საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 28.01.2020
საქმის ნომერი
2კ-636აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№636აპ-19 ქ. თბილისი

ბ. უ., 636აპ-19 28 იანვარი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ უ. ბ.-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ც. ჯ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, უ. ბ.-ას, – დაბადებულს 1წელს, ნასამართლობის არმქონეს, – ბრალი დაედო: სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში, თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობასა ან გამგებლობაში იმყოფებოდა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით); სამსახურებრივ სიყალბეში, ე.ი. მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ოფიციალურ დოკუმენტსა ან დავთარში ყალბი ჩანაწერის შეტანაში, ჩადენილი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით).

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 დეკემბრის განაჩენით უ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით და განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი; მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებზე და განესაზღვრა ჯარიმა – 15000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და უ. ბ.-ას დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 15000 ლარი.

3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ უ. ბ.-მ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დიდი ოდენობით დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; ასევე – სამსახურებრივი სიყალბე, ე.ი. მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ოფიციალურ დოკუმენტსა ან დავთარში ყალბი ჩანაწერის შეტანა, ჩადენილი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით. აღნიშნული დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:

· საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შერეული საავიაციო ბაზის საფინანსო სამსახურის უფროსს – უ. ბ.-ს 2011 წლის იანვრიდან 2013 წლის იანვრამდე პერიოდში ოფიციალურ დოკუმენტში – სახელფასო უწყისსა და რეესტრში – შეჰქონდა ყალბი ჩანაწერი, რის შედეგადაც მოტყუებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას – 78000 ლარს.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ უ. ბ.-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ც. ჯ.-მ. მან ითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და უ. ბ.-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

6. საქართველოს გენერალური პროკურატურის თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსი პროკურორი ვანო ალუღიშვილი შესაგებლით ითხოვს უ. ბ.-ს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არ არის მოსალოდნელი მოცემულ საქმეზე პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №339აპ-15).

9. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას უ. ბ.-ს უდანაშაულობის შესახებ მისთვის წარდგენილ ბრალდებებში, რადგან საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით უტყუარად დასტურდება თაღლითობის შემადგენლობის როგორც ობიექტური, ისე – სუბიექტური ნიშნების არსებობა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მტკიცებულებებით, რომლებიც ბრალდებას დაედო საფუძვლად (მათ შორის: მოწმეების – ს. ც.-ის, გ. მ.-ის, ი. ო.-ის, გ. ჯ.-ის, ს. ნ.-ს, თ. ძ.-ისა და სხვათა ჩვენებებით, ფინანსური და ბუღალტრული ექსპერტიზის 2013 წლის 14 ივნისის №, დოკუმენტების ტექნიკური, ხელნაწერებისა და ხელმოწერების ექსპერტიზის 2013 წლის 18 ივლისის № დასკვნებით, რევიზიის აქტით, თავდაცვის მინისტრის ბრძანებითა და სხვა მტკიცებულებებით), გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულ უ. ბ.-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და 341-ე მუხლით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენა.

10. საკასაციო პალატის აზრით, უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, რომ თითქოს უ. ბ. მოქმედებდა უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე – თავისი სიცოცხლის გადასარჩენად, რადგან საქმის მასალების შესწავლის შედეგად არ დადასტურდა საქართველოს სსკ-ის 30-ე მუხლით გათვალისწინებული უკიდურესი აუცილებლობის სავალდებულო პირობები.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ უ. ბ.-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ც. ჯ.-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე