საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330100121004910461
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1036აპ.-22 16 იანვარი, 2023 წელი
მ–ა ი., №1036აპ.-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. მ–სას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. კ–სის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ი. მ–სა (პირადი ნომერი: ..............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2021 წლის 23 მარტს, საღამოს საათებში, ქ.თ–ში, .......ის ქუჩა N...-ში მდებარე, ბინა N...-ში ყოფნისას, ი. მ–მ არასრულწლოვანი შვილის - რ. მ–ს თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - თ. ძ–ს, კერძოდ: მაგიდიდან აიღო ბრტყელტუჩა, ესროლა ამ უკანასკნელს და მოარტყა სახის არეში. აღნიშნულმა ქმედებამ თ. ძ–ს ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
1.3. 2021 წლის 1 ივლისს, ღამის საათებში, ქ.თ–ში, ......ის ქუჩა N..-ში მდებარე, ბინა N..-ში ყოფნისას, ი. მ–სამ ტელეფონზე დაურეკა მეუღლეს - თ. ძ–სს, რომელსაც უთხრა, რომ მის ძმას - გ. ძ–ს მოკლავდა. თ. ძ–სს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.4. 2021 წლის 1 ივლისს, ღამის საათებში, ქ.თ–ში, ..........ის ქუჩა N..-ში მდებარე, ბინა N..-ში ყოფნისას, ი. მ–სამ ტელეფონზე დაურეკა და სოციალური ქსელის მეშვეობით შეტყობინებები მისწერა მეუღლის დას - ნ. ძ–სს, რომელსაც უთხრა, რომ მას და მის ოჯახის წევრებს მოკლავდა. ნ. ძ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.5. 2021 წლის 1 ივლისს, 21:50 საათზე, ი. მ–სას წინააღმდეგ გამოიცა შემაკავებელი ორდერი ნ. ძ–სის მიმართ ჩადენილი ფსიქოლოგიური ძალადობის გამო. მოძალადეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი - ნ. ძ–ი ცხოვრობს, მსხვერპლის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. მოძალადეს ასევე აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის - ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, 2021 წლის 2 ივლისს, 00:52 საათზე, 03:37 საათზე, 03:52 საათზე, 09:25 საათზე, 11:23 საათსა და 19:18 საათზე, ი. მ–მ, სოციალური ქსელ „ფ–ს“ საშუალებით ნ. ძ–სთან დაამყარა კომუნიკაცია, კერძოდ, დაურეკა და მისწერა მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რითაც არ შეასრულა მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 აპრილის განაჩენით ი. მ–სა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ი. მ–ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 აპრილის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. მ–ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. კ–მ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით საკმარისად არ არის გამყარებული დაზარალებულის ჩვენება, გამოკვლეული მტკიცებულებები ამ ნაწილში ვერ პასუხობს მტკიცებულებათა საკმარისობისა და უტყუარობის სტანდარტს, რის გამოც ი. მ–სა ამ ეპიზოდში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივლისის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 აპრილის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ი. მ–სა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ი. მ–სა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი. მ–სას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
3.3. 2022 წლის 19 აგვისტოს მსჯავრდებულ ი. მ–ს ინტერსების დამცველმა, ადვოკატმა ლ. კ–მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივლისის განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი ი. მ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების ნაწილში არის სწორი, თუმცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობის ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი. კასატორის განმარტებით, დაზარალებულთა ჩვენებები არის წინააღმდეგობრივი და იკვეთება მათი დაინტერესება, რომ ი. მ–სა დაეპატიმრებინათ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა მოწმეების - ე. ზ–სა და გ. ს–ს ჩვენებები, ვინაიდან ისინი დაიკითხნენ დისტანციურად და ესწრებოდნენ ერთმანეთის დაკითხვას. გარდა ამისა, მათ ი. მ–სთვის არ განუმარტავთ უფლება-მოვალეობები და საეჭვოა, შედგა თუ არა მათსა და ი. მ–ს შორის სატელეფონო საუბარი. მოწმე ე. ზ–მ კითხვაზე, რამდენ ხანში საჩივრდება შემაკავებელი ორდერი, დაცვის მხარეს პასუხი ვერ გასცა. თუმცა ვითომდა ტექნიკური ხარვეზის გამო პროგრამის არაერთხელ გათიშვისას ე. ზ–მამ ჩახედა შემაკავებელი ორდერის გასაჩივრების ვადას და სრულიად სხვა კითხვაზე პასუხის დროს განაცხადა „უი გამახსენდა, სამ დღეში საჩივრდება შემაკავებელი ორდერიო“. მოწმე გ. ს–ს კი დაცვის მხარემ ჰკითხა ,,რას გვეტყვით შემაკავებელი ორდერის ვადაზე“, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა ვადაზე საუბრობდა, რაზეც მოწმემ უპასუხა, რომ სამ დღეში საჩივრდებოდა, რითაც დადასტურდა, რომ ეს მოწმეები ესწრებოდნენ ერთმანეთის დაკითხვას. ამასთან, მათ არ იცოდნენ შემაკავებელი ორდერის გამოცემისას რა უფლებები და მოვალეობები ჰქონდა პირს, რაც ადასტურებს, რომ ისინი ვერც ი. მ–სას განუმარტავდნენ მას. დაზარალებულებმა - ნ. და თ. ძ–ებმა განმარტეს, რომ 2021 წლის 1 ივლისს, 23:00 საათამდე იმყოფებოდნენ პოლიციის განყოფილებაში. ნ. ძ–სმა ასევე აღნიშნა, რომ მათი თანდასწრებით ი. მ–სასთვის შემაკავებელი ორდერი არ გაუცნიათ, გამომძიებელმა დაურეკა, მაგრამ ვერ დაუკავშირდა. თ. ძ–სმა კი განაცხადა, რომ ი. მ–ას მისი და ნ. ძ–ის თანდასწრებით გააცნეს შემაკავებელი ორდერი, რაც მიუთითებს დაზარალებულთა ჩვენებების არასანდოობაზე. კასატორის განმარტებით, არც მუქარის ორ ეპიზოდთან დაკავშირებითაა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ე.წ. ,,სქრინშოტები“ მოპოვებულია კანონის არსებითი დარღვევით და ისინი სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა. ამასთან, არ დადგენილა ეს შეტყობინებები ნამდვილად ი. მ–სას მიერ გაიგზავნა თუ არა, ვინაიდან, როგორც დაზარალებულმა თ. ძ–სმა განმარტა, ი. მ–სას მესენჯერი მის ტელეფონში ყოველთვის გახსნილი იყო და ნებისმიერ დროს შეეძლო მის მესენჯერში შესვლა. ასევე დაადასტურა, რომ მას არაერთხელ გამოუყენებია ი. მ–სას მესენჯერი. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მიმოწერები ხდებოდა სხვადასახვა დასახელების მესენჯერიდან და არ დადგენილა, რეალურად საიდან განხორციელდა მიმოწერა და ნამდვილად ი. მ–სა წერდა თუ არა. დაზარალებულების ოჯახი თავიდანვე წინააღმდეგი იყო თ. ძ–სა და ი. მ–ას ქორწინებისა. გ–დან ჩამოსვლამდე, ნ. ძ–სმა ი. მ–სას უთხრა, რომ ზაფხულში ჩამოვიდოდა ს–ში და სიურპრიზს უმზადებდა. დაკითხვისას ი. მ–სას შეკითხვაზე ,,რა სიურპრიზს გულისხმობდა?“ ნ. ძ–სმა უპასუხა „შენი აზრით?“, რითაც დაადასტურა, რომ დაზარალებულის ოჯახს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი ი. მ–სას ციხეში გამოკეტვა და მეუღლესთან დაშორება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას მსჯავრდებულ ი. მ–ას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში დამნაშავედ ცნობის შესახებ.
5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ განაჩენი ეფუძნება დაინტერესებული პირების - დაზარალებულების წინააღმდეგობრივ ჩვენებებს და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ მოწმის ჩვენების სანდოობა შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს მოწმის არაგულწრფელობის, მიკერძოების, მის მიერ შეუსაბამო განცხადებების გაკეთების, მოწმის მიერ ფაქტის აღქმის, დამახსოვრების ან/და გადმოცემის უნარის ნაკლებობის დემონსტრირების, აგრეთვე, სხვა ფაქტებთან წინააღმდეგობის გამო. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულების - თ. ძ–სა და ნ. ძ–ის ჩვენებები მუქარის ეპიზოდებთან დაკავშირებით თანხვდენილია ერთმანეთთან და სხვა მტკიცებულებებთან. მათ დეტალურად და თანმიმდევრულად აღწერეს ი. მ–სას მუქარა და ამ მუქარის შედეგად განცდილი შიში. მათი ჩვენებები თანხვდენილია თ. ძ–სა და ნ. ძ–სის მობილური ტელეფონების დათვალიერების ოქმებთან, რომლებითაც დგინდება, რომ დათვალიერდა დაზარალებულების მობილურ ტელეფონში არსებული, ი. მ–სას მიერ სოციალური ქსელ „ფ–ს“ „მესენჯერის“ საშუალებით გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებები. ამასთან, დათვალიერება ჩატარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 125-ე მუხლის საფუძველზე, რომლის თანახმად, დანაშაულის კვალის, ნივთიერი მტკიცებულების აღმოჩენის, შემთხვევის ვითარებისა და სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოების გარკვევის მიზნით მხარეს უფლება აქვს, დაათვალიეროს შემთხვევის ადგილი, საცავი, სადგომი, სათავსი, გვამი, საგანი, დოკუმენტი ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. სასამართლოს განჩინება არ არის აუცილებელი, როდესაც მხარე დათვალიერებას ატარებს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ან მესაკუთრე (მფლობელი) წერილობით გამოხატავს თანხმობას. მოცემულ შემთხვევაში არსებობდა ნივთის მესაკუთრეების - თ. ძ–სის და ნ. ძ–სის თანხმობა დათვალიერებაზე, რომელთა მონაწილეობითაც დათვალიერდა მათი ნივთები, რისი შედეგებიც ასახულია ოქმებში და მათი სისწორე ხელმოწერებით დაადასტურეს დაზარალებულებმა და გამომძიებელმა. ამასთან, დაზარალებულებმა განმარტეს, რომ სოციალურ ქსელში „.....-ის“ სახელით რეგისტრირებული მომხმარებელი არის ი. მ–სა, რომელსაც ფონად აქვს შვილის ფოტო, რაც თანხვდენილია დათვალიერების ოქმებში მითითებულ ინფორმაციასთან. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გაზიარებული არ უნდა იქნეს კასატორის პოზიცია, რომ აღნიშნული მტკიცებულებები მოპოვებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ასევე ის, რომ აღნიშნული შეტყობინებები შესაძლოა, სხვა პირის მიერ იყოს გაგზავნილი და არა - ი. მ–სას მიერ. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაზარალებულთა ჩვენებების საეჭვოდ მიჩნევისა და გაუზიარებლობის საფუძველი გახდებოდა. მხოლოდ ის, რომ დაზარალებულის ოჯახის წევრებს ი. მ–სას მიმართ არ ჰქონდათ კარგი დამოკიდებულება, არ მიუთითებს მათ დაინტერესებაზე, მითუფრო, რომ თ. ძ–სისთვის მისი ოჯახის პოზიციას ხელი არ შეუშლია და შეურიგდა ი. მ–სას. შესაბამისად, კასატორის განმარტება, რომ რამდენიმე წლის შემდეგ თ. ძ–სმა ოჯახის წევრების გამო ი. მ–სა ცრუდ დაადანაშაულა დანაშაულების ჩადენაში, მოკლებულია დამაჯერებლობას.
5.4. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ ი. მ–სასთვის ცნობილი არ იყო დაკისრებული ვალდებულებების შესახებ და მისთვის არ განუმარტავთ უფლება-მოვალეობები. მოცემულ შემთხვევაში N..... შემაკავებელი ორდერითა და მისი ოქმით დადგენილია, რომ 2021 წლის 1 ივლისს, 21:50 საათზე, ნ. ძ–სზე ფსიქოლოგიური ძალადობის გამო, ი. მ–სას მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი და მას 30 დღით აეკრძალა ნ. ძ–სთან, ასევე მის სახლთან, სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც შეიძლება იგი იმყოფებოდეს. მოწმეებმა - ე. ზ–მ და გ. ს–მ ჩვენების მიცემისას განმარტეს, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემდეგ დარეკეს ი. მ–სასთან, რომელსაც გააცნეს ორდერის პირობები, რაც გამყარებულია სატელეფონო გასაუბრების ოქმებით, რომელთა შინაარსიც ხელმოწერით აქვს დადასტურებული გამომძიებელს. გარდა ამისა, დაზარალებულ ნ. ძ–სის ჩვენებით დადგენილია, რომ მოგვიანებით მიღებულ შეტყობინებაში ი. მ–სა სწერდა, რომ შემაკავებელი ორდერი გ–ში არ მოქმედებდა, რაც ასევე ასახულია დათვალიერების ოქმში. ყოველივე ზემოაღნიშნული კი უტყუარად ადასტურებს, რომ ი. მ–სასთვის ცნობილი იყო დაკისრებული ვალდებულებების შესახებ და ამის მიუხედავად, მან დაარღვია შემაკავებელი ორდერის პირობები.
5.5. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის პოზიციას მოწმეების - ე. ზ–მასა და გ. ს–ს ჩვენებების გაუზიარებლობასთან დაკავშირებით იმ საფუძვლით, რომ თითქოსდა, გ. ს–ა ესწრებოდა ე. ზ–ს დისტანციურად დაკითხვას. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, სხდომების დისტანციური წესით გამართვა შეესაბამება საქართველოს სისლხის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს. გარდა ამისა, ტექნიკური ხარვეზის გამო სხდომაზე გამოცხადებული შესვენებები არ იძლევა მოწმეების ჩვენებების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველს, რადგან მათი მხრიდან არ ვლინდება მსჯავრდებულის მიმართ რაიმე დაინტერესების არსებობა. ამასთან, არ წარმოდგენილა უტყუარი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ მოწმე გ. ს–ა ესწრებოდა ე. ზ–ს დაკითხვას. ის ფაქტი, რომ მოწმე ე. ზ–ს ჩვენების მიცემისას არ ახსოვდა შემაკავებელი ორდერის გასაჩივრების ვადა, არ წარმოადგენს მოწმის ჩვენების საეჭვოდ გახდომის საფუძველს.
5.6. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ი. მ–სას მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
5.7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.9. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ი. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. კ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე