საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100120003650967
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №955აპ-21 ქ. თბილისი
ს-ე ჯ, 955აპ-21 19 აპრილი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ოქტომბრის განაჩენზე ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა მეტრეველის, მსჯავრდებულ ჯ.ს-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ი. ბ-ა და მ. ს-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ჯ. ს-ს, - დაბადებულს ... წლის ... მაისს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის (ორი ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების, სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ადევნება, ესე იგი პირადად პირის უკანონო თვალთვალი და არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და მისი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის გამოყენებისა და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს პირადი ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საშიშროებას უქმნის, რაც გამოიხატა შემდეგში:
· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 თებერვლის განაჩენითა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის განაჩენით მსჯავრდებულმა ჯ. ს-მ 2020 წლის 4 იანვარს, დაახლოებით 01:37 საათზე, ქ.თ-ი, მ-ს ქუჩა N..-ში მდებარე ნ. ს-ს საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს, ნ. ს-ს, კერძოდ, მარჯვენა ხელი დაარტყა თავის არეში, რის გამოც ნ. ს-ა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2020 წლის 18 იანვარს, დაახლოებით 01:45 საათზე, ქ.თ-ი, მ.კ-ს ქუჩა N..-ში მდებარე სასტუმრო „ს-ი“, ჯ. ს-მ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მუღლეს, ნ. ს-ს, კერძოდ, ნ. ს-ს მოქაჩა თმა და რამდენჯერმე შეაფურთხა სახეში, შეფურთხების გასაადვილებლად კი ჯ. ს-ე ყოფილ ცოლს უჭერდა ხელებს. თმის მოქაჩვისა და ხელების მოჭერის გამო ნ. ს-ა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· ჯ. ს-ე ყოფილ მეუღლეს, ნ. ს-ს, მათი დაშორებიდან - 2018 წლის ივლისიდან დღემდე, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა მეგობრებისა და უცნობი ადამიანების თანდასწრებით, აგინებდა უშვერი სიტყვებით, როგორც ნ. ს-ს, ისე მისი ოჯახის წევრებს. 2020 წლის 4 იანვარს, ქ.თ-ი, მ-ს ქუჩა N...-ში მდებარე ნ. ს-ს საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ჯ. ს-მ თავისი მეგობრების თანდასწრებით, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს, უყვიროდა უშვერი სიტყვებით და აფურთხებდა სახეში, რის გამოც ნ. ს-ა თავი იგრძნო დამცირებულად. 2020 წლის 18 იანვარს, ქ.თ-ი, მ. კ-ს ქუჩა N...-ში მდებარე სასტუმრო „ს-ი“, ჯ. ს-მ, ნ. ს-ს მეგობრისა და უცხო ადამიანების თანდასწრებით, კვლავ მიაყენა ყოფილ მეუღლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და სახალხოდ შეაფურთხა რამდენჯერმე სახეში, რის გამოც კიდევ ერთხელ აგრძნობინა თავი დამცირებულად. ნ. ს-ს ყოფილი მეუღლის მიერ ჩადენილი ქმედებების გამო, გამუდმებით აქვს იმის შიში, რომ თუ სადმე შეხვდება ჯ. ს-ე, იგი მას დაამცირებს სახალხოდ და მიაყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას; ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, ფსიქოლოგიური დასკვნის შესაბამისად, განიცდის ტანჯვას და ფიქრობს თავის მოკვლაზე.
· 2020 წლის 18 იანვარს, დაახლოებით 01:30 საათზე, ქ.თ-ი, მ. კ-ს ქუჩა N..-ში მდებარე ,,ა-ის“ სასტუმრო „ს-ი“, ჯ. ს-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სასტუმრო „ს-ს“ უსაფრთხოების თანამშრომელს, გ. მ-ს. ჯ. ს-მ მას ყელში წაუჭირა ხელები, რითაც გ. მ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2020 წლის 18 იანვარს, დაახლოებით 01:30 საათზე, ქ.თ-ი, მ. კ-ს ქუჩა N...-ში მდებარე ,,ა-ის“ სასტუმრო „ს-ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯ. ს-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თ. ბ-ს და მარჯვენა ხელი რამდენჯერმე დაარტყა თავში, რის გამოც თ. ბ-მ მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, მისი ხანმოკლე მოშლით.
· 2017 წლიდან 2018-მდე ნ. ს-ი და ჯ. ს-ე იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ჰყავთ ერთი საერთო შვილი - ი. ს-ე. 2019 წლის 11 სექტემბერს, საღამოს საათებში, როდესაც ნ. ს-ი იმყოფებოდა ქ.თ-ი, ნ-ს ქუჩა N.., კორპუსი N.., ბინა N...-ში, მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა ყოფილი მეუღლე, ჯ. ს-ე, რომელმაც ეჭვიანობის ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნული მუქარა დაზარალებულმა აღიქვა რეალურად.
· 2019 წლის ივნისიდან, მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა ჯ. ს-მ პენიტენციური დაწესებულება დატოვა, დაზარალებული ნ. ს-ი შეეცადა, მასთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონოდა, ვინაიდან იგი იყო მისი შვილის მამა, თუმცა მოგვიანებით ჯ. ს-მ დაიწყო მისი კონტროლი. კერძოდ, ნ. ს-ნ დამოუკიდებლად, მისთვის დაუდგენელი წყაროდან, ჯ. ს-ე იგებდა, თუ სად იყო, ვისთან ერთად და რას აკეთებდა, იწყებდა მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნას და ეუბნებოდა, თუ სად იმყოფებოდა და ვისთან ერთად, ასევე უგზავნიდა ვიდეოებს, სადაც აღბეჭდილი იყო, რა ვითარებაში იმყოფებოდა დაზარალებული ნ. ს-ი, რაც დაზარალებულისათვის იყო არასასიამოვნო და დღემდე მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფება, რაც მას ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს - ვერ ახერხებს მუშაობას და ვერ გადის ქუჩაში მარტო, ვინაიდან ეშინია ჯ. ს-ს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 10 ნოემბრის განაჩენით:
2.1. ჯ. ს-ე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
2.2. ჯ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ნ. ს-ს საცხოვრებელი კორპუსის ეზოს ეპიზოდი) - 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (სასტუმრო „ს-ს“ ეპიზოდი) - 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 2000 ლარი, 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 2000 ლარი.
2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ჯ. ს-ს მიმართ დანიშნული სასჯელები ნაწილობრივ შეიკრიბა, კერძოდ: სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტისათვის (სასტუმრო „ს-ს“ ეპიზოდი) დანიშნულ სასჯელს - 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტისათვის (ნ. ს-ს საცხოვრებელი კორპუსის ეზოს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელიდან - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილისთვის დანიშნული სასჯელიდან - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილისათვის დანიშნული სასჯელიდან - ჯარიმა 1000 ლარი, 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილისათვის დანიშნული სასჯელიდან - ჯარიმა 1000 ლარი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრებით, ჯ. ს-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 2000 ლარი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 13 თებერვლიდან.
2.4. სისხლის სამართლის N006120919003 საქმეზე ჯ. ს-ს სასარგებლოდ გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა - 5000 ლარი, გირაოს პირობების დარღვევის გამო, უნდა გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით:
3.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 10 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა მეტრეველმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და ჯ. ს-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 111,1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (4 იანვრის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ( 18 იანვრის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და შესაბამისი სასჯელის შეფარდება.
4.1. კასატორმა - მსჯავრდებულ ჯ. ს-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ი. ბ-ა და მ. ს-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვეს განაჩენის გაუქმება და ჯ. ს-ს სრულად გამართლება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარეთა საჩივრებს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია ისინი.
6. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ჯ. ს-ს ბრალდების ეპიზოდი:
6.1. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და მოტივაციას მუქარისა და ადევნების ეპიზოდებთან მიმართებით და უთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში პროკურორის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ჯ. ს-ს მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულების ჩადენის ფაქტს, კერძოდ:
6.2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულატიურად უნდა დადგინდეს, როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი - საფუძვლიანი შიშის გაჩენა - მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ - სხვა ობიექტური კრიტერიუმებიც.
6.3. 2019 წლის 11 სექტემბრის ფაქტთან დაკავშირებით სასამართლოს ძირითადი ინფორმაცია მიაწოდეს დაზარალებულმა ნ. ს-ა და მოწმე თ. დ-მ.
6.4. ნ. ს-ს ჩვენების თანახმად, ჯ. ს-ე მას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და მოითხოვდა მისგან კორპუსთან ჩასვლას, რაზედაც მას გაუჩნდა შიში. ნ. ს-ს განმარტებით, მის მიმართ ჯ. ს-ს არ გამოუყენებია მუქარის შემცველი სიტყვები, თუმცა, ცხადი იყო, რომ მოსაფერებლად არ უხმობდა.
6.5. მოწმე თ. დ-ს ჩვენების თანახმად, 2019 წლის 10 სექტემბერს ჯ. ს-ე გამუდმებით ურეკავდა ნ. ს-ს, ნ. კი შეგნებულად არ პასუხობდა. ამის შემდეგ მას დაურეკა ჯ. ს-მ, რომელიც ლანძღვა-გინებით ითხოვდა ნ. ს-ნ საუბარს. ტელეფონზე საუბრისას ჯ. ს-მ გააგრძელა ნ. ს-ს შეურაცხყოფის მიყენება, რაც ასევე გაგრძელდა მომდევნო დღეს, ამიტომ ნ. ს-ი იძულებული გახდა, განცხადებით მიემართა პოლიციისთვის.
6.6. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და მიუთითებს, რომ ბრალდების მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება, თუ კონკრეტულად რაში გამოიხატა ჯ. ს-ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება ვერ ჩაითვლება სიცოცხლის მოსპობის ან/და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრალდების ყველა იმ ეპიზოდში, რაც შეურაცხყოფას ეხება, პირს ასევე წარდგენილი უნდა ჰქონდეს მუქარაც.
6.7. საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ისჯება ადევნება - პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის. დანაშაულისგან დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა, უსაფრთხო გარემო და ცხოვრების წესის თავისუფლება.
6.8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება უთვალთვალებდა თუ არა ჯ. ს-ე ნ. ს-ს. ნ. ს-ს ადგილსამყოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯ. ს-ს ხშირად ყოფნა, მაგალითად, 2020 წლის 18 იანვარს კაფე „ს-ი“, შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო მხოლოდ დამთხვევით. იყო თუ არა კომუნიკაცია არასასურველი, ამის თაობაზე თავად დაზარალებულმა ისაუბრა, თუმცა, ასევე აღნიშნა, რომ შვილის ინტერესებიდან გამომდინარე, ცდილობდა ჯ. ს-ნ ურთიერთობის მოგვარებას.
6.9. ნ. ს-ა ჩვენების მიცემისას აღნიშნა, რომ მუშაობდა - მათ შორის 2019 წლის ზაფხულში. გარდა ამისა, დადიოდა მეგობრებთან ერთად, გაჰყავდა ბავშვი სასეირნოდ. რაც შეეხება სატელეფონო ზარებს, დაზარალებულის ჩვენებით, ხშირად ჯ. ს-ს სატელეფონო ზარით ან შეტყობინებით ხვდებოდა, რომ მსჯავრდებულისთვის ვიღაცას მიწოდებული ჰქონდა ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელისა და იქ არსებული ვითარების შესახებ. დღემდე ეშინია და ფიქრობს, რამე ისე არ გააკეთოს, რაც სხვაგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას მისცემს მის ყოფილ მეუღლეს და გარემოცვას.
6.10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპის საბჭოს კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ („სტამბოლის კონვენცია“) მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. კონვენციის 34-ე მუხლით დადგენილია, რომ: ,,მხარეები იღებენ საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვალოს მეორე პირის მიმართ მრავალჯერადი მუქარის შემცველი ქცევით გამოხატული წინასწარგანზრახული ქცევა, რომელიც მასში საფრთხის შიშს იწვევს“. კონვენცია ნათლად განმარტავს, რომ ადევნება არის ქალის მიმართ ძალადობის ფორმა. იმავდროულად, როგორც ეროვნული კანონმდებლობა, ასევე სტამბოლის კონვენციაც სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადად აცხადებს მხოლოდ ისეთ ქცევას, რომელიც დაზარალებულში იწვევს საფრთხის შიშს და დაზარალებულს აყენებს ცხოვრების ჩვეული წესის არსებითად შეცვლის საჭიროების წინაშე.
6.11. საქმის მასალებით დასტურდება, რომ დაზარალებული განიცდიდა დისკომფორტს, თუმცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, ქმედების სსკ-ის 1511-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის საჭიროა ფსიქიკური ტანჯვის, ცხოვრების წესის არსებითად შეცვლის ან ასეთი შეცვლის საჭიროების რეალურად არსებობის მტკიცება, რაც მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება.
6.12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ვერ დადასტურდა ჯ. ს-ს მიერ ნ. ს-ს სიცოცხლის მოსპობით დამუქრებისა და ადევნების შემადგენლობის სავალდებულო ნიშნები. ასევე ვერ დადგინდა აღნიშნულ პერიოდში საერთოდ დაემუქრა თუ არა იგი ნ. ს-ს სიცოცხლის მოსპობით. საქმის მასალების მიხედვით, 2019 წლის 11 სექტემბერს სიცოცხლის მოსპობით დამუქრების ფაქტის უშუალო თვითმხილველი მოწმე, რომელიც შეძლებდა დაედასტურებინა ჯ. ს-ს მხრიდან ყოფილ მეუღლეზე, ნ. ს-ე სიცოცხლის მოსპობის დამუქრების ფაქტი, არ არსებობს. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა, მართალია, აღნიშნეს მეუღლეებს შორის არსებული კონფლიქტური ურთიერთობის თაობაზე და მიუთითეს ჯ. ს-ს მხრიდან განხორციელებულ არაერთ ძალადობრივ ქმედებაზე (ეს ქმედებები ჩადენილია 2020 წელს), თუმცა უშუალოდ სიცოცხლის მოსპობით დამუქრების ფაქტს თავად არ შესწრებიან. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის აპელირებას, რომ სასამართლომ უგულებელყო დადგენილი გარემოებები და მსჯავრდებულ ჯ. ს-ს ამ კონკრეტულ დანაშაულებში მამხილებელი მტკიცებულებები. სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ჯ. ს-ს ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაში და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი განამტკიცებს in dubio pro reo საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
7. ჯ. ს-ს მსჯავრდების ეპიზოდი (საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებები):
7.1. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე განაჩენში წარმოდგენილია საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა ჯ. ს-ს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შერაცხული ბრალის დასადასტურებლად.
7.2. დაცვის მხარის მოსაზრება, რომ თითქოს, მსჯავრდებულ ჯ. ს-ს არ ჩაუდენია კანონსაწინააღმდეგო ქმედება და იგი არანაირად არ მონაწილეობდა გ. მ-ა და თ. ბ-ს მიმართ ჩადენილ ძალადობაში, არ გამომდინარეობს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან და ეწინააღმდეგება როგორც დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებს, ისე საქმეში წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნებსა და ვიდეოკამერებში დაფიქსირებულ ჩანაწერებს, რაც უტყუარად მოწმობს ჯ. ს-ს დანაშაულის ჩადენის ადგილას ყოფნისა და დაზარალებულებზე - გ. მ-ა და თ. ბ-ე ძალადობის ფაქტებს.
7.3. დაზარალებული გ. მ-ა სასტუმრო „ს-ს“ თანამშრომელია, რომელიც 2020 წლის 18 იანვარს ასრულებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას გ. ჯ-ა და ვ. ქ-ნ ერთად. გ. მ-ს ჩვენებით, პირი, რომელმაც ჯერ შესასვლელთან დაარტყა მუქი ფერის კეპიან, შავი ფერის მანტოიან მამაკაცს, ხოლო შემდეგ პარკინგის ტერიტორიაზე შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, მოგვიანებით კვლავ ითხოვდა სასტუმროს ტერიტორიაზე შესვლას, რის საშუალებაც არ მისცეს, მან ხელი მოუჭირა გ. მ-ს ყელის არეში, რის შედეგადაც განიცადა ტკივილი.
7.4. მოწმე გ. ჯ-ს ჩვენებით, გამოძიების პერიოდში მისი მონაწილეობით ჩატარდა ამოცნობა, რა დროსაც სუსტი აღნაგობის მამაკაცში, რომელიც ძალადობდა მეუღლეზე და ხელი ჩაარტყა შავკეპიან მამაკაცს, ამოიცნო ბრალდებული ჯ. ს-ე.
7.5. მოწმე გ. ჯ-ა და დაზარალებულ გ. მ-ს ჩვენებები სრულად არის თანხვედრაში მათი მონაწილეობით ჩატარებულ ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმებთან, რითაც დგინდება, რომ 2020 წლის 14 და 16 თებერვალს, წარდგენილი ფოტოსურათებიდან, გ. მ-მ და გ. ჯ-ა ამოიცნეს ჯ. ს-ე, რომელმაც გ. მ-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
7.6. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის დასაბუთებას და აღნიშნავს, რომ მოწმე გ. ჯ-ს განმარტება ჩვენების მიცემისას, რომ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ აღარ ახსოვს იმ პირის სახე, ვინ მოუჭირა ხელი გ. მ-ს, არ ცვლის და არ გამორიცხავს ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის სისწორეს, რომელში მითითებული გარემოებები სხდომაზევე დაადასტურა მოწმემ.
7.7. რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას მოწმე ვ. ქ-ს ჩვენებაზე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მსჯელობას და მიაჩნია, რომ მოწმე კეთილსინდისიერად ცდება, კერძოდ: ვ. ქ-მ აღნიშნა, რომ მოძალადე მამაკაცი იყო 25-30 წლის, გამხდარი, საშუალო სიმაღლის, შავგვრემანი, რომელსაც ეცვა ღია ფერის კუბოკრული პერანგი და ყავისფერი პიჯაკი. მან კომპიუტერის მონიტორზე გამოსახულ ჯ. ს-ე განმარტა, რომ მის მიერ აღწერილი მამაკაცი იყო შედარებით სუსტი და შავგვრემანი და უარყო, რომ ის პირი ჯ. ს-ა. ამასთან, დაზარალებულ გ. მ-ა და გ. ჯ-ს ჩვენებებით დადგენილია, რომ კ-ს ქუჩაზე ქუდიანი მამაკაცისთვის დარტყმის შემდეგ, ეს პირი ჩავიდა პარკინგის ტერიტორიაზე, სადაც შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს. ანალოგიურია დადასტურებული მოწმე ვ. ქ-ს ჩვენებით. მოწმემ ჩვენების მიცემისას აღნიშნა, რომ კ-ს და ჭ-ს ქუჩების კვეთაზე და სასტუმროს შესასვლელში ქუდიან მამაკაცზე ძალადობები ჩადენილი ჰქონდა ერთსა და იმავე პირს. ვ. ქ-ს ჩვენება გ. მ-ა და გ. ჯ-ს ჩვენებებისგან იმით განსხვავდება, რომ მან ვერ ამოიცნო ჯ. ს-ე. თუმცა, არსებული ჩანაწერებითა და დათვალიერების ოქმებით, რაც შეესაბამება მოწმეთა ჩვენებებს, საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია გარეთ და პარკინგის ტერიტორიაზე ჯ. ს-ს მონაწილეობა ძალადობრივი ქმედებების ჩადენაში. შესაბამისად, გ. მ-ს ყელში ხელის წაჭერის ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერის არარსებობა უპირობოდ არ ადასტურებს დაზარალებულის ჩვენების არაგულწრფელობას.
7.8. 2020 წლის 18 იანვარს რესტორან ,,რ-ს“ შესასვლელთან მომხდარ ფიზიკური ძალადობის ფაქტს ადასტურებს დაზარალებული თ. ბ-ე, რომლის ჩვენებით დგინდება, რომ მის მეგობარს, დ. მ-ს, კონფლიქტი მოუვიდა უცხო პირებთან. როდესაც თავად ჩაერია საუბარში, მას თავის არეში რამდენჯერმე ჩაარტყეს ბლაგვი საგანი, რის გამოც წამოუვიდა სისხლი და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
7.9. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა თ. ბ-ს სხეულზე დაზიანებების არსებობა, კერძოდ, მას აღენიშნებოდა დაზიანებები თხემის მიდამოში მარცხნივ ნაჭდევის და თხემ-კეფის საზღვარზე მარჯვნივ უსწოროკიდეებიანი (გაკერილი, ქირურგიულად დამუშავებული) ჭრილობის სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
7.10. რაც შეეხება იმ ფაქტს, თ. ბ-ს მიმართ ჩადენილ ძალადობაში მონაწილე მამაკაცი ნამდვილად არის თუ არა მსჯავრდებული ჯ. ს-ე, გარდა დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებისა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასტუმრო „ს-ა“ და ,,რ-ს“ სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებს, სადაც დეტალურად და თანმიმდევრულად არის აღწერილი ჯ. ს-ს მიერ ნ. ს-ა და თ. ბ-ე სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის ფაქტი, კერძოდ, ვიდეოჩანაწერის დროით 01:35:26 საათზე, კადრში ჩანს, თუ როგორ იწყება ჩოჩქოლი და შეხლა-შემოხლა, ხოლო 01:35:30 საათზე ჩანს, თუ როგორ ურტყამს მელოტ მამაკაცს სამჯერ თავში ხელს ახალგაზრდა, სუსტი აღნაგობის მამაკაცი, რომელიც დათვალიერების ოქმებით, ასევე დაზარალებულ ნ. ს-ა და მოწმე მ. კ-ს ჩვენებებით (მათ დაადასტურეს დათვალიერების ოქმებში არსებული გარემოებები), არის ჯ. ს-ე. 01:32:00 საათზე კადრში ჩანს კ-ს ქუჩა N... სასტუმრო ,,ს-ს“ შესასვლელი კარი და მისი მიმდებარე ტერიტორია. 01:32:19 საათზე ჩანს, თუ როგორ გამოდის მელოტი მამაკაცი და მისი თანმხლები მამაკაცი ქუდით და გრძელი მანტოთი, ხოლო მას უკან მოჰყვება სამი ახალგაზრდა, მათ შორის ერთ-ერთი სუსტი აღნაგობის, მოკლედ შეჭრილი თმით, რომელსაც ქურთუკის შიგნით აცვია პერანგი. ჩანაწერის დროით 01:36:43 საათზე სასტუმროს წინ მოძრაობს და მიდის ქუდით და გრძელ მანტოში ჩაცმული მამაკაცისაკენ, რომელიც დგას სასტუმროს შესასვლელთან და 01:37:33 საათზე ურტყამს მას სახეში. დარტყმის შედეგად აღნიშნული მამაკაცი ვარდება უკან და დაეცემა ქვაფენილზე. აღნიშნულ ჩანაწერთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს თავდამსხმელი პირისა და კონფლიქტში მონაწილე პირთა აღწერილობასა და მათ ჩაცმულობაზე, რაც სრულად ემთხვევა დაზარალებულთა და მოწმეთა მიერ აღწერილ, ბრალდებულ ჯ. ს-ს და დაზარალებულ თ. ბ-ს როგორც აღწერილობას, ისე მათ ჩაცმულობას.
7.11. უსაფუძვლოა ადვოკატების - ი. ბ-ა და მ. ს-ს მითითება, რომ ვიდეოფირი ვერ აფიქსირებს ჩარტყმის მომენტს.
7.12. მსჯავრდების ამ ეპიზოდში წარმოდგენილია კამერის ორი ჩანაწერი. ერთ ჩანაწერში, რომელიც ჭ-ა და კ-ს ქუჩების კუთხეს აფიქსირებს, ჩანს რამდენიმე ადამიანის თავშეყრა და ერთი ადამიანის მიერ ხელის რამდენიმე მოძრაობა. ხოლო მეორე ჩანაწერში, რომელიც კ-ს ქუჩას აფიქსირებს და ლოგიკურად წინა ჩანაწერის გაგრძელებაა, ჩანს კონკრეტულ მომენტში, თ. ბ-ე ინერციით როგორ შედის კადრში, თავზე იკიდებს ხელს, საიდანაც მოსდის სისხლი. დასადგენ საკითხს წარმოადგენს, არის თუ არა ეს ადამიანი, რომელიც ხელს ურტყამს ვიღაცას (ამ ვიდეოში არ ჩანს, რომ დაზარალებული თ. ბ-ა, თუმცა მეორე ჩანაწერში, რომელიც კ-ს ქუჩას აფიქსირებს, კადრში დარტყმის სიძლიერით შედის თ. ბ-ე, რომელსაც უკვე დაზიანებები აღენიშნება) ჯ. ს-ე. საკასაციო სასამართლო ამ შემთხვევაშიც იზიარებს განაჩენის მსჯელობას და მიაჩნია, რომ მეორე ჩანაწერში არსებული ვითარება პირველის გაგრძელებაა.
7.13. საკასაციო სასამართლო დაზარალებულ თ. ბ-ს ჩვენებასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ დაზარალებულის ჩვენება ავტომატურად არ იწვევს პირის გამართლებას წარდგენილ ბრალდებაში და შესაფასებელია, სხვა მტკიცებულებები წარმოადგენს თუ არა საკმარისს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. თ. ბ-ს ჩვენების საწინააღმდეგო პოზიცია აქვს დაფიქსირებული მოწმე გ. ჯ-ს ჩვენებაში, სადაც მან მიუთითა, რომ ჭ-ა და კ-ს ქუჩის კუთხეში მომხდარი ძალადობის, სასტუმრო „ს-ს“ შესასვლელთან ქუდიანი პირისთვის დარტყმის (რა დროსაც ის დავარდა) და პარკინგის ტერიტორიაზე მდგარი ქალის მიმართ ძალადობის ფაქტები ჩადენილი ჰქონდა ერთ პირს. ასევე დათვალიერების ოქმები და თავად ჩანაწერი იძლევა იმის დადასტურების საფუძველს, რომ თ. ბ-ე ძალადობა ჩაიდინა სწორედ ჯ. ს-მ. დაზარალებულმა ნ. ს-ა და მოწმე მ. კ-ა დაადასტურეს დათვალიერების ოქმებში არსებული გარემოებები, რომლის თანახმად, პირი, რომელიც ვიღაცას ხელს არტყამს, არის ჯ. ს-ე. მ. კ-ა განმარტა, რომ ჯ. ს-ს გარეგნობა ძალიან კარგად იცის, ამიტომ დარწმუნებულია, რომ არ შემცდარა. აღნიშნული სხდომაზე დაკითხვისას ასევე დაადასტურა ნ. ს-ც.
8. ჯ. ს-ს მსჯავრდების ეპიზოდები (საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებები (2020 წლის 4 იანვრისა და 18 იანვრის ძალადობის ეპიზოდები):
8.1. საკასაციო სასამართლო მოცემული მსჯავრდების ეპიზოდებში აგრეთვე სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და მოტივაციას და მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთობლივად, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ჯ. ს-ს მიერ 2020 წლის 4 იანვარსა და 18 იანვარს, ნ. ს-ს საცხოვრებელი კორპუსის ეზოსა სასტუმრო „ს-ს“ ტერიტორიაზე, დაზარალებულის მიმართ ძალადობის ჩადენას, კერძოდ:
8.2. მხარეებს შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2020 წლის 4 იანვარს ჯ. ს-ე მეგობრებთან - გ. მ-ა და გ. ა-ნ ერთად მივიდა ნ. ს-ს საცხოვრებელ კორპუსთან, რა დროსაც დაზარალებული არ იმყოფებოდა სახლში. ნ. ს-ი სახლთან მიიყვანა მ. შ-მ ავტომობილით, რომელსაც თვითონვე მართავდა.
8.3. დაზარალებულმა ნ. ს-ა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა ჯ. ს-ს მხრიდან ძალადობის ფაქტი და განმარტა, რომ 2017 წლის მაისიდან 2018 წლის ივლისამდე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ჯ. ს-ნ. დაშორების შემდეგ, როცა იგი ბოლოს გათავისუფლდა დაწესებულებიდან, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა მეგობრებისა და უცნობი ადამიანების თანდასწრებით. დაზარალებულის ჩვენებით დასტურდება, რომ 2020 წლის 4 იანვარს, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ჯ. ს-მ თავისი მეგობრების თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას, უყვიროდა უშვერი სიტყვებით, აფურთხებდა სახეში და თავის არეში ხელის დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც თავი იგრძნო დამცირებულად და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ნ. ს-ს მეუღლის მხრიდან ძალადობრივი ქმედებების გამო გამუდმებით აქვს იმის შიში, რომ ჯ. ს-ნ მისი ყოველი შეხვედრა გამოიწვეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას და მის დამცირებას.
8.4. მოწმის სახით დაკითხულმა ა. კ-მ და მ. შ-მ ასევე დაადასტურეს ჯ. ს-ს მხრიდან მეუღლეზე ძალადობის ფაქტი და განმარტეს, რომ 2020 წლის 4 იანვარს ნ. ს-ნ ერთად იმყოფებოდნენ რესტორან „ლ-ი“, სადაც ჯ. ს-ნ მიღებული შეტყობინების შემდეგ ნ. ს-ა გადაწყვიტა სახლში დაბრუნება. სახლში მისვლამდე ნ. ს-ი ცდილობდა ჯ. ს-ს დაწყნარებას, რომელიც აგინებდა და უშვერი სიტყვებით ლანძღავდა მას. ჯ. ს-ე სახლთან დახვდა ნ. ს-ს, რომელსაც მანქანიდან გადასვლისთანავე დაუწყო გინება და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. იგი იწევდა ნ. ს-ნ ფიზიკური შეურაცხყოფის მისაყენებლად, თუმცა მის შეკავებას ცდილობდნენ მისი მეგობრები. ჯ. ს-ს ძალადობას ხედავდნენ მანქანიდან, რომელიც გაჩერებული ჰყავდათ ნ. ს-ს სახლთან და მანამ არ დაუძრავთ, სანამ იგი არ შევიდა სახლში. პირად საუბარში თავად ნ. ს-ც დაუდასტურა ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი.
8.5. დაცვის მხარე 2020 წლის 4 იანვრის ძალადობის ეპიზოდში აპელირებს დაცვის მხარის მოწმეების - გ. მ-ს, გ. ა-ა და თავად ჯ. ს-ს ჩვენებებზე, რომელთა მიხედვითაც, ნ. ს-ს მიერ მეგობრების თვალწინ შეურაცხყოფამ და ხელის დარტყმამ განაპირობა ჯ. ს-ს ქმედებები, ეფურთხებინა დაზარალებულისთვის, თუმცა მას ნ-ს მიმართ ძალადობა არ ჩაუდენია.
8.6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადვოკატების აღნიშნულ მსჯელობასთან მიმართებით სააპელაციო სასამართლოს გამოტანილი აქვს მართებული დასკვნა, კერძოდ: ამ გარემოების ირგვლივ დაზარალებულ ნ. ს-ს ჩვენების საფუძვლიანობა ვლინდება არა მხოლოდ მოწმეების - ა. კ-ა და მ. შ-ს ჩვენებებით, არამედ - ჩანაწერითა და ჩანაწერის დათვალიერების ოქმებითაც.
8.7. ნ. ს-ს კორპუსთან განვითარებულ მოვლენებთან მიმართებით, ვიდეოჩანაწერში ნათლად ჩანს ჯ. ს-ს ჟესტიკულაცია და არავერბალური ქმედებები ნ. ს-ს მიმართ. ა. კ-ც და მ. შ-ც არიან პირები, რომლებიც ადასტურებენ ნ. ს-ს ავტომანქანიდან გადასვლისთანავე ჯ. ს-ს მიერ ყოფილი მეუღლისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტებს. მათი ჩვენებები დასაბუთებულია და გამყარებულია ჩანაწერითაც, სადაც ჩანს მანქანა, რომელიც ძალიან დაბალი სიჩქარით მოძრაობს მოტრიალებამდეც და შემდეგ კამერიდან გასვლამდეც. ჩანაწერში ასევე ჩანს, თუ როგორ აკავებენ ჯ. ს-ს მეგობრები, რომელიც იწევს ნ. ს-ნ. ჩანაწერში ნათლად ჩანს ჯ. ს-ს ქმედებები, რომელიც იწევს ნ. ს-ნ. ჩანაწერში 01:36:33-34-ზე ჩანს ჯ. ს-ს ხელის აქნევის მომენტიც, რა დროსაც მეგობრები მას აშორებენ ნ. ს-ს. დაზარალებულის განმარტებით, ამ დროს მას ჯ. ს-ს ხელი მოხვდა და განიცადა ტკივილი. დარტყმაზე დაზარალებულ ნ. ს-ს მიერ გამოხატულ რეაქციაზე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: ის ფაქტი, რომ დაზარალებული არ გარბის, საშველად არ უხმობს სხვა პირებს, ხელს არ იკიდებს (ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი, რადგან ეს უკანასკნელი გარემოება კადრში არ ჩანს ნ. ს-ს ზურგით დგომის გამო), არ მიუთითებს ძალადობის არარსებობაზე.
8.8. თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულიად საფუძვლიანად არ გაიზიარა მოწმეების - გ. მ-ა და გ. ა-ს ჩვენებები, სადაც მათ მიუთითეს, რომ ჯ. ს-ს არ დაურტყამს ნ. ს-ს, რადგან ვერ აიხსნა, თუ რით იყო განპირობებული მათი ქმედებები, როდესაც ხელის აქნევისთანავე დააშორეს ჯ. ს-ე ნ. ს-ს.
8.9. ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კვალიფიკაცია ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში მოითხოვს - დაზარალებულის მიერ ტკივილის განცდას. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტის დადგენისათვის გამოიყენება სუბიექტური და ობიექტური ტესტები (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე №746აპ-19; 674აპ-20).
8.10. ის გარემოება, რომ მოცემულ საქმეში არ არის წარმოდგენილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, არ გამორიცხავს ძალადობის შემადგენლობას. დაზარალებულის ჩვენებით, 2020 წლის 4 იანვარს, შეურაცხყოფის მიყენებისას ჯ. ს-მ ხელი დაარტყა მას, რაც არ ეწინააღმდეგება ჩანაწერს. უდავოა, რომ ნ. ს-ს გამოძიებისთვის მიმართვის პერიოდში მექანიკური დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა, თუმცა ხილული დაზიანების არარსებობა არ გამორიცხავს ფიზიკური ტკივილის არსებობას.
8.11. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დასჯად ქმედებად მიჩნევისათვის აუცილებელია, პირმა განიცადოს არა ძლიერი, არამედ - ფიზიკური ტკივილი. კანონმდებელმა სწორედ ტკივილის ხარისხით, რომელიც არის შეფასებითი კატეგორია, განასხვავა ერთმანეთისგან სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებები; მაგალითისთვის, სისხლის სამართლის კოდექსის 1441, 1443 მუხლებით მსჯავრდებისთვის, სხვა აუცილებელ პირობებთან ერთად, სავალდებულოა პირმა განიცადოს ძლიერი ფიზიკური ტკივილი ან ფსიქიკური ან მორალური ტანჯვა; სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე, 121-ე, 122-ე, 123-ე, 124-ე მუხლებით მსჯავრდებისთვის აუცილებელია დადგინდეს დაზიანების ხარისხი, რაც დამოკიდებულია არა დაზარალებულის აღქმით ტკივილის ხარისხზე, არამედ - სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრულ დაზიანების ხარისხზე. კონკრეტულ შემთხვევაში, როცა დადასტურებულია ძალადობის ფაქტი ნ. ს-ს მიმართ, ქმედების დანაშაულად მიჩნევისათვის აუცილებელ ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს დაზარალებულის განმარტება - განიცადა თუ არა მან ფიზიკური ტკივილი. დაზარალებულმა ნ. ს-ა ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
9. მხარეებს შორის დავის საგანს აგრეთვე არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ნ. ს-ი და მ. კ-ი 2020 წლის 18 იანვარს იმყოფებოდნენ კაფე „ს-ი“. ამავე დღეს აღნიშნულ კაფეში იმყოფებოდა ჯ. ს-ც.
9.1. კაფე „ს-ნ“ წამოსვლის შემდეგ ნ. ს-ი და მ. კ-ი ჩავიდნენ პარკინგის ტერიტორიაზე არსებულ ჯიხურში, სადაც დგას ბანკომატი და პარკინგის გადასახდელი აპარატი.
9.2. დაზარალებულ ნ. ს-ა და მოწმე მ. კ-ს ჩვენებებით დგინდება, რომ ჯიხურში ყოფნის პერიოდში, იქ შევიდა ჯ. ს-ე, რომელმაც გაიყვანა ნ. ს-ი ჯიხურის გარეთ. მ. კ-ს ჩვენებით, მას შემოესმა ჩხუბის ხმა, შემდეგ კი გაიხედა გარეთ, რა დროსაც დაინახა ჯ. ს-ე, რომელიც ხელებს უჭერდა ნ. ს-ს და აჯანჯღარებდა. ჯიხურში ჯერ შევიდა დაზარალებული, რომელსაც შეჰყვა ჯ. ს-ე და დაუწყო უშვერი სიტყვებით ლანძღვა და ფურთხება. ჯ. ს-ს ნ-ნ მიახლოების შესაძლებლობას არ აძლევდა მ. კ-ი, რომელიც ხელით ცდილობდა ჯ. ს-ს გაწევას. მ. კ-ს ჩვენებით, ნ. ს-ი იდგა ბანკომატის სიახლოვეს, რა დროსაც ჯ, ს-მ თმა მოქაჩა. თმის მოქაჩვასა და ხელებზე ხელის მოჭერაზე ისაუბრა ნ. ს-ც.
9.3. დაზარალებულ ნ. ს-ა და მოწმე მ. კ-ს ჩვენებები თანხვედრაშია ჩანაწერთან, საიდანაც ჩანს ჯ. ს-ს ქმედებები.
9.4. ადვოკატები - ი. ბ-ი და მ. ს-ე თავიანთ საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ დაზარალებული ნ. ს-ი ცრუობს, რომ თითქოს, 18 იანვარს ჯ. ს-მ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მოქაჩა თმა, რასაც ნათლად ადასტურებს ვიდეოჩანაწერი.
9.5. სასტუმრო ,,ს-ს“ ეპიზოდში ჯ. ს-ს მსჯავრდებასთან დაკავშირებით, მისი უარყოფის მიზნით, კასატორების მიერ საჩივარში წარმოდგენილ პოზიციას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს: ის გარემოება, რომ ჩანაწერში ნათლად არ ჩანს ჯ. ს-ს მხრიდან ნ. ს-ს თმის მოქაჩვის ფაქტი, ვერ გახდება დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი, იმ მოტივით, რომ ბანკომატთან განვითარებული მოვლენების დროს არ ჩანს დაზარალებულის სახე, რადგან მას ეფარება მ. კ-ი; თუმცა, ჩანაწერში კარგად ჩანს, რომ ნ. ს-ი თავს ხრის, რაც წარმოადგენს მოწმის ჩვენების გულწრფელობის დადასტურების ერთ-ერთ ნიშანს, რომლის მიხედვითაც, ჯ. ს-ე თმის მოქაჩვით ცდილობდა ნ. ს-ს თავის აწევასა და მისთვის სახეში შეფურთხებას.
10. ჯ. ს-ს მსჯავრდების ეპიზოდი (საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი):
10.1. დაცვის მხარე სადავოდ ხდის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაციას და საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ფაქტების არსებობა უნდა ყოფილიყო 2-ზე მეტი, თუმცა ჯ. ს-ს წარდგენილი ჰქონდა 2020 წლის 4 იანვრისა და 18 იანვრის შეურაცხყოფის ფაქტები, რაც არ იძლევა სისტემატურობის შემადგენლობას.
10.2. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ ჯ. ს-ს არ აქვს წარდგენილი მხოლოდ ორი ეპიზოდის ჩადენა. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ჯ. ს-ე თავის ყოფილ მეუღლეს - ნ. ს-ს დაშორებიდან - 2018 წლის ივლისიდან დღემდე, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა მეგობრებისა და უცნობი ადამიანების თანდასწრებით, აგინებდა უშვერი სიტყვებით, როგორც ნ. ს-ს, ისე მისი ოჯახის წევრებს. ის ფაქტი, რომ ბრალდების ფორმულირებაში დაკონკრეტებულია ბოლო ორი ეპიზოდი, არ აბათილებს ბრალის პირველ ნაწილს. ნ. ს-ა ისაუბრა არა მხოლოდ 2020 წლის 4 და 18 იანვარს მისი შეურაცხყოფის და დამცირების ფაქტებზე, არამედ - მანამდე არსებულ ფაქტებზეც, რასაც, მინიმუმ, მოწმობს ორი შემაკავებელი ორდერი და მოწმეების - თ. თ-ა და თ. დ-ს ჩვენებები. აღნიშნული ფაქტების ერთობლიობაა სწორედ სისტემატურობა, რაც შეესაბამება სსკ-ის 1261-ე მუხლის შემადგენლობას.
10.3. საქმის მასალების თანახმად, დაზარალებულმა ნ. ს-ა თავად წარადგინა 2020 წლის 4 იანვრის ჩანაწერი, მონაწილეობდა დათვალიერებებში. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებში საჩივრების განხილვისას არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულება ნ. ს-ს მიმართ ბრალდების მხარის მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების თაობაზე. სასამართლომ ნ. ს-ს განუმარტა უფლება არ მიეცა მისი ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენება, თუმცა ამ უფლების გამოყენებაზე მან უარი განაცხადა და სასამართლოში დაკითხვისას ისაუბრა ჯ. ს-ნ არსებულ ურთიერთობაზე, არაერთხელ მიყენებულ შეურაცხყოფაზე, დამცირებაზე, ძალადობის შემთხვევებზე. რაც შეეხება საკითხს, ფიზიკური შეურაცხყოფებისა და დამცირების შედეგად განიცადა თუ არა ტანჯვა ნ. ს-ა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს დაზარალებულის ჩვენებაზე, რომლითაც დადგენილია მისი მდგომარეობა ჯ. ს-ს სისტემატური შეურაცხყოფების შედეგად. მოწმე მ. კ-ს ჩვენებით, ნ. ს-ს დაკარგული ჰქონდა ცხოვრების ხალისი. დაზარალებულის მდგომარეობაზე უთითებენ როგორც დაზარალებულის ოჯახის წევრი და მეგობრები, ასევე - სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებიც, რომელთა ერთობლიობითაც საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ჯ. ს-მ ასევე ჩაიდინა ნ. ს-ს სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ტანჯვა.
10.4. რაც შეეხება მსჯავრდებულ ჯ. ს-ს ადვოკატების არგუმენტებს მისი ორჯერ მსჯავრდების დაუშვებლობის თაობაზე - ძალადობის ეპიზოდებში შეურაცხყოფისა და დამცირების ფაქტებზე მითითება აქცევს თუ არა სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით არსებულ მსჯავრდებას განმეორებითად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენით დაცვის მხარეს აღნიშნულთან დაკავშირებით დამაჯერებელი პასუხი აქვს გაცემული, კერძოდ: აღნიშნულია, რომ ჯ. ს-ს მიმართ სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება არ მოიცავდა შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდებს, რადგან მას ბრალად წარდგენილი ჰქონდა ძალადობა, რაც მოცემულ შემთხვევაში გულისხმობს არა შეურაცხყოფას, დამცირებას და შანტაჟს, არამედ - ფიზიკურ ძალადობას (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა). ბრალში მითითებული გარემოებები შეურაცხყოფისა და დამცირების შესახებ წარმოადგენს ძალადობამდე არსებული ვითარების კონსტატაციას და არ აქვს კავშირი ამ ქმედებების დასჯადობასთან. სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებების ეპიზოდებში ჯ. ს-ე არ ყოფილა დამნაშავედ ცნობილი სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირებისთვის, რის გამოც არ არსებობს ორმაგი მსჯავრდების ვითარება.
11. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებისას ხელმძღვანელობს მტკიცების „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით; აღნიშნული სტანდარტი უნდა გამომდინარეობდეს საკმაოდ მყარ, ზუსტ და თანმხვედრ ფაქტებზე დამყარებული ვარაუდიდან ან მსგავსი უტყუარი ფაქტების პრეზუმფციიდან (,,ულკუ ეკინჯი თურთქეთის წინააღმდეგ,“ (Ülkü Ekinci v. Turkey), N27602/95, 16/07/2002, §142); ამ შემთხვევაში საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ჯ. ს-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
13. ჯ. ს-ს მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა:
13.1. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსამართლე თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი ემსახურებოდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
13.2. საკასაციო სასამართლო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მოთხოვნათა მითითების პარალელურად, მხედველობაში იღებს საერთაშორისო ხელშეკრულებასაც, კერძოდ, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციას (,,სტამბოლის კონვენციას“), რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმას, მათ შორის ოჯახში ძალადობას ეხება; კონვენციის 45-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელმა სახელმწიფომ უნდა გაატაროს ყველა საკანონმდებლო თუ სხვა ზომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ კონვენციით დადგენილი დანაშაული ისჯებოდეს ეფექტური, პროპორციული და დამაფიქრებელი სანქციით; ამასთან, ამ სტადიაზე სახელმწიფოს მიერ დანაშაულის სერიოზულობის შეფასება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნაა (იხ. აგრეთვე Explanatory Report to the Council of Europe Convention on preventing and combating violence against women and domestic violence, § 232).
13.3. საქმეზე არსებული ყველა გარემოების ზედმიწევნით შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯ. ს-ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ნ. ს-ს საცხოვრებელი კორპუსის ეზოს ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (სასტუმრო „ს-ს“ ეპიზოდი), 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით საბოლოოდ დანიშნული სასჯელი ვერ ჩაითვლება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებასთან აშკარად შეუსაბამოდ, ვინაიდან სასჯელის შეფარდებისას სასამართლოებმა სრულად მიიღეს მხედველობაში მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმე და ხასიათი, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები და ჯ. ს-ს განუსაზღვრეს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რომლის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.
14. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრების შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა მეტრეველის, მსჯავრდებულ ჯ. ს-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ი. ბ-ა და მ. ს-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი