საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #330100119002935700
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №464აპ-20 ქ. თბილისი
კ–ე შ., 464აპ-20 24 ნოემბერი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ გიორგი დოლაკიძისა და მსჯავრდებულ შ. კ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ა–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორი გიორგი დოლაკიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: დ. ჯ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.
მსჯავრდებულ შ. კ–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ა–ე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: შ. კ–ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან სსკ-ის 124-ე მუხლზე გადაკვალიფიცირებას.
2. ბრალდების შესახებ დადგენილებით დ. ჯ–ს, - დაბადებულს .... წელს, - ბრალად ედებოდა ძალადობა, კერძოდ, ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ხოლო შ. კ–ს, - დაბადებულს .... წელს, - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 18 თებერვალს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. .......ში, .....ის ქუჩა N.-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, შ. კ–მ ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით ნ. ბ–ს განზრახ მიაყენა მარჯვენა ბარძაყის არეში ჭრილობა, რითაც დაზარალებულს მიადგა სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.
2019 წლის 18 თებერვალს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. .........ში, ....ის ქუჩა N.–ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, დ. ჯ–მ ცულის ტარი დაარტყა ლ. ბ–ს, რის შემდგომაც გაშლილი ხელის მტევანი სამჯერ დაარტყა მას თვალისა და ლოყის არეში, რა დროსაც ლ. ბ–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ასევე, 2019 წლის 18 თებერვალს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. ........ში, ....ის ქუჩა N.-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ. ჯ–მ სიცოცხლის მოსპობის მუქარით 10000 ლარი მოსთხოვა ლ. ბ–ს, ხოლო მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში დაემუქრა, რომ მოკლავდა. ლ. ბ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ასევე, 2019 წლის 18 თებერვალს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. ..........ში, ...ის ქუჩა N.-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, დ. ჯ–ა სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ლ. ბ–ს იმ შემთხვევაში, თუ იგი პოლიციას შეატყობინებდა მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების თაობაზე, რა დროსაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 ნოემბრის განაჩენით:
დ. ჯ–ა საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
დ. ჯ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით 2 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები, კერძოდ, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 აპრილის განაჩენითა და აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 21 დეკემბრის N.......... გადაწყვეტილებით დ. ჯ–ს მიმართ განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 2 წელი, 3 თვე და 17 დღე. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 1 წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. ჯ–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით 2 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები, კერძოდ, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება. დ. ჯ–ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 19 თებერვლიდან.
შ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 19 თებერვლიდან.
მასვე საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით 2 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები, კერძოდ, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
ბრალდების მხარე საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: დ. ჯ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, ხოლო დაცვის მხარე - განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, შ. კ–ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან სსკ-ის 124-ე მუხლზე გადაკვალიფიცირებას; ასევე - დ. ჯ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 ნოემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
დ. ჯ–ა საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
დ. ჯ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით 2 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები, კერძოდ, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 აპრილის განაჩენითა და აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 21 დეკემბრის N..... გადაწყვეტილებით დ. ჯ–ს მიმართ განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 2 წელი, 3 თვე და 17 დღე. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 1 წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. ჯ–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. დ. ჯ–ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 19 თებერვლიდან. მასვე დამატებითი სასჯელის სახით 2 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები, კერძოდ, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება.
შ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 19 თებერვლიდან.
მასვე საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით 2 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები, კერძოდ, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7.საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის მითითებას, რომ დ. ჯ–ს ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში სრულად დასტურდება საქმეზე შეკრებილი უტყუარი მტკიცებულებებით და ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის სამართლებრივ დასაბუთებას ამ ნაწილში მის უდანაშაულობასთან დაკავშირებით. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება დ. ჯ–ს მიერ მისთვის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია პირდაპირი მოწმის - დაზარალებულ ლ. ბ–ის ჩვენება. სასამართლო მიუთითებს, რომ, მართალია, არ არსებობს დაზარალებულის ჩვენების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი, მაგრამ მხოლოდ ლ. ბ–ის პირდაპირი, მამხილებელი ჩვენება, მაშინ, როდესაც არ არსებობს სხვა, მათ შორის, ირიბი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა გამოძალვისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელებას დ. ჯ–ს მხრიდან, არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
9. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის - პროკურორ გ. დ–ის მიერ საკასაციო საჩივარში საქართველოს სსსკ-ის 113-ე და 243-ე მუხლებთან მიმართებით გამოთქმულ პოზიციას; მაგრამ ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარე არასწორად უთითებს ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ: ნ. ბ–ის გამოკითხვის ოქმით არ დასტურდება დ. ჯ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა ვინაიდან ქმედების სსკ-ის 181-ე მუხლით დაკვალიფიცირებისთვის სავალდებულოა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდებოდეს როგორც სხვისი ნივთის გადაცემის მოთხნა, ასევე მოთხოვნის განხორციელების სპეციალური ხერხიც - სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნას, თან უნდა ერთვოდეს დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან მათი ნივთის განადგურების ან დაზიანების, ანდა მათთვის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების ან სხვა ისეთი ცნობის გავრცელების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები, რაც ნ. ბ–ის გამოკითხვის ოქმით არ დასტურდება (ტ.2.ს.ფ.137).
10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
11. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ასევე დაცვის მხარის არგუმენტაციას და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ შ. კ–ის საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდებასთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის საჭირო საკმარისობის და უტყუარობის კონსტიტუციურ სტანდარტს და გონივრულეჭვსმიღმაადასტურებს შ. კ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001). დაცვის მხარის მიერ საჩივარში მითითებულ მოტივებს (რომლებიც სააპელაციო საჩივარშიც იყო მითითებული) სააპელაციო სასამართლომ არგუმენტირებულად და ამომწურავად უპასუხა, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ გიორგი დოლაკიძისა და მსჯავრდებულ შ. კ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ა–ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებულიგანსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე