საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100120003981650
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №999აპ-21 ქ. თბილისი
ც. თ. 999აპ-21 13 აპრილი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 1 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. ც–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ. ი–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით თ. ც–ს, - დაბადებულს 2... წელს, - ბრალად ედებოდა:
1.1. ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით;
1.2. ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით;
1.3. ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;
1.4. კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით;
1.5. თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით;
1.6. ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, თუ არ არის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, ჩადენილი არაერთგზის - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით თ. ც–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 11 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) ნასამართლევმა თ. ც–მ 2020 წლის 12 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე, თ–ში, ხ–ს ქუჩის N..-ში, გ. დ–ს ნების საწინააღმდეგოდ, მისი კუთვნილი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით: ....) გასაღების გამოყენებით უკანონოდ შეაღწია ამავე ავტომანქანაში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა გ. დ–ს კუთვნილ ფულად თანხას - 76 ლარს; ჯამურად - 450 ლარად ღირებულ სამ მაჯის საათს; 3 ლარად ღირებულ პისტოლეტის ფორმის სანთებელას; 3 ლარად ღირებულ ოქროსფერი ლითონის კორპუსის მქონე სანთებელას; 15 ლარად ღირებულ „საჯეგველის“ ფირმის დანას და 3 ლარად ღირებულ შავ, მცირე ზომის ჩანთას. თ. ც–ს ქმედების შედეგად, გ. დ–ს მიადგა 550 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 11 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) ნასამართლევმა თ. ც–მ 2020 წლის 11 აგვისტოს, დაახლოებით 14:30 საათზე, თ–ში, .........ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ შეაღწია ი. ნ–ს კუთვნილ „მაზდას“ მარკის ავტომანქანაში (სახელმწიფო ნომრით: ......), საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ი. ნ–ს კუთვნილ, 5 ლარად ღირებულ პლასტიკური ბარათის სათავსს; ფულად თანხას - 5 ლარს და ა. ბ–ს კუთვნილ, 10 ლარად ღირებულ პორტატულ დამტენს. თ. ც–ს დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ი. ნ–ს მიადგა 10 ლარის ქონებრივი ზიანი, ხოლო ა. ბ–ს - 10 ლარის ქონებრივი ზიანი.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 11 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) ნასამართლევმა თ. ც–მ 2020 წლის 11 აგვისტოს, 14:39 საათიდან - 21:50 საათამდე დროის შუალედში, ი. ნ–ს კუთვნილი „მაზდას“ მარკის ავტომანქანიდან (სახელმწიფო ნომრით: .....) დაუფლებული, სს „....... ბანკის“ მიერ ი. ნ–ს სახელზე გაცემული პლასტიკური ბარათის შპს „ქ–ში“, შპს „დ–სა“ და ობიექტ „..........-ში“ არსებულ ტერმინალებზე გატარების გზით, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ფულად თანხას - 7,60 ლარს.
2.4. 2020 წლის 11 აგვისტოს, 14:39 საათიდან - 21:50 საათამდე დროის შუალედში, ი. ნ–ს კუთვნილი „მაზდას“ მარკის ავტომანქანიდან (სახელმწიფო ნომრით: ......) დაუფლებული, სს „...... ბანკის“ მიერ ი. ნ–ს სახელზე გაცემული პლასტიკური ბარათის შპს „ქ–ში“, შპს „დ–სა“ და ობიექტ „......-ში“ არსებულ ტერმინალებზე გატარების გზით, თ. ც–მ, ი. ნ–ს პირდაპირი და არაპირდაპირი ნებართვის გარეშე, შეაღწია მის კუთვნილ ანგარიშზე (კომპიუტერულ სისტემაში) და განახორციელა თანხის გადარიცხვა.
2.5. 2020 წლის 15 მარტს, დაახლოებით 22:00 საათზე, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისთვის ნასამართლევმა თ. ც–მ თბილისში, 26 მაისის მიმდებარე ტერიტორიიდან, მ. ზ–ს მფლობელობაში არსებული ტაქსით - „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანით (სახელმწიფო ნომრით: ......) იმგზავრა თ–ში, ......ს ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კორპუსამდე. თ. ც–მ დანიშნულების ადგილზე მიყვანისას მ. ზ–ს დარეკვის მიზნით სთხოვა მობილური ტელეფონი, რომლის აღების შემდეგ შევიდა კორპუსში და აღარ დაბრუნებულა, რითაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა მ. ზ–ს კუთვნილ, 1099 ლარად ღირებულ ტელეფონს.
2.6. 2020 წლის 15 მარტს, დაახლოებით 22:00 საათზე, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისთვის ნასამართლევმა თ. ც–მ თბილისში, 26 მაისის მიმდებარე ტერიტორიიდან, მ. ზ–ს მფლობელობაში არსებული ტაქსით - „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანით (სახელმწიფო ნომრით: .......) იმგზავრა თ–ში, .....ის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კორპუსამდე. თ. ც–მ დანიშნულების ადგილზე მიყვანისას მ. ზ–ს არ გადაუხადა მგზავრობის ღირებულება - 12 ლარი, კერძოდ, ვითომდა თანხის მოსატანად შევიდა კორპუსში და აღარ დაბრუნებულა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 აპრილის განაჩენით თ. ც–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით - ჯარიმა 4000 ლარი;
საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - ჯარიმა 2000 ლარი;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით; საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით; საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნული თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თ. ც–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
მსჯავრდებულ თ. ც–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 12 აგვისტოდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2020 წლის 16 მარტიდან - იმავე წლის 17 მარტის ჩათვლით დაკავებაში ყოფნის დრო.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. ც–ს ადვოკატმა ნ. ი–მ, რომელმაც ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: თ. ც–ს მსჯავრდებიდან არაერთგზისობისა და საცავში უკანონო შეღწევის კვალიფიკაციის ამორიცხვა და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, არასაპატიმრო სახის სასჯელის გამოყენება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. ც–ს ადვოკატმა ნ. ი–მ, რომელიც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: თ. ც–ს მსჯავრდებიდან არაერთგზისობისა და საცავში უკანონო შეღწევის კვალიფიკაციის ამორიცხვას და საბოლოოდ არასაპატიმრო სახის სასჯელის გამოყენებას.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საჩივარი და მიაჩნია, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ( შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში კი მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც თ. ც–ს მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელის დანიშვნა განაპირობეს. სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და სააპელაციო საჩივარს გასცა დასაბუთებული პასუხი, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
11. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საცავს მიეკუთვნება, მათ შორის, ავტომანქანა (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის N434აპ-18 განჩინება). შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ მანქანა არ შეიძლება ჩაითვალოს საცავად.
12. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ არაერთგზისობა თ. ც–ს ქმედებაში გამოკვეთილია ვინაიდან განაჩენით მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენის მომენტში იგი ნასამართლევი იყო საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის. თ. ც–ე ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლებოდა, თუ დანაშაულს ჩაიდენდა მას შემდეგ, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 11 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული, პირობითად ჩათვლილი სასჯელისა და გამოსაცდელი ვადისაგან. მოცემულ შემთხვევაში 2021 წლის 29 მარტის განჩინებით სასჯელისაგან გათავისუფლება არ ნიშნავს, რომ თ. ც–ე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე სასჯელისაგან გათავისუფლებამდე ჩადენილი დანაშაულისა და, შესაბამისად, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების დროს უნდა ჩაითვალოს ნასამართლობის არმქონედ. ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენისას თ. ც–ე იყო ნასამართლობის მქონე და, შესაბამისად, მის ქმედებაში გამოკვეთილია არაერთგზისობა.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
14. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 1 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. ც–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ. ი–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე