საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 14.09.2020
საქმის ნომერი
2კ-358აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.09.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003296174

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №358აპ-20 ქ. თბილისი

ა. დ. , 358აპ-20 14 სექტემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 3 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ა.-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. მ.ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 3 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. ა.-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ჯ. მ.-მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და დ. ა.-ს გამართლებას.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებით დ. ა.-ს, - დაბადებულს …. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლისაგან მალულად, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 18 ნოემბერს დ. ა.-მ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო-გამშვებ პუნქტ ,,თ.-ის აეროპორტისა და თ.-ის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ კონტროლის ზონაში საბაჟო კონტროლისაგან მალულად, ხელბარგით გადმოიტანა 7 ცალი მობილური ტელეფონი - Apple Iphone 11 PRO MAX Midnight Green256GB, რომელთა საბაჟო ღირებულება შეადგენს 27 065.44 ლარს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 ნოემბრის განაჩენით:

ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის - ზინიკო ქობალიას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ დ. ა.-ს შორის 2019 წლის 21 ნოემბერს დადებული საპროცესო შეთანხმება.

დ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 10000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ქონების ჩამორთმევა, კერძოდ, დანაშაულის საგნის - 7 მობილური ტელეფონის - Apple iPhone11 PRO MAX Midnight Green256GB ჩამორთმევა.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც დაზუსტებული მოთხოვნით ითხოვდა საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას პროკურატურისათვის.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 3 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორი; დაცვის მხარე უბრალოდ უთითებს სსსკ-ის 212-ე და 269-ე მუხლებზე (ახდენს შინაარსის ციტირებას), თუმცა გაუგებარია, მითითებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმების კონკრეტულად რომელი ასპექტების დარღვევაზე აპელირებს ჯ. მ.

8. დაცვის მხარე წარმოდგენილ საჩივარში დასკვნის სახით ასევე უთითებს, რომ მიუხედავად აღნიშნული გარემოებებისა და მყარი ფაქტებისა, მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის მიერ აღნიშნული გარემოებანი. თუმცა საკასაციო სასამართლოსათვის გაუგებარია, რომელ აღნიშნულ გარემოებებსა და მყარ ფაქტების გულისხმობს, რადგან საჩივარში არ არის მითითებული არცერთ ფაქტსა თუ გარემოებაზე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლების ციტირების გარდა.

9. უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლომ არ გაარკვია სსსკ-ის 212-ე მუხლით გათვალისწინებული საკითხები. აღნიშნული მოსაზრება არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, კერძოდ:

10. საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ შუამდგომლობის განხილვისას (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ. 67-70), პირველი ინსტანციის სასამართლომ, სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, თარჯიმნის მონაწილეობით, დეტალურად გამოიკვლია ყველა საკითხი და დარწმუნდა, რომ ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა, სრულად აცნობიერებდა იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედებოდა, ასევე სრულად აცნობიერებდა იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებდა. დ. ა.-სთვის ცნობილი იყო საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ, დაცვის უფლების, საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმისა და სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის უფლების შესახებ. მსჯავრდებული დაეთანხმა ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძვლებს. მან დაადასტურა, რომ დაცვის მხარესა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა იყო ასახული საპროცესო შეთანხმებაში, სრულად გაეცნო საქმის მასალებს ადვოკატთან ერთად, საპროცესო შეთანხმება დადებული იყო ნებაყოფლობით და არ მომხდარა წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, დაშინება, მუქარა, მოტყუება და უკანონო დაპირება. სასამართლომ ასევე განუმარტა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევაში საჩივრის შეტანის უფლების შესახებ.

11. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის პოზიციას მსჯავრდებულ დ. ა.-ს უდანაშაულობისა და არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისათვის საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის თაობაზე და მიაჩნია, რომ გარდა დ. ა.-ს აღიარებითი ინფორმაციისა, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი უტყუარი, აშკარა და შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - გ. ო.-ის, ნ. ქ.-ის, მ. შ.-ს გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, ხელბარგის დათვალიერების ოქმით, საბაჟო ღირებულების განსაზღვრის შესახებ ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული 7 ცალი მობილური ტელეფონით - Apple iPhone 11 PRO MAX Midnight Green 256 GB-ით, საზღვრის კვეთის თაობაზე ინფორმაციით, სსსკ-ით დადგენილი მტკიცებულებითი სტანდარტით დასტურდება დ. ა.-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის შესწავლისას არ იკვეთება ასევე საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების დარღვევა. დაცვის მხარეს არ უსარგებლია სსსკ-ის 214-ე მუხლის მე-7 ნაწილით, რომლის თანახმად, ბრალდებულს უფლება აქვს, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანამდე, ნებისმიერ დროს თქვას უარი საპროცესო შეთანხმებაზე. საქმის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ არ არსებობს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებები.

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ დ. ა.-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. მ.-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

შ. თადუმაძე