საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №518აპ-21 ქ. თბილისი
მ. მ., 518აპ-21 16 ნოემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულების – თ. ჟ-სა და ბ. ჯ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ა-ისა და მსჯავრდებულ მ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ჯ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 დეკემბრის განაჩენით თ. ჟ., – - ნასამართლობის არმქონე; მ. მ., – - ნასამართლობის არმქონე, და ბ. ჯ., -, ნასამართლევი, – ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯათ: თ. ჟ-სა და მ. მ-ს – 6-6 წლითა და 2-2 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ბ. ჯ-ს – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა ბ. ჯ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 მაისის განაჩენითა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 1 აგვისტოს №- გადაწყვეტილებით დადგენილი პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულმა ძირითადმა სასჯელმა სრულად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წლით, 8 თვითა და 12 დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა წინა განაჩენით დამატებითი სასჯელის სახით განსაზღვრული ჯარიმის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 10000 ლარი და ბ. ჯ-ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 10000 ლარი. მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდა დაეწყოთ 2020 წლის 19 ივნისიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 აპრილის განაჩენით შეიცვალა: თ. ჟ-სა და მ. მ-ს საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით მიესაჯათ 6-6 წლითა და 2-2 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გაუნახევრდათ და განესაზღვრათ 3-3 წლითა და 1-1 თვით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ თ. ჟ-მ, მ. მ-მ და ბ. ჯ-მ ჩაიდინეს პირთა ჯგუფის მიერ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა და რეალიზაცია. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· ბ. ჯ-მ, მ. მ-მ და თ. ჟ-მ 2020 წლის ივნისში შეიძინეს და ზ-ის რაიონის სოფელ ც-ში, ა. ყ-ის ქ. №--ს მიმდებარედ არსებულ საცხოვრებელ სახლში შეინახეს აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული, 101 762 ლარად ღირებული, სხვადასხვა დასახელების 24 820 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. მათვე აქციზური მარკის გარეშე შენახული 24 820 კოლოფი სიგარეტი 2020 წლის 19 ივნისს, დილის საათებში, ზ-ის რაიონის სოფელ ც-ში, გაზგასამართ სადგურ „ნ-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გაასაღეს 72 000 ლარად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებში ჩართულ პირებზე.
4. მსჯავრდებულების – თ. ჟ-სა და ბ. ჯ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. ა. საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულების – თ. ჟ-სა და ბ. ჯ-სათვის სამართლიანი სასჯელების განსაზღვრას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, ხოლო ადვოკატი ა. ჯ. – მსჯავრდებულ მ. მ-სათვის საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის განსაზღვრას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 27 მაისის განჩინებით ადვოკატ ა. ჯ-ს აღუდგა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 აპრილის განაჩენის საკასაციო წესით გასაჩივრების გაცდენილი ვადა.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრის ფარგლებში. სააპელაციო სასამართლოს განაჩენს დაცვის მხარე ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელთან მიმართებით. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას თ. ჟ-ს, ბ. ჯ-სა და მ. მ-ს საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით მსჯავრდების ნაწილში (საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით არ იკვეთება ისეთი გარემოება, რომელმაც შესაძლოა, საეჭვო გახადოს მითითებული მუხლით მსჯავრდება).
9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორთა პოზიციას დანიშნული სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნების, ასევე სწორედ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულებს – მ. მ-სა და თ. ჟ-ს განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული, მინიმალურთან მიახლოებული სამართლიანი სასჯელები.
10. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულებისათვის – თ. ჟ-სა და ბ. ჯ-სათვის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით სასჯელის შემსუბუქების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მათ წაასწრეს დანაშაულის ჩადენის დროს. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენება სასამართლოს უფლებამოსილებაა და არა – ვალდებულება.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულების – თ. ჟ-სა და ბ. ჯ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ა-ისა და მსჯავრდებულ მ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ჯ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე