ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №841აპ-20 თბილისი
კ-ე ი-ი, 841აპ-20 29 იანვარი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 18 სექტემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ი-ი კ-ეს ბრალი დაედო:
ü ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფასა და დამცირებაში, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი გენდერული ნიშნით;
ü ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობაში (3 ეპიზოდი);
ü ქურდობაში, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
ü კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევაში.
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
o 2019 წლის 22 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ბ-ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-- განყოფილებამ ი-ი კ-ის მიმართ 30 დღით გამოსცა შემაკავებელი ორდერი №- რის საფუძველზეც მას, როგორც მოძალადეს, აეკრძალა თავის მეუღლესთან - მსხვერპლ ა-ა ვ-თან, მის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურსა და ისეთ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, ასევე, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, 2019 წლის პირველ, 2 და 5 მაისს, ი-ი კ-ე მივიდა ბ-ში, ყ-ის ქუჩის №----ში მდებარე, ა-ა ვ-ის №- საცხოვრებელ ბინაში, სადაც იმყოფებოდა მსხვერპლი. იმავე დღეებში ასევე დაუკავშირდა მობილურ ტელეფონზე, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები;
o 2019 წლის პირველ მაისს, ბ-ში, ყ-ის ქუჩის №--ში მდებარე, ა-ა ვ-ის №- საცხოვრებელ ბინაში, ი-ი კ-ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა: ა-ა ვ-ის კუთვნილ საფულესა და მასში მოთავსებულ ფულს; ა-ა ვ-ის სახელზე გაცემულ სს „თ-ი ბ-სა“ და სს „ლ-ი ბ-ის“ საბანკო პლასტიკურ ბარათებს; მის პირადობის დამადასტურებელ მოწმობასა და სხვადასხვა პლასტიკურ ბარათს, რის შემდეგაც ფულის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სს „თ ბ-ის“ საბანკო პლასტიკური ბარათის გამოყენებით, უნებართვოდ შეაღწია კომპიუტერულ სისტემაში და დაზარალებულ ა. ვ-ის საბანკო ანგარიშიდან ონლაინკაზინო „ა.“ ანგარიშზე გადარიცხა 110 ლარი, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი;
o 2018 წლიდან 2019 წლის 5 მაისამდე, დაკავებამდე დროის მონაკვეთში, ი–ი კ-ე თავის მეუღლე ა-ა ვ-ს, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების გამო, სისტემატურად ამცირებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, კერძოდ: უწმაწური სიტყვებით აგინებდა და ლანძღავდა, რითაც მსხვერპლი მუდმივად იმყოფებოდა სტრესისა და შიშის მდგომარეობაში და განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით:
· ი–ი კ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე (სამ - 2019 წლის პირველი, 2 და 5 მაისის ეპიზოდში) და 1261-ე მუხლების პირველი ნაწილებით წარდგენილ ბრალდებებში;
· ი-ი კ-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა 177-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
· ი–ი კ-ე, - დაბადებული -- წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და განესაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა - 2000 ლარი, ხოლო 177-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით;
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი-ი კ-ეს განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 5 მაისიდან იმავე წლის 16 ოქტომბრამდე.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა, მსჯავრდებულ ი–ი კ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე (სამ - 2019 წლის პირველი, 2 და 5 მაისის ეპიზოდში), 1261-ე და 284-ე მუხლების პირველი ნაწილებითა და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მისთვის მაქსიმალური სასჯელის განსაზღვრა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 18 სექტემბრის განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 18 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას, მსჯავრდებულ ი–ი კ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე (სამ - 2019 წლის პირველი, 2 და 5 მაისის ეპიზოდში), 1261-ე და 284-ე მუხლების პირველი ნაწილებითა და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მისთვის მაქსიმალური სასჯელის განსაზღვრას.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 25 იანვრის განჩინებით ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივარი დაშვებულ იქნა განსახილველად და საქმის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე დაინიშნა 2021 წლის 29 იანვარს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ კასატორის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვლოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულ ი–ი კ-ის მიერ გასაჩივრებული განაჩენით მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე და 284-ე მუხლების პირველი ნაწილებით მსჯავრად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე (სამ - 2019 წლის პირველი, 2 და 5 მაისის ეპიზოდში), 1261-ე მუხლების პირველი ნაწილებითა და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაში მისი ბრალეულობა არ დასტურდება. ამასთან, პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
3. რაც შეეხება ბრალდების მხარის მოთხოვნას სასჯელის გამკაცრებასთან მიმართებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ ი–ი კ-ეს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს.
4. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 18 სექტემბრის განაჩენი უნდა შეიცვალოს და მსჯავრდებული ი-ი კ-ე უნდა გათავისუფლდეს ამ განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და შეფარდებული სასჯელის - 2 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩათვლილი ჰქონდა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე, 307-ე მუხლებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 18 სექტემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
2.1. მსჯავრდებული ი–ი კ-ე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე გათავისუფლდეს ამ განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და შეფარდებული სასჯელის - 2 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩათვლილი ჰქონდა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით;
2.2. მსჯავრდებულ ი-ი კ-ეს მოსახდელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 18 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სასჯელი - ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარი;
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 18 სექტემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
4. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. ვასაძე