განაჩენი გაუქმდა და საქმე შეწყდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №80აგ-17 თბილისი
შ-ი ი., 80აგ-17 13 მარტი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, ბესარიონ ალავიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორ ემზარ გაგნიძის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 მარტის განაჩენით ი. ჯ-ი (ი. შ-ი), - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 13 ნოემბრიდან. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
2. განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულმა ი. ჯ-მ ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გამოიხატა შემდეგში: ი. ჯ-მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით - 0,8492 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რასაც უკანონოდ ინახავდა თბილისში, ….. №…..-ში მდებარე მის დროებით საცხოვრებელ ბინა №…..-ში. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 2007 წლის 13 ნოემბერს ამ ბინის ჩხრეკისას ამოიღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 23 იანვრის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ ი. ჯ-ს ადვოკატ მ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აპრილის განაჩენზე.
5. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 24 ნოემბრის №….. სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ განკარგულების საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აპრილის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდებული ი. ჯ-ი გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისგან.
6. 2016 წლის 28 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორმა გ. პ-მ, რომელმაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვა ი. ჯ-ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვა და საქმის არსებითად განხილვა შემდეგი მოტივით: საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის 2016 წლის 25 ივლისის დადგენილებით „მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ“ გაირკვა, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში არსებითად დაირღვა მსჯავრდებულ ი. ჯ-ს თავისუფლების, პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უფლება, რაც ცნობილი არ იყო გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს, კერძოდ: ახალი გამოძიების პირობებში მოპოვებული მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ პროკურატურა მიიჩნევს, რომ არათუ გამორიცხულია ი. ჯ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტის არსებობა, არამედ პირიქით, არსებობს ი. ჯ-თვის ნარკოტიკული საშუალების „ჩადებისა“ და პოლიტიკური ნიშნით მისი უკანონო დევნის მაღალი ალბათობა. ი. ჯ-თვის ნარკოტიკული საშუალების ჩადებითა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის გზით მისი დაკავებით არსებითად დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით დაცული ადამიანის თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება, ასევე, დაკავებითა და განზრახ უკანონო დევნით შეილახა მისი რეპუტაცია და მოხდა საზოგადოებაში მისი დისკრედიტაცია, რითაც არსებითად დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცული ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უფლება. პროკურატურა ასევე მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 და მე-13 მუხლების შესაბამისად, არ დასტურდება ი. ჯ-ს მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტი და მას უფლება აქვს, მოითხოვოს გამართლება.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 3 აგვისტოს განჩინებით საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორ გელა პეტრიაშვილის შუამდგომლობა დასაშვებად იქნა ცნობილი და დაინიშნა საქმის არსებითი განხილვა.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე დადგინდა სასჯელმოხდილი ი. ჯ-ს ვინაობა, კერძოდ: ი. ჯ-მ კანონით დადგენილი წესით შეიცვალა სახელი და გვარი და ჯერ იყო ი. ს-ე, ხოლო მოცემული დროისთვის არის ი. შ-ი.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის განაჩენით საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორ გელა პეტრიაშვილის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 მარტისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აპრილის განაჩენები დარჩა უცვლელად.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორმა ემზარ გაგნიძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ახალი - გამამართლებელი გადაწყვეტილების მიღება ი. შ-ს (ი. ჯ-ს) მიმართ, რასაც აფუძნებს შემდეგ გარემოებებზე: საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის 2016 წლის 25 ივლისის დადგენილებით „მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ“ გაირკვა, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში არსებითად დაირღვა მსჯავრდებულ ი. შ-ს თავისუფლების, პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უფლება, რაც ცნობილი არ იყო გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს, კერძოდ: ახალი გამოძიების პირობებში მოპოვებული მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ პროკურატურა მიიჩნევს, რომ არსებობს ი. შ-თვის ნარკოტიკული საშუალების „ჩადებისა“ და პოლიტიკური ნიშნით მისი უკანონო დევნის მაღალი ალბათობა. ნარკოტიკული საშუალების ჩადებითა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის შედეგად მისი დაკავებით არსებითად დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით დაცული უფლებები. ამასთან, სააპელაციო სასამართლოში გამოკვლეული ახალი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ ი. შ-ს არ ჩაუდენია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს და ი. შ-ს მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ1“ ქვეპუნქტის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო.
3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის „მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ“ დადგენილებითა და ახალი გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მასალებით გაირკვა, რომ ი. შ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში არსებითად დაირღვა მისი უფლებები, რაც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო, კერძოდ: საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში დაწყებულია გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ი. ჯ-ს მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით.
4. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ახალი მასალების, საქმის გარემოებებისა და სააპელაციო სასამართლოს სხდომებზე გამოკვლეული ახალი მტკიცებულებების (მათ შორის მოწმეთა: ი. შ-ს, ს. გ-ს, ი. რ-ს, ს. ჯ-ს, ა. უ-ს, ზ. კ-ს, თ. ყ-ს ჩვენებების) ერთობლივი ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ მოცემულობით აღარ დასტურდება ი. შ-ს მიერ სადავო განაჩენით დადგენილი დანაშაულებრივი ქმედების - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის - ჩადენის ფაქტი.
5. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არსებობს ისეთი ურთიერთგამომრიცხავი მტკიცებულებები, რომელთა ანალიზის შედეგად ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ი. შ-ს არ ჩაუდენია მისთვის შერაცხული დანაშაულებრივი ქმედება, რაც საერთაშორისო კანონმდებლობის, საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, უნდა გადაწყდეს მისივე სასარგებლოდ. კერძოდ: საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ[1].
6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 132-ე მუხლის მიხედვით, ეჭვი პირის დამნაშავედ ცნობისათვის მტკიცებულების უტყუარობისა და მისი საკმარისობის თაობაზე უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ხოლო ამავე კოდექსის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე.
7. ამდენად, მართალია, საქმის განხილვის ამ ეტაპზე სასამართლოს გადაწყვეტილებით არ არის დადგენილი ი. შ-სთვის ნარკოტიკული საშუალების „ჩადების“ ფაქტი, მაგრამ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისათვის ი. შ-ს მსჯავრდება საეჭვოა და საქმეში არ არსებობს ამ ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველია.
8. რაც შეეხება პოლიტიკური ნიშნით ი. შ-ს დაკავების შესახებ მხარეთა მოსაზრებას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განხილვისას სასამართლომ მხედველობაში შეიძლება მიიღოს პირის პოლიტიკური ნიშნით დევნის (დაკავების) შესახებ არა მოსაზრება და ვარაუდი (მათ შორის რამდენიმე მოწმის ჩვენება), არამედ კონკრეტული მტკიცებულება, დოკუმენტი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნება დადგენილი და რომლითაც უდავოდ იქნება დადასტურებული პირის პოლიტიკური ნიშნით დევნის (დაკავების) ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში ი. შ-ს საქმეში არ მოიპოვება, ხოლო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარდგენილი შუამდგომლობის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაადგინოს პირის პოლიტიკური ნიშნით დაკავების ფაქტი და შემდეგ ამ გარემოებაზე დააფუძნოს თავისი გადაწყვეტილება.
9. ამასთან, საკასაციო პალატა, საქმის მასალებიდან გამომდინარე, არ გამორიცხავს პოლიტიკური მოტივით ი. შ-ს დევნის ან გარკვეული სახის პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორების არსებობას, მაგრამ სასამართლო ამ ეტაპზე იხილავს მოთხოვნას ი. შ-თვის ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ნამდვილობის შესახებ და არა - მისი სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით დევნისა და დაკავების ფაქტის დადგენის თაობაზე, რაც არ წარმოადგენს მოცემულ საქმესთან მიმართებით ამ ეტაპზე შესაფასებელ მოთხოვნას და დღევანდელი მოცემულობით სცილდება სასამართლოს კომპეტენციას.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისისა და 2008 წლის 29 აპრილის განაჩენები უნდა გაუქმდეს და ი. შ-ს მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - დიდი ოდენობით - 0,8492 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ უკანონო შეძენასა და შენახვაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (ამჟამად მოქმედი რედაქცია) 314-ე, 329-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის კანონი) 552-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორ ემზარ გაგნიძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის განაჩენი საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორ გელა პეტრიაშვილის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვების შესახებ;
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აპრილის განაჩენი და ი. შ-ს მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - დიდი ოდენობით - 0,8492 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ უკანონო შეძენასა და შენახვაში;
4. ი. შ-ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-228-ე მუხლებით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;
5. ცნობად იქნეს მიღებული, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აპრილის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდებული ი. შ-ი საპატიმრო სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებულია საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 24 ნოემბრის №….. სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ განკარგულების საფუძველზე;
6. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
ბ. ალავიძე
[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.