საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100120003576193
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №260აპ-21 ქ. თბილისი
მ–ი ზ., 260აპ-21 6 ივლისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მარინე ლომიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა მარინე ლომიძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ზ. მ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ-ის) 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მკაცრი სასჯელის შეფარდებას.
2. ბრალდების შესახებ დადგენილებით ზ. მ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
ზ. მ–ს 1991 წლიდან ქორწინებაში იმყოფება ხ. მ–სთან. ზ. მ–ს სისტემატურად შეურაცხყოფდა მეუღლეს - ხ. მ–ს. კერძოდ, ბოლო ათი წლის განმავლობაში, 2020 წლის 24 თებერვლის ჩათვლით, თითქმის ყოველდღე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღავდა უშვერი სიტყვებით და აგინებდა, რამაც გამოიწვია ხ. მ–ს ტანჯვა. აღნიშნულის გამო, ზ. მ–ს სიმთვრალის დროს, ხ. მ. იძულებული იყო, წასულიყო სახლიდან და გვიან ღამემდე, ზ–ს დაძინებამდე, ყოფილიყო ქუჩაში.
ზ. მ–ს სისტემატურად სცემდა და სხვაგვარად ძალადობდა მეუღლეზე - ხ. მ–ზე, კერძოდ: ბოლო ათი წლის განმავლობაში, 2020 წლის 24 თებერვლის ჩათვლით, თითქმის ყოველდღე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღავდა უშვერი სიტყვებით და აგინებდა, ორ კვირაში ერთხელ მაინც აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, სცემდა, ურტყამდა მუშტებს სახის და თავის არეში, რაც ხ. მ–ში იწვევდა ფიზიკურ ტკივილს და ფსიქოლოგიურ ტანჯვას. აღნიშნულის გამო, ზ. მ–ს სიმთვრალის დროს, ხ. მ. იძულებული იყო, წასულიყო სახლიდან და გვიან ღამემდე, ზ-ს დაძინებამდე, ყოფილიყო ქუჩაში. მათ შორის: 2020 წლის 30 იანვარს ზ. მ–სა და ხ. მ–ს ბანკში თანხის შეტანასთან დაკავშირებით მოუვიდათ შელაპარაკება, რა დროსაცზ. მ–მ სცემა მუშტებით სახისა და თავის არეში.
2020 წლის 12 თებერვალს მთვრალმა ზ. მ–მ უმიზეზოდ სცემა ხ. მ–ს, ურტყამდა მუშტებს თავის არეში, რა დროსაც ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი. შემდეგ ძლიერად წაუჭირა ყელში ხელები, თან ემუქრებოდა მოკვლით და დახრჩობით.
2020 წლის 24 თებერვალს, დაახლოებით 13:30 საათზე, მთვრალმა ზ. მ–მ უმიზეზოდ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა ხ. მ–ს, ხოლო შემდეგ, მისი მხრიდან შეპასუხებით განაწყენებულმა, მუშტები ჩაარტყა თავის და სახის არეში, თმაში ჩაავლო ხელი, წააქცია და ათრია. ზ. მ–ს აღნიშნულმა ქმედებებმა გამოიწვია ხ. მ–ს ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა.
2020 წლის 12 თებერვალს მთვრალმა ზ. მ–მ უმიზეზოდ სცემა მეუღლე ხ. მ., ურტყამდა მუშტებს თავის და სახის არეში, შემდეგ ძლიერად წაუჭირა ყელში ხელები და ემუქრებოდა მოკვლით და დახრჩობით, რა დროსაც ხ. მ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 22 სექტემბრის განაჩენით:
ზ. მ–ს გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ზ. მ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.
ზ. მ–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (პირველი ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მეორე ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. ზ. მ–ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 24 თებერვლიდან.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ზ. მ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 22 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიიჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; კასატორი არ არის არასრულწლოვანი.
7. კასატორი - ბრალდების მხარე სადავოდ ხდის ზ. მ–ს გამართლებას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ასევე მისი ქმედების სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილიდან სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე გადაკვალიფიცირებას და ითხოვს მის დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილ ქმედებებში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში იმსჯელა იმ მტკიცებულებებსა და არგუმენტებზე, რამაც ზ. მ–ს გამართლება და მისი ქმედების გადაკვალიფიცირება გამოიწვია, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას დაზარალებულ ხ. მ–ს მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებასთან მიმართებაში და მიუთითებს საქართველოს სსსკ-ის მე-3, მე-20 და 24-ე მუხლებზე, რომლის თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
9. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა ხ. მ–მ გამოიყენა მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, კერძოდ: პირველი ინსტანციის სასამართლოში 2020 წლის 1 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა აღნიშნა ,,რახან მაქვს უფლება რომ შევწყვიტო სხდომა, არ ვაძლევ ჩვენებას, ის ჩემი შვილების მამაა და არანაირი პრეტენზია არა მაქვს...კი ფაქტია მოხდა არ უარვყოფ, მაგრამ ასეა, ასე გადავწყვიტე“.
10. ამასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დასტურდება ზ. მ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და მისი ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის წლის 24 თებერვლის ეპიზოდი), რაც დასტურდება მოწმეების - ო. წ–ს და გ. ძ–ს ჩვენებებით, რომლებიც 2020 წლის 24 თებერვალს, დაზარალებულის შეტყობინების საფუძველზე, გამოცხადდნენ ..........ის ქუჩაზე, სადაც დაზარალებულის მითითების საფუძველზე, რომელიც აცხადებდა, რომ მისი მეუღლე ზ. მ–ს ახორციელებდა ფიზიკურ ძალადობას, მოახდინეს ზ. მ–ს ბრალდებულის სახით დაკავება, რომელსაც ალკოტესტზე შემოწმებისას დაუდგინა ალკოჰოლური თრობის ქვეშ ყოფნის ფაქტი. აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებს ადასტურდებს მოწმე მ. ქ–ის ჩვენება, რომელიც 2020 წლის 24 თებერვალს მიღებული შეტყობინების საფუძველზე, ასევე გამოცხადდა დაზარალებულის საცხოვრებელ მისამართზე, სადაც ხ. მ–მ მიუთითა მეუღლე ზ. მ–ზე, რომელიც ფიზიკურად ძალადობდა მასზე და აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. მოწმე მ. ქ–ს ჩვენებით დგინდება, რომ ხ. მ–ს ხელის კიდურებზე აღენიშნებოდა სხვადასხვა სახის დაზიანებები. ის გარემოება, რომ დაზარალებულ ხ. მ–ს სხეულზე ნამდვილად ჰქონდა დაზიანებები დასტურდება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმად, - ხ. მ–ს სხეულზე არსებული დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. ხ. მ–ს სამედიცინო შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები მარჯვენა იდაყვის სახსრის, მარჯვენა სხივ-მაჯის სახსრის და მარცხენა წინამხრის მიდამოებში ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით, რომლებიც განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე.
11. რაც შეეხება მსჯავრდებულ ზ. მ–სათვის შეფარდებულ სასჯელს, სააპელაციო სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა ზ. მ–ს დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და მას დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი, რომლის კიდევ უფრო დამძიმება საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017).
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მარინე ლომიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე