დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 02.12.2019
საქმის ნომერი
2კ-46-I-19
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
02.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330802219003262293

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№46I-19 ქ. თბილისი

ე. ს., 46I-19 2 დეკემბერი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ - დემეტრე ჯინჯოლიას

ადვოკატების - დ. შ-ის, თ. გ-ის

მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ს. ე-ს (S. E.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. შ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თ-ის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად:

2015 წლის 11 მაისს თ-ის რესპუბლიკის ქ-ის საქალაქო მე-2 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ს. ე. ცნობილ იქნა დამნაშავედ თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (განზრახ მკვლელობაში დახმარება; 2 დაზარალებულის მიმართ) და ამავე კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 39-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (განზრახ მკვლელობის მცდელობაში დახმარება) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულის თითოეული შემთხვევისათვის განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 16 წლითა და 8 თვით, ასევე – 5 წლით. ს. ე. სრულად ესწრებოდა მის წინააღმდეგ საქმის სასამართლოში განხილვას.

2. 2017 წლის 23 მაისს თ-ის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პირველი სამმართველოს გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნულმა განაჩენმა საბოლოო სახე მიიღო.

3. 2017 წლის 10 ივლისს თ-ის რესპუბლიკის ქ-ის საქალაქო მე-2 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებით ს. ე-სათვის ზემოაღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და მას საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 21 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, ს. ე-ს მიერ პატიმრობაში გატარებული პერიოდის გათვალისწინებით, მას თ-ის რესპუბლიკის შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, 8 თვითა და 13 დღით. იმავე დღეს თ-ის რესპუბლიკის ქ-ის რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ გამოსცა ბრძანება ს. ე-ს დაკავების შესახებ.

4. 2018 წლის 11 იანვარს გამოცხადდა ს. ე-ს ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

5. თ-ის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ს. ე-ს მიერ თ-ის რესპუბლიკაში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

ვ. ქ-ას ემართა ე. ჩ-ის ვალი, რის გადახდაც მან ვერ შეძლო დათქმულ ვადაში და ამის გამო მათ შორის დაიძაბა ურთიერთობა. ე. ჩ. და მისი თანამზრახველები არაერთგზის დაემუქრნენ ვ. ქ-ას და მოსთხოვეს ვალის გადახდა, რასთან დაკავშირებითაც, ვ. ქ-ამ დახმარებისთვის მიმართა კრიმინალურ ავტორიტეტს – ჰ. ი. ა-ს, რომელმაც, თავის მხრივ, ვ. ქ-ას სამუშაო ადგილზე დასახმარებლად გაგზავნა თავისი ჯგუფის წევრები. ამასთან, ე. ჩ-ის თანამზრახველების ვ. ქ-ას სამუშაო ადგილზე თანხის მოთხოვნის მიზნით მორიგი მისვლისას მათსა და ჰ. ა-ს შორის მოხდა დაპირისპირება, რის გამოც ე. ჩ-მა და სხვა თანამზრახველებმა განიზრახეს ხსენებულ პირებზე შეიარაღებული თავდასხმის მოწყობა.

2006 წლის 25 აგვისტოს ე. ჩ., ს. ე. და მათი სხვა თანამზრახველები შეიკრიბნენ თ-ის რესპუბლიკის ქალაქ ქ-ში და ოთხი ავტომანქანით, ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები, გაემგზავრნენ ვ. ქ-ას სამუშაო ადგილის მიმართულებით. ავტომანქანებით გადაადგილებისას ს. ე. მართავდა „ჰიუნდაის“ მარკის ავტომანქანას, რომელშიც ისხდნენ „კალაშნიკოვის“ ტიპის ავტომატური იარაღებით შეიარაღებული ჰ. ბ. და ა. ჩ.. შემთხვევის ადგილზე მისვლის შემდეგ ე. ჩ-მა, ჰ. ბ-მა, ა. ჩ-მა და სხვებმა იარაღებიდან ინტენსიური ცეცხლი გახსნეს ვ. ქ-ას სამუშაო ადგილის მიმართულებით, რა დროსაც სროლის შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა ჰ. ა-ის ჯგუფის ორი წევრი – ზ. ქ. და ი. ზ., ხოლო ო. ბ. დაიჭრა ყელის არეში. ამის შემდეგ თავდამსხმელებმა კვლავ ავტომანქანებით დატოვეს შემთხვევის ადგილი და მიიმალნენ. ამასთან, თავდასხმის დროს ს. ე. იმყოფებოდა ავტომანქანაში და მას ცეცხლსასროლი იარაღი არ გამოუყენებია, ხოლო თავდასხმის დასრულების შემდეგ კი ე. ჩ-მა და სხვა სამმა თანამზრახველმა ავტომანქანით, რომელსაც ს. ე. მართავდა, დატოვეს შემთხვევის ადგილი და მიიმალნენ.

6. ზემოაღწერილი ქმედებები ისჯება თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (განზრახ მკვლელობაში დახმარება, 2 დაზარალებულის მიმართ), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას, და ამავე კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 39-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (განზრახ მკვლელობის მცდელობაში დახმარება), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ამასთან, დანაშაულის თითოეული შემთხვევისათვის ს. ე-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 16 წლითა და 8 თვით, ასევე – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

7. ს. ე-ს ქმედებები, ჩადენილი საქართველოს იურისდიქციაში, დაკვალიფიცირდებოდა საქართველოს სსკ-ის 25-ე,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობაში დახმარება, ჩადენილი ჯგუფურად, ორი პირის მიმართ) და ამავე კოდექსის 25-ე,მე-19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობაში დახმარება, ჩადენილი ჯგუფურად). საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს 17 წლამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი – 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

8. 2019 წლის 20 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თ-ის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ს. ე..

9. 2019 წლის 22 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით სედატ ერენოღლუს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

10. 2019 წლის 27 აპრილს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო სედატ ერენოღლუს ექსტრადიციის თაობაზე თ-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალა.

11. 2019 წლის 17 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ს. ე-ს მიმართ გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე – 2019 წლის 20 სექტემბრამდე.

12. 2019 წლის 17 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ს. ე-ს მიმართ გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე – 2019 წლის 20 დეკემბრამდე. ამჟამად ს. ე. მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- პენიტენციურ დაწესებულებაში.

13. 2019 წლის 1 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ და ითხოვა ს. ე-ს თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია თ-ის რესპუბლიკის ქ-ის საქალაქო მე-2 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2015 წლის 11 მაისის განაჩენში და დასჯადია თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (განზრახ მკვლელობაში დახმარება, 2 დაზარალებულის მიმართ) და ამავე კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 39-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (განზრახ მკვლელობის მცდელობაში დახმარება).

14. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ 2019 წლის 7 ნოემბრის განჩინებით დასაშვებად ცნო ს. ე-ს თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია თ-ის რესპუბლიკის ქ-ის საქალაქო მე-2 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2015 წლის 11 მაისის განაჩენში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (განზრახ მკვლელობაში დახმარება, 2 დაზარალებულის მიმართ) და ამავე კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 39-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (განზრახ მკვლელობის მცდელობაში დახმარება).

15. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ს. ერენოღლუს ინტერესების დამცველი, ადვოკატი დავით შაშიაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს სედატ ერენოღლუს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 ნოემბრის განჩინების გაუქმებას, შემდეგ მოტივებზე მითითებით: თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში სედატ ერენოღლუს მიმართ დაირღვევა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი, რადგან მას საქართველოში ჰყავს არარეგისტრირებული მეუღლე რუსუდან კაპანაძე, რომლის ერთადერთი მარჩენალი თვითონაა; სედატ ერენოღლუ ექსტრადიციის შემთხვევაში მაღალი ალბათობით დაექვემდებარება წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას; რამდენჯერმე დაცხრილეს ს. ე-ს ძმის სახლი, ემუქრებოდნენ ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით, სწორედ ამიტომ დატოვა მან თ-ი და საცხოვრებლად გადმოვიდა საქართველოში; მართალია, ს. ე-ს უარი ეთქვა საქართველოში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე, მაგრამ ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოში; მძიმე მდგომარეობაა თურქეთის ციხეებში; საერთაშორისო ორგანიზაციები მიუთითებენ თ-ში ადამიანის უფლებათა მასობრივად დარღვევის ფაქტებზე; დაცვას მიაჩნია, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში სედატ ერენოღლუს მიმართ აშკარად დაირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლები.

16. სასამართლო სხდომაზე ადვოკატებმა – დ. შ-მა და თ. გ-ემ მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

17. პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. ს. ე. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2019 წლის 20 მარტს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

4. საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება ის გარემოებები, რომ სედატ ერენოღლუს მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს რაიმე მტკიცებულებები, რაც მის მიმართ თ-ის რესპუბლიკაში რაიმე ნიშნით დევნის ეჭვს წარმოშობდა.

5. დაცვის მხარის მითითებასთან დაკავშირებით, რომ თ-ის რესპუბლიკაში ს. ე-ს ექსტრადიციის შემთხვევაში მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს დაზარალებულების ახლობლების მხრიდან დაემუქრება საფრთხე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობის საფრთხის არსებობა უნდა დადასტურდეს იმავე მტკიცების სტანდარტითა და გარემოებებით, რაც რელევანტურია წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საფრთხის არსებობის შემთხვევაში. ეს კი გულისხმობს კონკრეტულ, უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ დევნისა და არასათანადო მოპყრობის საფრთხეების შესახებ მტკიცებულებებს. ს. ე-ს ექსტრადიციის მიზნით დაკავებიდან ამ დრომდე დაცვის მხარეს არცერთი წერილობითი განცხადება ან მტკიცებულება არ წარმოუდგენია ზემომითითებული საკითხის თაობაზე. მეტიც, ზემოაღნიშნული დანაშაულებისათვის სედატ ერენოღლუ 5 წელზე მეტი დროის განმავლობაში (2007-2012 წლებში) იმყოფებოდა პატიმრობაში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ამდენად, დაუსაბუთებელია ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ გამოთქმული მოსაზრება თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მის მიმართ არასათანადო მოპყრობის საფრთხის შესახებ.

6. ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, თუ იგი არ არის გამყარებული უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არსებული კონკრეტული მტკიცებულებებით, არ ქმნის არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ პირი დაექვემდებარება დევნას, არასათანადო მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის უკანონო ხელყოფის საფრთხე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ“ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) # 46827/99 and # 46951/99, § 73, 04.02.2005).

7. გარდა ამისა, საექსტრადიციო მასალების შესწავლით ირკვევა, რომ ს. ე-ს საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მისი უფლებები დაირღვევა, მეტიც, მის მიმართ არ არსებობს რაიმე ნიშნით დევნის საფრთხე (ანიშნული დადასტურდა საქართველოს პროკურატურის მიერ ინტერნეტის ღია წყაროებში მოძიებული ინფორმაციითაც), რაც კიდევ უფრო გაზრდიდა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის რისკს.

8. საყურადღებოა ისიც, რომ თ-ის რესპუბლიკის მიერ მოწოდებულ მასალებში წარმოდგენილია გარანტია, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში სედატ ერენოღლუ ისარგებლებს თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობითა და იმ საერთაშორისო კონვენციებით განსაზღვრული ყველა უფლებით, რომელთა ხელმომწერიცაა თ-ის რესპუბლიკა. ამასთან, მხედველობაშია მისაღები თ-ის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თ-ს რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ, რაც ერთობლივად მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნის თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით.

9. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით სედატ ერენოღლუ არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან იგი არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე.

10. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ინფორმაციის შესაბამისად, ს. ე-ს უარი ეთქვა საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე. მართალია, სამინისტროს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მაგრამ საერთაშორისო დაცვის პროცესი არ აფერხებს ექსტრადიციის საქმის განხილვას დასაშვებობის სტადიაზე.

11. გარდა ამისა, დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩადენაშიც სედატ ერენოღლუ მსჯავრდებულია თ-ის რესპუბლიკაში, საქართველოს კანონმდებლობით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 15 წელში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას. თ-ის რესპუბლიკაში ს. ე-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია 2015 წლის 11 მაისს, ხოლო 2017 წლის 10 ივლისს თურქეთის რესპუბლიკის ქოჯაელის რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ გამოსცა ბრძანება მისი დაკავების შესახებ. შესაბამისად, მოცემულ განაჩენთან მიმართებით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის. თ-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 68-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ს. ე-ს მიმართ გამოტანილი განაჩენით დადგენილი სასჯელების აღსრულების ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრება 10 წლითა და 20 წლით და იგი გასული არ არის.

12. აღსანიშნავია ისიც, რომ, როგორც ს. ე-მ გასაუბრებისას განმარტა, თ-ის რესპუბლიკაში ცხოვრობენ მისი დედა, ექვსი და და ორი ძმა, ხოლო საქართველოს მოქალაქეა და საქართველოშივე ცხოვრობს მისი პარტნიორი – რ. კ. (დაბადებული -); ასევე მიუთითა, რომ მათ არ ჰყავთ შვილი.

13. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს შს სამინისტროს საზღვრის კვეთის მონაცემებით, სედატ ერენოღლუ საქართველოში იმყოფება 2017 წლის 15 მაისიდან; მანამდე ის საქართველოში ნამყოფი არ იყო. საქართველოს შს სამინისტროს მონაცემებით, 2015-17 წლებში რუსუდან კაპანაძე სხვადასხვა დროს იმყოფებოდა თ-ის რესპუბლიკაში 5 თვეზე მეტი დროის განმავლობაში. იმის გათვალისწინებით, რომ თ-ის რესპუბლიკა საქართველოს მოსაზღვრე სახელმწიფოა და ორ ქვეყანას შორის მოქმედებს უვიზო რეჟიმი, რ. კ-ეს შესაძლებლობა ექნება, დაბრკოლების გარეშე იმოგზაუროს თ-ის რესპუბლიკაში ს. ე-ს მოსანახულებლად. ასეთ ვითარებაში ს. ე-ს ექსტრადიციის შემთხვევაში არ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვეციის მე-8 მუხლით გარანტირებული პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების დარღვევის რისკი.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 ნოემბრის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ს. ე-ს თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია თ-ის რესპუბლიკის ქ-ის საქალაქო მე-2 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2015 წლის 11 მაისის განაჩენში და დასჯადია თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (განზრახ მკვლელობაში დახმარება, 2 დაზარალებულის მიმართ) და ამავე კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 39-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (განზრახ მკვლელობის მცდელობაში დახმარება), კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ს. ე-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე