საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100119002954226
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№123აპ-22 2 მარტი, 2022 წელი
მ. ს., 123აპ-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ს. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. რ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ს. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ო. რ-მ, რომელიც ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ს. მ-ს უდანაშაულოდ ცნობას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ს. მ-ს მსჯავრდება უკანონო და დაუსაბუთებელია; სასამართლომ უგულებელყო კანონისმიერი მოთხოვნა და მტკიცებულებების გამოკვლევისას წარმოშობილი ეჭვები ბრალდებულის სასარგებლოდ არ გადაწყვიტა; სასამართლოში დაიკითხა სამი თვითმხილველი მოწმე - რ. მ., თ. კ. და ა. დ., რომლებმაც დაადასტურეს, რომ ს. მ-მ გასახდელში შეიტანა სამი ქურთუკი, მაგრამ არცერთს არ დაუნახავს, რას აკეთებდა მსჯავრდებული გასახდელში; მხოლოდ მოწმე რ. მ-მ გაიგონა ტკაცუნის ხმა და დაინახა იატაკზე ე.წ. ,,ალარმის“ დავარდნა, რაც ვერ გახდება იმის მტკიცების უპირობო საფუძველი, რომ მსჯავრდებულმა განზრახ მოხსნა ქურთუკს დამცავი მექანიზმი; ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ქურთუკსა და ე.წ. ,,ალარმზე“ არის მექანიკური დაზიანებების კვალი, მაგრამ ექსპერტმა ვერ მიუთითა დაზიანებების ხანდაზმულობაზე; სასამართლომ ს. მ-ს მსჯავრდებას საფუძვლად დაუდო ის ფაქტი, რომ მან გასაყიდი ქურთუკი ჩაიცვა თავისი ქურთუკის ქვეშ, თუმცა მოწმეებმა - რ. მ-მ და თ. კ-მ დაადასტურეს, რომ გასაყიდი ქურთუკი მსჯავრდებულის ტანზე ადვილად შესამჩნევი იყო, რაც გამორიცხავს მის ქმედებაში ქურდობის ისეთი სავალდებლო ელემენტის არსებობას, როგორიცაა ფარულობა; ს. მ-ს არ ჰქონია სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი, რადგან ასეთის არსებობის შემთხვევაში იგი თავისუფლად გავიდოდა კარში, რომელიც ავტომატურად გაიღო მის წინ და არ დაემორჩილებოდა კონსულტანტების მოწოდებას.
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით ს. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა შინაპატიმრობა - 1 წლით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4, მე-2 ნაწილების საფუძველზე ბოლო განაჩენით შეფარდებული სასჯელმა შთანთქა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ივლისის განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა და ს. მ-ს საბოლოოდ მიესაჯა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად, იმავე - 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. მ-მ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 2 მარტს, დღის საათებში, ს. მ. შეეცადა, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდა ქ. ქუთაისში, .. არსებული მაღაზია „დეფაქტოდან“ - 99 ლარად ღირებულ, შპს ,, " კუთვნილ ქურთუკს.
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ს. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ო. რ-მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ს. მ-ს უდანაშაულოდ ცნობას.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 დეკემბრის განაჩენით ცვლილება შევიდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 20 ოქტომბრის განაჩენში; ს. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა შინაპატიმრობა - 1 წლით, რომლის მოხდისაგან გათავისუფლდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ივლისის განაჩენით შეფარდებული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად, იმავე - 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა ს. მ-ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან: მოწმეების - რ. მ-ს, თ. კ-სა და ა. დ-ს ჩვენებებიდან, შემთხვევის ადგილის დათვალიერების, საგამოძიებო ექსპერიმენტისა და ამოღების ოქმებიდან, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნიდან და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიდან, რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად; საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: მოწმეების - რ. მ-ს, თ. კ-სა და ა. დ-ს ჩვენებებით უპირობოდ დადგენილია, რომ ს. მ-მ მაღაზიაში ყოფნისას, გასახდელში შეიტანა სამი ქურთუკი, რომელთაგან ერთს მოხსნა ე.წ. ,,ალარმი“ და ჩაიცვა თავისი ქურთუკის ქვეშ, რის შემდეგაც ისე აპირებდა შემთხვევის ადგილის დატოვებას, რომ ქურთუკის საფასური არ გადაუხდია; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და ამოღების ოქმებით დადასტურებულია, რომ იმ გასახდელიდან, სადაც ს. მ-მ შეიტანა სამი ქურთუკი, ამოიღეს დაზიანებული ე.წ. ,,ალარმი“, ხოლო ს. მ-საგან - სპორტული ქურთუკი, გასაყიდი ეტიკეტით; ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამოღებულ ქურთუკსა და ე.წ. ,,ალარმზე“ აღინიშნება მექანიკური დაზიანების ობიექტური კვლები, ქსოვილის ნაკერის რღვევისა და პლასტმასის ტეხვის სახით, რაც განვითარებულია ფიზიკური ძალისა და მკვრივ საგანთან ზემოქმედების შედეგად. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ს. მ-ს ქმედებაში გამოკვეთილია მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის - ქურდობის მცდელობის - ყველა სავალდებულო ნიშანი, რისი მხედველობაში მიღებითაც, მისი მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით - კანონიერია.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ს. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. რ-ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი