საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 29.07.2020
საქმის ნომერი
2კ-266აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.07.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #330100118002371537

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №266აპ-20 ქ. თბილისი

ჯ–ე მ., 266აპ-20 29 ივლისი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 16 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ჯ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. ხ–ისა და მსჯავრდებულ ი. ტ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. ს–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1.თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019წლის 16 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

მსჯავრდებულ მ. ჯ–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ო. ხ–ე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და მ. ჯ–ის გამართლებას.

მსჯავრდებულ ი. ტ–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ო. ს–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ი. ტ–ის გამართლებას.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით:

მ. ჯ–ე, - დაბადებული ..... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 9 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 10000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მ. ჯ–ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 27 თებერვლიდან.

ი. ტ–ი, - დაბადებული .... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 27 თებერვლიდან.

ი. ტ–ს დანიშნული სასჯელის მოხდა განესაზღვრა შპს ,,..............‘‘ (.......) გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა უნდა გაგრძელდეს საერთო წესით.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ 2007 წლის 18 მაისს მ. ჯ–ე გასამართლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. 2009 წლის 12 მარტს მ. ჯ–ე გასამართლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რასაც დაემატა 2007 წლის 18 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი. მიუხედავად ამისა, მან ი. ტ–თან ერთად, კვლავ არაერთგზის ჩაიდინა ყაჩაღობა, კერძოდ:

2018 წლის 25 თებერვალს, დაახლოებით 20:15 საათზე, მ. ჯ–მ და ი. ტ–მა განიზრახეს ჯგუფურად, ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ ტაქსის მძღოლს, თანხის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისათვის. ამ მიზნით, ქ. თ–ში, ........... ქუჩა №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ გააჩერეს გამვლელი ტაქსი, ავტომანქანა ,,მერსედესი“, სახელმწიფო ნომრით .........., რომელსაც მართავდა მძღოლი ზ. ჯ–ა; მძღოლს შეუთანხმდნენ, რომ 7 ლარად მიეყვანა ისინი მეტრო ,,..........“. მგზავრობისას, როდესაც იმყოფებოდნენ .......... გამზირზე, გადაახვევინეს იმავე გამზირზე №....-ში განთავსებულ ე.წ. ..........., რა დროსაც მ. ჯ–ე და ი. ტ–ი ჯგუფურად დაესხნენ თავს ზ. ჯ–ს, კერძოდ, მ. ჯ–მ ამოიღო ხელთნაქონი ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგანი და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მან და ი. ტ–მა ზ. ჯ–ს მოსთხოვეს თანხა, რასაც იგი დაემორჩილა, რის შემდგომაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით გასტაცეს თანხა - 40 ლარი და ავტომანქანის გასაღები. ამის შემდეგ ისინი მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.

4. პირველი ინსტანციის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ. ჯ–მ და მისმა ადვოკატმა გრ. ჩ–მა, ასევე - მსჯავდებულ ი. ტ–ის ადვოკატმა ზ. რ–მა და ითხოვეს მსჯავრდებულების - მ. ჯ–ისა და ი. ტ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019წლის 16 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; კასატორი არ არის არასრულწლოვანი.

7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ი. ტ–ისა და მ. ჯ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

8. დაზარალებულმა ზ. ჯ–მ სასამართლოში ჩვენების მიცემისას თანმიმდევრულად და ლოგიკურად გადმოსცა მსჯავრდებულების მიერ მისი ტაქსით მგზავრობის დეტალები, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მისგან დაეუფლნენ ფულად თანხას და ავტომანქანის გასაღებს. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ ავტომანქანაში უკან მჯდომმა მამაკაცმა - სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილმა მ. ჯ–მ დაუმიზნა მას იარაღი (სხეულზე არ დაუდია, მხოლოდ დაუმიზნა) და მოსთხოვა ფულადი თანხა, რაც ჰქონდა. ამ დროს წინ, მის გვერდით, სავარძელზე მჯდომმა პირმა გამოართვა თანხა, ასევე დაეუფლა ავტომანქანის გასაღებს და ორივე წავიდა. ზ. ჯ–მ სასამართლო სხდომაზე ნათლად დაადასტურა, რომ მას დაამახსოვრდა იმ პირთა გარეგნობა, რომლებიც ყაჩაღურად დაესხნენ მას თავს და ესენი არიან სწორედ მ. ჯ–ე და ი. ტ–ი. რაც შეეხება იმ გარემოებას, რეალურად აღიქვა თუ არა დაზარალებულმა თავდამსხმელების მხრიდან მუქარის განხორციელების შიში, დაზარალებულმა ზ. ჯ–მ ნათლად განაცხადა ბრალდების მხარის კითხვაზე, რომ როცა იარაღი დაუმიზნეს, არ შეშინებია, ვინაიდან მისი წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, იარაღის და ტყვიის არ ეშინია, თუმცა ასევე დააფიქსირა, რომ არ იცოდა, რა ჰქონდათ განზრახული თავდამსხმელებს, 30 ლარის გამო თავს ვერ მოაკვლევინებდა და სრულად გადასცა თანხა, რაც თან ჰქონდა. ამდენად, დაზარალებულს გაუჩნდა თავდამსხმელების მხრიდან იარაღის გამოყენების, მისთვის სიცოცხლის მოსპობის შიში და სწორედ ამ მძიმე შედეგების თავიდან ასაცილებლად გადასცა მათ მოთხოვნილი თანხა. ზ. ჯ–მ დაადასტურა, რომ მისი შეფასებით, იარაღის დამიზნება და სიტყვები - „მაიტა, თორე გაგიხვრიტავ ტვინს“, არის მუქარა.

9. პირის ამოცნობის ოქმების თანახმად, დაზარალებულმა თითოეულ შემთხვევაში მიუთითა მ. ჯ–სა და ი. ტ–ზე, როგორც იმ პირებზე, რომლებიც მას ყაჩაღურად თავს დაესხნენ. საგამოძიებო მოქმედებების ოქმები შედგენილია სრულყოფილად და ხელმოწერილია მასში მონაწილე პირების მიერ. ხოლო მ. ჯ–ის ამოცნობის ოქმს მისი ხელმოწერის არარსებობის შესახებ ახლავს შესაბამისი შენიშვნა. ამომცნობმა პირმა ორივე შემთხვევაში განმარტა, თუ რა ნიშნებით შეძლო მსჯავრდებულების ამოცნობა; ასევე, საგამოძიებო მოქმედების ჩატარებამდე გამოკითხვისას მან დეტალურად მიუთითა ამოსაცნობი ობიექტების ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშან-თვისებების თაობაზე. საქმის არსებითი განხილვისას დაიკითხნენ პირის ამოცნობის ოქმების შემდგენი გამომძიებლები, რომლებმაც სრულად დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და კანონიერება.

10. საქმეში არსებული ოდოროლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნებით უტყუარადაა დადასტურებულია, რომ მ. ჯ–ე და ი. ტ–ი ნამდვილად იმყოფებოდნენ დაზარალებულის ავტომანქანაში.

11. ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ზ. ჯ–ს ავტომანქანა - „მერსედესის,“ სავარძლებიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები ი. ტ–ის სუნის კვალის ნიმუშის იდენტურია, რაც მიანიშნებს რომ ი. ტ–მა გარკვეული პერიოდი გაატარა ავტომობილში და მისი სუნის კვალი იქ მხოლოდ გავლით ან გადატანით არ დარჩენილა.

12. დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მ. ჯ–ის ხელის კვლები იქნა აღმოჩენილი დაზარალებულის კუთვნილ ავტომანქანაში უკანა, მარჯვენა კარის პატარა მინის გარეთა ზედაპირზე და უკანა, მარჯვენა კარის შიდა, მოძრავი სახელურის ზედაპირზე, ხოლო ი. ტ–ის ხელის კვლები იქნა აღმოჩენილი ავტომანქანაში, წინა, მარჯვენა კარის მოძრავი სახელურის შიდა ზედაპირზე. ყოველივე აღნიშნული ნათლად ადასტურებს, რომ მსჯავრდებულები ნამდვილად ისხდნენ დაზარალებულის ავტომანქანაში და შეეხნენ ავტომობილის შიდა ზედაპირზე, სხვადასხვა ადგილს. ამასთან, დასკვნის შედეგები შეესაბამება დაზარალებულის ჩვენებას იმ ნაწილშიც, სადაც მან მიუთითა, რომ ავტომანქანაში წინა მხარეს იჯდა ი. ტ–ი, ხოლო უკანა სალონში - მ. ჯ–ე.

13. როგორც დაზარალებულმა ზ. ჯ–მ განაცხადა, მის ავტომანქანაში, უკანა სალონში მჯდომ თავდამსხმელს - მ. ჯ–ს ხელში ეჭირა ნაგანის ტიპის იარაღი. აღნიშნულ ნაწილში დაზარალებულის ჩვენება გამყარებულია მ. ჯ–ის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის ოქმით, რომლის თანახმადაც, სწორედ მსგავსი ტიპის იარაღი იქნა ამოღებული ბინაში, საძინებელ ოთახში განთავსებული საწოლის ლეიბებს შორის არსებული სივრციდან.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის ყველა მტკიცებულება შეესაბამება დაზარალებულის ჩვენებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს; ყველა მტკიცებულება მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით და ამ პროცესში რაიმე სახის დარღვევა, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა სისხლის სამართლის საქმის შედეგზე, გამოკვეთილი არ არის. წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ მსჯავრდებულების მიერ მათთვის ინკრიმინირებული ქმედების ჩადენას და არ არსებობს ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 16 დეკემბრის განაჩენის შეცვლის კანონისმიერი საფუძველი.

15. რაც შეეხება დაცვის მხარის პრეტენზიებს ამოცნობის ოქმსა და თითის ანაბეჭდებთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რის გამოც მისი გამეორება მიზანშეუწონლად მიაჩნია. იმავდროულად, სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 131-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ამომცნობს ამოსაცნობი უნდა წარედგინოს იმავე სქესის არანაკლებ 2 ისეთ პირთან ერთად, რომლებიც ერთმანეთისგან და ამოსაცნობისგან მკვეთრად არ განსხვავდებიან გარეგნობითა და ტანსაცმლით. ამდენად, სსსკ-ი კრძალავს ამოსაცნობ პირებს შორის მკვეთრ განსხვავებას, მაგრამ არ ითხოვს ამოსაცნობ პირებს შორის სრულ მსგავსებას. როგორც საქმეში წარმოდგენილი ამოცნობის ოქმიდან ირკვევა ამოცნობის პროცედურა აკმაყოფილებდა სსსკ-ით დადგენილ ამ მოთხოვნასაც.

16. დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები” (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001).

17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ ( Kuparadze v Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017).

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ მ. ჯ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. ხ–ისა და მსჯავრდებულ ი. ტ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. ს–ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებულიგანსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე