დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 16.01.2023
საქმის ნომერი
35აგ.-2022
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
16.01.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010142222700679388

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №35აგ-22 16 იანვარი, 2023 წელი

შ–ე შ., 35აგ-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ შ. შ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ. კ–სის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის, 2011 წლის 7 სექტემბრის, განაჩენით:

შ. შ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.

შ. შ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 600 000 ლარი.

შ. შ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით (574874 ლარის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით.

შ. შ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით (39124 აშშ დოლარის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-11 ნაწილის (2013 წლის 17 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) შესაბამისად თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთას დაემატა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით (574874 ლარის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელიდან - 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით (39124 აშშ დოლარის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელიდან - 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე და საბოლოოდ შ. შ–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლით და დამატებითი სასჯელის სახით, ჯარიმა 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი.

შ. შ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2009 წლის 13 ოქტომბრიდან 2009 წლის 4 დეკემბრის ჩათვლით და სასჯელის მოხდა აეთვალა განაჩენის აღსრულების მიზნით, თავისუფლების აღკვეთის მომენტიდან.

ლ. შ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.

ლ. შ–ს საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 000 ლარი.

ლ. შ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2009 წლის 13 ოქტომბრიდან 2009 წლის 4 დეკემბრის ჩათვლით და სასჯელის მოხდა აეთვალა განაჩენის აღსრულების მიზნით, თავისუფლების აღკვეთის მომენტიდან.

1.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულების ლ. შ–სა და შ. შ–ს სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 7 სექტემბრის განაჩენი.

1.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 28 თებერვლის განჩინებით ლ. შ–სა და შ. შ–ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ნოემბრის, განაჩენზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

1.4. 2022 წლის 13 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულ შ. შ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. კ–მ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 7 სექტემბრის განაჩენის გადასინჯვა და მსჯავრდებულ შ. შ–სის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლზე.

1.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ შ. შ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ. კ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

1.6. 2022 წლის 8 აგვისტოს მსჯავრდებულ შ. შ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. კ–მ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივლისის განჩინება და მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ შუამდგომლობის დასაშვებად ცნობა.

2. კასატორის პოზიცია:

2.1. კასატორის პოზიციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 27 ივლისის განჩინება არის დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს, რადგან არსებობს შ. შ–ს მიმართ გამოტანილი განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის შემდეგი საფუძვლები: ბრალდების მხარე შ. შ–ს, ისევე, როგორც თ. ბ–ს ბრალს სდებდა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფთან ერთად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში მყოფი სხვისი დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ამასთან, შ. შ–ს, თ. ბ–სა და სხვა პირს ბრალი ედებოდათ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე, ერთსა და იმავე ფაქტობრივ გარემოებებზე, თუმცა თ. ბ–ს მიმართ საქმე გამოიყო და განსახილველად დაეწერა სხვა მოსამართლეს. მოცემულ შემთხვევაში ერთსა და იმავე ფაქტობრივ გარემოებებზე სასამართლოებმა ორი განსხვავებული სამართლებრივი შედეგი დაადგინეს: ერთი მხრივ, შ. შ–ე ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო მეორე მხრივ, თ. ბ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“, „დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლზე. სასამართლომ თ. ბ–სის სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილი განაჩენით მიიჩნია, რომ: „თ. ბ–სეს ისევე, როგორც შ. შ–სა და ლ. შ–ს სესხის ხელშეკრულების დადებისას ამოძრავებდათ კეთილსინდისიერი მიზნები შპს „........სა“ და შპს „......ს“ შორის არსებობდა სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა, შპს „.........ის“ მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობა (საბოლოოდ, „.......მა“ ხელშეკრულებით დარჩენილი თანხის 225 000 აშშ დოლარის გადახდაც უზრუნველყო)“. შ. შ–ის მიმართ საქმის განხილვისას თ. ბ–ე აღიარებდა დანაშაულს, რაც საფუძვლად დაედო შ. შ–ის გამამტყუნებელ განაჩენს, თუმცა შემდგომში თ. ბ–მ შეცვალა ჩვენება და თავი არ ცნო დამნაშავედ. აღნიშნული ჩვენებისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე თ. ბ–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში დადგა გამამართლებელი განაჩენი. აღნიშნული გარემოება კი არ იყო ცნობილი შ. შ–სის მიმართ სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს, რაც კასატორის პოზიციით, წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებას და შ. შ–ის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის საფუძველია. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ იმავე ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, რაც სასამართლომ შეაფასა თ. ბ–ის საქმის განხილვისას, შ. შ–სის ქმედება თ. ბ–ის მსგავსად, უნდა შეფასებულიყო სამართლებრივად და სასამართლოს შ. შ–ის მიმართ უნდა დაედგინა უფრო მსუბუქი განაჩენი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეაფასა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო: შ. შ–ის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის სამართლებრივ საფუძვლად კასატორი შუამდგომლობაში უთითებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გარემოებებს. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით: ,,განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ: არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რამაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი“. ამავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად კი „განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ: ,,წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო“.

2. საკასაციო სასამართლომ შეაფასა კასატორის მიერ მითითებული გარემოებები და მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 ივნისისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 25 მარტის განაჩენებით, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 20 აპრილის განჩინებით სამართლებრივი შეფასება მიეცა თ. ბ–ს ქმედებას. ამავდროულად, ის გარემოება, თუ რა კონტექსტში იქნა მოხსენიებული ამ აქტებში თ. ბ–სის ქმედების სამართლებრივი შეფასებისას შ. შ–სე, ვერ გახდება ამ უკანასკნელის მიმრათ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სამართლებრივი შეფასებები, რაც მოყვანილია თ. ბ–ს სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ განაჩენში, მიემართება მხოლოდ თ. ბ–ს ბრალდებას. ამასთან, თ. ბ–სა და შ. შ–ს მიმართ დამდგარია ორი განსხვავებული სამართლებრივი შედეგი, რამდენადაც სასამართლოებმა არა მხოლოდ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმე განიხილეს, არამედ - გარემოებები შეაფასეს სხვადასხვა პირის ბრალდებასთან მიმართებით, დანაშაულში მათი ინდივიდუალური ბრალის შესაბამისად. ამდენად, ის ფაქტი, რომ თ. ბ–ს სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლომ სამართლებრივად სხვაგვარად შეაფასა თ. ბ–ის ინდივიდუალური ბრალი და ჩადენილი ქმედება, გავლენას ვერ მოახდენს შ. შ–ს მიმართ კანონიერ ძალაში შესული საბოლოო განაჩენით დადგენილ სამართლებრივ კვალიფიკაციაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ შ. შ–ის მსჯავრდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მითვისების დანაშაულის ჩადენაში, გულისხმობს არა მხოლოდ თ. ბ–სესთან, არამედ დამატებით სხვა პირთან ერთად დანაშაულის ჩადენას. შესაბამისად, თ. ბ–სის ქმედების კვალიფიკაციის ცვლილება ამ ნაწილშიც არ წარმოშობს შ. შ–სის ქმედების კვალიფიკაციის ცვლილებისა და მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის საფუძველს.

3. რაც შეეხება საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გარემოებას, შუამდგომლობა და საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რამაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი და რაც, კასატორის აზრით, შესაძლოა წარმოადგენდეს შ. შ–ის მიმართ გამოტანილი განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძველს.

4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო დარწმუნდა, რომ კასატორის მიერ მითითებული არცერთი გარემოება არ წარმოშობს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძველს, რის გამოც არ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივლისის განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ შ. შ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ. კ–სის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა