. ა. ი-ს კარგი ურთიერთობა აქვს მეზობლებთან, რომლებიც მის მიმართ კეთილგანწყობილნი არიან.
6. საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორებმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება. დაცვის მხარემ სხდომაზე წარმოადგინა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება (- ოქტომბერი, 2017 წელი), რომლის თანახმადაც, ა. მ-ის ძე ი., დაბადებული --- წელს, მსჯავრდებული რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4 მაისისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 11 ივლისის განაჩენებით - საქართველოს სსკ-ის 19.177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 2018 წლის 5 თებერვალს უნდა გათავისუფლეს საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
7. საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა ლუკა გამყრელიძემ ითხოვა ა. ი-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ივლისის განაჩენის ძალაში დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ა. ი-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ჯ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. დაზარალებულმა ზ. გ-ემ პირველი ინსტანციის სხდომაზე მოწმედ დაკითხვის დროს განმარტა, რომ მის მფლობელობაშია რ-ში, თ-ას - ჩიხის, - კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე პურის საცხობი, თონე. 2017 წლის 19 იანვარს, დაახლოებით დილის ხუთ საათზე, მას დაუკავშირდა პოლიციის თანამშრომელი და უთხრა, რომ მისულიყო თონეში. შემთხვევის ადგილზე მისულმა მოწმემ ნახა, რომ თონის შესასვლელი კარი იყო გატეხილი და პოლიციის თანამშრომლებს დაკავებული ჰყავდათ ა. ი.. მისი მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, ხოლო შემდგომში მან ამოსაცნობად წარდგენილი ნივთები ამოიცნო.
3. მოწმე გ. კ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში, უბნის ინსპექტორ–გამომძიებლად. იგი 2017 წლის 19 იანვარს სამოქმედო ტერიტორიაზე სხვა თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც მათ გაიგონეს ხმაური, პურის საცხობ თონესთან მივიდნენ და ადგილზე ნახეს ა. ი.. თონის ტერიტორიაზე იყო არეულობა. ქურდობის მცდელობის ფაქტზე შეატყობინეს გამომძიებელს, რომელიც შემთხვევის ადგილზე თარჯიმანთან ერთად მივიდა. ა. ი-ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა და ამოუღეს სხვადასხვა ნივთი. მათთან ასევე მივიდა ზ. გ., რომელმაც მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. ა. ი-ს წინააღმდეგობა არ გაუწევია.
4. მოწმე გ. კ-ის ჩვენების ანალოგიური ჩვენება მისცეს მოწმეებმა - დ. ბ-მა, ბ. ჯ-მა და მ. ღ-მა.
5. მოწმე გ. ზ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის მარტამდე მუშაობდა რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველ განყოფილებაში. მიმდინარე წლის 19 იანვარს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც მიიღო შეტყობინება, რომ პოლიციის თანამშრომლებს შეჩერებული ჰყავდათ არასრულწლოვანი ა. ი.. დაურეკა თარჯიმანს და მასთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდნენ დ. ბ., გ. კ., ბ. ჯ., მ. ღ. და ა. ი.. არასრულწლოვნის ადგილსამყოფლის თაობაზე შეატყობინეს ბრალდებულის დედას და სთხოვეს მისვლა, რაზედაც მან განაცხადა უარი. ა. ი. თარჯიმნის დახმარებით გაეცნო დადგენილებას პირადი ჩხრეკის თაობაზე, რის შემდეგაც დაიწყო მისი პირადი ჩხრეკა. ჩხრეკაში ასევე მონაწილეობდნენ გ. კ., ბ. ჯ. და თარჯიმანი. ა. ი-ს პირადი ჩხრეკისას თავისი ქურთუკის ჯიბიდან ამოუღეს: ერთი ყურსასმენი, ერთი „უესბე“ დამტენი, სახრახნისი და თანხა – 70 თეთრი. ამოღებული ნივთები მოთავსდა პოლიეთილენის პაკეტში და დაილუქა. პირადი ჩხრეკის დასრულების შემდეგ ა. ი. გაუშვეს და დილით დაიბარეს განყოფილებაში. შემდეგ ექსპერტ–კრიმინალისების, კინოლოგისა და ზ. გ-ის თანდასწრებით დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და ხელისა და სუნის კვლები ამოიღეს.
6. მოწმე დ. ო-ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე ჩაატარა რამდენიმე საგამოძიებო მოქმედება და დაადასტურა მათი სისწორე.
7. მოწმე ბ. ი-ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს საქართველოს შსს კინოლოგიის სამსახურის მთავარ ექსპერტად. მოცემულ საქმეზე მან ჩაატარა ოდოროლოგიური ექსპერტიზა, რომლის თანახმად: სისხლის სამართლის №- საქმეზე რ-ში, თ-ას პირველი ჩიხის №- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული პურის საცხობის - „თ-ს“ გაქურდვის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ, საცხობში, მაგიდის წინ, იატაკის ზედაპირიდან და მაცივრის წინ, იატაკის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია 24.08.2000 წელს დაბადებულ ა. მ-ის ძე ი-გან (პ/ნ --) აღებული სუნის კვალის ნიმუშებისა. ექსპერტმა დამატებით განმარტა, რომ საცხობიდან ამოიღეს სუნის ნიმუში, რომელიც მოთავსდა ქილაში. ასევე, ა. ი-სგან აიღეს სუნის ნიმუში. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის ნიმუშები შედარდა სხვა სუნის ნიმუშებთან. სუნის კვალის ნიმუშები, რომლებიც აღებული იყო თონიდან, იდენტური აღმოჩნდა ა. ი-ის სუნის კვალისა. სუნის კვალი დახურულ სივრცეში შეიძლება დარჩეს ორი–სამი კვირის განმავლობაში.
8. მოწმე მ. ბ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო–კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის მთავარ ექსპერტად. მის მიერ გაცემული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: სს №- საქმეზე, გამოკვლევაზე წარმოდგენილი ხელის კვლები, გადატანილი დაქტილოფირებზე, ზომებით: 41X44მმ (კვალი №1), 43X64 მმ (კვალი №2 და კვალი №3), 34X39 მმ (კვალი №4), 42X49 მმ (კვალი №5), 39X45 მმ (კვალი №6) და 41X51 მმ (კვალი №7 და კვალი №8) პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. კვალი №1, ამოღებული შესასვლელი კარის გარეთა ზედაპირიდან, იდენტურია მონაცემთა ბაზაში რიცხული ა. მ-ის ძე ი-ის (დაბადებული ---- წელს) მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის ანაბეჭდისა; კვალი №2, ამოღებული შესასვლელი კარის გარეთა ზედაპირიდან იდენტურია მონაცემთა ბაზაში რიცხული ა. მ-ის ძე ი-ის (დაბადებული ---- წელს) მარჯვენა ხელის შუა თითის ანაბეჭდისა; კვალი №3, ამოღებული შესასვლელი კარის გარეთა ზედაპირიდან, იდენტურია მონაცემთა ბაზაში რიცხული ა. მ-ის ძე ი-ის (დაბადებული ---- წელს) მარჯვენა ხელის არათითის ანაბეჭდისა; კვალი №4, ამოღებული შესასვლელი კარის გარეთა ჩარჩოს ზედაპირიდან, იდენტურია მონაცემთა ბაზაში რიცხული ა. მ-ის ძე ი-ის (დაბადებული ---- წელს) მარჯვენა ხელის შუა თითის ანაბეჭდისა; კვალი №6 ამოღებული მაცივრის კარის გარეთა ზედაპირიდან, იდენტურია მონაცემთა ბაზაში რიცხული ა. მ-ის ძე ი-ის (დაბადებული ----- წელს) მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის ანაბეჭდისა; კვალი №7, ამოღებული მაცივრის კარის გარეთა ზედაპირიდან, იდენტურია მონაცემთა ბაზაში რიცხული ა. მ-ის ძე ი-ის (დაბადებული ----- წელს) მარჯვენა ხელის შუა თითის ანაბეჭდისა; კვალი №8, ამოღებული მაცივრის კარის გარეთა ზედაპირიდან იდენტურია მონაცემთა ბაზაში რიცხული ა. მ-ის ძე ი-ის (დაბადებული ----- წელს) მარჯვენა ხელის არათითის ანაბეჭდისა; კვალი №5 არ არის იდენტური მონაცემთა ბაზაში რიცხული ა. ი-ის ან ზ. გ-ის ხელის ანაბეჭდებისა; კვალი №5, იდენტური შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კვლები და ანაბეჭდები მონაცემთა ერთიან ბაზაში არ მოიპოვება.
9. ექსპერტმა მ. ბ-მა დამატებით განმარტა, რომ აღნიშნულ საქმეზე წარმოდგენილი იყო დალუქული პაკეტი, რომლის მთლიანობაც არ ყოფილა დარღვეული და იგი დასურათებულია. წარმოდგენილი ექვსი დაქტილოფირიდან ხელის რვა თითის კვალი იყო ვარგისი. ეს ხელის თითის კვლები შეადარა მონაცემთა ბაზაში რიცხულ ა. ი-სა და ზ. გ-ის თითის ანაბეჭდებთან. შედარების შედეგად დადგინდა, რომ შვიდი კვალი იდენტურია ა. ი-ის ხელის ანაბეჭდისა, ხოლო ერთი კვალი არ არის იდენტური ა. ი-სა და ზ. გ-ის ხელის კვალისა.
10. 2017 წლის 22 იანვრის ამოცნობის ოქმების მიხედვით: ზ. გ-ემ ამოსაცნობად წარდგენილი ნივთებიდან ამოიცნო მწვანესახელურიანი სახრახნისი, „CAMEL–ის“ ფორმის სანთებელა, ტელეფონის ყურსასმენები, ტელეფონის „უსბ“ დამტენი.
11. საკასაციო სასამართლო ა. ი-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19.177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებას (ქურდობა, იმის მიერ ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის) დამადასტურებლად მიიჩნევს შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 თებერვლის განაჩენით ა. ი. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 19.177–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ–ის 19.178–ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და დანაშაულთა ერთობლიობით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც საქართველოს სსკ–ის 63–64–ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 ივნისის განაჩენით ა. ი. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ,“ მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73–ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/3-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 8 თვით. საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 6 თვე განესაზღვრა პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 2 წელი და 2 თვე, საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად, რასაც საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, ნაწილობრივ დაემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ა. ი-ს განაჩენთა ერთობლიობით მიესაჯა - თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 6 თვით განესაზღვრა პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 4 წელი, საქართველოს სსკ–ის 63–64–ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა, პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.
12. უსაფუძვლოა დაცვის მხარის მითითება, იმის თაობაზე, რომ ა. ი-ის პირად ჩხრეკას უნდა დასწრებოდა მისი კანონიერი წარმომადგენელი.
13. საქმეში არსებული მტკიცებულებების თანახმად, ა. ი-ის პირადი ჩხრეკა ჩატარდა შემთხვევის ადგილზე, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, რა დროსაც მისგან ამოიღეს სხვადასხვა ნივთი. გამომძიებელმა გ. ზ-მა დაადასტურა პირადი ჩხრეკის ოქმში ასახული გარემოებები და განმარტა, რომ ა. ი-ს თარჯიმნის დახმარებით გააცნო დადგენილება მისი პირადი ჩხრეკის თაობაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არასრულწლოვნის პირადი ჩხრეკა მისი კანონიერი წარმომადგენლის დასწრების გარეშე, შემთხვევის ადგილზე გადაუდებელი აუცილებლობის, გამომძიებლის მიერ დადგენილების გამოტანისა და მისი კანონით დადგენილი წესით გაცნობის პირობებში, არ ეწინააღმდეგება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსითა და საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
14. საკასაციო პალატა არ ეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას მტკიცებულებათა არასაკმარისობის თაობაზე, რომ თითქოს საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
15. სისხლის სამართლის საქმის მასალების თანახმად, ოდოროლოგიურ და დაქტილოკოპიურ ექსპერტიზათა დასკვნების გარდა, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა - გ. კ-ემ, დ. ბ-მა, ბ. ჯ-მა და მ. ღ-მა განმარტეს, რომ 2017 წლის 19 იანვარს, ხმაურის გაგების შემდეგ პურის საცხობ თონესთან მივიდნენ, სადაც ნახეს ა. ი.. თონის ტერიტორიაზე იყო არეულობა. ა. ი-ს გადაუდებელი აუცილებლობით ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. 2017 წლის 22 იანვრის ამოცნობის ოქმების მიხედვით კი, ა. ი-გან პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთები ამოიცნო დაზარალებულმა.
16. ამდენად, საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ა. ი-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 19.177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
17. რაც შეეხება ა. ი-სათვის დანიშნულ სასჯელს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ იგი შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსითა და საერთაშორისო სამართლით დადგენილ ნორმებს. საკასაციო პალატა აგრეთვე ყურადღებას მიაქცევს ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში ასახულ დადებით და უარყოფით ფაქტორებს, კერძოდ, ა. ი-ს უყვარს როდესაც რაიმე საქმით არის დაკავებული, იგი უფროს ადამიანებთან თავაზიანობით გამოირჩევა; ამავდროულად, მსჯავრდებულს უჭირს ემოციების მართვა და საკუთარი ქცევის ანალიზი; იგი ვერ იაზრებს სარისკო ქცევის შედეგებს.
18. ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში ნებისმიერი გადაწყვეტილება მიზნად ისახავდეს ბავშვის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესის დაცვას; ამავე კონვენციის 32-ე მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, რომ სასჯელის შესაბამისი სახის გათვალისწინებისას მხედველობაში მიიღოს ბავშვის ჯანმრთელობა, განათლება, ეკონომიკური ექსპლუატაცია, ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, მორალური და სოციალური განვითარების ფაქტორები. არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ გაეროს მინიმალური სტანდარტული წესების („პეკინური წესები“) მე-5 მუხლის თანახმად, ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი, არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ - არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან.
19. შესაბამისად, როგორც სასჯელი, ისე ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის საფუძველზე განსაზღვრული ღონისძიებები ჩადენილი ქმედების გარემოებების, ა. ი-ის მდგომარეობის, მისი მოთხოვნილების თანაზომადია და ემსახურება არასრულწლოვნის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესის დაცვას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შეფარდებული სასჯელის სახე და ზომა წარმოადგენს ადეკვატურ ღონისძიებას ა. ი-ის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის, მისი მხრიდან ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვისადმი პატივისცემით განწყობისათვის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ა. ი-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ჯ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე