საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №936აპ-21 თბილისი
ჭ. თ., 936აპ-21 28 მარტი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 20 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ თ.ჭ-ის ადვოკატების - მ. კ-ისა და ა. ლ-ის, მსჯავრდებულ ა. მ-ის ადვოკატ დ. მ-ისა და კახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ვლადიმერ ბექიშვილის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, თ.ჭ-ეს ბრალი დაედო განზრახ მკვლელობაში, რაც გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 31 ოქტომბერს, ღამის საათებში, ს-ს რაიონის სოფელ პ-ში მდებარე თავისი სახლის წინ, ვ. ბ-თან შელაპარაკების გამო, თ.ჭ-ე განიმსჭვალა შურისძიების გრძნობით და განიზრახა მისი მოკვლა. მიზნის განსახორციელებლად თავში ძლიერად ჩაარტყა ჯოხი, რის შედეგადაც ვ. ბ-მა მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები, რამაც გამოიწვია მისი სიკვდილი.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა. მ-ს ბრალი დაედო:
ü სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისათვის აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების გაუწევლობაში, თუ დამნაშავეს შეეძლო მისი დახმარება თავისთვის ან სხვისთვის სერიოზული საფრთხის შექმნის გარეშე, აგრეთვე დახმარების საჭიროების შესახებ სათანადო დაწესებულების ან პირისათვის შეუტყობინებლობაში;
ü მოწმის მიმართ ძალადობაში ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და ჩვენების შეცვლისათვის.
3. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
o 2019 წლის 31 ოქტომბერს, საღამოს საათებში, ს-ოს რაიონის სოფელ პ-ში მდებარე თავისი სახლის წინ, თ.ჭ-ემ მოკვლის განზრახვით, ვ. ბ-ს თავში ჩაარტყა ჯოხი, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება. თ.ჭ-ემ უგონო მდგომარეობაში მყოფი ვ. ბ-ი, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებით, დატოვა მისავე მანქანაში. აღნიშნული ფაქტიდან მალევე, გზაზე გაიარა ა. მ-მა, რომელმაც შეამჩნია, რომ ვ. ბ-ის ავტომანქანა იდგა საეჭვო ვითარებაში. მან შეამოწმა ავტომანქანის სალონი და ნახა სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში - უგონოდ მყოფი ვ. ბ-ი, რის შემდეგაც ავტომანქანით წაიყვანა და დატოვა მის სახლთან ახლოს, ისე, რომ ამის შესახებ არავის შეატყობინა. ა. მ-ი აცნობიერებდა, რომ ვ. ბ-ი იყო სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში და მას ესაჭიროებოდა აუცილებელი და გადაუდებელი დახმარება, ასევე, ა. მ-ს საკუთარი თავისთვის საფრთხის შექმნის გარეშე შეეძლო ტელეფონის მეშვეობით სათანადო დაწესებულებისათვის შეტყობინება ან აღნიშნულ დაწესებულებაში ავტომანქანით ვ. ბ-ის მიყვანა, რაც შეგნებულად არ გააკეთა;
o 2019 წლის 3 ნოემბერს ო. ო-ემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ვ. ბ-ის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც აისახა მისი გამოკითხვის ოქმში. აღნიშნული ცნობილი გახდა ა. მ-ისათვის, რომელმაც განიზრახა ო. ო-სთან შეხვედრა და მისი იძულება, გამოძიებისათვის მიეწოდებინა ცრუ ინფორმაცია. 2019 წლის 4 ნოემბერს ა. მ-ი შეხვდა ო. ო-ეს და მოსთხოვა გამოძიებისათვის მიცემული ჩვენება შეეცვალა და ახალი გამოკითხვის შედეგად მიეწოდებინა ის ინფორმაცია, რასაც თვითონ ეტყოდა. ო. ო-ემ უარი განუცხადა გამოძიებისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებაზე, რის გამოც ა. მ-მა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ო. ო-ის დაზიანებები მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
4. თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 4 აგვისტოს განაჩენით:
· თ.ჭ-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილზე;
· თ.ჭ-ე, - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2019 წლის 6 ნოემბრიდან;
· ა. მ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
· ა. მ-ი, - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლით და დაეკისრა ჯარიმა - 15000 ლარი, რაც ამავე კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2019 წლის 6 ნოემბრიდან იმავე წლის 26 დეკემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათავლისწინებით, შეუმსუბუქდა და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა - 10000 ლარი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 20 სექტემბრის განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 4 აგვისტოს განაჩენი ა. მ-ის მიმართ შეიცვალა, კერძოდ:
· თ.ჭ-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილზე;
· თ.ჭ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2019 წლის 6 ნოემბრიდან;
· ა. მ-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის პირველ ნაწილზე;
· ა. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და დაეკისრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა - 10000 ლარი, ხოლო 129-ე მუხლით - ჯარიმა - 15000 ლარი. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ა. მ-ს განესაზღვრა ჯარიმა - 15000 ლარი, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2019 წლის 6 ნოემბრიდან იმავე წლის 26 დეკემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათავლისწინებით, შეუმსუბუქდა და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა - 10000 ლარი.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 20 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს:
− მსჯავრდებულ თ.ჭ-ის ადვოკატებმა - მ. კ-მა და ა. ლ-მა, რომლებიც ითხოვენ: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას, თ.ჭ-ის ქმედების დაკვალიფიცირებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას;
− მსჯავრდებულ ა. მ-ის ადვოკატმა დ. მ-მა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ა. მ-ის გამართლებას;
− კახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ვლადიმერ ბექიშვილმა, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას; თ.ჭ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, ხოლო ა. მ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლითა და 372-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მათთვის სამართლიანი სასჯელების განსაზღვრას.
7. მსჯავრდებულ ა. მ-ის ადვოკატი დ. მ-ი საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
10. ამასთან, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორისა და მსჯავრდებულთა ადვოკატების პოზიციებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, რასაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ თ.ჭ-ის ადვოკატების - მ. კ-ისა და ა. ლ-ის, მსჯავრდებულ ა. მ-ის ადვოკატ დ. მ-ისა და კახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ვლადიმერ ბექიშვილის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე