დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010142220700124307
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №75აგ-20 5 იანვარი, 2021 წელი
გ–ე ნ., 75აგ-20 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. გ–ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 თებერვლის განაჩენით დამტკიცდა ბრალდებულ ნ. გ–სა და თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორს შორის 2015 წლის 27 იანვარს დადებული საპროცესო შეთანხმება.
ნ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
ნ. გ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2014 წლის 15 სექტემბრიდან.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 თებერვლის განაჩენით ნ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით (პირველი ეპიზოდი);
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით (მეორე ეპიზოდი);
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით (პირველი ეპიზოდი);
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით (მეორე ეპიზოდი);
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ნ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 თებერვლის განაჩენით ნ. გ–ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და საბოლოოდ, ნ. გ–ს განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით.
მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლებები, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლებები, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
ნ. გ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2017 წლის 5 ნოემბრიდან.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. გ–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
5. 2020 წლის 26 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ნ. გ–მ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი 2018 წლის 12 თებერვლის განაჩენის გადასინჯვა მოითხოვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის N1/19/1265,1318 განჩინების საფუძველზე.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. გ–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
7. მსჯავრდებული ნ. გ–ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინების გაუქმებას და საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად, შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დღეის მდგომარეობით არ არსებობს ნარკოტიკული დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ ნ. გ–ის მიმართ დადგენილი განაჩენის საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გადასინჯვის იურიდიული საფუძველი.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის N1/19/1265,1318 განჩინების თანახმად, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების - „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისათვის.
4. ამავე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 23-ე პუნქტის თანახმად, „წარმოადგენს თუ არა ესა თუ ის ქმედება ნარკოტიკული საშუალების მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობით შეძენა-შენახვას, უნდა დადგინდეს კონკრეტული საქმის გარემოების ინდივიდუალური შეფასების შედეგად. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდების მხარის და საქმის განმხილველი სასამართლოს (სათანადო ცოდნის მქონე სპეციალისტის დახმარებით) შესაფასებელია წარმოადგენს თუ არა აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალება/ნარკოტიკულ საშუალებათა ნარევი მოსახმარად გამოსადეგ ოდენობას“.
5. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ცალსახადაა აღნიშნული, რომ ნარკოტიკული საშუალების მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობა უნდა განისაზღვროს კონკრეტული საქმის გარემოების ინდივიდუალური შეფასების შედეგად, ხოლო მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კასატორ - ნ. გ–ს არ წარმოუდგენია მისი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებდა, რომ კონკრეტულად მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული - 0,0036 გრამი ნარკოტიკული საშუალება მეტადონი (მარილი), 0,0398 გრამი ნარკოტიკული საშუალება მეტადონი (მარილი), 0,0124 გრამი ნარკოტიკული საშუალება მეტადონი (მარილი), 0,0073 გრამი ნარკოტიკული საშუალება მეტადონი (მარილი) და 0,00032 გრამი ნარკოტიკული საშუალება მეტადონი (მარილი) არის მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის. მან წარმოადგინა სხვა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ვერ გახდება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 თებერვლის განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემობათა გამო გადასინჯვის საფუძველი.
6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 311-ე მუხლის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ვადა შეუზღუდავია (გამონაკლისია სსსკ-ის 310-ე მუხლის „ე)“ და „ე1)“ ქვეპუნქტებით მითითებული შემთხვევები). შესაბამისად, სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების დადგენისა და ამავე მუხლით დადგენილი წესით დადასტურების შემთხვევაში დაცვის მხარეს შეუძლია კვლავაც მიმართოს სასამართლოს გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ნ. გ–ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ნ. გ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინება მსჯავრდებულ ნ. გ–ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე