განაჩენი შეიცვალა

სისხლის სამართლის 22.03.2018
საქმის ნომერი
2კ-549აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№549აპ-17 22 მარტი, 2018 წელი

მ. ა., 549აპ-17 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ _ გიორგი ოსაძის

მსჯავრდებულების – ა. მ-ს, ბ. ც-ს, ხ. ა-ის, მ. ს-სა და ნ. ა-ის

გამართლებულ – ბ. ს-ს

ადვოკატების – ზ. ნ-ის, ზ. დ-ას, კ. კ-ის, ი. ჩ-ის, ა. ს-ის, ლ. ჯ-ის

მონაწილეობით განიხილა თილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხათუნა კუსრაშვილის, მსჯავრდებულ ა. მ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – ზ. ნ-ისა და ზ. დ-ას, მსჯავრდებულ ხ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ჩ-ის, მსჯავრდებულ ბ. ც-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ლ-ას, მსჯავრდებულ მ. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ს-ისა და მსჯავრდებულ ნ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ჯ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 დეკემბრის განაჩენით ნ. ა., – , ნასამართლობის არმქონე; ბ. ც., – ხ. ა., – ნასამართლევი, – ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით იმაში, რომ ჩაიდინეს ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ძალადობის გამოყენების მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ქონების დაუფლების მიზნით; ა. მ., – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობის ორგანიზება, ჩადენილი ძალადობის გამოყენების მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ქონების დაუფლების მიზნით; მ. ს., – ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით იმაში, რომ ჩაიდინა ძალადობის გამოყენების მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ქონების დაუფლების მიზნით ყაჩაღობაში დახმარება.

2. ამავე განაჩენით ბ. ს., – ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 25,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში; გამართლებული ბ. ს. დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან; მასვე განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

3. განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ა. მ-სათვის ცნობილი იყო, რომ ა. ს. და ნ. გ. საცხოვრებელ ბინაში, მდებარე თ-ში, დ., ინახავდნენ დიდი ოდენობით ოქროს ნივთებს და განიზრახა ყაჩაღური თავდასხმის ორგანიზება. ამ მიზნით ა. მ. დაუკავშირდა ნათესავ მ. ს-ს, რომელიც თავის მხრივ ასევე დაუკავშირდა ნაცნობებს – ბ. ც-სა და ხ. ა-ს, ხოლო ხ. ა. დაუკავშირდა ბიძაშვილს – ნ. ა-ს. დანაშაულებრივ ჯგუფში ასევე იყვნენ გამოძიებით დაუდგენელი სხვა პირები. 2015 წლის 23 მარტს, ღამის საათებში, ბ. ც., ხ. ა., ნ. ა. და გამოძიებით დაუდგენელი პირი ნ. ა-ის ავტომობილით, სახ. №--, ა. მ-ს ორგანიზებითა და მითითებით მივიდნენ თ-ში, დ-ის კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ შეაღწიეს აღნიშნულ კორპუსში მდებარე ნ. გ-ს კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში და თავს დაესხნენ მის ოჯახს. თავდასხმის დროს სახლში იმყოფებოდნენ ნ. გ. და მისი არასრულწლოვანი შვილები – ნ. და ლ. ს-ები, რომელთაც წებოვანი ლენტით შეუკრეს ხელები. თავდამსხმელებმა ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნებისა და დანების დემონსტრირებით მოსთხოვეს სახლში არსებული ფულის, ძვირფასეულობისა და იარაღის გადაცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით. ბ. ც., ხ. ა. და ნ. ა. გამოძიებით დაუდგენელ სხვა პირთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ნ. გ-ს კუთვნილ, 200000 აშშ დოლარად ღირებულ ძვირფას ნივთებს, რომლებიც შემდგომში ერთმანეთში გაინაწილეს.

4. აღნიშნული ქმედებისათვის მ. ს-ს მიესაჯა 8 წლით, ხოლო ა. მ-ს, ბ. ც-ს, ნ. ა-სა და ხ. ა-ს – 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 22 ივლისის განაჩენით სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი; სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ხ. ა-ისათვის შეფარდებულ 9 წლით თავისუფლების აღკვეთას დაემატა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 22 ივლისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 6 თვე და განაჩენთა ერთობლიობით ხ. ა-ს საბოლოოდ მიესაჯა 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულებს – ა. მ-ს, მ. ს-სა და ბ. ც-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოთ 2015 წლის 31 მარტიდან, ნ. ა-სა და ხ. ა-ს – იმავე წლის 1 აპრილიდან.

5. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ოსაძემ, მსჯავრდებულმა ა. მ-მ და მისმა ადვოკატებმა – ზ. ნ-ემ და ზ. დ-ამ, მსჯავრდებულ ნ. ა-ის ადვოკატმა ლ. ჯ-ემ, მსჯავრდებულ მ. ს-ს ადვოკატებმა – ა. ს-მა და ა. გ-ემ, მსჯავრდებულმა ხ. ა-მ და მისმა ადვოკატმა ი. ჩ-ემ, მსჯავრდებულმა ბ. ც-მა და მისმა ადვოკატმა ი. ლ-ამ.

6. პროკურორმა გიორგი ოსაძემ სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და ბ. ს-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 25,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, ხოლო დანარჩენ ნაწილში – განაჩენის უცვლელად დატოვება.

7. მსჯავრდებულებმა და მათმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ითხოვეს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულთა გამართლება.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივლისის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.

9. კასატორი – თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი ხათუნა კუსრაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანასა და ბ. ს-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 25,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით იმ მოტივით, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდა ბ. ს-ს ბრალეულობა.

10. მსჯავრდებული ა. მ. და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატები – ზ. ნ. და ზ. დ. საკასაციო საჩივრით ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და ა. მ-ს გამართლებას იმ მოტივით, რომ საქმეში არ არსებობს მისი ბრალეულობის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება და გამამტყუნებელი განაჩენი ეყრდნობა მხოლოდ ვარაუდებს.

11. ადვოკატი ი. ჩ. საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და ხ. ა-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას შემდეგი მოტივებით: შემთხვევის ადგილზე აღებული ანაბეჭდები, სუნის ნიმუშები და სხვა კვლები არ დაემთხვა ხ. ა-ის ანაბეჭდებს, სუნისა და ბოჭკოების ნიმუშებს; 2015 წლის 17 მარტს ხ. ა. ფიზიკურად ვერ მივიდოდა მ. ს-თან თ-ში მდებარე ბინაში, რადგან ამ დღისთვის მას აქვს ალიბი – იმყოფებოდა ზუგდიდში დაკრძალვაზე (რასაც მოწმეები ადასტურებენ) და დაფიქსირდა პრობაციის ბიუროშიც; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მინის ქილა შეცვალეს არყის ბოთლით „ხლებნაია“, საიდანაც აღებული კვალი დაემთხვა ხ. ა-ის გენეტიკურ მასალას, თანახმად ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნისა.

12. ადვოკატი ი. ლ. საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და ბ. ც-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ბ. ც-ს რეაბილიტაციასა და მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, შემდეგ მოტივებზე დაყრდნობით: საექსპერტო კვლევების შედეგად ბ. ც-ს შემთხვევის ადგილზე ყოფნა ვერ დადასტურდა; ბ. ც-ს ბინის ჩხრეკა ჩატარდა საპროცესო კანონის მოთხოვნათა დარღვევით გადაუდებელი აუცილებლობით ინფორმაციის მიღებიდან 16 საათის გასვლის შემდეგ; ბ. ც-მა ჩხრეკის ოქმს ხელი არ მოაწერა; ბრალდების წარდგენამდე გამომძიებელმა გახსნა და დაათვალიერა ნივთმტკიცებების პაკეტი, შემდეგ კი ჩაატარა ამოცნობა; გამომძიებელმა განაცხადა, რომ პაკეტის გახსნამდე ოქროს ნივთები ვიზუალურად დაათვალიერა გამჭვირვალე პაკეტში და მსგავსი ნივთები მოიტანა ოქროს ბირჟიდან, კონკრეტულად ვისგან – არ ახსოვს; ეს ნივთები ამოიცნო დაზარალებულმა, კანონის დარღვევით ჩატარებული მოქმედებებით ამოღებულ საგანს კი მტკიცებულების მნიშვნელობა არ გააჩნია; ბ. ს-ების ჩვენებები გამოძიების საწყის ეტაპზე მიღებულია ძალადობისა და მუქარის შედეგად, ხოლო განაჩენი ემყარება მხოლოდ არაფრის მთქმელ ფრაზებს.

13. მსჯავრდებულ მ. ს-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. ს. საკასაციო საჩივრით ითხოვს მ. ს-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას შემდეგ გარემოებათა გამო: თავიდან მ. ს-ს ბრალი წარედგინა დანაშაულის შეუტყობინებლობაში და წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენაში ან გასაღებაში, ე.ი. რეალურად არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა; ამის შემდეგ, ისე, რომ დამატებით არანაირი მტკიცებულება არ მოუპოვებიათ, მას ბრალი წაუყენეს ყაჩაღობაში დახმარებისათვის, თუმცა ა. მ-ს, ბ. ც-სა და ა-ების ბრალდების დადგენილებებში მითითებულია, რომ მ. ს-მა უარი განაცხადა მათთვის დახმარების გაწევაზე, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა; სატელეფონო ზარების ინტენსიურობა, როცა საუბრის შინაარსი არ აისახება, სასამართლოს მტკიცებულებად არ უნდა მიეჩნია; საქმეში კი არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომ ის შეჰპირდა დახმარებას ან ვინმეს დაეხმარა ყაჩაღობის ჩადენაში.

14. ადვოკატი ლ. ჯ. საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და ნ. ა-ის გამართლებას შემდეგი მოტივებით: ნ. ა-ის ყოფნა ნ. გ-ს ბინაში არაფრით არ დასტურდება; მინის ბოთლი ამოიღეს არა დაზარალებულის ბინიდან, არამედ – სადარბაზოს შესასვლელიდან, რაც უპირობოდ არ ნიშნავს იმას, რომ ნ. ა-მ ჩაიდინა ყაჩაღობა; 2015 წლის 28 მაისის მდგომარეობით გამოძიებას უკვე ჰქონდა გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნა; დაზარალებული ძიების პროცესში მიცემულ არცერთ ჩვენებაში არ უთითებს საუთოვებელზე დადებულ მინის ბოთლზე და ამას აცხადებს მხოლოდ სასამართლოში ჩვენების მიცემისას, ეს კი დაზარალებულის ჩვენების სანდოობაში ეჭვს იწვევს და ამ ინფორმაციის გადამოწმების სამართლებრივი და პრაქტიკული საშუალებაც აღარ არსებობს; „112-ის“ სათვალთვალო კამერებზე 2015 წლის 23 მარტს, გამთენიისას, ნ. ა-ის კუთვნილი ავტომანქანის დაფიქსირების ფაქტი თავისთავად არ ნიშნავს მის მონაწილეობას ყაჩაღობაში; იჯდა თუ არა ნ. ა. მანქანაში, იყვნენ თუ არა მასთან თანამონაწილეები – ეს არ დადგენილა; იგი არ ამოუცვნიათ დაზარალებულებს, თუმცა მას აქვს ვიზუალურად შესამჩნევი განმასხვავებელი ნიშანი – მარცხენა თვალი აქვს დაზიანებული.

15. პროკურორი ხათუნა კუსრაშვილი შესაგებლებით ითხოვს მსჯავრდებულებისა და მათი ადვოკატების საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობას და განაჩენის უცვლელად დატოვებას ა. მ-ს, ბ. ც-ს, ნ. ა-ის, ხ. ა-ისა და მ. ს-ს დამნაშავედ ცნობის ნაწილში.

16. საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა გიორგი ოსაძემ მხარი დაუჭირა პროკურორ ხათუნა კუსრაშვილის საკასაციო საჩივარს და ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ – ბ. ს-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 25,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, ხოლო დანარჩენ ნაწილში – განაჩენის უცვლელად დატოვება.

17. საკასაციო პალატის სხდომაზე დაცვის მხარის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს თავიანთ საკასაციო საჩივრებს და ითხოვეს გამამართლებელი განაჩენის დადგენა, ხოლო ბ. ს-ს გამართლების ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა საკასაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხათუნა კუსრაშვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დაცვის მხარის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები არ იძლევა იმის საფუძველს, რომ საკასაციო პალატამ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიიჩნიოს ა. მ-ს, ხ. ა-ის, ნ. ა-ის, ბ. ც-სა და მ. ს-ს მიერ ყაჩაღობის ჩადენის ფაქტი.

2. პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულებს ბრალი თანამონაწილეობითა და თანაამსრულებლობით ჩადენილ დანაშაულში ედებათ და, შესაბამისად, მნიშვნელოვანია წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზი, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს სასამართლოს ვალდებულებას, ყოველი ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს კონკრეტულად მისი ბრალეულობის დამადასტურებელი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში. მოცემულ საქმეში კი გასაჩივრებული გაანჩენი ეფუძნება ისეთ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ზოგადად მიუთითებს დანაშაულებრივი ქმედების არსებობაზე, თუმცა უტყუარად არ მიუთითებს კონკრეტულ პირთა ბრალეულობაზე.

3. საკასაციო პალატა გასაჩივრებულ განაჩენს შეაფასებს სწორედ იმ მიმართებით, თუ რამდენადაა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა თითოეული მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამოსატანად.

4. ა. მ-ს ბრალის დასადასტურებლად განაჩენი ძირითადად ეფუძნება დაზარალებულ ნ. გ-სა და მისი შვილების – ნ. და ლ. ს–ების ჩვენებებს, მოწმე ი. მ-ის ჩვენებასა და მობილური ოპერატორებისგან გამოთხოვილ ინფორმაციას, კერძოდ:

4.1. დაზარალებულ ნ. გ-ს ჩვენებით, 2015 წლის 22-23 მარტის ღამეს ნიღბიანი შეიარაღებული მამაკაცები შევიდნენ მასთან ბინაში; ისინი დასავლურ კილოზე საუბრობდნენ, ერთ-ერთი კი მეგრულად ლაპარაკობდა; თავდამსხმელებიდან ერთმა მას მიმართა შემდეგი სიტყვებით – „შენზე ამბობენ, ვაჟკაცური ქალიაო“, ასე კი მხოლოდ ა. მ. მიმართავდა ხოლმე, რომელიც მის მეუღლესთან ერთად საქმიანობდა უცხოეთში და კარგად იცოდა, რომ ნ. გ. აგროვებდა ოქროს; გარდა ამისა, ნ. გ-მა განაცხადა, რომ ბოროტმოქმედებს არყის სუნი ასდიოდათ, ხოლო საუთოვებელზე შენიშნა ბოთლი, რომელიც მისი არ იყო, თუმცა შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ეს ბოთლი სახლში ვეღარ იპოვეს.

4.2. მოწმეების – ნ. და ლ. ს-ების ჩვენებებით, 2015 წლის 23 მარტს, 4-ის წუთებზე, მათ ოჯახში შევიდნენ ნიღბიანი ყაჩაღები და ხელ-ფეხი პლასტმასის სალტეებით შეუკრეს; მათ არყის სუნი ასდიოდათ და კუთხურ კილოზე საუბრობდნენ; ერთ-ერთმა თავდამსხმელმა მათ უთხრა, რომ იყო ევროპაში მათ მამასთან ერთად, მასზე შური უნდა ეძიათ და ჰყავდა ლ. ს-ს ასაკისა და სახელის შვილი. ლ. ს-ს განმარტებით, სწორედ იმ პირის ხმა მიამსგავსა ა. მ-ს ხმას, რომელმაც თქვა, რომ ჰყავდა შვილი, სახელად ლ., იგი მეუღლესთან ერთად მათ ოჯახში ხშირად მოდიოდა და ღამეც რჩებოდა. მას ჰყავდა მისი ასაკის შვილი – ლ..

4.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ი. მ-ის ჩვენებით, 2015 წლის მარტის ბოლოს მას შეხვდა ა. მ. და სთხოვა ოქროს გაყიდვაში დახმარება, თუმცა არც ოქრო უჩვენებია, არც მის წარმომავლობასა და ზუსტ წონაზე უთქვამს რაიმე, მხოლოდ ის უთხრა, რომ ოქრო იყო თურქული.

4.4. შპს „--“ გადმოგზავნილი CD დისკის დათვალიერების შედეგად მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წლის 22 მარტიდან იმავე წლის 29 მარტის ჩათვლით მ. ს-ს, ა. მ-სა და ბ. ც-ს ჰქონდათ სატელეფონო კავშირები.

5. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მითითებული მტკიცებულებები არ აკმაყოფილებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს შემდეგ გარემოებათა გამო:

5.1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო ბრალდება ა. მ-ს ბრალად სდებდა ყაჩაღობის ორგანიზებას ისე, რომ არ ედავებოდა ნ. გ-ს ბინაში პირადად შეღწევას. შესაბამისად, თუკი ბრალდების ვერსიით ა. მ. შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა, გაუგებარი ხდება ბრალდების მხარის ძალისხმევა, მტკიცებულებათა მოშველიებით დაადასტუროს ის ფაქტი, რომ ა. მ. იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და მონაწილეობდა ყაჩაღურ თავდასხმაში. რასაც იზიარებენ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოები მაშინ, როდესაც აღნიშნული მსჯელობის საჭიროება არ გამომდინარეობს პირის ბრალდების შესახებ დადგენილებიდან, რადგან არ ემსახურება ბრალდების დადგენილებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების მიზანს.

5.2. გარდა ამისა, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ორგანიზატორია ის, ვინც მოაწყო დანაშაულის ჩადენა ან ხელმძღვანელობდა მის განხორციელებას. შესაბამისად, გაზიარებულ რომც იქნეს სასამართლოთა პოზიცია ა. მ-ს შემთხვევის ადგილზე ყოფნისა და ყაჩაღურ თავდასხმაში სხვა პირებთან ერთად მონაწილეობის შესახებ, პალატისთვის გაუგებარია და არც გასაჩივრებული განაჩენიდან იკვეთება, თუ რა ფორმით შეიძლება ადასტურებდეს ეს ფაქტი იმ გარემოებას, რომ მ-მ მოაწყო დანაშაულის ჩადენა ან/და ხელმძღვანელობდა მის განხორციელებას.

5.3. გასაჩივრებული განაჩენი იმ ნაწილშიც დაუსაბუთებელია, იმყოფებოდა თუ არა შემთხვევის ადგილზე ა. მ., ვინაიდან ეს გარემოება ეფუძნება მხოლოდ ნ. გ-ს განმარტებას, რომ ფრაზას - „შენზე ამბობენ, ვაჟკაცური ქალიაო“ - ამბობდა ხოლმე . მ. და ასევე, ლ. ს-ს განმარტებას, რომ თავდამსხმელის ხმა მიამსგავსა ა. მ-ს ხმას. პალატის მოსაზრებით, აღნიშნული წარმოშობს მხოლოდ ვარაუდს, რომ შესაძლოა, ა. მ. იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, ვინაიდან არც მოცემულ ფრაზაშია რაიმე განსაკუთრებული ნიშანი, რომ მხოლოდ ა. მ. შეიძლება იყოს მისი ავტორი და არც მხოლოდ ხმის მიმსგავსებაა საკმარისი საფუძველი პირის ზუსტი იდენტიფიცირებისთვის, ხოლო ვარაუდი, ბუნებრივია, ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.

5.4. დაუსაბუთებელია ასევე სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ მ-ს ბრალეულობა დადასტურებულია მობილური ოპერატორებისგან ამოღებული ინფორმაციით, ვინაიდან დადგენილია, რომ მ. ს. არის ა. მ-ს მეუღლის ნათესავი, რის გამოც მათ შორის განხორციელებული სატელეფონო ზარები (მათ შორის - ყაჩაღობის წინა დღეს) სრულიად ბუნებრივია და ვერ იქნება იმის მამტკიცებელი, რომ ნათესავების საუბარი სწორედ ყაჩაღური თავდასხმის ორგანიზებას ეხებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ა. მ-ს სატელეფონო კავშირი გამოძიებისთვის საინტერესო პერიოდში ჰქონდა მხოლოდ ნათესავ მ. ს-თან და სხვა ბრალდებულებთან მისი კონტაქტი საერთოდ არ ფიქსირდება.

5.5. ა. მ-ს ბრალეულობა არ დასტურდება ასევე მოწმე ი. მ-ის ჩვენებით, რომ 2015 წლის მარტის ბოლოს მას შეხვდა ა. მ. და სთხოვა ოქროს გაყიდვაში დახმარება, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე მ. მ-ის ჩვენებით 2015 წლის მარტის ბოლოს მას ესაუბრა ა. მ., რომელთანაც აქვს მეგობრული ურთიერთობა და სთხოვა ფინანსური დახმარება, რათა გამოეტანა ლომბარდში ჩაბარებული თავისი მეუღლის ოქროს ნივთები და გაეყიდა. ამდენად, ეჭვი იმის თაობაზე, რომ ი. მ-ს ა. მ. საკუთარი ნივთების გაყიდვაში სთხოვდა დახმარებას, რომლის გამოტანასაც აპირებდა ლომბრადიდან, არ არის გაბათილებული. მეტიც, გაუგებარია, რატომ სთხოვდა ა. მ. მ. მ-ს ფინანსურ დახმარებას ლომბარდიდან ოქროს დახსნაში, თუ მას ჰქონდა ნაყაჩაღარი ნივთები და, შესაბამისად, მის დაუხმარებლადაც შეეძლო ნივთების ლომბარდიდან დახსნა.

6. რაც შეეხება ნ. და ხ. ა-ებს, მათი ბრალეულობის დამადასტურებელად განაჩენი ეყრდნობა ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის 2015 წლის 21 აპრილის №-- დასკვნას, რომლის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ, ერთი მინის ბოთლის პირსა და სახურავზე, წარწერით „ხლებნაია“, აღმოჩნდა ბიომასალა შერეული გენეტიკური პროფილით, რომლის ძირითადი წილი იდენტურია ნ. ა-ის, ხოლო მეორე წილი – ხ. ა-ის გენეტიკური პროფილებისა და ,,112-დან“ ამოღებულ 2015 წლის 23 მარტის ვიდეოჩანაწერებს, რომელთა დათვალიერების შედეგად ირკვევა, რომ თ-ში, მ-ა და პ-ის ქუჩების გადაკვეთასა და ა. კილომეტრზე (06:46 სთ) გადაღებულ ჩანაწერებში არ ჩანს მუქი ფერის ავტომანქანის, რომელსაც ადგას ტაქსის ამოსაცნობი ნიშანი, სახელმწიფო ნომერი, ხოლო თ-ში, ა. კილომეტრზე 06:48 სთ-ზე გადაღებულ ვიდეოჩანაწერში ნომრის ამომცნობს დაფიქსირებული აქვს მუქი ფერის ავტომანქანა, სახ. №--. სწორედ ამ სახელმწიფო ნომრის მქონე ავტომანქანა „ოპელ ვექტრა B-ს“ მფლობელია ნ. ა., რასაც საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება შემდეგ გარემოებათა გამო:

6.1. მინის ბოთლი წარწერით „ხლებნაია“ ამოიღეს სადარბაზოდან და არა – დაზარალებულის ბინიდან, შესაბამისად, სხვა მტკიცებულებათა არარსებობის პირობებში, უსაფუძვლოა უპირობოდ იმის მტკიცება, რომ აღნიშნულით დასტურდება ნ. ა-ისა და ხ. ა-ის ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობა.

6.2. გარდა ამისა, საკასაციო პალატა ყურადღების მიღმა ვერ დატოვებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

6.3. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებულია, რომ ამოღებული მინის ქილა დაილუქა სპეცპაკეტში ნომრით - --, მაშინ, როდესაც ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №-- დასკვნის აღწერილობით ნაწილში მითითებულია, რომ 1 ცალი მინის ბოთლი, მასზე არსებული წარწერით „ხლებნაია“, მოთავსებული იყო პოლიეთილენის დალუქულ პაკეტში შტრიხკოდით - --.

6.4. ამდენად, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, დაილუქა მინის ქილა შტრიხკოდით - --, ხოლო გენეტიკური ექსპერტიზა ჩატარდა მინის ბოთლზე წარწერით „ხლებნაია“, რომელიც მოთავსებული იყო პოლიეთილენის დალუქულ პაკეტში შტრიხკოდით - --. აღნიშნული შეუსაბამობა იმ ფონზე, როდესაც დაზარალებულს ძიების პროცესში მიცემულ არც ერთ ჩვენებაში არ მიუთითებია საუთოვებელზე დადებულ მინის ბოთლზე და ამას შესახებ მიუთითა მხოლოდ სასამართლოში ჩვენების მიცემისას (მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა გენეტიკური ექსპერტიზის შედეგი), საკასაციო პალატის მოსაზრებით, ობიექტურ დამკვირვებელში გააჩენს საფუძვლიან ეჭვს ნივთმტკიცების სანდოობასთან დაკავშირებით, რაც უნდა გადაწყდეს ბრალდებულების სასარგებლოდ.

6.5. დაუსაბუთებელია მსჯელობა იმის შესახებ, რომ შემთხვევის დღეს – 2015 წლის 23 მარტს, გამთენიისას, ნ. ა-ის ავტომანქანის დაფიქსირება თ-ში გასასვლელთან რაიმე ფორმით მიუთითებს ნ. ა-ის ყაჩაღობაში მონაწილეობაზე, მითუფრო იმის გათვალისწინებით, რომ არ არის დადგენილი, ზის თუ არა ავტომანქანაში თავად ნ. ა..

6.6. დაუსაბუთებელია ასევე მსჯელობა ხ. ა-ის ბრალეულობის სამტკიცებელად შემთხვევის წინა დღეს მ. ს-თან მისი ერთი სატელეფონო ზარის მოშველიების შესახებ, ისევე, როგორც მ. ს-სა და ბ. ც-ს შორის განხორცილებული სატელეფონო კავშირი შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე, რომელიც არ გამოირჩევა რაიმე განსაკუთრებული ინტენსივობით, ვერ იქნება ყაჩაღურ თავდასხმაში მათი მონაწილეობის დამადასტურებელი. პალატა მიუთითებს, რომ მათი კავშირი შესაძლოა, გამხდარიყო მათი ბრალის გამამყარებელი მტკიცებულება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად, ცალკე კი ვერ გახდება მათი კონკრეტულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობის დამადასტურებელი (იხ.სუსგ #393აპ.-17).

7. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს ასევე გამამტყუნებელი განაჩენი მ. ს-სა და ბ. ც-ს მსჯავრდების ნაწილშიც შემდეგ გარემოებათა გამო:

7.1. მ. ს-თან დაკავშირებით, საკასაციო პალატა, პირველ ყოვლისა, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემობას, რომ თავიდან მ. ს-ს ბრალი წარედგინა დანაშაულის შეუტყობინებლობასა და წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენაში ან გასაღებაში; ამის შემდეგ მას ბრალი დაუმძიმდა და წარედგინა ბრალდება ყაჩაღობაში დახმარებისათვის, მაშინ, როცა ა. მ-ს, ბ. ც-სა და ა-ების ბრალდების დადგენილებებში მითითებულია, რომ მ. ს-მა უარი განაცხადა მათთვის დახმარების გაწევაზე, ანუ წარდგენილი ბრალის შინაარსივე გამორიცხავს მოცემული კვალიფიკაციით (ყაჩაღობაში დახმარება) ქმედების დაკვალიფიცირებისა და, შესაბამისად, მისი მსჯავრდების შესაძლებლობას.

7.2. გარდა ამისა, გასაჩივრებული განაჩენით მ. ს-სა და ბ. ც-ს ბრალეულობა ეფუძნება მხოლოდ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მათგან ამოიღეს ნივთები, რომლებიც შემდეგ დაზარალებულმა ამოიცნო, კერძოდ:

7.3. ბ. ც-ს ადმინისტრაციული დაკავების №-- ოქმიდან ირკვევა, რომ მისი პირადი გასინჯვისას მარჯვენა ხელიდან ამოღებულ იქნა მცირე ზომის, მართკუთხედის ფორმის ოქროსფერი დეტალი, რომელიც შეიფუთა და დაილუქა. ბ. ც-ს ბინის ჩხრეკის ოქმიდან ირკვევა, რომ ბ. ც-ს ბინის ჩხრეკისას, სხვა ნივთებთან ერთად, ამოიღეს 7 თეთრი ფერის პლასტმასის სალტე, ოქროსფერი ბრტყელი სამაჯური, ასევე – სამაჯურის გადაჭრილი ნაჭერი და ერთმანეთზე გადაბმული პერანგის სამაგრი - ორი ოქროსფერი ბრტყელი ნივთი.

7.4. მ. ს-ს პირადი ჩხრეკის დროს, სხვა ნივთებთან ერთად, ამოიღეს პოლიეთილენის თეთრი პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო ოქროსფერი ნივთები: ოქროსფერი, ბრტყელი ნაქსოვი ყელსაბამი; ბრტყელი, ოქროსფერი ყელსაბამი; ბრტყელი, ოქროსფერი ნაქსოვი სამაჯური; ოქროსფერი, მრგვალი, დაგრეხილი სამაჯური ზედა მხარეს ყვავილის ფორმის შესაკრავით; ოქროსფერი, ოთხკუთხედი ბროში ზედა მხარეს თვლებით; 2 ცალი ოქროსფერი ნაქსოვი საყურე; 2 ოქროსფერი, ბრტყელი ნაქსოვი ნაჭერი.

7.5. დაზარალებულმა ნ. გ-მა ამოიცნო ბ. ც-ს ბინის ჩხრეკისას და მ. ს-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები.

7.6. პალატა აღნიშნავს, რომ გარდა ზემოაღნიშნულისა, რაიმე სხვა - პირდაპირი და ან/და არაპირდაპირი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მათი მონაწილეობა ჯგუფურ ყაჩაღობაში, არ არსებობს (სატელეფონო კავშირების შესახებ პალატამ ზემოთ უკვე იმსჯელა). ამასთან დაკავშირებით კი არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკა, რომლის თანახმადაც, მხოლოდ ის ფაქტი, რომ პირთან აღმოჩნდა დაზარალებულის მფლობელობიდან მისი ნების საწინააღმდეგოდ გატაცებული ნივთი, ვერ განიხილება უტყუარ და საკმარის საფუძვლად ყაჩაღობაში ამ პირის ბრალეულად ცნობისათვის, თუკი ასეთი ფაქტი დადასტურებული არ არის კიდევ სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც პირს უშუალოდ ამხელს დანაშაულის ჩადენაში (იხ. სუსგ №448აპ-14, №51აპ-17, №584აპ-17).

7.7. წარმოდგენილი მტკიცებულებები ასევე არ იძლევა იმის უტყუარად დადგენის შესაძლებლობასაც, რომ ბ. ც-მა და მ. ს-მა უკანონოდ (წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა) ხომ არ შეიძინეს დაზარალებულის მფლობელობიდან გასული ნივთები, რის გამოც პალატა ვერ იმსჯელებს იმ მიმართულებით ხომ არ შეიცავს მათი ქმედება საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს.

8. რაც შეეხება მოწმეებს – ლ. ჯ-ს, გ. კ-ს, ნ. თ-ს, ა. ხ-ს, გ. ზ-ს, კ. ბ-ს, რ. ე-ეს, გ. ჯ-ას, კ. მ-ეს, გ. პ-ს, ნ. ტ-ს, მ. ს-ს, ვ. ლ-ას, მ. ჩ-ს, დ. გ-ს, შ. ძ-ეს, გ. უ-ას, ვ. ვ-ეს, გ. ს-ეს, ტ. კ-ასა და მ. წ-ს, მათ დაადასტურეს ოპერატიული ინფორმაციის მიღებისა და ჩატარებულ საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტები, ხოლო ექსპერტებმა - ი. მ-ამ, ე. ს-ემ, მ. ფ-მა, ლ. შ-ემ, ლ. გ-ემ და ქ. გ-მა კი - თავიანთი დასკვნების სისწორე და რაიმე ინფორმაცია უშუალოდ ბრალდებულთა დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობის შესახებ სასამართლოსთვის არ მიუწვდიათ.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებითი ბაზა ქმნის მხოლოდ ვარაუდს ა. მ-ს, ბ. ც-ს, ხ. ა-ის, ნ. ა-ისა და მ. ს-ს მიერ ყაჩაღობის ჩადენის შესახებ, რის გამოც ვერ გახდება მათი მსჯავრდების საფუძველი, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (ECtHR, El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia, 39630/09, §151, 13.12.2012; ECtHR, Hassan v The UK, 29750/09, §48, 16.09.2014). საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის, 259-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 273-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს. გამამტყუნებელ განაჩენში უნდა აღინიშნოს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

10. რაც შეეხება პროკურორ ხათუნა კუსრაშვილის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას ბ. ს-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის შესახებ, პალატას მიაჩნია, რომ განაჩენი ამ ნაწილში კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან ბ. ს-ს ბრალეულობის დამადასტურებლად ბრალდების მხარე მიუთითებს მხოლოდ მისგან პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნივთებზე, რისი არასაკმარისობის თობაზეც პირის მსჯავრდებისათვის პალატამ ზემოთ უკვე იმსჯელა.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენი ა. მ-ს, ბ. ც-ს, ნ. ა-ის, მ. ს-სა და ხ. ა-ის მიმართ უნდა გაუქმდეს მტკიცებულებათა არასაკმარისობის მოტივით, ხოლო ბ. ს-ს ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხათუნა კუსრაშვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. მსჯავრდებულ ა. მ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – ზ. ნ-ისა და ზ. დ-ას, მსჯავრდებულ ხ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ჩ-ის, მსჯავრდებულ ბ. ც-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ლ-ას, მსჯავრდებულ მ. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ს-ისა და მსჯავრდებულ ნ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ჯ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

4. ა. მ. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 25-179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;

5. ნ. ა. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;

6. ბ. ც. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;

7. მ. ს. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 25-179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;

8. ხ. ა. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;

9. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 22 ივლისის განაჩენით ხ. ა-ისათვის დანიშნული სასჯელი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით, 2015 წლის 1 აპრილიდან 2018 წლის 22 მარტის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით, ჩაეთვალოს მოხდილად.

10. გამართლებულები – ა. მ., ნ. ა., ბ. ც., მ. ს. და ხ. ა. დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

11. ა. მ-ს, ნ. ა-ს, ბ. ც-ს, მ. ს-სა და ხ. ა-ს განემარტოთ, რომ უფლება აქვთ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება.

12. განაჩენი ბ. ს-ს გამართლებისა და ნივთმტკიცებების ნაწილში დარჩეს უცვლელად.

13. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე