დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 26.03.2021
საქმის ნომერი
2კ-290-I-21
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
26.03.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330802221004452755

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№290I-21 ქ. თბილისი

რ-თ უ., 290I-21 26 მარტი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - რ. უ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ტ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 15 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. რ. უ–ს მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

2012 წლის 3 თებერვალს თურქეთის რესპუბლიკის აქშეჰირის რაიონული მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით რ. უ–უ ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილით (სექსუალური ძალადობა, ჩადენილი ბავშვის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. აღნიშნული განაჩენით რ. უ–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლისა და 6 თვის ვადით.

2012 წლის 5 ივლისს თურქეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.

2019 წლის 2 აგვისტოს თურქეთის რესპუბლიკის აქშეჰირის რაიონულმა რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ გამოსცა რ. უ–ს დაკავების ბრძანება.

2015 წლის 25 თებერვალს თურქეთის რესპუბლიკის აფიონქარაჰისარის საქალაქო მე-4

ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით რ. უ–უ ცნობილ იქნა

დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის N5237 (6545) სისხლის სამართლის კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (პირის სქესობრივი ხელშეუხებლობის დარღვევა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) და 103-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სექსუალური ძალადობა, ჩადენილი ბავშვის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. აღნიშნული განაჩენით რ. უ–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით.

2015 წლის 2 ნოემბერს თურქეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.

2019 წლის 25 აპრილს თურქეთის რესპუბლიკის აფიონქარაჰისარის საქალაქო რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ გამოსცა რ. უ–უ დაკავების ბრძანება.

2. რ. უ–ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

2019 წლის 18 დეკემბერს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა რ. უ–ს ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი მასალები.

2020 წლის 2 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ..........ოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი რ. უ–უ.

2020 წლის 4 ნოემბერს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით რ. უ–ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვის ვადით, ხოლო 2021 წლის 22 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2021 წლის 2 მაისამდე.

2020 წლის 1 დეკემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თურქეთის რესპუბლიკიდან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია რ. უ–ს ექსტრადიციასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა 2020 წლის 18 დეკემბერს.

ამჟამად რ. უ–უ მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. პენიტენციურ დაწესებულებაში.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, რ. უ–ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2012 წლის 3 თებერვლის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

2009 წლის აპრილში რ. უ–უმ თავის ქალიშვილს, ს. უ–ს უთხრა, რომ მარკეტში ერთად უნდა წასულიყვნენ, რეალურად კი იგი მიიყვანა საცხოვრებელ სახლში, სადაც იმ მომენტისთვის არავინ იმყოფებოდა. აღნიშნულ სახლში მისვლის შემდგომ ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა რ. უ–უმ 16 წელს მიუღწეველ შვილთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. 2009 წლის აპრილიდან 2010 წლის თებერვლამდე პერიოდში, ოჯახის წევრების სახლში არყოფნის დროს, რ. უ–უ შვილის მიმართ სჩადიოდა სექსუალური ხასიათის სხვადასხვა ქმედებას - ეხებოდა მას მკერდზე, საკუთარი სასქესო ორგანოთი ეხებოდა შვილის სასქესო ორგანოს და სხვა.

2015 წლის 25 თებერვლის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

2013 წლის 2 ივლისს პენიტენციურ დაწესებულებაში რ. უ–ს მოსანახულებლად მისულ შვილებს, ა. უ–სა და 18 წელს მიუღწეველ ს. უ–ს რ. უ–უ, ამ უკანასკნელთა წინააღმდეგობის მიუხედავად, ხელით შეეხო სხვადასხვა ინტიმურ ადგილას, აკოცა, ხელი შეახებინა საკუთარ სასქესო ორგანოზე და სასქესო ორგანო შეახო სხეულზე.

4. 2021 წლის 15 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და ითხოვა რ. უ–ს .........ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მოცემული პირის მიმართ განაჩენების აღსრულების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია:

· თურქეთის რესპუბლიკის აქშეჰირის რაიონული მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2012 წლის 3 თებერვლის განაჩენში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილით (სექსუალური ძალადობა, ჩადენილი ბავშვის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებებში);

· თურქეთის რესპუბლიკის აფიონქარაჰისარის საქალაქო მე-4 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის განაჩენში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის N5237 (6545) სისხლის სამართლის კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (პირის სქესობრივი ხელშეუხებლობის დარღვევა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) და 103-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სექსუალური ძალადობა, ჩადენილი ბავშვის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებებში).

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 15 მარტის განჩინებით საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ თემურ ცინდელიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

დასაშვებად იქნა ცნობილი რ. უ–ს (Rifat Usku) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ გამოტანილი განაჩენების აღსრულების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია:

1. თურქეთის რესპუბლიკის აქშეჰირის რაიონული მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ 2012 წლის 3 თებერვალს გამოტანილ განაჩენში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილით (სექსუალური ძალადობა, ჩადენილი ბავშვის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებებში);

2. თურქეთის რესპუბლიკის აფიონქარაჰისარის საქალაქო მე-4 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის განაჩენში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის N5237 (6545) სისხლის სამართლის კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (პირის სქესობრივი ხელშეუხებლობის დარღვევა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) და 103-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სექსუალური ძალადობა, ჩადენილი ბავშვის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებებში).

6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - რ. უ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. ტ–ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 15 მარტის განჩინების გაუქმებას და რ. უ–ს .........ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას.

7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და ითხოვა რ. უ–ს მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 15 მარტის განჩინების უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს “ექსტრადიციის შესახებ’ ევროპული კონვენციის ან/და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები. სასამართლო ასევე ითვალისწინებს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ 1996 წლის 4 აპრილის ხელშეკრულებას, საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართლის შესახებ ვენის 1969წლის კონვენციას.

3. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი რ. უ–უ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2020 წლის 2 ნოემბერს. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ რ. უ–უ არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ და არც ............ში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად. რ. უ–უ არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე. რ. უ–უ ასევე არ სარგებლობს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსით საქართველოში (იხ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2021 წლის 12 იანვრის ინფორმაცია), მას არ მიუმართავს საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით.

5. რ. უ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის:

- 103-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილით (სექსუალური ძალადობა, ჩადენილი ბავშვის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებებში), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია უვადო თავისუფლების აღკვეთა;

- 102-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (პირის სქესობრივი ხელშეუხებლობის დარღვევა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა და აღნიშნული სასჯელის ნახევარი ოდენობით გაზრდა;

- 103-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სექსუალური ძალადობა, ჩადენილი ბავშვის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებებში), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა და აღნიშნული სასჯელის ნახევარი ოდენობით გაზრდა.

6. რ. უ–ს მიერ ჩადენილ დანაშაულს, რისთვისაც ის მსჯავრდებულია თურქეთის რესპუბლიკაში, საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება: 1) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილი (სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში) - სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა; 2) 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი (ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ), - თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა; 3) 139-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება, ჩადენილი დამნაშავის ოჯახის წევრის მიმართ)- სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა; 4) 139-ე მუხლის მე-4 ნაწილი (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) - სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა. ამრიგად, რ. უ–ს მიერ ჩადენილი ზემოხსენებული ქმედებები დანაშაულად ითვლება და დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში მაქსიმალური სასჯელის სახით გათვალისწინებულია 1 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა. გარდა ამისა, რ. უ–სათვის თურქეთის რესპუბლიკაში სასჯელის სახით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთის ვადები ყველა ეპიზოდისათვის აკმაყოფილებს მინიმალური სასჯელის 4-თვიან კრიტერიუმს. დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩადენაშიც რ. უ–უ დამნაშავედ არის ცნობილი .........ის რესპუბლიკაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილის თანახმად, განეკუთვნება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულდა 10 წელში მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს და 15 წელში - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. რ. უ–ს მიმართ გამოტანილი ექსტრადიციის ქვემდებარე განაჩენთა კანონიერ ძალაში შესვლის თარიღების მხედველობაში მიღებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადები გასული არ არის.

7. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული საექსტრადიციო მასალების თანახმად, არც თურქეთის რესპუბლიკაში არის გასული ხანდაზმულობის ვადები. შესაბამისად, კონკრეტულ საქმეში ხანდაზმულობა არ წარმოადგენს შემაფერხებელ ფაქტორს, არც თურქეთის და არც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად.

8. ადვოკატის მტკიცებით, ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს რ. უ–ს მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2, მე-3 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე.

9. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.Mamatkulov and Askarov v. Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005). მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარემ ზოგადად მიუთითა თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უფლებების დარღვევის საფრთხეზე.

10. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებით დადგენილი უფლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას. კონკრეტულ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემა არ შეიძლება გახდეს ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი (K v Russia, ECtHR, no 69235/11, § 66, 23/05/2011).

11. დაცვის მხარე საფრთხის არსებობის მტკიცებისთვის უთითებს 2021 წლის 13 იანვრის გასაუბრების ოქმზე, სადაც რ. უ–უ აცხადებს, რომ ........ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მისი სიმამრის მხრიდან მისი სიცოცხლის მოსპობის საფრთხე და არ სურს ექსტრადიცია. აღნიშნული საფრთხის არსებობის ან/და რეალურობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია; არ დასტურდება სიმამრის მხრიდან რ. უ–ს მიმართ არც წარსულში კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა. რ. უ–ს განცხადება ეყრდნობა არა ფაქტებს, არამედ ვარაუდებს ან/და შეფასებებს კონკრეტულ ფაქტებზე მითითების გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია გასაუბრების ოქმში მითითებული ინფორმაციის გაზიარების შესაძლებლობას.

12. თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოების მიერ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალები ცხადყოფს, რომ რ. უ–ს საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ თურქეთის რესპუბლიკაში იგი დაექვემდებარება სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ასეთი დარღვევის საფრთხე. აღსანიშნავია, რომ რ. უ–უ უზრუნველყოფილი იყო დაცვის უფლებებით; ექსტრადიციის ქვემდებარე განაჩენები გამოტანილ იქნა რ. უ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის უშუალო მონაწილეობითა და დასწრებით.

13. დაცვის მხარე საჩივარში ასევე უთითებს, რომ ...........ში ცხოვრობს რ. უ–ს პარტნიორი ქალი, რომელიც არის ..........ოს მოქალაქე და რომელიც 7 წლის განმავლობაში ცხოვრობდა ............ის რესპუბლიკაში. რ. უ–ს მითითება მხოლოდ ...........ოს მოქალაქე პარტნიორ ქალბატონზე (ვისი გვარი და საიდენტიფიკაციო მონაცემები ვერ გაიხსენა გამოკითხვისას), არ არის საკმარისი .............სთან ისეთი მყარი კავშირის მტკიცებისათვის, რითაც შეიძლება შეიქმნას ექსტრადიციაზე უარის საფუძველი. იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთის რესპუბლიკა არის საქართველოს მოსაზღვრე სახელმწიფო და ორ ქვეყანას შორის მოქმედებს უვიზო რეჟიმი, რ. უ–ს პარტნიორს შესაძლებლობა ექნება ბიუროკრატიული და შორი მგზავრობით გამოწვეული დაბრკოლებების გარეშე იმოგზაუროს თურქეთის რესპუბლიკაში რ. უ–ს მოსანახულებლად. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no. 27279/95, Decision, ECHR). საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ცხოვრობენ რ. უ–ს მშობლები, მეუღლე, 3 შვილი და 3 შვილიშვილი.

14. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v Belgium, no140/10, § 11, ECtHR, 04/09/2014; Soering v UK, §86 ECtHR, 07/07/1989). რ. უ–უმ სასჯელის მოხდას თავი აარიდა.

15. ამდენად, ............ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში რ. უ–ს მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2, მე-3 და მე-8 მუხლების ხელყოფის საფრთხე დაუსაბუთებელია.

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 15 მარტის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი რ. უ–ს .........ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილით (სექსუალური ძალადობა, ჩადენილი ბავშვის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის მოცემული პირის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის აქშეჰირის რაიონული მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ 2012 წლის 3 თებერვალს გამოტანილი განაჩენისა და თურქეთის რესპუბლიკის N5237 (6545) სისხლის სამართლის კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (პირის სქესობრივი ხელშეუხებლობის დარღვევა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) და 103-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სექსუალური ძალადობა, ჩადენილი ბავშვის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის მოცემული პირის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის აფიონქარაჰისარის საქალაქო მე-4 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ 2015 წლის 25 თებერვალს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - რ. უ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ტ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 15 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე