შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100119002920707
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №338აპ-20 ქ. თბილისი
შ. ნ. 338აპ-19 6 აგვისტო, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. შ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 11 თებერვლის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 აგვისტოს განაჩენით ნ. შ. დაბადებული 2.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ნ. შ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 10 მარტიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2019 წლის 9 იანვარს, ღამის საათებში, ქურდობისათვის ნასამართლევმა ნ. შ-მ უკანონოდ შეაღწია წ-ს რ-ს ს. გ-ში მდებარე წყლის გამწმენდი ნაგებობის საოპერატორო შენობაში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა შპს ,,ჯ-ს“ კუთვნილ, 124 მეტრ ოთხწვერიან სადენს და 88 მეტრ რვაწვერიან სადენს, ტ. გ-ს კუთვნილ ,,А“-ის ფირმის ელექტრობურღს; ,,R.“-ის ელექტრობურღს და ,,F.“-ის ფირმის ელექტრობურღს. ქურდობის შედეგად შპს ,,ჯ-ს“ მიადგა 187 ლარისა და 20 თეთრის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი, ხოლო ტ. გ-ს - 160 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2019 წლის 10 მარტს, დაახლოებით 22:45 საათზე, წ-ში, 9-ს ქუჩების გადაკვეთაზე, ნ. შ-მ დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა წ-ს რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ნ. ზ-ს. ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის მისი დაკავებისას არ დაემორჩილა პოლიციის მუშაკის, ნ. ზ-ის და ადგილზე მისული წ-ს რაიონული სამმართველოს მუშაკების კანონიერ მოთხოვნას, რა დროსაც პოლიციის მუშაკებს ძალადობის გამოყენებით არ მისცა შესაძლებლობა, განეხორციელებინათ კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბ. გ-ს, ნ. ზ-ს, დ. ნ-სა და მ. უ-ს. ბ. გ-ს, დ. ნ-სა და მ. უ-ს დაუზიანა სამსახურებრივი ფორმის სვიტერი.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა, რომელიც საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 თებერვლის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. მსჯავრდებული ნ.შ. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს მსჯავრდებულ ნ. შ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის თაობაზე და მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება ნ. შ-ისათვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, კერძოდ:
3. მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის, წ-ს რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის - ნ. ზ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 10 მარტს, დაახლოებით ღამის 11:00 საათზე, სამსახურებრივი ავტომობილით მოძრაობდა წ-ს ტერიტორიაზე, კერძოდ, 9-ს ქუჩების კვეთაზე, შეჩერდა შუქნიშანთან, წითელ შუქზე. ამ დროს დაინახა, რომ სამი პირი, რომელთაგან ორი მისთვის უცნობი იყო, ხოლო ერთ-ერთი იყო ნ. შ., გადმოდიოდნენ გადასასვლელზე, ნ. შ-მაც, რომელიც რამდენჯერმე ჰყავდა დაკავებული, შეიცნო იგი, მიტრიალდა მისი ავტომანქანისკენ და ხმამაღლა შეაგინა. გადმოვიდა ავტომანქანიდან და ჰკითხა, თუ რატომ აგინებდა, რაზედაც ნ. შ-მ ისევ შეაგინა, ხოლო მისთვის უცნობი შ-ის თანმხლები ორი პირი გაიქცა. აღნიშნულის გამო, ნ. ზ-მა მას განუმარტა, რომ იყო პოლიციის თანამშრომელი და მისი საქციელი იყო კანონსაწინააღმდეგო, რაზეც ნ. შ. განაგრძობდა მის გინებას. ამიტომ მოწმემ გადასცა ჯერ რაციაზე, ხოლო შემდეგ ტელეფონით დაუკავშირდა პოლიციის სამორიგეოს, რომ გამოეშვათ დამხმარე ჯგუფი და თვითონ დაიწყო მისი დაკავება, თან შეეცადა განემარტა მისთვის, რომ ადმინისტრაციული წესით აკავებდა პოლიციის თანამშრომლის შეურაცხყოფისთვის. ამასობაში ადგილზე მივიდა ოპერატიული ჯგუფიც მ. უ-ს, ბ. გ-ის და დ. ნ-ს შემადგენლობით, სამივე თანამშრომელს ეცვა სამსახურებრივი ფორმა. თავად უთხრა ბ. გ-ს დაეწყო ვიდეოგადაღება, რა დროსაც აღნიშნულზე გაღიზიანებულმა ნ. შ-მ მიმართა აგრესია ბ. გ-ისკენ და დაუწყო ცემა. ბ. გ-მ ვეღარ შეძლო გაეგრძელებინა გადაღება, რადგან ნ. შ-ს იგერიებდა, თავადაც შეეცადა დახმარებოდა ბ. გ-ს, ჩაერთო მის დაკავებაში, რა დროსაც ნ. შ-მ მას სახეში ჩაარტყა თავი, რითაც მიაყენა ტკივილი. აგრეთვე, ნ. შ-მ ჯიბიდან ამოიღო წვრილწვერიანი, დაახლოებით 20 სმ სიგრძის სადგისის მაგვარი ე.წ. ,,შტირი“ და სურდა დაერტყა მისთვის, თან ყვიროდა ,,დაგჩეხავო“. თავად წაართვა აღნიშნული საგანი. ნ. შ. როგორც მას, ასევე დანარჩენ სამ პოლიციის თანამშრომელს უწევდა წინააღმდეგობას, ურტყამდა, ახევდა სამსახურებრივ ფორმას, აყენებდა მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. დაზარალებულის განმარტებით, ნ. შ-ის დაკავება გაუჭირდათ მისი მხრიდან განხორციელებული აგრესიული და ძალადობრივი ქმედებების გამო. ამ მიზეზით შეუძლებელი იყო დაკავების ოქმის ადგილზე შედგენა. დაკავების ოქმი შედგა პოლიციის განყოფილებაში.
4. მოწმის სახით დაკითხულ, დაზარალებულ, წ-ს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის - დ. ნ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 10 მარტს, ღამის საათებში, დაახლოებით 11 საათისთვის, სამსახურებრივი ავტომანქანით, თანამშრომლებთან - ბ. გ-სა და მ. უ-სთან ერთად გადაადგილდებოდა ქ. წ-ს ტერიტორიაზე, როდესაც რაციით მიიღეს წ-ს რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ნ. ზ-ის შეტყობინება, რომ სჭირდებოდა დახმარება. გამოცხადდნენ ადგილზე, სადაც ნ. შ. აგინებდა და წინააღმდეგობას უწევდა ნ. ზ-ს. ბ. გ-მა დაიწყო ვიდეოგადაღება, ხოლო თავად ცდილობდა დაეკავებინა ნ. შ., რომელმაც დაარტყა სახის არეში და შემოახია სამსახურებრივი ფორმა (სვიტერი). მოწმის განმარტებით, ნ. შ. იყო ძალიან აგრესიული, წინააღმდეგობას უწევდა თითქმის ყველა პოლიციელს და საცემად იწევდა მათკენ.
5. მოწმის სახით დაკითხულ, დაზარალებულ, წ-ს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის - მ. უ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 10 მარტს, ღამის საათებში, დაახლოებით 11 საათისთვის, სამსახურებრივი ავტომანქანით, ოპერატიულ თანამშრომლებთან ბ. გ-თან და დ. ნ-სთან ერთად გადაადგილდებოდა ქ. წ-ს ტერიტორიაზე, როდესაც რაციით მიიღეს წ-ს რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის - ნ. ზ-ის შეტყობინება, რომ სჭირდებოდა დახმარება. როცა მითითებულ მისამართზე მივიდნენ ნახეს, რომ ნ. ზ. ცდილობდა დაეკავებინა ნ. შ. , რომელიც იყო ძალიან აგრესიული, იგინებოდა, ნ. ზ-ს აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას და დაარტყა თავი სახის არეში. ნ. შ. მათ დანახვაზე კიდევ უფრო აგრესიული გახდა, ყველა იქ მყოფი პოლიციელის მიმართ ახორციელებდა, როგორც სიტყვიერ, ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფას, ჰქონდა ე.წ. ,,შტირი“, რომლის დარტყმაც უნდოდა ნ. ზ-ისთვის, თუმცა ამის საშუალება არ მისცეს და ეს საგანი წაართვეს. ნ. შ-მ პირადად მას შემოახია პოლიციის უნიფორმა, დაარტყა რამდენჯერმე, თუმცა მას არ მიუღია რაიმე სახის შესამჩნევი დაზიანება. მართალია, გაუჭირდათ ნ. შ-ის დაკავება, თუმცა საბოლოოდ მაინც დააკავეს და გადაიყვანეს წ-ს რაიონულ სამმართველოში.
6. მოწმის სახით დაკითხულ, დაზარალებულ, წ-ს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის - ბ. გ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 10 მარტს, ღამის საათებში, დაახლოებით 11 საათისთვის, სამსახურებრივი ავტომანქანით, ოპერატიულ თანამშრომლებთან მ. უ-სთან და დ.ნ-სთან ერთად გადაადგილდებოდა ქ. წ-ს ტერიტორიაზე, როდესაც რაციით მიიღეს წ-ს რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის ნ. ზ-ის შეტყობინება, რომ სჭირდებოდა დახმარება. მისამართზე მისვლისას ნ. ზ. ცდილობდა დაეკავებინა ნ. შ. და ჩაესვა მანქანაში, თუმცა ის აგრესიულ წინააღმდეგობას უწევდა, ურტყამდა და აგინებდა. ნ. ზ-მა მას უთხრა, რომ დაეწყო ვიდეოგადაღება, ხოლო როცა ნ. შ-მ დაინახა, რომ მას ვიდეოზე აფიქსირებდა, მთელი აგრესია მიმართა მისკენ, დაუწყო ცემა და გინება, დაარტყა სახის არეში, ჩამოახია პოლიციელის ფორმის სამხრე, რის გამოც მან ვერარ მოახერხა ვიდეოგადაღების გაგრძელება. შემდეგ დ. ნ-სა და მ. უ-ს დახმარებით მოხდა ნ. შ-ის ქმედების აღკვეთა და მოწმემ გააგრძელა ვიდეოგადაღება. ნ. შ. შეეცადა ე.წ. ,,შტირი’’ დაერტყა ნ. ზ-ისთვის, რაც წაართვა ნ. ზ-მა. ბრალდებულმა ნ. ზ-ს თავი ჩაარტყა სახის მიდამოში, რა დროსაც თავად ნ. შ-ს წამოუვიდა სისხლი. მოწმის განმარტებით ნ. შ. იყო ზედმეტად აგრესიული, ამიტომ გაჭირდა მისი დაკავება და პოლიციის ავტომანქანაში ჩასმა. ბრალდებულის დაკავების ოქმი შედგა წ-ს რაიონულ სამმართველოში მიყვანის შემდეგ, რაზეც ნ. შ-მ ხელი არ მოაწერა.
7. მოწმის სახით დაკითხულ, წ-ს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის - ო. ბ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ მან პოლიციის თანამშრომლების მიმართ განხორციელებული წინააღმდეგობის ფაქტზე დაკავებული ნ. შ. გამოკითხა, მისივე ნებართვით ამოიღო ტანსაცმელი, რომელიც მას ეცვა შემთხვევის დროს და ასევე მისი თანხმობით აიღო ნერწყვის ნიმუში.
8. მოწმის სახით დაკითხულ, წ-ს რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის - ა. ქ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 11 მარტს იყო მორიგე გამომძიებელი წ-ს რაიონულ სამმართველოში. მან დაიწყო გამოძიება ნ. შ-ს მიერ პოლიციის მუშაკების მიმართ განხორციელებული წინააღმდეგობის ფაქტთან დაკავშირებით და გამოკითხა მოწმეები: ნ. ზ., დ. ნ., ბ. გ. და მ. უ.. მათგან გადაუდებელი აუცილებლობის წესითა და მათივე თანხმობით ამოიღო ე.წ. ,,შტირი“ და ბ. გ-ს მიერ გადაღებული ნ. შ-ს დაკავების ამსახველი დისკი და სამსახურებრივი ფორმის ქურთუკები, რომლებიც დაილუქა სათანადო წესით და დაინიშნა ექსპერტიზები. აღნიშნულის შემდეგ მითითებული პირები ცნობილ იქნენ დაზარალებულებად, გამოიტანეს დაზარალებულად ცნობის დადგენილება, რასაც გაეცნენ დაზარალებული პირები.
9. დაკავების ოქმის თანახმად, 2019 წლის 10 მარტს 23:20 საათზე წ-ს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ბ. გ-მ ქ. წ-ში, 9-ს ქუჩის გადაკვეთაზე ბრალდებულის სახით დააკავა ნ. კ-ს ძე შ.
10. ბრალდებულის დაკავების თაობაზე ოჯახის წევრისათვის შეტყობინების შესახებ ოქმით დადგენილია, რომ დაკავებული ბრალდებულის, ნ. შ-ს დედას - ნ. შ-ს, 2019 წლის 11 მარტს, 01:30 საათზე, შს წ-ს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ - გამომძიებელმა ბ. გ-მა აცნობა მისი შვილის - ნ. შ-ს დაკავების თაობაზე საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობის ფაქტზე) გათვალისწინებული დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი ბ. გ. და ბრალდებულის დედა-ნ. შ..
2019 წლის 11 მარტის ამოღების ოქმის თანახმად, წ-ს რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ა. ქ-მ 02:10 საათიდან 02:25 საათამდე დროის პერიოდში, ნ. ზ-საგან ამოიღო მის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი ლითონის წკირი ე.წ. „შტირი“ საშუალო ზომის მრგვალი ფორმის წამახვილებული ლითონის წვერით, რომელსაც სახელურზე დახვეული აქვს მოცისფრო-მოწითალო ფერის ძაფი.
11. 2019 წლის 11 მარტის ამოღების ოქმის თანახმად, წ-ს რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ა. ქ-მ 03:00 საათიდან 03:15 საათამდე დროის პერიოდში ბ. გ-საგან ამოიღო მის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი, მისი კუთვნილი, პოლიციელის მოლურჯო ფერის უნიფორმის სვიტერი, რომელსაც დაზიანებული აქვს მარჯვენა სამხრე ერთი ცალი CD-R დისკი, რომელზეც განთავსებულია ნ. შ-ს დაკავების ამსახველი ვიდეოჩანაწერი ორ ფაილად.
2019 წლის 11 მარტის ამოღების ოქმის თანახმად, წ-ს რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა ა. ქ-მ 04:00 საათიდან 04:15 საათამდე დროის პერიოდში მ. უ-საგან ამოიღო მის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი მისი კუთვნილი პოლიციელის მოლურჯო ფერის უნიფორმის სვიტერი, რომელსაც დაზიანებული აქვს მარცხენა სამხრე.
12. 2019 წლის 11 მარტის ამოღების ოქმის თანახმად, წ-ს რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ა. ქ-მ 04:50 საათიდან 05:05 საათამდე დროის პერიოდში დ. ნ-საგან ამოიღო მის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი მისი კუთვნილი პოლიციელის მოლურჯო ფერის უნიფორმის სვიტერი, რომელსაც დაზიანებული აქვს მარჯვენა სამხრე.
13. სამედიცინო ექსპერტიზის N .. დასკვნის თანახმად, 2019 წლის 11 მარტს, 07:00-07:08 საათზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას, მოქ. ნ. ზ-ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება ნაჭდევის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
14. სამედიცინო ექსპერტიზის N. დასკვნის თანახმად, 2019 წლის 11 მარტს 21:15-21:45 საათზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას, მოქ. ნ. შ-ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები დამწვრობის, სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით. დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად; დაზიანება (II ხარისხის) დამწვრობის სახით განვითარებულია რაიმე მაღალი ტემპერატურის ადგილობრივი ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით; დაზიანებები ნაჭდევების სახით ხანდაზმულობით არ შეესაბამება დადგენილებაში მითითებულ თარიღს (10.03.2019წ); ხოლო დანარჩენი დაზიანებები სისხლნაჟღენთების, დამწვრობისა და გულმკერდის უკანა ზედაპირზე, ზედა მესამედში, მარცხნივ მოწითალო ფერის ნაჭდევის სახით ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს (10.03.2019წ).
15. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა შ. თ-მ დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნების სისწორე.
16. 2019 წლის 12 მარტის დათვალიერების ოქმის თანახმად, წ-ს რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ა. ქ-მ 12:40 საათიდან 13:10 საათამდე დროის პერიოდში დაათვალიერა CD-R დისკი. ფაილი N1 წარწერით: „v” რომლის ჩანაწერის ხანგრძლივობაა 30 წამი, ფაილის გახსნისას ვიდეოჩანაწერში ჩანს შსს წ-ს რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ნ. ზ., რომელსაც აცვია მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი და მოშავო ფერის ტყავის ქურთუკი. იგი ცდილობს ავტომანქანაში ჩასვას ნ. შ. რომელსაც აცვია მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი, მოშავო ფერის ქურთუკი, ხოლო ქურთუკის შიგნით მოყვითალო ფერის სვიტერი. იგი უწევს წინააღმდეგობას ნ. ზ-ს, აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და სახის არეში მარცხენა მხარეს ურტყამს თავს და ხელს. ასევე აგინებს დედას ვიდეო ჩანაწერის გადამღებს, რომელიც ბ. გ-ს განმარტებით არის თვითონ და იფურთხება მისი მისამართით, ნ. ზ. მას მოუწოდებს, რომ დაწყნარდეს. ფაილი N2 წარწერით: „v-” რომლის ჩანაწერის ხანგრძლივობაა 81 წამი, ფაილის გახსნისას ვიდეო ჩანაწერში ჩანს ნ. შ., რომელსაც იგივე ტანსაცმელი აცვია, იგი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და აგინებს დედას შსს წ-ს რაიონული სამმართველოს უბნის-ინსპექტორ გამომძიებელ დ. ნ-ს, რომელსაც აცვია პოლიციის უნიფორმის მოლურჯო ფერის სვიტერი. დ. ნ. ცდილობს შებოჭოს ნ. შ. კადრში მთელი ჩანაწერის განმავლობაში ისმის ბ. გ-ს ხმა, რომელიც აწარმოებს ვიდეო გადაღებას, იგი მოუწოდებს ნ. შ-ს დაწყნარდეს, აფრთხილებს, რომ არ შეაგინოს და ხელი არ დაარტყას პოლიციის თანამშრომლებს. ნ. შ. წინააღმდეგობას უწევს დ.ნ-ს, აგინებს, უყვირის, რომ „თუ არ ჩამოგაგლიჯო მაგ პაგონები, ჩემი დედაო“ სახის არეში ურტყამს ხელს და უზიანებს მარჯვენა სამხრეს. ჩანაწერში 70 წამზე ჩნდება ნ. ზ., რომლის დახმარებით დ. ნ-მ ნ. შ. ჩასვა ავტომანქანაში. ამით ჩანაწერი სრულდება.
17. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა CD დისკზე არსებული ვიდეოჩანაწერი. უდავოდ მიჩნეული ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N.. დასკვნის თანახმად, პაკეტში წარწერით „მ. უ-საგან ამოღებული პოლიციელის უნიფორმის დაზიანებული სვიტერი“ მოთავსებულ მოლურჯო ფერის სვიტერზე არსებული ბიომასალის (ობ. N4,5) გენეტიკური პროფილები შერეულია, ობ. N4-ის (სამხრეები და მიმდებარე ზედაპირი) გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია, ობ. N5-ის (წინა ზედაპირი) გენეტიკური პროფილის მინორული წილი ეკუთვნის ნ. შ-ს (ობ. N17, პაკეტი წარწერით „ბრალდებულ ნ. შ-საგან აღებული ნერწყვის ნიმუში“) ხოლო მაჟორული წილი მამრობითი სქესის სხვა პირს. პაკეტში წარწერით „ბ. გ-საგან ამოღებული პოლიციელის უნიფორმა დაზიანებული“ მოთავსებულ მოლურჯო ფერის სვიტერზე არსებული ბიომასალის (ობ. N6,7) გენეტიკური პროფილები შერეულია, ობ. N6-ის (სამხრეები და მიმდებარე ზედაპირი) გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმაციულია, ობ. N7-ის (წინა ზედაპირი) გენეტიკური პროფილის ერთი წილი ეკუთვნის ნ. შ-ს (ობ. N17); პაკეტში წარწერით „ქუთაისის დროებითი მოთავსების იზოლატორში ნ. შ-საგან ამოღებული ტანსაცმელი“ მოთავსებულ მოშავო ფერის კაპიუშონიან ქურთუკზე (ობ. N8,10) მოყვითალო ფერის კაპიუშონიან გრძელსახელოებიან მაისურზე (ობ. N11,13) და მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალზე (ობ. N14,16) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ნ. შ-ს (ობ. N17).
18. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი დოკუმენტების მიხედვით დადგენილია, რომ დაზარალებულებისაგან ამოღებულია დაზიანებული სამსახურებრივი ფორმები, ნ. ზ-საგან ასევე ამოღებულა ე.წ. ,,შტირი’’, ბ. გ-საგან ამოღებული იქნა ერთი ცალი CD დისკი. სხდომაზე გამოკვლეული ბ. გ-საგან ამოღებული ვიდეო ჩანაწერი სრულ შესაბამისობაშია ნ. ზ-ის, ბ. გ-ს, დ. ნ-სა და მ. უ-ს ჩვენებებთან, სადაც დაფიქსირებულია თუ როგორ აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ნ. შ. პოლიციის თანამშრომლებს. ასევე სამედიცინო ექსპერტიზის N. დასკვნის თანახმად 2019 წლის 11 მარტს 07:00-07:08 საათზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. ნ. ზ-ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება ნაჭდევის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზარალებულები - ნ. ზ. , ბ. გ., დ. ნ. და მ. უ. დამაჯერებლად განმარტავენ, რომ ნ. ზ-ს შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე, რომელიც მდებარეობს ქ.წ-ში 9-ს ქუჩების გადაკვეთაზე, სადაც მათ დახვდათ ნ. შ. რომლის ადმინისტრაციული წესით დაკავებას და მანქანაში ჩასმასაც ცდილობდა ნ. ზ. სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო. მათ დანახვაზე ნ. შ. გახდა მეტად აგრესიული, რა დროსაც ნ. ზ-ს თავი დაარტყა, ასევე ამოიღო თანნაქონი ე.წ. ,,შტირი’’, რომლის გამოყენებითაც ცდილობდა ნ. ზ-ისათვის დაზიანების მიყენებას. ნ. ზ-მ ნ. შ-ს წაართვა საგანი და თავის მანქანაში ჩააგდო. დაზარალებულებმა დაადასტურეს, რომ ნ. შ-მ მათ დაუზიანა სამსახურებრივი ფორმის სამხრეები და ყვიროდა ,,მაგ პაგონებს დაგახევთო’’.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებითა და ასევე, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია, რომ მსჯავრდებულმა ნ. შ-მ ჩაიდინა პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობა, მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, შესაბამისად, მისი ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
20. ამასთან, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს კასატორის - მსჯავრდებულ ნ. შ-ს არგუმენტებს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით შერაცხულ ბრალდებაში მისი უდანაშაულობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ნ. შ-ს მიერ ქურდობის ჩადენას შემდეგ გარემოებათა გამო:
21. მოწმის სახით დაკითხული, სამშენებლო კომპანია - შპს „ჯ-ს“ მუშა მოსამსახურის - დაზარალებულ ტ. გ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 9 იანვარს აწარმოებდა წ-ს ჩამდინარე წყლების გამწმენდი შენობა-ნაგებობისა და წყლის გამწმენდი ბეტონის აუზების მშენებლობას. 2019 წლის 9 იანვარს ის და მისი თანამშრომლები სამსახურში მივიდნენ დაახლოებით 09:00 საათზე, მუშაობის დროს დასჭირდა მისი კუთვნილი ელექტრობურღები, რისთვისაც შევიდა საოპერატოროს შენობის ლაბორატორიის ოთახში, სადაც აქვს სამუშაო იარაღები და სამშენებლო მასალები, რა დროსაც აღმოაჩინა, რომ მისი კუთვნილი ორი ელექტრო ბურღი და ერთი ელემენტიანი ბურღი ე.წ. „შურუპავიორტი“ აღარ იყო და ივარაუდა, რომ იყო ვიღაც უცხო პირის მიერ მოპარული. აღნიშნული მან აცნობა კომპანიის მომარაგების მენეჯერს - გ. დ-ს, რის შემდეგაც დაათვალიერეს საოპერატორო ოთახი, საიდანაც ასევე მოპარული იყო ნაცრისფერი, იზოლირებულგარსიანი ბოჭკოვანი ტელევიზიის სადენი, რომელსაც ჰქონდა რვა წვერი, მთლიანად მათი სიგრძე იყო 100 მეტრი. აღნიშნული ოთახიდან მოპარული იყო ასევე 100 მეტრი წითელი ფერის იზოლირებულ გარსიანი ინტერნეტის ბოჭკოვანი სადენი, რომელსაც ჰქონდა ოთხი წვერი. აღნიშნულის შესახებ მათ შეატყობინეს წ-ს პოლიციას. ტ. გ-მ მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში გ. დ-თან ერთად, რა დროსაც მათ მიუთითეს ადგილი შენობის ფანჯარასთან, საიდანაც სავარაუდოდ შენობაში შესული იყო ის პირი, ვინც აღნიშნული ნივთები მოიპარა. მათ ასევე შენობაში მიუთითეს ადგილები, სადაც ეწყო ელექტრობურღები და ელექტროსადენები.
22. მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის წარმომადგენლის კომპანიის ,,ჯ-ს“ მენეჯერის - გ. დ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 9 იანვარს სამსახურში მისულს, ხელოსანმა ტ. გ-მ უთხრა, რომ მისი სამუშაო ნივთები იყო წაღებული, როცა შენობა დაათვალიერეს დაადგინეს, რომ ასევე წაღებული იყო კაბელის რულონები. დაზარალებულმა განმარტა, რომ მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 187 ლარი. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, სადაც მონაწილეობას იღებდა ბრალდებული ნ. შ., მისი მამა და რამდენიმე პოლიციის თანამშრომელი.
23. მოწმის სახით დაკითხული ვ. ჩ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარა რიგი საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ: წ-ს რაიონულ სამმართველოში მიმდინარეობდა გამოძიება ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით, მიღებული იქნა პატაკი კ. მ-ს მიერ, რომელმაც გამოკითხვისას დაადასტურა მიღებული ინფორმაცია. ამის შემდეგ მოწმის სახით იქნა გამოკითხული ნ. შ., რის შემდგომაც ვ. ჩ-ს მიერ ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი ნ. შ-ს მონაწილეობით, მისი თანხმობით, მისი კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ნ. შ-ს მითითებით მივიდნენ წ-ს რ-ს ს. გ-ში ჩამდინარე წყლების მშენებლობის ტერიტორიაზე, სადაც ნ. შ. ნებაყოფლობით უთითებდა იმ ადგილებს თუ როგორ შეაღწია შენობაში და კონკრეტულად შენობაში არსებულ ოთახებში საიდანაც ფარულად დაეუფლა შპს „ჯ-ს“ კუთვნილ ელექტრო სადენებს და ტ. გ-ს ელექტრო ხელსაწყოებს. აღნიშნულის შემდეგ ნ. შ-მ ისინი მიიყვანა იმ არხის პირას სადაც დადებული ჰქონდა მის მიერ ფარულად დაუფლებული ხელსაწყოები და სადენები, რომლებიც შენახული ჰქონდა წყლის არხიდან დაახლოებით 500-600 მეტრის მოშორებით ბუჩქთან, საიდანაც მისი მონაწილეობით მოხდა ფარულად დაუფლებული ნივთების ამოღება. აგრეთვე დაინიშნა ექსპერტიზები, კერძოდ: სასაქონლო ექსპერტიზა, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა, ასევე ბიოლოგიური ექსპერტიზა, რის შემდგომაც უშუალოდ ვ. ჩ-ს მიერ გაცნობილ იქნა ბრალი ნ. შ-სათვის. მოწმის განმარტებით ნ. შ-ს განემარტა კანონით გათვალისწინებული ყველა უფლება და მისი თანხმობით, კანონიერ წარმომადგენელთან და ექსპერტებთან ერთად ნებაყოფლობით ჩატარდა ყველანაირი საგამოძიებო მოქმედება.
24. მოწმის სახით დაკითხული წ-ს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის რ. ო-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 10 იანვარს პოლიციის თანამშრომლებთან ბ. გ-თან ერთად მონაწილეობას იღებდა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებაში ექსპერტების, გამომძიებლების და ბრალდებულ ნ. შ-ის მონაწილეობით, სადაც აგრეთვე მონაწილეობდა ბრალდებულის კანონიერი წარმომადგენელი. აღნიშნული ექსპერიმენტის ჩატარება საჭირო იყო ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით წ-ს რ-ს ს. გ-ში მდებარე წ-ს წყლის გამწმენდი ნაგებობის მიმდებარედ არსებული მშენებარე შენობიდან ელექტრო სადენების, ელექტრო ბურღისა და ე.წ. დრელის ფარულად დაუფლების ფაქტზე. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული იყო ნ. შ. , რომელმაც საგამოძიებო ექსპერიმენტისას ნებაყოფილებით მიუთითა ადგილები, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მითითებულ ნივთებს. ნ. შ-მ ასევე მიუთითა ის ადგილი, სადაც მოათავსა წაღებული ნივთები.
25. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ი-მ და გ. გ-მ ანალოგიურად გადმოსცეს ფაქტობრივი გარემოებები, დაადასტურეს მათი მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში და შედგენილი ოქმის კანონთან შესაბამისობა.
26. გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით - წ-ს რაიონულ სამმართველოში გამოძიება დაიწყო 2019 წლის 9 იანვარს წ-ს რ-ს, ს. გ-ში მდებარე წყლის გამწმენდი ნაგებობის საცავიდან ტ. გ-ის კუთვნილი ელექტრო დრელისა და ელექტრო სადენების ქურდობის ფაქტზე.
27. დანაშაულის შესახებ N. შეტყობინების თანახმად - წ-ს რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ გ. ა-ს დაუკავშირდა ტელეფონით ტ. გ. და განაცხადა, რომ ს. გ-ში მდებარე წყლის გამწმენდი ნაგებობიდან წაღებულია მისი კუთვნილი ელექტრო დრელი და ელექტრო კაბელები. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად - 2019 წლის 9 იანვარს 12:50 საათიდან 14:10 საათამდე დროის პერიოდში, წ-ს რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ გ. ა-ს მიერ დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი მდებარე წ-ს რ-ს ს. გ-ში, რომელიც წარმოადგენს წ-ს ჩამდინარე წყლების გამწმენდი შენობა ნაგებობისა და წყლის გამწმენდი ბეტონის აუზების მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიას. სამშენებლო კომპანია შპს „ჯ-ს“ მომარაგების მენეჯერმა გ. დ-მ მიუთითა საოპერატორო შენობის უკანა მხარეს არსებულ ფანჯარაზე, რომელიც არის ღია მდგომარეობაში და ფანჯრის რაფაზე აღინიშნება ტალახიანი ფეხსაცმლით დატოვებული კვალი, გ. დ-ს განმარტებით სწორედ აღნიშნული ფანჯრიდან შეაღწია შენობაში პიროვნებამ და ფარულად დაეუფლა ტელევიზიის ბოჭკოვან სადენს და ინტერნეტის ბოჭკოვან სადენს, ასევე ელექტრო ბურღებს და ელექტრო შურუპავიორტს, ამის შემდეგ გ. დ-მ მიუთითა საოპერატორო ოთახზე და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნულ ოთახში, სადაც განთავსებულია პლასტმასის მილების შესადუღებელი ა. შენახული ჰქონდათ ნაცრისფერი იზოლირებულ გარსიანი რვა წვერიანი ბოჭკოვანი სადენი, რომელიც იყო ტელევიზიის სადენი, ასევე იმავე ოთახიდან ფარულად დაუფლებული იყო წითელი ფერის იზოლირებულ გარსიანი ინტერნეტის ბოჭკოვანი სადენი, რომელიც იყო ოთხ წვერიანი და ორივე სადენი იყო ახალი და თითოეული იყო 100 მეტრი სიგრძის, სულ ორივე 200 მეტრი სიგრძის. ამის შემდეგ გ. დ-მ მიუთითა აღნიშნულ შენობაში ლაბორატორიის ოთახი და განმარტა, რომ აღნიშნული ოთახიდან მოპარული იყო კომპანიის მუშა მოსამსახურის კუთვნილი სამი ელექტრო ბურღი, რის შემდეგაც ტ. გ-მ მიუთითა აღნიშნულ ოთახში ადგილი, საიდანაც ფარულად დაუფლებული იყო მისი კუთვნილი „ა-ს“ ფირმის შავი ფერის კორპუსიანი ელექტრო ბურღი, მწვანე ფერის კორპუსიანი „R-ის“ ფირმის ელექტრო ბურღი და შავი და ლურჯი ფერის კორპუსიანი ელექტრო ბურღი ე.წ შურუპავიორტი. აღნიშნული ოთახის მეტალოპლასტმასის კარის საკეტის გარე სახელურიდან აღებულ იქნა ანაწმენდები, ამავე ოთახის კარის მინის გარე ზედაპირიდან ექსპერტების მიერ აღებული იქნა ოთხი ხელის კვალი. მოწმის სახით დაკითხული წ-ს რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის გ. ა-ს ჩვენებით დადგენილია, რომ მის მიერ 2019 წლის 9 იანვარს დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი, მოწმემ დაადასტურა საგამოზიებო მოქმედების სისწორე და კანონთან შესაბამისობა. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა გ. კ-მაც.
28. 2019 წლის 10 იანვრის წ-ს რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის კ. მ-ს პატაკით, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად წ-ს რ-ს ს. გ-ში მდებარე წ-ს ჩამდინარე წყლების გამწმენდი შენობა-ნაგებობის, მშენებლობაზე მომუშავე მუშის ტ. გ-ს კუთვნილი ორი ცალი ელექტრო ბურღი და ერთი ცალი სახრახნისი, ასევე შპს „ჯ-ს“ კუთვნილი ორი რულონი იზოლირებულ გარსიანი სადენი საოპერატორო შენობის ოთახებიდან ფარულად დაუფლებული უნდა იყოს ქ. წ-ში თ-ში მცხოვრები, 2.. წ. დაბადებული, არასრულწლოვანი ნ. კ-ს ძე შ-ის (პ/ნ 5…..) მიერ.
29. 2019 წლის 10 იანვარს 11:55 საათიდან 13:10 საათამდე დროის პერიოდში ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად - შემთხვევის ადგილი მდებარეობს წ-ს რ-ს ს. გ-ში და წარმოადგენს წ-ს ჩამდინარე წყლების გამწმენდ შენობა-ნაგებობას. შენობა-ნაგებობის ეზოში ნ. შ-მ მიუთითა შენობა, სადაც იგი შევიდა მარტო, შენობის გარეთა მხრიდან მიუთითა ფანჯარა, რომელიც დამუშავებულია ექსპერტების მიერ და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნული ფანჯრის გაღების შემდეგ იგი მარტო შევიდა შენობაში, ასევე აღნიშნული ფანჯრის საშუალებით გამოვიდა შენობიდან, შენობაში შესვლის შემდგომ ნ. შ-მ მიუთითა საოპერატორო ოთახზე და განმარტა, რომ აღნიშნული საოპერატორო ოთახიდან იგი 2019 წლის 9 იანვარს, გვიან ღამით ფარულად დაეუფლა ორ რულონ ელექტრო სადენს, ხოლო აღნიშნულის შემდგომ დერეფანში ხელმარცხნივ მიუთითა ერთ-ერთი ოთახი, რომელიც განკუთვნილია ლაბორატორიისათვის, სადაც განთავსებულია სამშენებლო მასალა და ხელსაწყოები. ნ. შ-მ მიუთითა ოთახში განთავსებულ მუყაოს ყუთზე და განმარტა, რომ ლაბორატორიის ოთახში განთავსებული ყუთიდან იგი 2019 წლის 9 იანვარს, ღამის საათებში ფარულად დაეუფლა ორ ელექტრო დრელს და ერთ „შურუფავოის“, რომლებიც მან ჩაალაგა ოთახში არსებულ ხელჩანთაში. ამის შემდგომ ნ. შ-მ მიუთითა თ. ქუჩაზე ხელმარჯვნივ წყლის არხისაკენ და განმარტა, რომ აღნიშნულ ადგილზე ბუჩქის ძირში ინახავდა მის მიერ ფარულად დაუფლებულ ელექტრო ხელსაწყოებს და ორ რულონ ელექტრო სადენს, რომელიც მოთავსებული ჰქონდა ხელჩანთაში. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას ამოღებულ იქნა ნ. შ-ის მიერ ფარულად დაუფლებული ნივთები, კერძოდ: წითელი და თეთრი ფერის იზოლირებულ გარსიანი ორი რულონი ელექტროსადენი, შავი ფერის ელექტროდრელი ,,А.“-ის ფირმის, მომწვანო ფერის ელექტროდრელი ,,R“ -ის ფირმის, ,,F.“-ის ფირმის ,,შურუფავოი’’.
30. სასაქონლო ექსპერტიზის N. დასკვნის თანახმად - ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 124მ. სიგრძის ოთხ წვერიანი სადენის მარკირებით: „B.“ საბაზრო ღირებულება დღევანდელი მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 99.2 ლარს. 88მ. სიგრძის რვა წვერიანი სადენი მარკირებით: „D.” 88 ლარს, „А.“-ის ფირმის M. ელექტრო ბურღი 50 ლარს, „R.”-ის ფირმის ელექტრო ბურღი 25 ლარს, „F. ”-ის ფირმის M. ელექტრო ბურღი 85 ლარს.
31. ნ. შ-მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა, რომ 2019 წლის 9 იანვარს იმყოფებოდა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გამთენიისას მასთან მივიდა პოლიციის თანამშრომელი და უთხრა, რომ პოლიციის უფროსთან იყო დაბარებული, რის გამოც მას გაჰყვა. პოლიციის უფროსმა მას უთხრა, რომ ვინაიდან არასრულწლოვანი იყო, არავინ დაიჭერდა და თავის თავზე აეღო მომხდარი ქურდობის ფაქტი, რაზედაც ის დასთანხმდა. პოლიციამ იცოდა, რომ ის წარსულში ქურდობისათვის იყო ნასამართლევი. შემდეგ შემთხვევის ადგილზე მამასთან ერთად გაიყვანეს და აიძულეს მიეთითებინა კონკრეტული ადგილები. მოპარულ ნივთებთან დაკავშირებით განმარტა, რომ ნივთები მას არასოდეს უნახავს და როდესაც პოლიციამ აჩვენა, მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ მიუთითა ნივთებზე. პოლიციის თანამშრომლებს ყველაფერზე ემორჩილებოდა, რასაც ეტყოდნენ, რადგან პოლიციის უფროსი დაჰპირდა, რომ არ დაიჭერდნენ ვინაიდან იყო არასრულწლოვანი. რაც შეეხება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას, მას დანაშაული არ ჩაუდენია, პირიქით პოლიციამ დააკავა და სცემეს, რის შედეგად მოსდიოდა სისხლი. მისი დაკავება მოხდა კანონის დარღვევთ, არ გამოიძახეს მისი მშობლები.
32. გასაჩივრებული განაჩენი ბრალდების ამ ნაწილში ეფუძნება მხოლოდ ერთ მტკიცებულებას, კერძოდ, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, ხოლო სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ნ. შ-ს ბრალეულობას, საქმეში წარმოდგენილი არ არის. საქმეში წარმოდგენილი დაზარალებულ ტ. გ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 9 იანვარს, როდესაც ის და მისი თანამშრომლები სამსახურში მივიდნენ მუშაობის დროს, როდესაც დასჭირდა მისი კუთვნილი ელექტრო ბურღები აღმოაჩინა, რომ მისი კუთვნილი ორი ელექტრო ბურღი და ერთი ელემენტიანი ბურღი ე.წ „შურუპავიორტი“ აღარ იყო. ივარაუდა, რომ ვიღაც უცხო პირის მიერ იყო მოპარული. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულის წარმომადგენელმა გ. დ-მა განმარტა, რომ 2019 წლის 9 იანვარს სამსახურში მისულს, ხელოსანმა ტ. გ-მა უთხრა, რომ მისი სამუშაო ნივთები იყო წაღებული, როცა შენობა დაათვალიერეს დაადგინეს, რომ ასევე წაღებული იყო კაბელის რულონები.
33. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მსჯელობაზე, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება ნ. შ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული. კერძოდ, სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში ნ. შ-ს ჩვენება არ მიუცია, არამედ მან ვითარება აღადგინა იმ ხერხების დემონსტრირებით, რაც მის მიერ გამოყენებული იყო ბრალდების მხარის მიერ მისთვის დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად. ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა კი ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც მის მიმართ არ ვრცელდება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა. ამასთან, ნ. შ-ს მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგენილ იქნა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლოს მიერ შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო გამამტყუნებელი განაჩენის დასაბუთებისათვის. ამასთან, გარდა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმისა საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დაზარალებულ ტ. გ-ს, დაზარალებულის წარმომადგენლის გ. დ-ს, გამომძიებლების ვ. ჩ-სა და რ. ო-ს, ექსპერტების - ი-სა და გ. გ-ს თანხვდენილი მტკიცებულებებით, სრულად დასტურდება 2019 წლის 9 იანვარს წ-ს რ-ს ს. გ-ში მდებარე წყლის გამწმენდი ნაგებობის საოპერატორო შენობაში ნ. შ-ს მიერ ქურდობის ჩადენის ფაქტი.
34. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მითითებულ მსჯელობას, ვინაიდან მხოლოდ ერთი მამხილებელი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა - რომლის წყარო თავად მსჯავრდებულია და უარყოფს აღნიშნული ინფორმაციის სარწმუნოობას, ხოლო საქმეში არ მოიპოვება არც ერთი სხვა (არც პირდაპირი და არც ირიბი) მამხილებელი მტკიცებულება, არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
35. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილი დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით არ დასტურდება ნ. შ-ს შემხებლობა ბრალად შერაცხულ დანაშაულთან, კერძოდ: დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N. დასკვნის თანახმად, სსN. საქმესთან დაკავშირებით პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი ხელის თითის ორი კვალი (კვალი N1, კვალი N2) იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი - 1.. წელს დაბადებული ზ. ჯ-ს ძე შ-ს მარჯვენა ხელის დიდი და უსახელო თითის ანაბეჭდებისა; ხოლო N3 და N4 კვლების იდენტური ანაბეჭდები და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კვლები მონაცემთა ერთიან ბაზაში არ მოიპოვება. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ შემთხვევის ადგილზე - ღია ფანჯრის რაფაზე არსებული ტალახიანი ფეხსაცმლის კვალის (რომელზეც მიუთითებდა მოწმე გ. დ. და რაც ასახულია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმშიც. გ. დ-ს განმარტებით სწორედ აღნიშნული ფანჯრიდან შეაღწია შენობაში პიროვნებამ) ნ. შ-სადმი კუთვნილების დამდგენი მტკიცებულება არ მოიპოვება.
36. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული in dubio pro reo საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპი ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ანალოგიურ დანაწესს ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილიც, რომლის თანახმად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის ( მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“.
37. მტკიცებულებები რომლებიც საფუძვლად ედება გამამტყუნებელ განაჩენს უნდა აკმაყოფილებდეს საკმარისობის და უტყუარობის კონსტიუციურ სტანდარტს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
38. სასამართლო ითვალისწინებს: ნ. შ-ს მიერ მიცემულ ჩვენებას, რომლის თანახმად, პოლიციის უფროსმა მას უთხრა, რომ ვინაიდან არასრულწლოვანი იყო, არავინ დაიჭერდა და თავის თავზე აეღო მომხდარი ქურდობის ფაქტი, რაზედაც ის დასთანხმდა; პოლიციამ იცოდა, რომ ის წარსულში ქურდობისათვის იყო ნასამართლევი. შემთხვევის ადგილზე მამასთან ერთად გაიყვანეს და აიძულეს, მიეთითებინა კონკრეტული ადგილები; მოპარულ ნივთები მას არასოდეს უნახავს და როდესაც პოლიციამ აჩვენა, მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ მიუთითა ნივთებზე; პოლიციის თანამშრომლებს ყველაფერზე ემორჩილებოდა, რასაც ეტყოდნენ, რადგან პოლიციის უფროსი დაჰპირდა, რომ არ დაიჭერდნენ, ვინაიდან იყო არასრულწლოვანი; ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი სხვა მტკიცებულებით არ დგინდება ნ. შ-ს კავშირი მითითებულ დანაშაულთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არ მოიპოვება უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ნ. შ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას.
39. მსჯავრდებულ ნ. შ-სათვის საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა სრულად გაითვალისწინეს: ჩადენილი ქმედებების სოციალური საშიშროება და ხასიათი, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, დამდგარი შედეგი, მისი პირადი და ეკონომიკური პირობები, ქცევა სასამართლო განხილვის დროს, დანაშაულის ჩადენის მოტივი/მიზანი, ასევე მისი წარსული ცხოვრება, იხელმძღვანელეს როგორც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით დადგენილი, ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული პრინციპებით და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში ასახულ დადებით და უარყოფით ფაქტორებს, კერძოდ:
· ნ. შ. ნანობს წარსულში ჩადენილ თავის ქმედებებს და განმარტავს, რომ აღნიშნული დაკავშირებული იყო მის ასაკთან და უჭირდა ქმედების შესაძლო შედეგების გაანალიზება. მიმდინარე დელიქვენტური ქმედებების შესახებ საუბრისას გამოხატავს სინანულს იმ ფაქტის აღიარების გამო, რაც მას არ ჩაუდენია. თავს უდანაშაულოდ გრძნობს პოლიციასთან ძალადობრივ ფაქტთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ მას თანამშრომლების მიმართ ძალადობრივი ქმედება არ განუხორციელებია, მათი ტანსაცმლის დაზიანება გამოიწვია წინააღმდეგობის გაწევის, თავდაცვის მიზნით ,,უნებურად თანამშრომლისკენ მიმართულმა ხელმა“, განიცდის პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნას, როგორც განმარტავს უჭირს გარემოსთან შეგუება. დაწესებულებაში მოხვედრის შემდეგ შეინიშნება წონის ცვლილება და როგორც განმარტავს დაიკლო ათი კილოგრამი. განიცდის ოჯახის წევრებისთვის მიყენებულ მორალურ ტრავმას და განსაკუთრებით ღელავს დედაზე, რომელსაც აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სირთულეები და შვილის დაწესებულებაში ყოფნა მისთვის დამატებით ტრავმას წარმოადგენს.
· ბრალდებულის დედა უარყოფითად აფასებს შვილის მხრიდან განხორციელებულ დელიქვენტურ ქმედებას. როგორც თავად აღნიშნავს, ნ-მ ეკონომიკური ხასიათის კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა აღიარა და დამატებით ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით არ ფლობს. ძალადობრივ ქმედებაზე საუბრისას განმარტავს, რომ ნ. შ. პოლიციის თანამშრომლების მხრიდან უმიზეზოდ გახდა ძალადობის მსხვერპლი. მან შვილი მომხდარი ქმედების მეორე დღეს ნახა და უჭირს მისი მდგომარეობის აღქმა და განმარტავს, რომ ნ. იმყოფებოდა სტრესის ქვეშ, ნ. ჩ. შ-ს გადმოცემით, ნ. პოლიციის თანამშრომლებს დაკავების მომენტში უწევდა წინააღმდეგობას, რა დროსაც მათ მიაყენეს ფიზიკური ზიანი, ასევე ერთ-ერთმა პირმა მას ხელის მტევანზე მიაყენა დამწვრობა სიგარეტის მეშვეობით. დამატებით, ბრალდებულის დედა განმარტავს, რომ ნ. შ-ს დაკავების დროს ხელი მოჰყვა მანქანის კარში და ამჟამად ორ თითზე არ აქვს ფრჩხილი. დედის გადმოცემით, ნ-ს მეორე დღეს ეცვა სისხლიანი ტანსაცმელი და შეხვედრის დროს გამუდმებით ტიროდა. ქალბატონი ნ. განმარტავს, რომ მან მომხდარის შემდეგ მეორე დღესვე მოახდინა შესაბამისი რეაგირება და საქმის კურსში ჩააყენა ყველა უწყება, ასევე ინფორმაცია გადაიცა ტელევიზიით. ამჟამად, როგორც თავად განმარტავს, დაწყებულია გამოძიების პროცესი ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა რაიმე სიახლე არ არის და არ აქვს იმედი, რომ შეძლებს შვილის უდანაშაულობის დამტკიცებასა და დამნაშავე პირების ადეკვატურად დასჯას.
· ქალბატონი ნ. აღნიშნავს, რომ ის ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ მოხდა ნ-ს და მისი თანატოლების კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში ჩართვა. მის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მათ ასაკით უფროსი პირები ავალებდნენ დანაშაულის ჩადენას და განუმარტავდნენ, რომ რაიმე სასჯელი არ შეეხებოდათ. სწორედ ისინი ახდენენ ბრალდებულის პროვოცირებასა და დაინტერესებას აღნიშნული საქმით.
· ნ. შ. გამოხატავს სინანულს წარსულში ჩადენილი ქმედებების გამო და განმარტავს, რომ დაინტერესებულია მომავალში თავი აარიდოს მსგავს ქმედებას. ამჟამად მისთვის მთავარია გამოვიდეს პენიტენციური დაწესებულებიდან, ვინაიდან უჭირს გარემოსთან შეგუება. ბრალდებული განმარტავს, რომ მან საკუთარ თავში აღმოაჩინა ახალი შესაძლებლობები და დააფიქრა თავის წარსულ გამოცდილებასა და მომავალ ცხოვრებაზე. შეუყვარდა წიგნების კითხვა და დაწესებულებაში ყოფნის დროს არაერთ ლიტერატურას გაეცნო, ამჟამად კი ელოდება ახალ წიგნს. ნ. შ-ს სურს განაგრძოს სკოლაში სიარული, ჩააბაროს გამოცდები და ისწავლოს. ფიქრობს, რომ განათლების მიღება მას დაეხმარება შეიცვალოს ცხოვრების სტილი და რესურსები მიმართოს პოზიტიური ცვლილებების განხორციელებისკენ. ასევე, აქვს ოჯახის წევრების იმედი და განმარტავს, რომ ისინი იქნებიან მხარდამჭერი ცვლილებების განხორციელების დროს.
· ნ. ჩ. შ. პოზიტიურად არის განწყობილი ბრალდებულის მომავალთან დაკავშირებით. მიიჩნევს, რომ ნ-მ მიიღო გამოცდილება და აღნიშნული მას დაეხმარება მომავალში სწორად გადადგას ნაბიჯები და განსაზღვროს თითოეული ქმედების რეალური შედეგი. მისთვის დადებითი გარემოებაა ის ფაქტი, რომ ნ---მ გადაწყვიტა მიიღოს განათლება და მისი რესურსი მიმართოს აღნიშნული კუთხით. ბრალდებულის დედა გეგმავს, ნ. შ. გათავისუფლების შემდეგ დროებით განარიდოს საცხოვრებელს და წაიყვანოს თავის მშობლებთან, ს-ში, სადაც ოჯახის წევრები და თავად ის მიაქცევენ ყურადღებას და გამოიჩენენ მზურნველობას. ქალბატონი ნ. განმარტავს, რომ მიუხედავად ოჯახში არსებული ფინანსური მდგომარეობისა, შვილის გათავისუფლების შემდეგ ყველა რესურსს მიმართავს მისი მხარდაჭერის აღმოჩენისკენ. არის მოტივირებული მშობელი და სურს ნ. შ-ს გაუწიოს მხარდაჭერა როგორც მორალურად, ასევე მატერიალურად.
· შეფასების შედეგად ვლინდება, რომ ნ. აცნობიერებს წარსულში ჩადენილ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს და აქვს სინანულის გრძნობა მომხდართან დაკავშირებით. გამოხატავს მზაობას, მომავალში თავი აარიდოს დელიქვენტური ქმედების განხორციელებას და აქვს გარკვეული გეგმა აღნიშნულთან დაკავშირებით. ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაში რეგულარულად კითხულობს წიგნებს, მიაჩნია, რომ ლიტერატურის გაცნობით ადამიანი ვითარდება, რაც მნიშვნელოვანია მომავალი წარმატებისთვის. მზადყოფნას გამოხატავს ისწავლოს და მიიღოს უმაღლესი განათლება, თუმცა არ აქვს გადაწყვეტილი თუ რა პროფესიის ათვისება სურს. ბრალდებულის დედა მზადყოფნას გამოხატავს შვილს აღმოუჩინოს საჭირო დახმარება, რათა მან შეძლოს მომხდარი ქმედების შემდეგ რეაბილიტაცია. ქალბატონი ნ. განმარტავს, რომ ნ. ბოლო პერიოდის განმავლობაში იყო მოტივირებული მიეღო განათლება. მის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ნ. სარგებლობდა პროექტ „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისკენ“ და ჩართული იყო სავალი ნაწილების შემსწავლელ კურსებში, თუმცა დაკავების გამო ვერ შეძლო სწავლის გაგრძელება.
· შეფასების საფუძველზე ვლინდება, რომ ნ. შ. მამასთან – კ. შ-სთან, დედასთან - ნ. ჩ-სთან და დასთან - ნ. შ-სთან ერთად №... დაწესებულებაში მოხვედრამდე ცხოვრობდა წ-ში, თ. ქუჩის 1.. მდებარე ბინაში. როგორც ირკვევა საცხოვრებელი არის ოჯახის საკუთრება. ბინა შედგება ერთი ოთახისაგან. ფართი არ არის საკმარისი ოჯახის ყველა წევრისათვის. საცხოვრებელში დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. ოჯახში განლაგებულია საჭირო ინვენტარი. ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და იღებენ შესაბამის დახმარებას. შეფასებისას გამოვლინდა, რომ ოჯახის ფინანსური შემოსავალი არის მწირი. წარსულში დასაქმებული იყო დედა - ნ. ჩ. მაღაზიაში კონსულტანტის პოზიციაზე, ამჟამად ის აღარ მუშაობს ნ. შ-ს დაკავების შემდეგ მიღებული სტრესის ფონზე. როგორც ბრალდებულის დედა განმარტავს, ამჟამად ოჯახში დასაქმებულია კ. შ. ის მუშაობს ფიზიკური დატვირთვით მშენებლობაზე და ოჯახს უწევს ფინანსურ დახმარებას. შეფასების საფუძველზე ვლინდება, რომ მამას აქვს ეკონომიკური ხასიათის კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების გამოცდილება და იმყოფებოდა კანონთან კონფლიქტში. ამჟამად როგორც ქალბატონი ნ.განმარტავს, ბატონ კ-ს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სირთულეები და გადის მედიკამენტოზურ მკურნალობას. თავად როგორც აღნიშნავს, აქვს ემოციების მართვასთან დაკავშირებული სირთულე და უჭირს ღამით დაძინება. აღნიშნული მდგომარეობა გართულდა შვილის დაკავების შემდეგ და ხშირად უჭირს საკუთარი თავის მართვა.
· მიმდინარე შეფასების პერიოდში სოციალური მუშაკის ოჯახში ვიზიტის დროს არ იმყოებოდა ბრალდებულის მამა და ვერ მოხდა მასთან კომუნიკაციის დამყარება. 2019 წლის იანვრის თვეში განხორციელებული შეფასების საფუძველზე ვლინდება, რომ კ. შ. ვერ აცნობიერებს შვილების წინაშე არსებულ საჭიროებებს. დედის გადმოცემით, მამა არ იღებს მონაწილეობას შვილების აღზრდის პროცესში. მამასთან განხორციელდა ინტერვიუ, თუმცა მისი მხრიდან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოძიება ვერ იქნა შესაძლებელი, ვინაიდან მისი გადმოცემით, მან ვერ გაიგო სოციალური მუშაკის მიერ დასმული კითხვის შინაარსი. ბატონი კ-ს გადმოცემით, მას არ აღენიშნება ფსიქიკური ჯანმრთელობის სირთულეები. შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ მამა თავს არიდებდა სოციალური მუშაკის მიერ დასმულ შეკითხვებს და პროცესში მონაწილეობას.
· შეფასებისას ირკვევა, რომ ნ. შ. №.. დაწესებულებაში მოხვედრამდე, ირიცხებოდა წ-ს №. სკოლაში და მიმდინარე წელს დაასრულა მე-11 კლასი. სკოლაში ნ-ს აკადემიური მდგომარეობა იყო საშუალო. ბრალდებულის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, რასაც ადასტურებს ქალბატონი ნ., ნ. ბოლო პერიოდში აცდენდა სასწავლო პროცესის მიმდინარეობას. ნ. შ.10 წელია დღის ცენტრის „ჩვენი სახლის“ ბენეფიციარია, აღნიშნულ დაწესებულებაში ნ. და მისი უფროსი და ჩაირიცხა დედის - ნ. ჩ-ს გადაწყვეტილებით. ქალბატონი ნ-ს გადმოცემით, ბავშვებისათვის აღნიშნული დაწესებულება არის უსაფრთხო, სადაც დაკმაყოფილებულია მათ წინაშე არსებული საჭიროებები. ნ. სკოლის შემდეგ დროის დიდ ნაწილს აღნიშნულ დაწესებულებაში ატარებს. დღის ცენტრში ხდება არასრულწლოვანის გამოკვება და სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა. ჩართულია არაფორმალურ საგანმანათლებლო პროგრამებში. მონაწილეობს სპორტულ და შემოქმედებით ღონისძიებებში და თანატოლებთან ერთად დადის ექსკურსიაზე. ნ. შ. №. დაწესებულებაში მოხვედრის შემდეგ არასრულწლოვანთა განყოფილებაში ყოფნის პერიოდში ჩართული იყო საგანმანათლებლო პროცესში, ესწრებოდა სასწავლო პროცესს და აქტიურად გადიოდა არტ თერაპიასა და ყველა არსებულ ღონისძიებებში იღებდა მონაწილეობას. დაიწყო წიგნების კითხვა და ცდილობს დრო აღნიშნული საქმიანობით გაიყვანოს. როგორც განმარტავს აქვს სურვილი გათავისუფლების შემდეგ განაგრძოს სწავლა და მიიღოს უმაღლესი განათლება, თუმცა ამჟამად პროფესია არ აქვს არჩეული. მიიჩნევს, რომ განათლების მიღება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მისი ცხოვრების პოზიტიური ცვლილებების განხორციელების თვალსაზრისით.
40. ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში ნებისმიერი გადაწყვეტილება მიზნად ისახავდეს ბავშვის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესის დაცვას. ამავე კონვენციის 32-ე მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, რომ სასჯელის შესაბამისი სახის გათვალისწინებისას მხედველობაში მიიღოს ბავშვის ჯანმრთელობა, განათლება, ეკონომიკური ექსპლუატაცია, ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, მორალური და სოციალური განვითარების ფაქტორები. არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ გაეროს მინიმალური სტანდარტული წესების („პეკინური წესები“) მე-5 მუხლის თანახმად, ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი, არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ - არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან.
41. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არასრულწლოვნის მიმართ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებულია ისეთი სახის ინდივიდუალური მახასიათებლები, როგორებიც არის: ასაკი, განვითარების დონე, ცხოვრების, აღზრდისა და განვითარების პირობები, განათლება, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური ვითარება და სხვა გარემოებები, რომლებიც არასრულწლოვნის ხასიათისა და ქცევის თავისებურებების შეფასებისა და მისი საჭიროებების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა.
42. სასამართლო ითვალისწინებს, რომ: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრუწლოვანს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაენიშნოს, თუ მან მძიმე ან განსაუკთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა ან ის თავს არიდებს არასაპატიმრო სასჯელს ანდა მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი; სსკ-ის მე-17 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დადგენისას მხედველობაში არ მიიღება ნასამართლეობა 18 წლამდე ჩადენილი დანაშაულისთვის.
43. სასამართლო ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიმართ განრიდების გამოყენების ფაქტს, ნ. შ-ს მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენას ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში (საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია თუ არა განსახილველი საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის), ინდივიდუალურ ანგარიშში მითითებულ ინფორმაციას, ჩადენილი ქმედების გარემოებას და მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა შეესაბამება ნ. შ-ს რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის, მისი მხრიდან ახალი დანაშაულის თავიდან აცილების, ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვისადმი პატივისცემით განწყობისათვის და ემსახურება არასრულწლოვნის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესის დაცვას.
44. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ არასრულწლოვნების მიმართ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება წარმოადგენს ultima racio-ს და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამოყენებული უნდა იქნეს შეძლებისდაგვარად მოკლე ვადით.
45. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ცვლილება უნდა შევიდეს ნ. შ-სთვის სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის განსაზღვრული სასჯელის ხანგრძლივობის ნაწილში შემსუბუქების კუთხით და ნ. შ-ს სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით განსაზღვრული მინიმალური ხანგრძლივობით - 2 წლის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 თებერვლის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
3. ნ. შ. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
4. ნ. შ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯოს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 1/4-ით და განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
5. ნ. შ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 10 მარტიდან.
6. ნ. შ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 თებერვლის განაჩენი ნივთმტკიცებათა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე