საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 20.06.2022
საქმის ნომერი
2კ-349აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.06.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100121004690525

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №349აპ-22 ქ. თბილისი

კ-ე ი, 349აპ-22 20 ივნისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 17 ნოემბრის განაჩენით:

1.1. ი. კ-ე, - დაბადებული .... წლის ... ოქტომბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ი. კ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 23 აპრილიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. კ-მ ჩაიდინა ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობის მუქარით, იარაღად სხვა საგნის გამოყენებით; განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2021 წლის 23 აპრილს, შუადღის საათებში, ქ. თ-ი, მ-ის გამზირის N...-ში მდებარე თ-ის სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში შევიდა ნასვამი ი. კ-ე და მომსახურების მისაღებად რიგში მყოფი მოქალაქეების გვერდის ავლით, პირდაპირ შევიდა ი-ის სერვისცენტრის მთავარი სპეციალისტის - ე. ხ-ის კაბინეტში, სადაც დაწერა განცხადება. უკან გამოსვლისას მას ცოცხალ რიგში მდგომმა მოქალაქეებმა მისცეს შენიშვნა რიგის დაუცველობის გამო, რაზეც ი. კ-ე გაღიზიანდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენება იქ მყოფ საზოგადოებას. ბრალდებული განსაკუთრებულ აგრესიას იჩენდა რიგში მდგომი ნ. ტ-ის მიმართ, ხოლო მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა გაიყვანეს შენობის გარეთ, ი. კ-ე კვლავ შებრუნდა სოციალური მომსახურების სააგენტოში და დანის დემონსტრირებით ძალადობის მუქარა გამოხატა ნ. ტ-ის მიმართ. ასევე, აგინებდა იქ შეკრებილ მოქალაქეებს და დანას იქნევდა უმისამართოდ, რა დროსაც მარჯვენა ხელის ნეკა თითზე, გაუფრთხილებლობით, დაზიანება მიაყენა რიგში მდგომ ე. გ-ას.

· ზემოაღნიშნული ქმედებების შედეგად ი. კ-მ უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, გამოხატა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა და შეაფერხა თ-ის სოციალური მომსახურების სააგენტოს სამუშაო პროცესი.

· თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით ი. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

· მიუხედავად აღნიშნულისა, 2021 წლის 23 აპრილს, შუადღის საათებში, ქ. თ-ი, მ-ის გამზირის N..-ში მდებარე თ-ის სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიასა და ქ. თ-ი, ს-სა და ე-ის ქუჩების კვეთაზე გადაადგილებისას, განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი ი. კ-ე ატარებდა ქარხნული წესით დამზადებულ, მჩხვლეტავ-მჭრელ დასაკეც დანას, რაც ამოიღეს შსს ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს მე-11 სამმართველოს თანამშრომლებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 თებერვლის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 17 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მსჯავრდებულ ი. კ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. კ-ა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 თებერვლის განაჩენის გაუქმება და ი. კ-ის გამართლება. მანვე ალტერნატიული პოზიციის სახით მოითხოვა სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით. კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, რადგან ი. კ-ს ქმედებას მიეცა არასწორი კვალიფიკაცია; რეალურად მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია ან თუ ჩაიდინა, მხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ქმედება - წვრილმანი ხულიგნობა. ამასთან, საკასაციო საჩივრის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი ეფუძნება მხოლოდ ვარაუდებსა და ურთიერთგამომრიცხავ მტკიცებულებებს.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც ი. კ-ე დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

7. უსაფუძვლოა დაცვის მხარის მოსაზრება, რომ ი. კ-ს დანაშაული არ ჩაუდენია ან თუ ჩაიდინა, მხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ქმედება - წვრილმანი ხულიგნობა.

8. საკითხის შეფასებისას საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხულიგნობის დროს პირმა უხეშად უნდა დაარღვიოს საზოგადოებრივი წესრიგი. ეს ქმედება უნდა გამოხატავდეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას და ჩადენილი უნდა იყოს ძალადობით ან ძალადობის მუქარით. სწორედ ძალადობის/ძალადობის მუქარის ელემენტი განასხვავებს სისხლის სამრთლის წესით დასჯად ხულიგნობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისგან (წვრილმანი ხულიგნობა).

9. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიჩნევისათვის, რომ ი. კ-მ ჩაიდინა ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას ძალადობის მუქარით, იარაღად სხვა საგნის გამოყენებით და განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით, კერძოდ:

10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულმა ნ.ტ-ა ჩვენების მიცემისას თანმიმდევრულად და სრულყოფილად გადმოსცა 2021 წლის 23 აპრილს, შუადღის საათებში, ქ. თ-ი, მ-ს გამზირის N...-ში მდებარე თ-ის სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობასთან განვითარებული მოვლენები. კერძოდ, დაზარალებულმა განმარტა, რომ სააგენტოს პირველ სართულზე არსებულ მე-11 კაბინეტთან, ცოცხალ რიგში დგომისას, დაინახა, რომ მეორე სართულიდან ჩამოსული ნასვამი ი. კ-ე ურიგოდ შევიდა მოქალაქეთა მისაღებ ოთახში. აღნიშნულის გამო მისი მხრიდან გამოთქმულმა უკმაყოფილებამ ი. კ-ის გაღიზიანება გამოიწვია და დაზარალებულს დაუწყო აგრესიული ტონით საუბარი, შეაგინა დედა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რის შემდეგაც ი. კ-ე ადგილზე მყოფმა მოქალაქეებმა გარეთ გაიყვანეს. რაც შეეხება მსჯავრდებულის დაბრუნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, დაზარალებულმა დაადასტურა, რომ ი. კ-ე ხელთ ნაქონი შავტარიანი დანის მისთვის დარტყმას შეეცადა, კვლავ შეაგინა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ნ. ტ-ა მას ხელი დაუჭირა და დარტყმის საშუალება არ მისცა. ამასთან, დაეხმარა სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი, რომელმაც დაიჭირა ი. კ-ე და თავად ხელი გაუშვა, რის შემდეგაც მოქნეული დანა მოხვდა მის გვერდით მდგომ ე. გ-ას, რომელსაც თითი გაეჭრა. მოქალაქეთა მისაღებ კაბინეტში შეყვანის შემდეგ ი. კ-ე უფრო აგრესიული გახდა, კარზე აბრახუნებდა და მას აგინებდა: „გამიღე კარი, შენი დედა..., უნდა მოგკლაო.“ ნ. ტ-ა განაცხადა, რომ ინციდენტი გაგრძელდა დაახლოებით 15-20 წუთს, რის გამოც სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა შეწყვიტეს მუშაობა.

11. დაზარალებულ ნ. ტ-ის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ი. კ-ის მიერ მის მიმართ დანის გამოყენებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით მუქარისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით, სრულად შეესაბამება ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულ და საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ არაერთ სარწმუნო და დამაჯერებელ მტკიცებულებას. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ადვოკატ ი. კ-ის მიერ საკასაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებას მოწმე ე. გ-ს ჩვენებასთან მიმართებით და მიუთითებს, რომ დაზარალებულმა ნ. ტ-ა და მოწმე ე. გ-მ თავიანთ ჩვენებებში იდენტურად განმარტეს, რომ შემთხვევის დღეს, როდესაც ნ. ტ-ა ნასვამ ი. კ-ს მოქალაქეთა მისაღებში ურიგოდ შესვლის გამო მისცა შენიშვნა, ეს უკანასკნელი გაღიზიანდა და დაიწყო ლანძღვა-გინება. ასევე, დაზარალებულმა და მოწმემ ურთიერთთანხვდენილად განაცხადეს, რომ ი. კ-ე გასაშლელი დანით ხელში გაემართა ნ. ტ-ენ, რომელმაც ხელი დაუჭირა და დარტყმის საშუალება არ მისცა, თუმცა დანას მაინც იქნევდა, რომელიც ე. გ-ას მოხვდა თითზე და სისხლი წამოუვიდა. ინციდენტი დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა, რა დროსაც სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა შეწყვიტეს მუშაობა. აღნიშნული ჩვენებების უტყუარობასა და სანდოობას ამყარებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №. დასკვნა, რომლის თანახმადაც, ე. გ-ას მარჯვენა მტევნის თითზე მჭრელი საგნის მოქმედების შედეგად მიყენებული აქვს მსუბუქი ხარისხის დაზიანება; ი. კ-ის პირადი ჩხრეკის ოქმი კი ცალსახად ადასტურებს, რომ ი. კ-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ლითონის შავტარიანი დასაკეცი დანა, რომელიც, მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული ექსპერტიზის №... დასკვნის თანახმად, მიეკუთვნება ქარხნული წესით დამზადებულ, მჩხვლეტავ-მჭრელ, მაფიქსირებელი მოწყობილობის მქონე ცივ იარაღთა კატეგორიას. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულ ნ. ტ-სა და მოწმე ე. გ-ას გულწრფელობა ეჭვსგარეშეა, ვინაიდან მათ მიერ მიცემული ჩვენებები საკმაოდ დამაჯერებელი და სარწმუნოა, რომელთა შორისაც არ გამოვლენილა არცერთი არსებითი ხასიათის შეუსაბამობა.

12. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმეების - ე. ხ-ის, თ. ი-სა და ე. ლ-ის ჩვენებებზეც, რომლებიც, მართალია, არ არიან ი. კ-ის მხრიდან ვინმეს მიმართ ძალადობრივი ქმედების ან ძალადობის მუქარის შემსწრე პირები, თუმცა მათი ჩვენებები იმ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რისი უშუალო თვითმხილველებიც გახდნენ, სრულად შეესაბამება ნ. ტ-სა და ე. გ-ას ჩვენებებს. ე. ხ-ის ჩვენებით, მისი კაბინეტიდან ნასვამი ი. კ-ის გასვლის შემდეგ, ფოიეში ატყდა ხმაური, ჩოჩქოლი და გინება. გარეთ გასულმა მოქალაქეებისგან შეიტყო, რომ მასთან ი. კ-ის ურიგოდ შესვლამ გამოიწვია კონფლიქტი. მანვე დაადასტურა, რომ ი. კ-ე აგინებდა ნ. ტ-ს, რომელიც სიტუაციის დაძაბვის გამო, ოთახში შეიყვანა, გარედან კი კვლავ ხმაურის ხმა ისმოდა. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები მიუთითეს მოწმეებმა - თ. ი-ა და ე. ლ-მ. ამასთანავე, ე. ხ-ა და ე. ლ-მ დაადასტურეს ე. გ-ას ხელზე დაზიანების არსებობის ფაქტი.

13. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი მოიცავს საფუძვლების, არგუმენტებისა და მტკიცებულებების სათანადო განხილვის უფლებას (ECtHR, Krasulya v. Russia, 2007, 12365/03). ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთების ასპექტი სამართლიანი სასამართლოს უფლების ნაწილად მიაჩნია. მართალია, არ არის აუცილებელი ყოველ არგუმენტს ამომწურავი პასუხი გაეცეს, მაგრამ სათანადოდ უნდა იყოს განხილული განსასჯელის ძირითადი არგუმენტები (ECtHR, Van de Hurk v. Netherlands, 1994 , 16034/90. ECtHR, Torija v. Spain, 1994, 18390/91. ECtHR, Gradinar v. Moldova, 2008, 7170/02).

14. დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ ი. კ-ის შეფარდებული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი და შესაძლებელია დანიშნული სასჯელის შემსუბუქება და ნაწილობრივ პირობითად ჩათვლა, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და აღნიშნავს შემდეგს: იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის უკანონობაზე მსჯელობა, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, ამოწმებს, არსებობს თუ არა აშკარა არაპროპორციულობა შეფარდებულ სასჯელს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს შორის.

15. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსამართლე თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი ემსახურებოდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

16. საკასაციო სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ ი. კ-ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.

17. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.

18. აღნიშნული მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების ერთ-ერთი წინაპირობა არის ის, რომ მსჯავრდებულმა უნდა აღიაროს ჩადენილი დანაშაული. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებული ი. კ-ე არ აღიარებს მისთვის შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას და არ თანამშრომლობდა გამოძიებასთან, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების შესაძლებლობას სასჯელის დანიშვნისას.

19. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცების სტანდარტით - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ და ისე მიიღო გადაწყვეტილება.

20. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

21. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ი. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. კ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი